Author

26/12/2022 ნინო სამხარაძე

მედეგობა სამოქალაქო მზაობის გზით: განახლებული სტრატეგიული ხედვა ნატოში და საქართველოს თავსებადობა

უკრაინაში რუსეთის მიერ 2014 წლიდან დაწყებული აგრესიიის, განსაკუთრებით კი, 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, უკრაინულმა საზოგადოებამ წინააღმდეგობის მაღალი დონე აჩვენა. ამ ფონზე, სამოქალაქო მედეგობის გაძლიერება დასავლური უსაფრთხოების არქიტექტურის ერთ-ერთ წამყვან კომპონენტად იქცა. ნატოს სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია მედეგობის სამოქალაქო კომპონენტი – მოსახლეობის აღჭურვა თავდაცვით მოქმედებებში ჩართულობის ფორმების შესახებ ცოდნით, პრაქტიკული მომზადებით, ასევე, სამხედრო ინსტიტუტებთან, ძალოვან სტრუქტურებთან თანამშრომლობის გეგმის არსებობა და ფართო საზოგადოებისთვის მიწოდება.

აქედან გამომდინარე, მედეგობის გაძლიერება სამოქალაქო მზაობის გზით საქართველოსთვისაც ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნისთვის ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი, რომელიც, ამავდროულად, ალიანსმაც გლობალური უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევად აღიარა. ამ თვალსაზრისით თავსებადობის გაზრდა აუცილებელი ამოცანაა, რომელიც საქართველოსთვის აქტუალური უნდა იყოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია დისკუსია იმაზე, თუ რა მიმართულებებით შეუძლია საქართველოს ნატოსთან მუშაობა და გამოცდილების გაზიარება სამოქალაქო მედეგობის გაძლიერების მიმართულებით.

სტრატეგიული განზომილება: ტოტალური თავდაცვა საქართველოში და კოლექტიური თავდაცვა ალიანსში

ნატოში მიიჩნევა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო მედეგობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საზოგადოებრივ მედეგობაზე და შესაძლებლობებზე, თავი გაართვან სხვადასხვა სახის კრიზისებს, მათ შორის, სამხედრო თავდასხმის შემთხვევაშიც. სამოქალაქო მედეგობის გაძლიერება საქართველოს სახელმწიფოს თავდაცვის სტრატეგიულ დოკუმენტებში შესაბამის მნიშვნელობას ჯერ ვერ იძენს. თუმცა უფრო და უფრო  აუცილებელი ხდება სამოქალაქო მედეგობის ჯეროვნად ასახვა თავდაცვის და სხვა შესაბამის სტრატეგიულ დოკუმენტებში.

ნატოს სტრატეგიულ ხედვაში სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობა (CIMIC) და სამოქალაქო-სამხედრო ინტერაქცია (CMI) ზოგადი მედეგობის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ეფუძნება გეგმას, როგორ შეიძლება სამოქალაქო კომპონენტის ინტეგრირება თავდაცვის ტაქტიკურ და ოპერაციულ დონეებზე. ალიანსის სტრატეგიული დოკუმენტები ამ მიმართულებით გვთავაზობენ განსაზღვრებებს, თუ რა დონეზე უნდა შედგეს ინტერაქცია სამხედრო და არასამხედრო აქტორებს შორის, ასევე, სხვადასხვა სცენარებს, აქტივობებს, რათა საზოგადოება მთლიანობაში მედეგი გახდეს შესაძლო სამხედრო, ჰიბრიდული თუ სხვა სახის კრიზისების მიმართ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხედვის მიხედვით, სამოქალაქო თავდაცვა, როგორც სამოქალაქო მედეგობის კომპონენტი, ტოტალური თავდაცვის შემადგენელი ნაწილია. სამოქალაქო თავდაცვა გულისხმობს სამოქალაქო დაცულობის უზრუნველყოფას, მოსახლეობის მორალურ და ფსიქოლოგიურ მდგრადობასა და კიბერთავდაცვას ომისა და მშვიდობიანობის დროს. ტოტალური თავდაცვის სტრატეგიის ფარგლებში, გარკვეულწილად, მოცულია სამხედრო და სამოქალაქო თანამშრომლობა. თუმცა, საკითხის სასიცოცხლო მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ საზოგადოებას უფრო ფუნდამენტური ხედვა შესთავაზოს სახელმწიფო სტრატეგიის დონეზე. ამისთვის შეიძლება გაძლიერდეს ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა არაწევრი პარტნიორი სახელმწიფოებისთვის ღია დისკუსიების ფორმატები ნატოს მედეგობის კომიტეტში. მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება, თუ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტში აისახება სამოქალაქო მედეგობის გაძლიერების კომპონენტი, როგორც ალიანსსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ახალი წამყვანი არე. განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც მადრიდის სამიტის შემდეგ დაანონსდა, იგეგმება პაკეტში ახალი საკითხების დამატება.

საველე განზომილება: სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლობა

საზოგადოების სამოქალაქო და სამხედრო სეგმენტების ინტეგრირებას დასავლურ სივრცეში, ძირითადად, ორი მიმართულებით უყურებენ: თანაარსებობა (Co-existence) და თანამშრომლობა (Cooperation). საველე დონეზე, წვრთნებისა და, სადაც საჭიროა, აღჭურვის თვალსაზრისით, მუშაობის გააქტიურება შეიძლება ნატოს უკვე არსებული გამოცდილების გაზიარებით, ასევე, ალიანსთან უშუალო პრაქტიკული მუშაობით – ერთობლივი წვრთნებით უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე, ნატოს მხრიდან შესაბამისი პოლიტიკური ერთეულების დამატება თბილისში და ა.ს.

ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილებაა Trident Juncture Exercise 2018, რომელიც 2018 წელს ნორვეგიაში ჩატარდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ნატოს ყველაზე მრავლისმომცველი სწავლებაა. ის უპრეცედენტო იყო როგორც მონაწილე სახელმწიფოების რაოდენობით (31 სახელმწიფო კავშირის არაწევრი პარტნიორი ქვეყნების ჩათვლით), ასევე იმის გათვალისწინებითაც, რომ წვრთნები, სამხედროსთან ერთად, სამოქალაქო განზომილებას მოიცავდა. ამ წვრთნების გამოცდილების მაქსიმალური დაინტეგრირება მოსახლეობის საველე მომზადებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მის გათვალისწინებითაც, რომ TJE ორიენტირებული იყო კონკრეტულად რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე რეაგირებაზე და საქართველოს მოსახლეობის სპეციფიკური ცოდნით და უნარებით აღჭურვა ამ გამოცდილებით განსაკუთრებით ეფექტიანი შეიძლება იყოს. საქართველოს, რომელიც TJE-ში მონაწილეობდა, შეუძლია იმუშაოს კოლექტიური თავდაცვის სცენარების შემუშავებაზე, სპეციფიკური კრიზისების მოდელირებებზე, განსაკუთრებით, საზღვრისპირა რეგიონებში.

ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ თბილისმა გაზარდოს მუშაობა ნატოსთან ერთობლივი სამხედრო-სამოქალაქო წვრთნების დაგეგმვაზე. საქართველოს აქვს გაერთიანებულ ერთობლივ გაცვლით წვრთნებში (JCET) რეგულარული მონაწილეობის გამოცდილება, მათ შორის, მასპინძლის რანგშიც.[1] JCET მოიცავს სამოქალაქო წვრთნის კომპონენტსაც.  თუმცა მნიშვნელოვანია, ცალკეული თანამშრომლობების მიღმა თბილისმა იმუშაოს ამგვარი ინტეგრირებული წვრთნების სიხშირის და მასშტაბების გაზრდაზე და ნატოსთან საქართველოს სპეციფიკაზე მორგებული პროექტების დაგეგმვაზე.

ამავდროულად, უფრო მნიშვნელოვანი ხდება მოხალისეობრივი ორგანიზაციების როლი, ჩართულობის მასშტაბი და ფორმა, მხარდაჭერის უზრუნველყოფა  და ინტეგრირება ტოტალური თავდაცვის განხორციელებაში. ქვეყანაში მოქმედი მოხალისეობრივი ორგანიზაციები, საკუთარი სწავლების მეთოდების, სპეციფიკისა და მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე ფლობენ პოტენციალს სრულად აითვისონ სამოქალაქო სექტორი, მოხალისეობრივი სივრცე და უზრუნველყონ მისი მომზადება-გაძლიერება, შესაბამისი უნარ-ჩვევებით აღჭურვა, საჭიროების შემთხვევაში თავდაცვის ძალების მხარდაჭერა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია ისეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება სახელმწიფოს მხრიდან, როგორიცაა გენერალ მაზნიაშვილის ახალგაზრდული ლეგიონი, რომელიც მოქალაქეებს სთავაზობს სხვადასხვა კურსებს, წვრთნებს, მასალებს, რათა საზოგადოება მაქსიმალურად იყოს აღჭურვილი კრიზისებთან თავის გართმევის უნარებით და ცოდნით.

ლეგიონის საქმიანობა დამოუკიდებელია, თუმცა პერიოდულად სარგებლობს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მემორანდუმის ფარგლებში, რაც სასარგებლო გამოცდილებაა სამხედრო-თავდაცვითი და საზოგადოებრივი სეგმენტების თანამშრომლობის კუთხით. ამ მხრივ, ნატოს წევრი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებისთვის საველე წვრთნების ორგანიზების თვალსაზრისით, განსაკუთრებით ოკუპაციის ხაზთან მდებარე დასახლებების მაცხოვრებლებისთვის, დიდ მნიშვნელობას იძენს რუსეთიდან მომდინარე ზრდადი ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე.

შემეცნებითი განზომილება: სამოქალაქო ცნობიერება – მედეგობის შემადგენელი ნაწილი

სახელმწიფოსთვის სამოქალაქო მედეგობის მიმართულებით ცნობიერებაზე და სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსებზე მუშაობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება უნდა იყოს და ნატოს გამოცდილების გაზიარება ამ კუთხითაც შეიძლება. ამის მაგალითად გამოდგება ნატოს წევრი ქვეყნის, ესტონური თავდაცვის სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი – ფსიქოლოგიური თავდაცვა, რომელიც გულისხმობს საზოგადოების მიერ ქვეყნის მთავარი საფრთხეების და თავდაცვისუნარიანობის, ასევე, ამაში მათი როლის აღქმას ცნობიერების დონეზე, ასევე, ნდობის გაძლიერებას საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებს შორის. ამისთვის ესტონეთის მთავრობა აქტიურად მუშაობს რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაციის, ესტონურ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის, რუსულენოვანი ინფორმაციის, კიბერ და ჰიბრიდული თავდასხმების შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციის შემუშავებაზე. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილია, საზოგადოების ნდობის გაზრდა თავდაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო და სამხედრო ინსტიტუტების მხრიდან, რაც საქართველოსთვისაც აქტუალური საკითხია.

ქართული არმია, სხვა ინსტიტუტებთან შედარებით, ტრადიციულად მეტ ნდობას იმსახურებს საზოგადოების მხრიდან (გრაფა 1), შესაბამისად, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაში, სავარაუდოდ, არსებობს შესაბამისი ღიაობა და მზაობა სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის წარმატებული მაგალითის შექმნის კუთხით.

 

გარდა ამისა, ნატოსთან საგანმანათლებლო პარტნიორობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი წინსვლა იყო თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისთვის (DIBS) ნატოს აკრედიტაციის მინიჭება. ეს პრეცედენტი საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების მედეგობა სამხედრო ცოდნის გავრცელების გზით საგანმანათლებლო კუთხითაც გაზარდოს. ამ ეტაპზე, სკოლის მუშაობა ორიენტირებულია, ძირითადად, მათზე, ვინც უშუალოდაა ჩართული უსაფრთხოების სისტემის მართვასა და განვითარებაში. მაგრამ სკოლას შეუძლია კურსის კატალოგში სამოქალაქო თავდაცვის და სამოქალაქო მედეგობის კომპონენტების, ასევე, სამიზნე აუდიტორიის გაფართოების გზით, ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო მიმართულებით სამოქალაქო მედეგობის გაძლიერებას.

სამოქალაქო მედეგობის საგანმანათლებლო და ცნობიერების კუთხით განვითარება ხელს შეუწყობს მედეგობის სტრატეგიის ინკლუზიურ ხასიათს, რაც სხვადასხვა ანალიზის მიხედვით, სახელმწიფო მედეგობის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი უნდა იყოს: სტრატეგია უნდა მოიცავდეს სამოქალაქო კოორდინაციას სამხედრო წერტილებთან ისე, რომ ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას, რასაც ცოდნაზე დაფუძნებული გაძლიერებული სამოქალაქო ცნობიერება და მზაობა სჭირდება.

 

სამოქალაქო და სამხედრო მედეგობა: ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის სივრცეები

მედეგობის უზრუნველსაყოფად ნატოსთვის მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო ცოდნა, უნარები და სტრატეგიული ხედვა ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების სამოქალაქო სეგმენტისთვისაც, რათა ის მზად იყოს ნებისმიერი სახის კრიზისთან ეფექტიანად და ინფორმირებულად გასამკლავებლად. ამ მიმართულებით მზაობის გასაძლიერებლად ალიანსი აქტიურად მუშაობს სტრატეგიულ და საველე დონეებზე. საჭიროა, საქართველომ ამ მიმართულებითაც იზრუნოს თავსებადობის გაზრდაზე.

ამისთვის აუცილებელია, რომ ნატოსთან ორმხრივი პროგრამები და საქართველოს სახელმწიფოს გეგმა მეტად ადაპტირდეს და გაფართოვდეს სამი ძირითადი მიმართულებით: სტრატეგიულ დონეზე საქართველოს თავდაცვის ხედვა მაქსიმალურად დაუახლოვდეს ნატოს კოლექტიური თავდაცვის მიდგომას ქვეყნის სტრატეგიაში სამოქალაქო სეგმენტის მეტად ინტეგრირების გზით. საველე დონეზე, საქართველომ უნდა იმუშაოს ალიანსთან ისეთი ერთობლივი წვრთნების გააქტიურებაზე, რომლებიც სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის (CIMIC) სტანდარტების განვითარებას შეუწყობს ხელს. და ბოლოს, საგანმანათლებლო და ცნობიერების დონეზე, საქართველოს შეუძლია, გამოიყენოს ის სასწავლო ინსტიტუტები და პროგრამები, რომლებიც არსებითი პაკეტის ფარგლებში ფუნქციონირებენ და საზოგადოების სამოქალაქო სეგმენტისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ისინი.

[1] გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები აშშ-სთან პარტნიორობით ხორციელდება და 2021 წელს აღნიშნული წვრთნები ქობულეთში ჩატარდა და სამოქალაქო სეგმენტის დატრენინგებასაც მოიცავდა.

 

ბლოგი მომზადდა ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის შეხედულებებს.
, , , , , , , , , , , , ,