13/12/2022 GIP

შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ

შავი ზღვის რეგიონი და მისი უსაფრთხოება მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ 2022 წლის თებერვალში მოექცა, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ მეტად არასტაბილურ და მყიფე ვითარებაში შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები ცდილობენ გაანალიზონ მიმდინარე მოვლენები, სიტუაციის განვითარების შესაძლო სცენარები და გამოსავლები.

მზარდი გეოპოლიტიკური გამოწვევების პასუხად, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდისა (KAS) და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით, 9 დეკემბერს გაიმართა საჯარო დისკუსია შავი ზღვის დიალოგის ფორმატში, სახელწოდებით “შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ“.

ღონისძიებამ გააერთიანა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ცნობილი ექსპერტები, ასევე, პოლიტიკის შემქმნელები რეგიონიდან და საქართველოდან. მათი შეხვედრის მიზანი შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის დიალოგის გაძლიერება იყო.

საჯარო დისკუსიის მონაწილეებმა გაცვალეს შეფასებები მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებზე, განიხილეს გაღრმავებული თანამშრომლობის, გაძლიერებული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის პოტენციალი შავი ზღვის რეგიონში. ღონისძიება გახსნა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

შავი ზღვის დიალოგის ინიციატივა სამომავლოდ აქტიურად გაგრძელდება. დიალოგის ფორმატი მიზნად ისახავს თანამშრომლობის ხიდების გადებას სამხრეთ კავკასიას, აღმოსავლეთ ევროპასა და თურქეთს, ასევე, აშშ-სა და ევროკავშირს შორის.

, , , , , , , , , , ,