
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა საერთაშორისო კონფერენციას – „დემოკრატიზაციის და ევროპეიზაციის დღის წესრიგი ცვალებად გარემოში: ფოკუსი საქართველოზე“ – უმასპინძლა
საქართველოს დემოკრატიზაციის და ევროპეიზაციის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე სასაუბროდ, 2018 წლის 2 მაისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED)“ მხარდაჭერით, უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას – „დემოკრატიზაციის და ევროპეიზაციის დღის წესრიგი ცვალებად გარემოში: ფოკუსი საქართველოზე“. კონფერენცია სამი პანელისგან შედგებოდა: დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის მამოძრავებელი შიდაპოლიტიკური ფაქტორები; საქართველოს უშუალო სამეზობლო; დასავლური პირობითობის ზეგავლენა.
პირველი პანელის მომხსენებლებს შორის იყვნენ: ტუია ალტანგერელი (მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)), დოქტ. ბაკურ კვაშილავა (დეკანი, სამართლისა და პოლიტიკის სკოლა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)), თინათინ ხიდაშელი (საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი), დოქტ. ბარბარა კუნცი (მკვლევარი, საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგული ინსტიტუტი (IFRI)) და კობა თურმანიძე (დირექტორი, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო). პანელისტებმა საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციის ნაკლებობაზე ისაუბრეს და ამ მხრივ ქვეყანაში არსებული სიტუაცია შეაფასეს. ტუია ალტანგერელმა ყურადღება გაამახვილა, დემოკრატიულ პროცესებში საზოგადოებრივი ჩართულობის ნაკლებობაზე და ისაუბრა, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო აღმოჩნდება საპარლამენტო სისტემაზე გადასვლისა და უკანასკნელ პერიოდში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად. მან ხაზი გაუსვა საქართველოს პროგრესს იმ სფეროებში, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მიერ არის მხარდაჭერილი: დეცენტრალიზაცია, სამოქალაქო სამსახურის რეფორმა და ღია პარლამენტის კონცეფცია. დოქტ. კვაშილავამ ისაუბრა პრობლემაზე, რომელიც დემოკრატიზაციის შიდა აქტორების მზაობის თვალსაზრისით არსებობს – აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკური პროცესებში და ასევე, ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დემოკრატიის ხარისხი მნიშვნელოვანწილად საერთაშორისო არენაზე არსებული სიტუაციით განისაზღვრება. თინათინ ხიდაშელის თვალსაზრისით კი „პოლიტიკურმა ელიტამ, როგორც ის ევროპულ დემოკრატიებში არის განსაზღვრული და გაგებული, საქართველოში ფორმირება ვერ შეძლო“. დოქტ. კუნცმა საკუთარი კვლევითი დოკუმენტი წარადგინა,
რომელიც ევროკავშირის მომავალზე მიმდინარე დებატების კონტექსტში საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შეეხება. მისი ნაშრომი ხაზს უსვამს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისადმი საფრანგეთისა და გერმანიის დამოკიდებულებას. რომელიც მიუხედავად იმისა, რომ კოორდინირებულია, აუცილებლობით იდენტური არ არის. დაბოლოს, კობა თურმანიძემ საქართველოს ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესი ციფრებში წარმოადგინა. მან საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნისადმი – გაწევრიანდეს ევროკავშირში – მოსახლეობის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. CRRC/NDI-ის 2018 წლის საზოგადოებრივი კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე „რამდენად დემოკრატიულია დღეს საქართველო?“ რესპონდენტების 45%-მა პასუხად აირჩია ვარიანტი –„დემოკრატიული მნიშვნელოვანი პრობლემებით“. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საზოგადოებრივი მხარდაჭერა მაღალია და იგი 75%-ს შეადგენს, თუმცა, აღნიშნული მხარდაჭერა ბევრ შემთხვევაში სუსტი და მყიფეა.
მეორე პანელის მომხსენებლები იყვნენ: დოქტ. გია ნოდია (პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ჯოსეფ ლარსენი (აფილირებული ანალიტიკოსი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)), დოქტ. ეკა აკობია (დეკანი, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი), დოქტ. ივანნა მაჩიტიძე (ასოცირებული პროფესორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი) და დოქტ. ტრეისი ჯერმანი (ლონდონის კინგსის კოლეჯი). პანელისტებმა ისაუბრეს, საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესზე მისი უშუალო სამეზობლოს გავლენაზე. მოხსენებისას, გია ნოდიამ რეგიონული კონტექსტის როლს ხაზი გაუსვა და იმ დაბალ სტანდარტებზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესის შეფასება ხდება. მისი თვალსაზრისით, “დემოკრატიის შუქურად ყოფნა გარკვეულწილად სახიფათოა, რადგან ის ნიშნული, რომელთანაც შენი შედარება ხდება ძალიან დაბალია და მხარდამჭერებში კმაყოფილების შენარჩუნებაც უფრო მარტივია”. ჯოსეფ ლარსენმა მისი ახალი პოლიტიკის დოკუმენტი წარადგინა სახელწოდებით “პრობლემური სამეზობლო: როგორ უნდა გაუმკლავდეს საქართველო ავტორიტარული რეჟიმებიდან მომდინარე ზეწოლას”. მოხსენებისას, მან აღნიშნა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებთან საქართველოს კავშირები შედარებით სუსტია, ხოლო ავტორიტარულ რეჟიმებთან მისი ურთიერთობები შედარებით ძლიერი, რაც საქართველოში დემოკრატიზაციის სტანდარტებს ზეწოლის ქვეშ აყენებს.
დოქტ. ეკა აკობიამ ყურადღება გაამახვილა ევროპეიზაციის პროცესის ქართული ინტერპრეტაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპელობა უფრო მეტად იდენტობით განისაზღვრება, ვიდრე გეოგრაფიით. ივანნა მაჩიტიძემ კი მოხსენებისას საქართველოს ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის დღის წესრიგზე რუსეთის გავლენაზე ისაუბრა. კვლევის შედეგების წარდგენისას, ივანნა მაჩიტიძემ რუსეთთან ურთიერთობების პროცესში დასავლეთის ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საჭიროებას გაუსვა ხაზი. დოქტ. ტრეისი ჯერმანმაც, აგრეთვე საკუთარი კვლევითი დოკუმენტის მიგნებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო საგარეო პოლიტიკაში იდეალიზმისა და პრაგმატიზმის ბალანსის გამოწვევის წინაშე დგას.
მესამე, დასკვნითი პანელის მომხსენებლები იყვნენ: დოქტ. ბიძინა ლებანიძე (ბრემენის უნივერსიტეტი), დოქტ. დავით დარჩიაშვილი (პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), თამარ კეკენაძე (გენერალური მდივანი, თავისუფალი დემოკრატები), დოქტ. გიორგი მჭედლიშვილი (ასოცირებული პროფესორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი) და ივანე ჩხიკვაძე (ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)). პანელისტები შეთანხმდნენ, რომ ევროპეიზაციის პროცესი საქართველოს დემოკრატიზაციის დღის წესრიგის წარმართველია. საკუთარი კვლევის შედეგების წარდგენისას – “დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში: დასავლეთის პოლიტიკური სტანდარტები და მათი ზეგავლენა პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგზე”, ბიძინა ლებანიძემ საქართველოში დასავლეთის პირობითობის როგორც წარმატებული ასევე,
წარუმატებელი მაგალითები განიხილა. დოქტ. დარჩიაშვილმა კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს უნარი – ევროპიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესი გარედან მომდინარე წნეხის გარეშე წარმართოს. თამარ კეკენაძის თანახმად, ქართულ საზოგადოებას ჯერ არ გაუაზრებია, რომ დემოკრატიზაციის პროცესი შიგნიდან უნდა იმართებოდეს. დოქტ. მჭედლიშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც საქართველოს შემთხვევაზე ვსაუბრობთ, დასავლეთმა უფრო მკაცრი პირობითობა უნდა დააწესოს. რიგით ბოლო პანელისტმა – ივანე ჩხიკვაძემ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, 2017 წლის დეკემბერში ინიცირებული [ევროკავშირთან ინტეგრაციის] გზამკვლევი განავითაროს და რეკომენდაცია გასცა, რომ როცა საუბარი ევროკავშირის წევრობას ეხება, საქართველომ როგორც კანდიდატმა ქვეყანამ ისე უნდა იმოქმედოს.
პრესა:
ფოტოები:
