Author

16/10/2020 ნინო სამხარაძე

პოლიტიკური ნიჰილიზმის ჩიხი: რატომ არ აძლევენ ახალგაზრდები ხმას?

ნინო სამხარაძე[1]

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად კვლავ აქტუალური რჩება ახალგაზრდული სეგმენტის დაბალი საარჩევნო აქტივობა და პოლიტიკური მონაწილეობა. საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობა ბევრ სირთულეს აწყდება. პრობლემაა ის, რომ, ერთი მხრივ, მიმდინარე პოლიტიკურ დღის წესრიგში – პარტიების რიტორიკაში, თუ მმართველ დონეზე – ახაგალზრდებისთვის საინტერესო მწვავე საკითხები, პრაქტიკულად, არ დგება. მეორე მხრივ, ფაქტობრივად, იკარგება მოსახლეობის ამ ნაწილის ხმები, რომელიც საარჩევნო შედეგების ლეგიტიმაციის განსაზღვრისას, შეიძლება, ხელშესახებად მნიშვნელოვანი იყოს. ამიტომ, საინტერესოა, რა განაპირობებს ახალგაზრდების ტრადიციულად დაბალ საარჩევნო აქტივობას?

ახალგაზრდობის პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებული პრობლემების გამოკვეთის მიზნით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა (GIP) და Polis180-ის ერთობლივი პროექტის GEOYOUTH2020-ის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ჩატარდა ახალგაზრდული სამიტების სერია, რომელშიც 150-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა. ბლოგში განხილული სხვადასხვა დაკვირვებების ძირითადი ნაწილი სწორედ ამ პროექტის ძირითად მიგნებებს ემყარება. მთავარი, რაც ამ მიგნებებზე დაფუძნებით შეიძლება, ითქვას, არის ის, რომ საზოგადოების ახალგაზრდულ სეგმენტს საარჩევნო ყუთთან მისასვლელად არაერთი სტრუქტურული ბარიერი უდგას და მათთვის ელექტორალური აქტიურობა არ არის მიმზიდველი პერსპექტივა, რაც, საბოლოოდ, ნიჰილისტურ განწყობებში გადაიზრდება.

განწყობებზე დაფუძნებული ფაქტორები და საარჩევნო აქტივობა

არჩევნებში მონაწილეობის თვალსაზრისით, საქართველოს მოქალაქეების 18-35 წლის ასაკობრივი ჯგუფი, საზოგადოების სხვა ასაკობრივ სეგმენტებთან შედარებით, პასიურობით გამოირჩევა. კავკასიის ბარომეტრის 2019 წლის მონაცემების მიხედვით, მათი 23% არჩევნებში მონაწილეობას, ან დიდი ალბათობით, არ მიიღებდა, ან ნამდვილად არ მიიღებდა. ეს სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით დიდი მაჩვენებელია. ამ პრობლემაზე მუშაობის პროცესში ცესკო უკვე მეხუთე წელია, უფროსკლასელებისთვის  საგანმანათლებლო პროექტს „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ახორციელებს, რომლის მნიშვნელობასაც კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ 2020 წლის ივნისში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ გამართულ კონფერენციაზეც გაუსვა ხაზი. თუმცა, კავკასიის ბარომეტრის კვლევაში ახალგაზრდების 38%-მა დააფიქსირა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო მეორე ტურისთვის ეს მაჩვენებელი 42%-ია. თუკი ამ მონაცემებს სხვა ასაკობრივი ჯგუფების მიერ დაფიქსირებულ შედეგებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ 18-35 წლამდე ახალგაზრდები შესამჩნევად ინერტულები არიან არჩევნებში მონაწილეობის თვალსაზრისით.  

ახალგაზრდების პასიურობა ხმის მიცემისას არ არის განპირობებული მაინცდამაინც საარჩევნო პროცესისადმი ნეგატიური დამოკიდებულებით. GEOYOUTH2020ის ფარგლებში ჩატარებულმა დისკუსიებმა გამოკვეთა ტენდენცია: პრობლემის ერთ-ერთი სათავე, შეიძლება, ვეძებოთ იმაში, რომ ახალგაზრდები, როგორც წესი, საკუთარი ხედვის საბოლოო ჩამოყალიბების პროცესში არიან, ბევრად კრიტიკულად აფასებენ საარჩევნო სუბიექტებს და, შესაბამისად, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. მათ გაურკვევლობას ხელს უწყობს პოლარიზებული პოლიტიკური გარემო: NDI-ის 2019 წლის საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, ახალგაზრდულ სეგმენტში ყველაზე მეტი – 46%-ია იმ მოქალაქეების წილი, რომლებიც თვლიან, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას. 2020 წლის აგვისტოს მონაცემებით კი, მხოლოდ 28%-ს აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს. ამ გარემოში ვითარდება ნიჰილისტური განწყობები ახალგაზრდებში, რის კატალიზატორადაც, შეიძლება, მივიჩნიოთ არასტაბილური და ნაკლებად პლურალისტული პოლიტიკური გარემო და პოლარიზაციის შესამჩნევად მაღალი ხარისხი.

გარდა იმისა, რომ ახალგაზრდული სეგმენტის შეხედულებების ფორმირება საზოგადოების სხვა ნაწილთან შედარებით რთულად ხდება, ისინი აწყდებიან სტრუქტურულ ბარიერებს, რომლებიც ხშირად ხელს უშლის მათ პოლიტიკურ აქტიურობას და, შესაბამისად, ეს გავლენას ახდენს კონკრეტულად არჩევნებში მონაწილეობის დინამიკაზეც.

ახალგაზრდების პოლიტიკური აქტიურობის სტრუქტურული ბარიერები

GEOYOUTH2020ის ახალგაზრდულმა სამიტებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდების პოლიტიკური და საარჩევნო აქტივობისთვის არსებობს ისეთი სტრუქტურული ბარიერები, როგორიცაა გეოგრაფიული ფაქტორები, შიდაპარტიული არაეფექტიანობა და საზოგადოების სტერეოტიპული სტრატიფიკაცია.

შიდაპარტიული სტრუქტურები არ არის მორგებული ახალგაზრდების ინტერესებზე. ახალგაზრდების პარტიული აქტივობა ნაკლებად მოიცავს პოლიტიკის დღის წესრიგზე მუშაობას, მათი ჩართულობა პარტიულ საქმიანობაში ბევრად ინსტრუმენტულია და რეალურ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისინი, ფაქტობრივად, არ მონაწილეობენ. შესაბამისად, ახალგაზრდები საკუთარ თავს წამყვანი პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო რიტორიკაში, პრაქტიკულად, ვერ ხედავენ.

სტრუქტურული სირთულეები კიდევ უფრო აშკარაა, როცა საქმე ეხება რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს – ინფრასტრუქტურული თუ ეკონომიკური ჩამორჩენილობა ხელს უშლის მათ, ადეკვატური წვდომა ჰქონდეთ ცენტრალიზებულ პოლიტიკურ პროცესებზე ქვეყანაში. საქართველო დედაქალაქზე ორიენტირებული სახელმწიფოა და საკვანძო პოლიტიკური თუ სოციალური წერტილები, ძირითადად, თბილისშია თავმოყრილი რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების უმეტესობა, როგორც წესი, სასწავლებლად თბილისში ჩადის. შედეგად, ისინი არათუ ადგილობრივ პოლიტიკურ კონტექსტს სცილდებიან, არამედ ტექნიკურად  ხმის მიცემის პროცედურაც მათთვის არაკომფორტული ხდება.

გენდერული სტრატიფიკაცია ორმაგ დაბრკოლებას აჩენს ახალგაზრდების სტიგმატიზების თვალსაზრისით. ახალგაზრდა ქალებისთვის და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ტრადიციულ სტერეოტიპებთან ერთად დამატებითი ბარიერები არსებობს: მათ მიმართ საზოგადოების უნდობლობის ხარისხს კიდევ უფრო ამძაფრებს მოწყვლადი ახალგაზრდული სეგმენტის წევრობა. ეს იწვევს ახალგაზრდობისთვის საინტერესო საკითხების პოლიტიკური დისკურსიდან გაუჩინარებას და ხელს უწყობს ნიჰილიზმის მოტივირებას საზოგადოების ამ სეგმენტში.

რატომ არ მიდიან ახალგაზრდები საარჩევნო ყუთთან?

ახალგაზრდების დაბალი საარჩევნო აქტივობა არ არის ექსკლუზიურად საქართველოს პრობლემა, თუმცა, ფაქტია, ქართულ რეალობაში არსებობს ის სპეციფიკური გარემოებები, რომლებიც განაპირობებს საზოგადოების ამ ნაწილის ინერტულობას საარჩევნო ყუთთან. ახალგაზრდები საკუთარი შეხედულებების ფორმირების ეტაპზე, ერთგვარი იდეოლოგიური მსოფლმხედველობის ძიებაში არიან, განსხვავებით უფროსი ასაკის ჯგუფებისგან. ამ პროცესში ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ხედვები დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში ადვილად გარდაიქმნება ახალგაზრდულ ნიჰილიზმად, რაც, საბოლოოდ, მათ საარჩევნო აქტიურობაზე უარყოფითად აისახება.

ამასთან, არსებობს რეგულარული სტრუქტურული ბარიერები, როგორიცაა შიდაპარტიული დემოკრატიის დეფიციტი, საზოგადოების სტერეოტიპული სტრატიფიკაცია და ცენტრი/პერიფერიის განსხვავებები. ეს ფაქტორები სისტემურად ქმნის ახალგაზრდებისთვის გარემოს, რომელშიც პოლიტიკური ხედვის საარჩევნო ხმად გადაქცევა დემოტივაციის საგანი ხდება.

ეს მოცემულობა ჯანსაღი პოლიტიკური გარემოსთვის პრობლემაა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეცვლილი სისტემით ტარდება და ხმათა პროცენტულ გადანაწილებაზე ახლა კიდევ უფრო მეტადაა დამოკიდებული წარმომადგენლობითი დემოკრატიის ბედი.

 


[1] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უმცროსი ანალიტიკოსი

, , , , , , ,