10/06/2022 GIP

პროექტი “GeoNext2022: პარტნიორობა ახალგაზრდების ჩართულობისთვის” დაიწყო 

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა, გერმანულ ორგანიზაცია Polis180-თან პარტნიორობით დაიწყო ახალი პროექტი – „GeoNext2022: პარტნიორობა ახალგაზრდების ჩართულობისთვის“. GeoNext2022 მიზნად ისახავს ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების მხარდაჭერას მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტის მიზანია აღნიშნულმა საინიციატივო ჯგუფებმა განახორციელონ მცირე ზომის ისეთი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქვეყნის წინსვლას დიგიტალიზაციის, ინკლუზიის, კლიმატის ცვლილებისა და რეგიონული ეკონომიკური განვითარების მიმართულებებით.

ცხრა ივნისს პროექტი GeoNext2022 ონლაინ შეხვედრით გაიხსნა, სადაც მცირე გრანტების კონკურსის რვა გამარჯვებულმა თავიანთი ინიციატივა წარადგინა. პროექტის მონაწილეების მიზანი თანატოლების წახალისება, ბიზნეს საქმიანობაში ჩართვა, ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელებაში მონაწილეობა და თავიანთ თემებში რეალური ცვლილებების გამოწვევაა.

 

შერჩეული პროექტები:

კლიმატის ცვლილება/ მდგრადი განვითარება

  1. “ახალგაზრდები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ”

მდებარეობა: ყაზბეგი, მცხეთა-მთიანეთი

აქტივობები: პროექტის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი საკითხებისა და კლიმატის ცვლილების შესახებ. საინიციატივო ჯგუფი ჩაატარებს ტრენინგებსა და ადგილობრივ საინფორმაციო კამპანიებს გარემოსდაცვით საკითხებზე. აღნიშნული პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ესეების კონკურსის ჩატარებას; ბლოგების წერასა და ახალგაზრდული კონფერენციის მასპინძლობას. კონფერენცია მიეძღვნება კლიმატის ცვლილებებს, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზების განხილვას.

  1.  “იმოქმედეთ კლიმატისთვის”

მდებარეობა: პანკისი, კახეთი

აქტივობები: საინიციატივო ჯგუფი ყურადღებას გაამახვილებს ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე. პანკისის ინფრასტრუქტურისა და საინფორმაციო საჭიროებების გათვალისწინებით, ისინი გეგმავენ ტრენინგებს, საპიკნიკე ადგილების დასუფთავების ღონისძიებებს და ადვოკატირების კამპანიას რეგიონში ნარჩენების გადამუშავების გასაძლიერებლად.

მენტორი: Polyvim LLC

 

ინკლუზია

  1. “ახალგაზრდები რეგიონში ცვლილებებისათვის”

მდებარეობა:თბილისი

აქტივობები: პროექტი მიზნად ისახავს „მეგობრობის კლუბის“ შექმნით შშმ პირებსა და მათ თანატოლებში სოციალური უნარების განვითარებას. კლუბი გახდება სივრცე ახალგაზრდებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ გამოცდილების გაზიარებასა და ცნობიერების ამაღლებასა ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის.

  1. „საჯარო სივრცეების ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“

მდებარეობა: სენაკი, სამეგრელო-ზემო სვანეთი.

აქტივობები: “აბა ულა” მეგრული საბრძოლო ძახილია, რომლის მიზანია ახალგაზრდების გაერთიანება ადგილობრივი პრობლემების გარშემო. “აბა ულა“ ახლახან დაარსდა და უკვე ოცამდე ახალგაზრდას აერთიანებს. პროექტის მიზანია სენაკში ინკლუზიური გარემოს შექმნაზე დისკუსიის დაწყება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების შესახებ ინფორმირებულობის ხელშეწყობა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საჯარო სივრცეების ხელმისაწვდომობა. პარალელურად, “აბა ულას” სენაკის საინიციატივო ჯგუფი გეგმავს აქტიურ მზადებას მომავალი ინიციატივებისთვის.

მენტორი: საქართველოს კარიტასი; ,,ქალები საერთო მომავლისთვის”

 

რეგიონული ეკონომიკური განვითარება

  1. “ახალგაზრდული იდეების ბანაკი”

მდებარეობა: ქობულეთი

აქტივობები: პროექტის მიზანია აჭარის რეგიონში, კერძოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავება სტარტაპების შესახებ: როგორ მუშაობენ და ფუნქციონირებენ ისინი და რა არის საჭირო საკუთარი მიკრო და მცირე ბიზნესის დასაწყებად. პროექტის განმავლობაში მონაწილეები შეძლებენ სტარტაპებისთვის საჭირო ეტაპების შესწავლას და პრაქტიკაში განხორციელებას.

  1. „ბაღდათისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ეკონომიკური პოტენციალის გამოყენება“

მდებარეობა: ბაღდათი, იმერეთი / დუშეთი, მცხეთა-მთიანეთი

აქტივობები: პროექტის ინიციატორები იმუშავებენ ბაღდათსა და დუშეთში, ასევე, მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან, რათა ხელი შეუწყონ მეწარმეობის განვითარებას ტურიზმსა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ჯამში ტრენინგს გაივლის 50 ადამიანი, რომლებიც მიიღებენ ინფორმაციას საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერის შესაძლებლობების შესახებ (ARDA, Enterprise Georgia, GITA) და ისწავლიან თუ როგორ დაწერონ გეგმა მათი ბიზნესის ეფექტურუნარიანობის გასაზრდელად. 

მენტორი: GIZ

 

დიგიტალიზაცია / გაციფრულება

  1. „ქართული ენის შესწავლის დიგიტალიზაცია ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის”

მდებარეობა: თბილისი

აქტივობები: ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, პროექტი მიზნად ისახავს ქართული ენის სწავლების დიგიტალიზაციას. კერძოდ, პროექტის იდეაა რომ შექმნას ახალი 3000 სავარჯიშო “ანი და ბანის” ენის შემსწავლელი მობილური აპლიკაციისთვის, რომელიც მორგებული იქნება, ასევე, ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე. გარდა ამისა, იგეგმება საჯარო კონსულტაციები პროექტის აქტივობების გასავრცელებლად.

მენტორი: სვიფტი

  1. “ბიზნეს აქსელერატორი – ცაგერი”

მდებარეობა: ცაგერი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

აქტივობები: პროექტის მიზანია ცაგერის მუნიციპალიტეტში მიკრო და მცირე გრანტების მოპოვებით დაინტერესებული ადგილობრივებისა და სტარტაპების შესაბამისი უნარ-ჩვევებით აღჭურვა. ეს მათ საშუალებას მისცემს სწორად გამოავლინონ პერსპექტიული ეკონომიკური აქტივობები და შექმნან შესაბამისი საგრანტო პროექტები. პროექტის აქტივობები მიზნად ისახავს შერჩეული 15 მონაწილის ცნობიერების ამაღლებას პერსპექტიული ეკონომიკური სფეროების შესახებ და მათთვის ბიზნეს პროექტების წერის ტექნიკის სწავლებას; ასევე, ინფორმაციის მიწოდებას პოტენციური დონორი ორგანიზაციების შესახებ და სამი საკონსულტაციო შეხვედრის გამართვას; შერჩეული ხუთი მონაწილე გადაეცემა მენტორს, რომელიც დაეხმარება მათ თავიანთი ბიზნეს იდეების კონკრეტულ საგრანტო პროექტად გარდაქმნაში.

მენტორი: 8000 მოსავალი

 

ღონისძიების გახსნით შეხვედრაზე, რვა შერჩეული საინიციატივო ჯგუფი შეხვდა მენტორებსა და ექსპერტებს. მათ იმსჯელეს სამოქალაქო ჩართულობისა და პროექტის თემატური სფეროების შესახებ, განიხილეს და დაადგინეს გამოწვევები და მოქმედების ბერკეტები. მოგვიანებით, თითოეულ ჯგუფს დაუკავშირდა ცალკე პროცესით შერჩეული წარმომადგენელი გერმანელი ახალგაზრდების ჯგუფიდან, რომლებიც მხარს დაუჭერენ პროექტის მონაწილეებს ადგილობრივი ღონისძიებების ორგანიზების პროცესში.

#GeoNext2022: პარტნიორობა ახალგაზრდების ჩართულობისთვის“ ახორციელებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) გერმანული ორგანიზაცია ორგანიზაცია Polis180-თან პარტნიორობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

 

, , , , , , , ,