19/09/2022 GIP

მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები და მისი გავლენები სამხრეთ კავკასიაზე

Author

S. Neil MacFarlane

 ნილ მაკფარლეინი, საერთაშორისო ურთიერთობების ლესტერ ბ. პირსონის პროფესორი, ოქსფორდის უნივერსიტეტი

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში თავი იჩინა უკანასკნელ ათწლეულებში დაგროვებულმა მნიშვნელოვანმა გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა. ეს თვალსაზრისი კი განიხილავს სწორედ აღნიშნულ მოვლენებს და სამხრეთ კავკასიის რეგიონზე მათ  გავლენას.

გეოპოლიტიკა, როგორც კონცეფცია, ხშირი დებატების საგანია. გეოპოლიტიკის დეფინიციისთვის მოცემული თვალსაზრისი მის ეტიმოლოგიურ ფესვებს ეყრდნობა. სიტყვა „გეო“ მიემართება ტერიტორიას ან სივრცეს და რესურსებს; „პოლიტიკა“ კი – ძალაუფლებას და მის გადანაწილებას. აქედან გამომდინარე, „გეოპოლიტიკა“შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ტერიტორიის, რესურსებისა და ძალაუფლებას შორის ურთიერთობა. შესაბამისად, ისეთი საკითხები, როგორიცაა პანდემია, ეკონომიკური მიმოცვლა და კლიმატის ცვლილება, საერთაშორისო სისტემაში მნიშვნელოვანი ელემენტია, თუმცა გეოპოლიტიკური მოვლენების კატეგორიას არ განეკუთვნებიან.

სამხრეთ კავკასიისთვის ყველაზე აქტუალური გეოპოლიტიკური მოვლენები უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსეთსა და დასავლეთს შორის მზარდი კონფრონტაციაა. ამ ტექსტში ასევე განხილული იქნება ჩინეთის მზარდი ჩართულობა პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. ეს ორივე, თავის მხრივ, უფრო ფართო სისტემური ცვლილებების, „უნიპოლარიზმის“ ან ამერიკის ლიბერალური ჰეგემონიის თანდათანობით ეროზიის სიმპტომებია.

ომი უკრაინაში

პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ უკრაინაში შეჭრა რუსეთის მხრიდან ყოფილ საბჭოთა სივრცეში, მეზობელ სახელმწიფოებში ერთ-ერთი უკანასკნელი და ყველაზე ფართომასშტაბიანი ჩარევაა. ეს პროცესი საბჭოთა კავშირის დაშლიდან ძალიან მალევე დაიწყო.  ეს ყოველივე კი კარგად ნაცნობია ქართველებისთვის, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოცადეს 1992 და 1993 წლებში რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში „სამშვიდობოების“ განლაგება. რუსეთის მიერ მეზობელ სახელმწიფოებში ჩარევის კიდევ ერთი მაგალითია 2014 წელს დონბასსა და ლუგანსკში ინტერვენცია და ყირიმის ანექსია. ასევე, 2020 წელს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მეორე ყარაბაღის ომის შემდეგი შეთანხმების აღსრულების მონიტორინგის მიზნით, რუსეთის მიერ რეგიონში სამშვიდობო ძალების განლაგება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთს მეზობელ სახელმწიფოებში სამხედროების განლაგების ხანგრძლივი ისტორია აქვს.  ამას თან ერთოდა მეზობლებზე მსგავსი გავლენის მშენებლობისა და შენარჩუნების ინტელექტუალური გამართლება („ახლო საზღვარგარეთის“ იდეა). აღნიშნული იდეის პრაქტიკული გამოყენება მისი წარმოშობიდან, 1992-3 წლებიდან შესამჩნევად გაიზარდა. ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში სწორედაც რუსეთის ლიდერობის ქვეშ რეგიონული ბლოკის აღდგენისა და დასავლეთის გაფართოების შეჩერების მიზნით მოვიდა 1999-2000 წლებში.

რეგიონულ ურთიერთობებში მოსკოვი კიდევ უფრო თამამი გახდა მას შემდეგ, რაც 2000-იანებში რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები გაუმჯობესდა. 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მთლიანი კონტროლი დაამყარა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე და შემდეგ ეს ორი მეამბოხე რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. 2014 წელს, უკრაინაში მაიდანის პროტესტის საპასუხოდ, რუსეთის ფედერაცია ყირიმში შეიჭრა და მისი ანექსია მოახდინა, შემდეგ კი დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტებს რეგიონის ნაწილებზე კონტროლის აღებაში დაეხმარა. 2022 წლის 24 თებერვალს, რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად, რუსეთი, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, შეიჭრა უკრაინაში. ორ დღით ადრე კი, დონეცკი და ლუგანსკი  სუვერენულ ქვეყნებად აღიარა.

მოვლენების ასეთ ევოლუციაში სამი ასპექტია მნიშვნელოვანი. პირველი, რომ ეს ასახავს რუსეთის მხრიდან პოსტსაბჭოთა სივრცის დასავლეთ რეგიონში გავლენის კონსოლიდირებისა და მეზობელი სახელმწიფოების ავტონომიის შეზღუდვის იმთავითვე გეოპოლიტიკურ მცდელობას. მეორე კი ის, რომ ეს ემსახურება დასავლური ინსტიტუტების აღმოსავლეთით გაფართოების დასრულებას. მესამე ელემენტი არის აღქმა და არასწორი წარმოდგენები. მაგალითისთვის, ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების რუსეთის მიერ ეგზისტენციალურ საფრთხედ აღქმა. თუმცა, ნატოსა და ევროკავშირის უკრაინის მიმართულებით გაფართოება გარდაუვალი არ იყო და ამ მხრივ, არც რუსეთის ფედერაციას ემუქრებოდა ეგზისტენციალური საფრთხე.

უფრო სწორად, პუტინმა არასწორად შეაფასა კონფლიქტის მრავალი ასპექტი. განსაკუთრებით უკრაინული ძალების მედეგობა და სიძლიერე, უკრაინული იდენტობის სიძლიერე. რუსები  უკრაინაში ყვავილებით დახვედრის მოლოდინით შევიდნენ, თუმცა, მათ ჯაველინებითა და სტინგერებით დახვდნენ.

რუსეთმა ასევე სათანადოდ არ შეაფასა დასავლეთის პასუხი.

არასწორი წარმოდგენების ეს შემთხვევები მიუთითებს გეოპოლიტიკური ანალიზის არასრულყოფილებაზე. ის ფოკუსირდება ძალაზე და ტერიტორიაზე, მაგრამ სათანადო ყურადღებას არ უთმობს ადამიანურ ფაქტორს. გარდა ამისა, რუსეთის თავდასხმა, ასევე, ეფუძნებოდა იდეოლოგიურ ფაქტორებს: პუტინის უკრაინით არარაციონალური აკვიატება, უკრაინის ისტორიის, ერისა და იდენტობის მის მიერ არასწორი გაგება და მისი ეჭვი დასავლეთის მიმართ, რაც ასახავს მის მიერ ორმხრივი ურთიერთობებისა და რუსეთის მიმართ დასავლეთის მიდგომის მცდარ გაგებას. მოკლედ, რუსეთის აგრესია უკრაინაში ძირითადად ემყარება არა გეოპოლიტიკურ იმპერატივებს, არამედ ლიდერის არასწორ  წარმოსახვებს.

იმის მიუხედავად, შეიძლება თუ არა ამ ომის გეოპოლიტიკურად ახსნა, მისი შედეგები მოიცავს დრამატულ გეოპოლიტიკურ ძვრებს როგორც ყოფილ საბჭოთა სივრცეში, ასევე რუსეთსა და დასავლეთის ურთიერთობებს შორის.

ომის შედეგები 

რაც შეეხება რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობას. რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიამ გამოიწვია ყველაზე მასშტაბური, ყოვლისმომცველი სანქციები, რაც კი აქამდე გამოყენებულა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ; ნატოს მასშტაბით სამხედრო დანახარჯები გაიზარდა. ალიანსმა  მისი ძალები რუსეთის საზღვართან გადაისროლა. ფინეთმა და შვედეთმა, ორივემ  წევრობაზე განაცხადი შეიტანა, რაც გულისხმობს სამხედრო შესაძლებლობების ნატოს სტანდარტებთან დაახლოების მეშვეობით მათ კიდევ უფრო გაძლიერებას. თუ რუსეთის მიზანს  ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების დასრულება წარმოადგენდა, უკრაინის წინააღმდეგ მისმა აგრესიამ საპირისპირო შედეგი მოიტანა.

ომმა ასევე განაპირობა ევროკავშირის საგრძნობი კონსოლიდაცია. ნატოსთან ერთად სანქციების შეერთების შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა ევროკავშირის უკრაინის მიმართ სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება; ასევე, თვითონ ორგანიზაციის შიგნით გაძლიერდა  სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა; უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით კი დაჩქარდა აღმოსავლეთით გაფართოების პროცესი.[1]

რუსეთსა და დასავლეთს შორის გაუარესებულმა ურთიერთობებმა „ცივი ომი“ შეიძლება არა, მაგრამ ახალი გამყოფი ხაზები მაინც წარმოქმნა ევროპაში. 1990 წლის „ერთი ევროპა მთლიანი და თავისუფალი“ ხედვა მკვდარია. ამას კი მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს გამყოფ ხაზებს შორის მდებარე ქვეყნებისთვის.

გარდა ამისა, ომმა საგრძნობლად დაასუსტა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, განსაკუთრებით უშიშროების საბჭო, რომლის მთავარი ფუნქციაც არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. ცხადია, რომ რუსეთის ვეტო ამ ინსტიტუტს ხელს უშლის მისი პასუხისმგებლობის შესრულებაში.

ფართო სურათში, ომმა დააზიანა საერთაშორისო წესრიგი, გამომდინარე იქიდან, რომ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი თავად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს (სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობას; ძალისმიერი აგრესიის გამოყენების აკრძალვას) და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს (სამოქალაქო პირების სიცოცხლისა და საკუთრების დაცვის შესახებ). როდესაც საერთაშორისო სისტემის წამყვანი სახელმწიფოები ივიწყებენ ან აიგნორებენ ამ კანონებს, ისინი ძირს უთხრიან საერთაშორისო ურთიერთობების ნორმატიულ საფუძველს.

ომის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების გაძლიერებაა.  დასავლეთისგან პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაცია რუსეთს  ჩინეთზე დამოკიდებულს ხდის, რომელიც, ზოგიერთი გამოთვლებით მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკაა. ჩინეთმა აქტიურად გამოიყენა საკუთარი სიმდიდრე სამხედრო ინდუსტრიის განსავითარებლად იმ დონემდე, რომ ახლა აღმოსავლეთ აზიაში ამერიკის შეერთებული შტატების სერიოზულ კონკურენტად იქცა. დასავლეთთან ჩინეთის კონკურენციას კიდევ უფრო აძლიერებს დასავლეთის პერიფერიების  ინფრასტრუქტურულ პროექტებში მისი დიდი მოცულობის ინვესტიციები (,,სარტყელი და გზის ინიციატივა“). როგორც რუსეთი, ასევე ჩინეთი არალიბერალური და ექსპანსიონისტური სახელმწიფოა.  მათ შორის მზარდი თანამშრომლობა კი, კიდევ უფრო ამყარებს საერთაშორისო სისტემაში განვითარების ეტაპზე მყოფ ორპოლუსიანობას.

გეოპოლიტიკური მოვლენების გავლენა სამხრეთ კავკასიაზე

გეოპოლიტიკური დაპირისპირებები სამხრეთ კავკასიისთვის უცხო არ არის. იმ ფაქტის გამო რომ ის მდებარეობს რეგიონის სამ დიდ ძალას შორის და მასზე გადის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო გზა, სამხრეთ კავკასია ყოველთვის იყო დიდი მეზობლების მიზანი და მსხვერპლი. დიდი ალბათობით ეს ასეც გაგრძელდება.

რუსეთთან მიმართებით, სამხრეთ კავკასია, განსაკუთრებით კი საქართველო, რამდენიმე გამოწვევის წინაშეა. დიდი ხანია ჩვენ მივხვდით  მეზობლების მიმართ რუსეთის პოლიტიკის რევანშისტულ ბუნებას. უკრაინის ომმა კი, ნათლად დაგვანახა ამ პოლიტიკის არსი.  დიმიტრი მედვედევმა თქვა, რომ უკრაინა არ არის რუსეთის იმპერიის აღდგენის პროცესის დასასრული.[2]  მან ახსენა როგორც საქართველო, ასევე ჩრდილოეთ ყაზახეთი, როგორც მომავალი სამიზნეები რუსეთის ისტორიული ნაწილების აღდგენისთვის.  აქ რისკი ის არის,  რომ რუსეთმა შეიძლება სცადოს საქართველოზე 2008 წლის თავდასხმის განმეორება. მინიმუმ იმისთვის, რომ კონტროლი დაამყაროს არსებული გაზისა და ნავთობის ენერგო ინფრასტრუქტურაზე და რკინიგზაზე, ვინაიდან  დასავლეთთან დაპირისპირების ძირითად იარაღად რუსეთი აქტიურად იყენებს  ენერგორესურსებს. ამ თვალსაზრისით, რუსეთი საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს.

ევროპა ამჟამად კვლავ გაყოფილია. ეს კი წარმოშობს მნიშვნელოვან კითხვებს მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვის: სამხრეთ კავკასია კიდევ ერთხელ მოექცა დაპირისპირებულ სახელმწიფოებს შორის. იმის გათვალისწინებით, რომ  რუსები ყოველთვის მგრძნობიარენი იყვნენ კავკასიაში დასავლეთის  გამოჩენის მიმართ,  არსებული კონტექსტის გათვალისწინებთ, დიდი ალბათობაა, რომ ისინი კიდევ უფრო მგრძნობიარენი გახდნენ ამ საკითხის მიმართ. ეს კი სამხრეთ კავკასიური ქვეყნებისგან კიდევ უფრო ფრთხილ და დაბალანსებულ პოლიტიკას მოითხოვს –  გასაგებია, რომ მათ არ უნდათ რუსეთის მხარეს ყოფნა,  ვინაიდან აფასებენ დასავლეთთან ურთიერთობას. თუმცა, მეორეს მხრივ, მათი დასავლეთის მიმართულებით კიდევ უფრო გადახრამ, შესაძლოა,  რუსეთის მხრიდან არასასიამოვნო რეაქცია გამოიწვიოს. დასავლეთის მიერ კავკასიის ქვეყნების დაცვის ისტორია კი (განსაკუთრებით საქართველოს) არც ისე კარგია.

ზოგიერთი შეიძლება ფიქრობდეს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგად აშშ-ის ევროპაში ჩართულობის გაზრდა  კავკასიასთან, განსაკუთრებით კი საქართველოსთან, უსაფრთხოების და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებს. ამას, დიდი ალბათობით პირდაპირი სამხედრო თუ სხვადასხვა სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატებში, ნატოსთან თანამშრომლობა მოჰყვება.  თუმცა, არსებული საფრთხეების პირობებში, ასეთ ჩართულობას დიდი ეფექტი არ ექნება. ამ ეტაპზე, ნატოსა და აშშ-ს დახმარება პირველ რიგში უკრაინაზე ფოკუსირდება და შემდეგ ბალტიისპირეთის რესპუბლიკებზე. ასევე, ნატოსთვის ძვირი ჯდება ჩინეთის წყნარი ოკეანის რეგიონში დაბალანსებაც. შედეგად, ბევრი არაფერი რჩება.

ჩინეთის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ზრდა ნაკლებად შემაშფოთებელია. პირველ რიგში, იქიდან გამომდინარე,  რომ ეს ზრდა ახლა შენელებულია კოვიდის პოლიტიკის, მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემების, ,,სარტყელი და გზა ინიციატივის“ სირთულეების, ფინანსური ბაზრების მომავალი კრიზისისა და დასავლეთში ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირების მზარდი სურვილის გამო. ამიტომ, ჩინეთიდან მომდინარე პირდაპირი გეოპოლიტიკური საფრთხე სამხრეთ კავკასიისთვის ნაკლებ სავარაუდოა.

ამავდროულად, აქვე  აღსანიშნავია რეგიონის მომიჯნავე ძლიერი სახელმწიფოს, თურქეთის როლიც, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანის სომხეთზე გამარჯვებაში მეორე ყარაბაღის ომში. თურქეთს ასევე ჰქონდა მცდელობა, დაებალანსებინა  ნატოს ფარგლებში დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა და რუსეთთან მზარდი და ღრმა კავშირები. ეს ურთიერთობები იზრდება არა მხოლოდ საერთო ავტორიტარული იმპულსის გამო, არამედ ასევე ძლიერი ორმხრივი ეკონომიკური კავშირებისა და შავ ზღვაში თანამშრომლობის შედეგადაც. თუმცა, ისტორიული გამოცდილება გვკარნახობს, რომ თურქეთის ინტერესებში არ შედის საზღვარი სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან, რომელსაც აკონტროლებს რუსეთი. თურქეთისთვის კავკასია არის ბუფერი, რომელსაც ის არ დათმობს. შესაბამისად, თურქეთი პრობლემაა სომხეთისთვის, მაგრამ არა საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის.

ბოლოს, კავკასიის მოსაზღვრე სიდიდით მესამე სახელმწიფო – ირანი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ  ირანის გეოპოლიტიკაში დიდ როლს თამაშობს „შიიტური ნახევარმთვარე“, სპარსეთის ყურე და მისი ბირთვული პროგრამის გარშემო აშშ-ს და ევროპას შორის მიმდინარე დაპირისპირება. ასევე, რუსეთსა და ირანს შორის პოზიტიური ურთიერთობების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანმა რეგიონში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას.

დასკვნა

ამ ანალიზიდან ორი ძირითადი დასკვნის გამოტანა შეიძლება – ერთი თეორიული და მეორე პრაქტიკული. თეორიულ დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ გეოპოლიტიკა სახელმწიფოების ქცევის შესწავლისთვის გამოსადეგი მიდგომაა, ვერ ითვალისწინებს ადამიანის ფაქტორსა და აღქმის მნიშვნელობას. რუსეთის უკრაინაში ომი გვიჩვენებს,  რომ ლიდერების აღქმები და რწმენები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გეოპოლიტიკურ დინებებზე.

პრაქტიკული კუთხით, რეგიონში რუსეთიდან მომავალი საფრთხე იზრდება. ხოლო კავკასიური სახელმწიფოების ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით დასავლეთი ფრთხილ მიდგომას აგრძელებს.  რუსული პოლიტიკური სისტემის ბუნებიდან გამომდინარე, პუტინი რომც გაქრეს,  დიდი ალბათობით მას ისეთი პიროვნება შეცვლის, ვინც მის ხედვებს იზიარებს. რუსულ საზოგადოებაში ნაციონალური შოვინიზმისა და რევანშისტული იდეის ზრდაც მეტყველებს იმაზე, რომ მეზობელი რეგიონების მიმართ რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკა უცვლელი დარჩება. რუსეთს, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების როგორც მინიმუმ, ხელახალი შემოერთება თუ არა, მათი კონტროლი სურს. ასევე, დასავლეთის მათ სივრცეში „ჩარევის“ აღმოფხვრა. შესაბამისად, რუსეთი ახლო მომავალში არსად არ გაქრება.

უკრაინაში არსებული ჩიხი გაირღვა ხარკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით რუსული ძალების უკან დახევის ფონზე.  ეს შეიძლება კარგი ამბავი იყოს, მაგრამ არა ამ ისტორიის დასასრული. ეს ფრონტის ხაზის მხოლოდ ერთ პატარა ნაწილში მოხდა. მატერიალური კუთხით, რუსეთი ჯერ კიდევ რჩება ამ კონფლიქტის უფრო ძლიერ მხარედ. გამარჯვება არ არის ახლოს არცერთი მონაწილისთვის. დიდი ალბათობით ომი რაღაც პერიოდი კიდევ გაგრძელდება. თუ უკრაინა შეძლებს აგრესიის მოგერიებას, ყველაზე ცუდი პროგნოზით, ამას რუსეთის მეზობლებისთვის შეიძლება უარესი შედეგი მოჰყვეს.

[1] საქართველომაც შეიტანა განაცხადი წევრობაზე, თუმცა კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა. ამის ნაცვლად, ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა რომ საქართველოს მას შემდეგ მიეცემა კანდიდატის სტატუსი, რაც ევროპული კომისიის მიერ საქართველოზე წარმოდგენილ მოსაზრებაში გაწერილ პრიორიტეტებს შეასრულებს. იხილეთ Council Conclusions – 23-24, 2022. 2022-06-2324-euco-conclusions-en.pdf (europa.eu).
[2] მედვედევი არის რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი. ამჟამად ის იკავებს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას

 

 ნილ მაკფარლეინი, საერთაშორისო ურთიერთობების ლესტერ ბ. პირსონის პროფესორი, ოქსფორდის უნივერსიტეტი

 

მომზადდა „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ შეხედულებებს.
Photo Credit: The Asia Today
, , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,