Home Events GIP-ის ორგანიზებით ბერლინში აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ საჯარო დისკუსია გაიმართა

GIP-ის ორგანიზებით ბერლინში აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ საჯარო დისკუსია გაიმართა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის, ევროპის პოლიტიკის ინსტიტუტისჯორჯ მარშალის ცენტრისა და გერმანიის ასპენის ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით, 25 სექტემბერს  ბერლინში საჯარო დისკუსია – “აღმოსავლეთ პარტნიორობა – არსებული რეალობის შეფასება და  სამომავლო პერსპექტივები”– გაიმართა.

ღონისძიებაზე თავი 80-ზე მეტმა მონაწილემ მოიყარა, მათ შორის, პარლამენტის წევრებმა და საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის, გერმანიისა და აშშ-ის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მონაწილეებმა ამ ქვეყნების ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

მისასალმებელი სიტყვაში რუდიგერ ლენცმა (გერმანიის ასპენის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორი), დოქტ. ენდრიუ მიჩტამ (ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების კვლევების ევროპული ცენტრის საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევების კოლეჯის დეკანი), დოქტ. კორნელი კაკაჩიამ (საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი) და დოქტ. კატრინ ბოტგერმა (ევროპის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი) ყურადღება გაამახვილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ქვეყნებსა და მათ დასავლელ პარტნიორებს შორის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე, ადგილობრივი საჭიროებების გაცნობიერებასა და ამ საჭიროებებზე ადეკვატური რეაგირების აუცილებლობაზე, და რეგიონის მდგრადობის გაძლიერებაზე.

დებატები ორი პანელისგან შედგებოდა: პირველ პანელში ყურადღება გამახვილდა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში გასატარებელი რეფორმების პროცესში. ამ სამი ქვეყნიდან წარმოდგენილმა სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში არსებული რეალობა შეაფასეს და პასუხი გასცეს ისეთ შეკითხვებს, როგორიცაა: რა ეტაპზეა ევროკავშირთან ასოცირების პროცესი? სწორად ხორციელდება თუ არა რეფორმები? ამასთან, სესიაზე მიმდინარე განხილვისას მოხდა მოლოდინების რეალისტური შეფასებაც: რას ელიან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოები ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის პოლიტიკისგან და რამდენად რეალურია ეს მოლოდინები ევროპული გადმოსახედიდან? რა უნდა იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მომავალი?

 

 

მომხსენებლებად მოწვეულნი იყვნენ დოქტ. კორნელი კაკაჩია, იულიან გროზა (ევროპული პოლიტიკისა და რეფორმების ინსტიტუტის დირექტორი, მოლდოვა), ოლენა ჰალუშკა (საერთაშორისო ურთიერთობების/ადვოკატირების ხელმძღვანელი, ანტიკორუფციული საქმიანობის ცენტრი, უკრაინა) და დოქტ. შტეფან მეისტერი (საგარეო ურთიერთობათა რობერტ ბოშის სახელობის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის და ცენტრალური აზიის ცენტრის ხელმძღვანელი). დისკუსიის მოდერატორი იყო დოქტ. კატრინ ბოტგერი.

კორნელი კაკაჩიამ საქართველოსთვის ასოცირების შესახებ შეთანხმების ინსტიტუციური გავლენის შესახებ საუბრისას, ხაზი გაუსვა კრიტიკული თვითშეფასების მნიშვნელობას. დოქტ. კაკაჩიამ აღნიშნა, რომ საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან აღიქმება, როგორც „გარდამავალი ქვეყანა“, რომელიც „გაჭიანურებული გარდამავალი პერიოდის“ მქონე სახელმწიფო გახდა. რეგიონული უსაფრთხოება მან აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების უმთავრეს პრობლემად დაასახელა და ამ ქვეყნებს „გეოპოლიტიკური ობლები“ უწოდა, რომლებიც „ნაცრისფერ ზონაში“ აღმოჩნდენ. „საქართველო ამ ეტაპზე არც ერთი რეგიონული უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი არაა და მთელი ენერგია ევროპეიზაციისკენ აქვს მიმართული“ – აღნიშნა კაკაჩიამ.

იულიან გროზამ ისაუბრა ევროკავშირის პირობითობასა და მოლდოვაში დაგეგმილ არჩევნებზე. 2014 წელს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ ქვეყანას საშუალება მისცა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისგან სარგებელი მიეღო, მათ შორის უვიზო მიმოსვლისა და ევროკავშირთან გაზრდილი ვაჭრობისთვის მიეღწია. თუმცა საბანკო თაღლითობამ მოლდოვა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოაქცია და ტრანფორმაციის პროცესის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა, როგორც საერთაშორისო პარტნიორების, ისე საკუთარ მოქალაქეების თვალში. ამავდროულად, 2019 წლის თებერვალში დაგეგმილი არჩევნების ფონზე, მმართველმა პარტიამ პრო-ევროპული ნარატივი, პრო-მოლდოვური ნარატივით შეცვალა. რეფორმების ტემპი და დემოკრატიული რეფორმები ნელ-ნელა კლებულობს, და გროზას თქმით, უმთავრესი გამოწვევაა ის, რომ სახელმწიფომ არჩევნებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა შეძლოს.

რევოლუციის შემდეგ, უკრაინამ ამბიციური რეფორმების განხორციელება დაისახა მიზნად – მაგრამ, მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩის ქონების შესახებ საჯაროდ გახდა ცნობილი, ოლენა ჰალუშკას თქმით, ნათელი გახდა, რომ საჭიროა ყურაღება კორუფციასთან ბრძოლაზე გამახვილდეს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანაა – ღიაა საჯარო რეესტრების უმეტესობა – პრობლემად რჩება კორუმპირებული ჩინოვნიკების სასამართლოს წინაშე წარდგენის საკითხი. ჰალუშკას თქმით, წარმატების რეცეპტი მთავრობაში რეფორმებზე ორიენტირებული მოთამაშეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარნიორების სინერგიაა, რამაც შედეგი უკვე მოიტანა. ერთ-ერთი პოზიტიური ნაბიჯი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) შექმნაა, სადაც სამოქალაქო საზოგადოებისა და  საერთაშორისო საბჭოს ექსპერტები ჩართულნი არიან მოსამართლეების შერჩევაში, რაც პროცესის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს – NABU ამჟამად 500-ზე მეტ შემთხვევას იძიებს.

შტეფან მეისტერმა საშინაო და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა შეაფასა. მეისტერის თქმით, ევროკავშირს კვლავ არ აქვს ისეთი სამეზობლო პოლიტიკა, რომელიც ასახავს ევროკავშირის ინტერესებს და ასეე იქნება მიმზიდველი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. მეისტერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რეფორმების სფეროების პრიორიტეტიზაცია ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთიანად განხორციელების ნაცვლად, იმისათვის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებამ შეძლონ მოქმედებების კოორდინაცია, ხოლო ევროკავშირმა – პირობითობის დეპოლიტიზაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნის საჭიროებებისთვის ხელთ არსებული ინსტრუმენტების მორგება.

პირველ პანელზე არსებული რეალობის შეფასების საფუძველზე, მეორე პანელზე განიხილებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შიდა რეფორმების დღის წესრიგის სამომავლო პერპექტივები. პანელზე პოლიტიკოსებსა და ოფიციალურ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, შეეფასებინათ აღმოსავლეთ პარტნიორობა, როგორც პოლიტიკური ინიაციატივა.

მეორე პანელში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრებმა და საჯარო მოხელეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ხელმომწერი ქვეყნებიდან, გერმანიიდან და აშშ-დან: თამარ ხულორდავა (საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე); ეუგენ ჩარპოვი (მოლდოვის პარლამენტის წევრი, ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის კომიტეტის თავმჯდომარე), ოქსანა სიროიდი (უკრაინის ვერხოვნა რადას წევრი, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარის მოადგილე), მანუელ სარაზინი (გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, Bündnis 90/Die Grünen, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრი), დოქტ. ბერნდ ფორსტერი (აღმოსავლეთ ევროპასთან, რუსეთთან, სამხრეთ კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან ევროკავშირის ურთიერთობების სექციის ხელმძღვანელი, გერმანიის ფედერალური საგარეო ოფისი) და ჯასტინ ვიენი (აპარატის უფროსის მოადგილე, კონგრესმენი პრაისი, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარე, აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატა). საპანელო განხილვას უძღვებოდა დოქტ. ვალბონა ზენელი (ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების კვლევების ევროპული ცენტრი).

პარლამენტარმა თამარ ხულორდავამ აღნიშნა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს პოლიტიკური ნება, ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული რეფორმების გატარება უფრო კომპლექსური ხდება“. მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს სათანადო ინფორმაცია აუცილებელი რეფორმების შესახებ და შესაბამისად გადაწყვეტილებებს დიდი პოლიტიკური ფასი აქვთ. ამასთან, ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოსთვის გეგმაა, თუმცა მას თან არ ახლავს მიზნები. კანდიდატის სტატუსის არქონა ასევე ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთი ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტი საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის ხელმწისაწვდომი არ არის. „ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს სულ სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან აქვთ წვდომა – ჩვენ კი ამ ამბიციურ პროცესებს ასეთი ინსტრუმენტების გარეშე გავდივართ“.

ეუგენ ჩარპოვმა მოლდოვასა და ევროპელ პარტნიორებს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობაზე, განსაკუთრებით კი ევროპეიზაციის წინაშე მდგარ ჰიბრიდულ გამოწვევებზე ისაუბრა. „როდესაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, ჩვენ პუტინის მხრიდან [მოლდოვაზე] მეტი ყურადღება ვიგრძენით“, რაც გულისხმობდა პრო-რუსული პარტიების მხარდაჭერას, განსაკუთრებით სეპარატისტულ რეგიონებში და რუსული პროპაგანდის გაძლიერებას. ჩარპოვმა ყურადღება სტრატეგიული კომუნიკაციების გაუმჯობესებასა და პროპაგანდასთან ბრძოლაზე გაამახვილა, რაც ასევე გულისხმობს ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას და რეფორმების გატარებისთვის პოლიტიკური ნების შენარჩუნებას.

ოქსანა სიროიდმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა ჩამოყალიბდა იმ აზრის გასაფანტად, რომ ევროკავშირის გაფართოება შესაძლებელი არ იყო. თუმცა, მნიშვნელოვანია რეალისტურად შეფასდეს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მისწრაფებები ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. სიროიდის თქმით, უკრაინის რეალობას სამი შეხედულება განსაზღვრავს: რუსეთი – ამ ქვეყნის როლის (პარტნიორი თუ საფრთხე) გარშემო არსებული განსხვავებული მოსაზრებები გამოწვევას წარმოადგენს. აგრესია – უნდა აღიქმებოდეს ის ომად, თუ მხოლოდ კონფლიქტად? „თუ ეს არის კონფლიქტი, მაშინ ჩვენ უკრაინის, საქართველოს და სხვა ქვეყნების ჯარების დამშვიდება/დაშოშმინება გვჭირდება. თუ ეს ომია, მაშინ მათი გაძლიერებაა საჭირო – ეს კი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ მიდგომებს წარმოშობს“ – აღნიშნა სიროიდმა. და ბოლოს, ოლიგარქია უკრაინის მთავარ გამოწვევად რჩება – როგორც სიროიდმა აღნიშნა, ოლიგარქებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, აუცილებელია უკრაინის მთავრობამ ანტიტრესტული კანონმდებლობა აამოქმედოს (აშშ-სა და ევროკავშირის დახმარებით), დაიცვას კრიტიკული ინფრასტრუქტურა კორუფციული თანხებისგან და სანქციები დააწესოს რუსეთიდან შემოსულ თანხებზე.

რუსეთის მიმართ არსებულ  მიდგომებზე საუბრისას, მანუელ სარაზინმა აღნიშნა, რომ გერმანიაში რუსეთი ზოგჯერ აღიქმება, როგორც კონკურენტი, ზოგჯერ კი – როგორც რთული პარტნიორი. თუმცა, იმის გააზრება, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი ნელ-ნელა უკეთ ხდება – ისინიც კი, ვინც რუსეთთან ჩართულობისა და პარტნიორობისთვის იბრძოდნენ „დღეს ისეთივე მონდომებულები აღარ არიან“. ამასთან, გერმანია მხარს უჭერს აღმოსავლეთ სამეზობლოში მიმდინარე რეფორმების პროცესს იმისათვის, რომ გაიზარდოს ევროკავშირის რბილი ძალა, რაც რეგიონში ჩინეთის გაძლიერების საპასუხოდ არის აუცილებელი. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა შეიქმნა, როგორც ტექნოკრატიული ინსტრუმენტი, რომელიც ეკონომიკური განვითრების ხელშემწყობი უნდა ყოფილიყო. სტაბილურობის არარსებობის მიზეზი კი არის ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ ფარავს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ამ თემებს სრულად ნატო-ს აბარებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კიდევ ერთი გამოწვევა კი ევროკავშირის გაფართოების შესახებ არსებული ინდიფერენტულობაა. კითხვა „რა არის უვიზო მიმოსვლის შემდგომ“ ბალკანეთის ქვეყნებშიც დაისვა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე პასუხი გაფართოების პირობაა – რისთვისაც ევროკავშირი ამ ეტაპზე საკმარისად გაბედული არაა.

ბერნდ ფოსტერმა ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩო ფორმატის წამყვან მიმართულებებზე, უფრო კონკრეტულად კი დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე, და ეკონომიკაზე. პოლიტიკის ეს მიმართულებები 2017 წელს ბრიუსელში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის  სამიტის შემადგენელი ნაწილი იყო, სადაც გადაწყდა, რომ ყურადღება მიექცეს იმ სფეროებს, სადაც კონკრეტული შედეგების მიღებაა შესაძლებელი – შესაბამისად ჩამოყალიბდა 20 მიზანი 2020 წლისთვის. ფროსტერმა აღნიშნა, რომ არსებულ გამოწვევებს შორის, ბევრი ისეთი პოზიტიური შედეგია, რაც აღნიშვნას იმსახურებს – მაგალითად Erasmus + პროგრამები, ახლად გახსნილი სკოლა თბილისში – „ეს და სხვა უფრო კონკრეტული ნაბიჯები მჭიდრო ინტეგრაციის საფუძველია“.

მეორე პანელში ასევე გაჟღერდა ამერიკული პერპექტივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შესახებ უფრო ფართო კონტექსტში: ჯასტინ ვეინმა აღნიშნა, რომ აშშ-ს კონგრესისთვის აღმოსავლეთ პატნიორობის რეგიონი მნიშვნელოვანია სტაბილურობისთვის და რომ აშშ-ს კონგრესმა ამ მიმართულებით მხარდაჭერა USAID-ისა და სხვა პროგრამებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის განკარგვისას გამოხატა. „კონგრესისთვის ამ ქვეყნების სტაბილურობა სტრატეგიული და ეკონომიკური ინტერესის შემადგენელი ნაწილია და ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურები დავრჩეთ – მაგრამ ჩვენ ასევე გვინდა ადგილობრივმა მთავრობებმა მეტი შედეგი აჩვენონ“ – აღნიშნა ვიენმა. მსოფლიოში გეოპოლიტიკური ლანდშაფტი იცვლება და ამასთან, იმატებს პოპულისტური განწყობები როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაზე საუბრისას, მთავრობებმა უნდა გააძლიერონ არამხოლოდ თავდაცვის ან ინფრასტრუქტურის მიმართულებები. მათ ასევე უნდა გადალახონ პოლიტიკური მტრობა, არ დაიწყონ პოლიტიკური ოპონენტების სისხლის სამართლებრივი დევნა, შექმნან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა რომელიც მხარს უჭერს და იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს. „მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არა გულისხმობს დემოკრატიას, მნიშვნელოვანია რა ხდება არჩევნებიდან არჩევნებამდე“.

 

 


ფოტოები

თარიღი

სექ 25 2018
დასრულებული

დრო

8:00 am - 6:00 pm
კატეგორია
QR Code