Author

16/12/2021 მიხეილ სარჯველაძე

მეტი პასუხისმგებლობა თუ ინტერესის ნაკლებობა? გერმანიის პერსპექტივა სამხრეთ კავკასიის შესახებ ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
16-12-2021

მიხეილ სარჯველაძე

გერმანიის ახალი ფედერალური მთავრობა, არამხოლოდ გერმანიის საგარეო პოლიტიკის მიმართულებას გადაწყვეტს, არამედ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზეც მოახდენს გავლენას. ტრანსატლანტიკურ პარტნიორობასთან ერთად, ევროპული ინტეგრაცია და შესაბამისად ევროკავშირი გერმანიის საგარეო პოლიტიკის ძირითად ჩარჩოსა და მიმართულებას ქმნის. ამდენად, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2020 წლის შემოდგომაზე მომხდარმა ყარაბაღის ომმა და ომის შედეგად გამოწვეულმა გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა გერმანია, როგორც ევროპული ძალა, ახალი საგარეო პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დააყენა.

ევროკავშირის პერსპექტივიდან 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდგომ სამი ძირითადი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი: 1) კონფლიქტის საერთაშორისო მედიაციამ მარცხი განიცადა 2) რუსეთმა, როგორც სისტემურმა მეტოქემ სამხრეთ კავკასიაზე გავლენა გააძლიერა, თუმცა რუსეთის დომინანტური პოზიციისთვის ახალ გამოწვევას თურქეთი წარმოადგენს; 3) რეგიონში ევროკავშირის მანევრირების არეალი შეიზღუდა, მაშინ, როდესაც რეგიონზე ავტორიტარული აქტორების ზეგავლენა გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ომი მოსალოდნელი იყო, გერმანიას და ევროკავშირს მისი თავიდან აცილება აქტიურად არ უცდიათ. პასიურობის ერთ-ერთი მიზეზი ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ გერმანიის არათანმიმდევრული საგარეო პოლიტიკაა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს გერმანიის ლიდერობის საკითხს ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპული საგარეო პოლიტიკის შემუშავების პროცესში და ახალი ფედერალური მთავრობის მიერ გადახედვას საჭიროებს. გერმანია, როგორც ევროკავშირის საკვანძო აქტორი, არა საგარეო პოლიტიკის განგრძობითობით, არამედ განახლებით შეძლებს იმოქმედოს, როგორც წამყვანმა ძალამ სამხრეთ კავკასიისა და ზოგადად აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შემუშავებისას. აღნიშნული ნაბიჯის წინაპირობა, გერმანიის მიერ მეტი საერთაშორისო პასუხისმგებლობის აღებაა.

პოლიტიკის დოკუმენტი #25 | დეკემბერი 2021

, , , , , , ,