Home Events GIP-ის ახალი პოლიტიკის დოკუმენტის „საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები: „სარტყელისა და გზის“ გეოპოლიტიკა“ პრეზენტაცია

GIP-ის ახალი პოლიტიკის დოკუმენტის „საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები: „სარტყელისა და გზის“ გეოპოლიტიკა“ პრეზენტაცია

2 ოქტომბერს იმპაქტ ჰაბში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსის – ჯოზეფ ლარსენის – პოლიტიკის დოკუმენტის „საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები: „სარტყელისა და გზის“ გეოპოლიტიკა“ პრეზენტაცია გაიმართა.

დოკუმენტში განხილულია საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები და წარმოდგენილია ინფორმაცია „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის შესახებ. როგორც ლარსენმა პრეზენტაციისას განმარტა, საქართველოს ამ ინიციატივაში წამყვანი ადგილი არ უჭირავს, თუმცა ქვეყანაში არსებული სტაბილური გარემო, უკრაინასა და თურქეთთან გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურული კავშირები და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან (რომელიც რეგიონში მხოლოდ საქართველოს აქვს) მას მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცევს.

დოკუმენტი ასევე მიმოიხილავს „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩინეთის ჩართულობის შედეგად საქართველოს სტრატეგიული პოზიციის გაძლიერების შესაძლებლობას.

„თუ საქართველოში რუსული ძალების ესკალაცია გაგრძელდება, ჩინეთს პოტენციურად შეეძლება მისი შეკავება, რუსეთში ან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სხვა ქვეყნებში ინვესტიციებისა და ვაჭრობის შემცირება-გამკაცრების მუქარის გზით. ეს მხოლოდ და მხოლოდ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარია, თუმცა ყურადსაღები.“

ლარსენმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის ჩინეთი არა ნატოს ან ევროკავშირის ალტერნატივა, არამედ ქვეყნის არსებული საგარეო პოლიტიკის პოტენციური ნაწილია.

დასკვნის სახით, პოლიტიკის დოკუმენტში საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენილია რეკომენდაციები „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ჩინეთთან ურთიერთობისას მაქსიმალური სარგებლის მისაღებად.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჩინეთის ელჩი საქართველოში ძი იანჩი, თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი მარინე ჯიბლაძე, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებით დაინტერესებული სხვა პირები.

 


პრესა პრეზენტაციის შესახებ:

ფოტოები პრეზენტაციიდან: 

თარიღი

ოქტ 02 2017
დასრულებული
კატეგორია
QR Code