28/09/2018 keta

მართული დემოკრატიის ტყვეობაში: რატომ ვერ შედგა ქართული დემოკრატია?

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
28-09-2018

2011 წლის ოქტომბერში ქართულ პოლიტიკურ არენაზე ახლად გამოჩენილმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი, შექმნის პროცესში მყოფი, გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ისეთი დონის დემოკრატიას შექმნიდა საქართველოში, რომ შეიძლება თავად ევროპაც გაეოცებინა. მეტიც, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას, ივანიშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დასახელებულ იქნა ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ავტორიტარული მმართველობის დასრულება, და ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.ამ მიზნის მისაღწევად, „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქვეყანაში საფუძველს ჩაუყრიდა „რეალურ თვითმმართველობას და მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემას“, დაამკვიდრებდა „საარჩევნო დემოკრატიას, ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და არჩევნების გზით შეცვლის ტრადიციას“, არ დაუშვებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას, „ხელისუფლებაში მყოფი პარტიის შერწყმას სახელმწიფო ინსტიტუტებთან“, და ა.შ.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებიდან ერთი წლის თავზე, უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ მისი ხელისუფლება ყველა წინასაარჩევნო დაპირებას „წინმსწრებად და გადაჭარბებით“ ასრულებდა. 2018 წლის 20 ივნისს კი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა საპარლამენტო ლიდერმა და ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ, პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე შეასრულა მათი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, დაპირება და, რომ დღეს საქართველო გასაოცარი დემოკრატიის პირობებში ცხოვრობს.

წინამდებარე ნაშრომი მოკლედ განიხილავს საქართველოში დემოკრატიის მხრივ არსებულ მდგომარეობას, გამოწვევებს და პერსპექტივებს. სტრუქტურულად ნაშრომი შედგება შესავლის, ექვსი თავისა და დასკვნისაგან. პირველი თავი ეთმობა დემოკრატიის ცნების განსაზღვრებას. მეორე და მესამე თავში მოცემულია „ქართული ოცნების“ მმართველობის სტილის კრიტიკული ანალიზი. მეოთხე თავში საუბარია  იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებული პოლიტიკური დაპირისპირება. მეხუთე თავი განიხილავს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიზაციის საქმეში. მეექვსე თავში საუბარია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შემაფერხებელ ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა სიღარიბე და ეკონომიკური უთანასწორობა, ეკლესიის მზარდი პოლიტიკური გავლენა, და ა.შ. დასკვნაში მოცემულია ნაშრომში გაკეთებული შეფასებების შეჯამება და ანალიზი.

ნაშრომი ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლით საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არსებული ფსევდო-დემოკრატიული სისტემა (ე.წ. მართული დემოკრატია) დიდად არ შეცვლილა, და რომ ბოლო წლებში ქვეყანას დემოკრატიის კუთხით ხელშესახები განვითარება არ განუცდია. გარდა ამისა, ნაშრომი ამტკიცებს, რომ ქვეყნის ორი უმთავრესი პოლიტიკური ძალა, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, არ არიან დაინტერესებული საქართველოში რეალური დემოკრატიის შექმნით, და რომ მათ შორის არსებული კონფრონტაციის ძირითად მიზეზს წარმოადგენს ძალაუფლებისათვის და ქვეყნის შეზღუდული რესურსების კონტროლისათვის ბრძოლა.

, , , , , , ,