14/01/2019 magda

GIP და NUPI ერთობლივ პროექტს იწყებენ – „კომპეტენციის გაღრმავება თანამშრომლობით: საქართველოს სტრატეგიული გზა ევროპისკენ“ (GEOPATH)

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) და ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (NUPI) იწყებენ ერთობლივ ოთხწლიან პროექტს GEOPATH-ს, რომელიც ნორვეგიის კვლევითი საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

GEOPATH კვლევითი პროექტია, რომელიც საზოგადოებას უმნიშვნელოვანესი საკითხის – საქართველოს სამომავლო სტრატეგიული კურსის შესახებ უახლეს, საფუძვლიან კვლევას წარუდგენს. რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, პროექტი შეისწავლის, თუ როგორ აღიქვამენ საკუთარ როლს ევროკავშირი, რუსეთი და საქართველო და რა გავლენას ახდენს ეს ურთიერთობები საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე, მათ შორის აფხაზეთზე. პროექტში ჩართული იქნება ინტეგრირებული კვლევითი ჯგუფი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა და ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევრების მონაწილეობით უცხოეთში მოღვაწე ორ ქართველ მკვლევართან ერთად.

პროექტს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური ორი ძირითადი მიზანი აქვს. პირველი ეს არის ქართველი და ნორვეგიელი მკლევარებისგან შემდგარი ინტეგრირებული კვლევითი პროექტის საშუალებით, საქართველოში ფაქტებზე დაფუძნებული კვლევითი პროცესების გაძლიერება. პროექტის მეორე მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა მათ შორის, სადოქტორო სტიპენდიის დაფინანსებითა და საქართველოს მასშტაბით დოქტორანტურის სტუდენტებისა და უმცროსი მკვევრებისთვის ყოველწლიური საგამომცემლო სემინარების ორგანიზებით. პროექტი ხელს შეუწყობს, პარტნიორი ინსტიტუტისა და სხვა ქართული ორგანიზაციების გაძლიერებას ქვეყნის მასშტაბით. რაც მთავარია, ამ მიზნების მიღწევით, პროექტი შექმნის საფუძვლიანი კვლევითი თანამშრომლობისა და ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობას ისეთ საკითხზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია, როგორც აკადემიური სივრცისთვის, ისე მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის.

 

ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (NUPI)

ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი ნორვეგიის პარლამენტის მიერ 1959 წელს დაარსდა. ორგანიზაციას აქვს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის თემებზე მომუშავე წრეების ჩართულობისა და ნორვეგიელი საზოგადოების ინფორმირების 60 წლიანი გამოცდილება. NUPI-ის ასევე აქვს აკადემიური ნაშრომებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და აკადემიური საქმიანობის სრულყოფისკენ მიმართული შრომის კულტურა. ბოლო ორი ათწლეულია, ორგანიზაციის პრიორიტეტს ნორვეგიაში რუსეთისა და პოსტ-საბჭოთა სივრცის შესახებ ცოდნის გაღრმავება წარმოადგენს.   

 

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი არის არაკომერციული, არაპარტიული, კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 2011 წლის დასწყისში დაარსდა. GIP ცდილობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ორგანიზაციული საფუძვლების გაძლიერებას და ეფექტური მმართველობის პრინციპების განვითარებას პოლიტიკური კვლევისა და ადვოკატირების გზით. ორგანიზაციის მიზანია, გახდეს კვლევებისა და პოლიტიკური ინოვაციების წამყვანი ცენტრი საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში და საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებისა და პოლიტიკური სტაბილურობის მისაღწევად.

 

 

 

, , , , , , , ,