12/12/2022 GIP

საქართველოში ახალგაზრდების შიდა მიგრაცია სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივიზმის ჭრილში

გაეცანით ნაშრომს

Author

ნინო ჯიბუტი

გვანცა იჩქითი


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
12-12-2022

დედაქალაქის მოსახლეობა იზრდება რეგიონების დაცარიელების ხარჯზე. არსებული სტატისტიკური მონაცემები კარგად ასახავს იმ რთული ვითარებას, რომელიც საქართველოში ბოლო წლებშია – საქართველოს მოსახლეობა სტაბილურად მცირდება (საქსტატი, 2022). იგივე ტენდენცია შეიმჩნევა რეგიონულ ჭრილში; მაგალითისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2018 წელს იმერეთის მოსახლეობა 507,000 იყო, ხოლო 2022 წელს 466,600 ადამიანს შეადგენს. ასევე, სამეგრელო ზემო სვანეთის მოსახლეობა 2018 წელს 320,800 იყო, ხოლო 2022 წლის აღწერით, ეს რიცხვი 301,200-მდე შემცირდა. საპირისპირო ვითარებაა დედაქალაქის მოსახლეობის ანალიზისას: 2018 წლიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით, თბილისის მოსახლეობა 43,100 ადამიანით გაიზარდა (საქსტატი, 2022). ახალგაზრდების რეგიონსა და ქვეყანაში დარჩენის ერთ-ერთ საშუალებად ითვლება სწორი ურბანული პოლიტიკის დაგეგმვა, რაც გულისხმობს ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივიზმის წახალისებას ადგილობრივ დონეზე. ამდენად, მნიშვნელოვანია, ორივე ცნება განვიხილოთ, ახალგაზრდების შესაძლებლობის განვითარების კონტექსტში.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საბჭოთა წარსული და დაბალი სამოქალაქო აქტივიზმის გამოცდილება აქვს, ქართულ საზოგადოებას თვითორგანიზება აკლია. საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს მენტალური, სოციალური და პოლიტიკური ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის სამოქალაქო აქტივიზმის წახალისებას. აქტივიზმის კვლევის მიმართულებით საქართველოში სტატისტიკური ინფორმაცია ფაქტობრივად არ არსებობს, არსებული კვლევები საკმაოდ მოძველებულია და კვლევების განხორციელების შემდეგ კონტექსტი, სავარაუდოდ, შეცვლილია, თუმცა მაგალითისთვის შესაძლებელია 2017 წელს ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარებული კვლევის „სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა საქართველოს სტუდენტებისათვის“ განხილვა (ბეჟანიშვილი და სხვ., 2017). კვლევაში მონაწილე 420 რესპონდენტის 42.6%-ს საერთოდ არ განუხორციელებია სათემო აქტივობა, ხოლო 23% მსგავს აქტივობებში მონაწილეობდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. აღნიშნულ კვლევაში ასევე გამოიკვეთა, რომ მამრობითი სქესის რესპონდენტების რიცხვი, რომლებიც მონაწილეობდნენ სამოქალაქო აქტივიზმში, ორჯერ მეტია მდედრობითი სქესის რესპონდენტების რიცხვზე. მეორე კვლევა, რომელიც ამ საკითხს შეეხება, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ასევე 2017 წელს გამოქვეყნებული პუბლიკაციაა „თაობა გარდამავალ პერიოდში“. კვლევის ჩატარების პერიოდში გამოკითხული რესპონდენტების 45% დაინტერესებული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით. მონაცემების მიხედვით, ახალგაზრდების ნიჰილისტური დამოკიდებულებები პოლიტიკური საკითხების მიმართ შეიძლება გამოწვეული იყოს იმ მოსაზრებით, რომ ისინი ფიქრობენ, რომ „მათი ინტერესები ან არ არის საკმარისად ან საერთოდ არა არის წარმოდგენილი დღევანდელ პოლიტიკაში“. გამოკითხულთა ძალიან ცოტა – მხოლოდ 2% მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების ინტერესები პოლიტიკურ დღის წესრიგში მნიშვნელოვნადაა გათვალისწინებული (ფრიდრიხ ებერტის ფონდი, 2017).

წინამდებარე ანგარიში საშუალებას იძლევა, ხუთ სამიზნე რეგიონში – იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარაში, შიდა და ქვემო ქართლში – შეფასდეს 18-35 ასაკობრივი კატეგორიის ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივიზმის დონე და რეგიონებში სექტორთშორისი თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე, კვლევა წარმოადგენს მცდელობას, გააანალიზოს ის მთავარი მიზეზები, რომლებიც ახალგაზრდებს უბიძგებს რეგიონების დატოვებისკენ და განიხილოს შიდა მიგრაციის პოტენციური შემცირების გზები.

 

წინამდებარე პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელნი არიან ავტორები და შესაძლოა არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

ნინო ჯიბუტი – პროექტის ოფიცერი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)

გვანცა იჩქითი – პროექტის ოფიცერი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)

, , , , , , , ,