03/05/2020 magda

სივრცე დისკუსიისთვის ამჯერად ბათუმში გაიმართა

30 აპრილს, რიგით მეორე სივრცე დისკუსიისთვის გაიმართა ბათუმში. სივრცე დისკუსიისთვის შეხვედრების ახალი სერიაა, რომელიც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) „მომავალ ლიდერთა სკოლის“ მონაწილეებს შესთავაზა, როგორც დამატებითი შესაძლებლობა, შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს, საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს. მონაწილეები თავად განსაზღვრავენ დისკუსიის თემას და უშუალოდ მოწვეული პროფესიონალებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან იღებენ პასუხებს იმ შეკითხვებზე, რომლებიც აინტერესებთ.  

ისევე, როგორც ზუგდიდში, ბათუმშიც პირველი შეხვედრა დღეისათვის ყველაზე აქტუალურ თემას – კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასა და ქვეყანაში შექმნილ კრიზისს დაეთმო. ადგილობრივი პერსპექტივა: Covid-19-ის გავლენა აჭარა – გურიის რეგიონზე – ამ საკითხზე იმსჯელეს დისკუსიაში მოწვეულმა სტუმრებმა მსმენელებთან ერთად:

  • მამუკა ბერძენიშვილმა – ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი
  • პაატა აროშიძემ – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულების პროფესორი
  • თამარ კაიკაციშვილმა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე
  • დავი მურვანიძემ – ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი
  • ვახტანგ გველებიანმა – გურიის გუნერნიაში რეგიონული პროექტების კოორდინატორი.

 

 

პირველმა სპიკერმა თამარ კაიკაციშვილმა მიმოიხილა მიმდინარე სამუშაოები, რომლებზეც დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ამ დროისთვის მუშაობს და ეს ძირითადად საკარანტინე ზონების ორგანიზება-მართვას შეეხება. პარალელურად, აქტიურად მუშაობენ ანტი-კრიზისულ გეგმაზეც, თუმცა, მისი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია პანდემიის შემდგომი პერიოდიც, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ იქნება. როგორ მოხდება ამ დროს რეგიონის პოპულარიზაცია სამიზნე ბაზრებზე, გაიხსნება თუ არა საჰაერო და სახმელეთო საზღვრები, რომელ ქვეყნებს რა პოლიტიკა ექნებათ ვირუსთან დაკავშირებით, რამდენად ამუშავდება შიდა და საერთაშორისო ტურიზმი, რა დღის წესრიგი ექნებათ ავია კომპანიებს, –  როგორც ქალბატონმა თამარმა აღნიშნა, ეს საკითხები დამუშავების პროცესშია და ელოდებიან რეკომენდაციებს შესაბამისი უწყებებიდან. პირველ რიგში, ელოდებიან იმ გაიდლაინებსა და სამუშაო დოკუმენტებს, რომლებსაც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს. მან ისიც აღნიშნა, რომ როგორც ადგილზე, ისე სხვა ქვეყნებში შექმნილი პრობლემები აისახება ქვეყნის ტურიზმსა და ეკონომიკაზე. ამ პრობლემებთან გადაწყვეტას კი მარტო სახელმწიფო კერძო სექტორის გარეშე ვერ შეძლებს. შესაბამისად, საჭიროა ამ გლობალურ გამოწვევასთან მათი ერთობლივი ბრძოლა.

 

შეკითხვებს შორის, რომლებიც ქალბატონი თამარის მისამართით დაისვა, იყო: მოიაზრება თუ არა ანტიკრიზისულ გეგმაში  როგორც მსხვილი, ისე მცირე სასტუმროების წარმომადგენლები? რამდენად განიხილავს სახელმწიფო ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად, უახლოესი სეზონის/სეზონების შესაძლო ჩავარდნასა და ალტერნატიულ პრიორიტეტებს და ხომ არ იქნება უკეთესი ეს პერიოდი ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო დაჩქარებულად განხორციელებისთვის იქნას გამოყენებული?. ამ და მსგავს შეკითხვებზე თამარ კაიკაციშვილმა უპასუხა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და ფინანსების  გათვალისწინებით, უნდა მოხდეს ადაპტაცია და რომ ერთ-ერთი მძლავრი იარაღი შიდა ტურიზმის ამუშავებაა. რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, რომლებსაც დეპარტამენტი ახორციელებს, თუნდაც ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და არ გაჩერებულა.


დისკუსიის შემდეგმა მონაწილემ, მამუკა ბერძენიშვილმა საუბრისას მთავარი აქცენტი ადგილობრივ ტურისტში ნდობის აღდგენაზე გააკეთა. მან ნდობის აღდგენაში იგულისხმა ყველა ის ეტაპი, რომელსაც ტურისტი გადის ერთი წერტილიდან მეორე წერტილში გადაადგილებისას. რადგანაც ტურისტების პირველი ნაკადი სწორედ ადგილობრივი („შიდა“) ტურისტები იქნებიან, უნდა ვიცოდეთ, როგორ გააკონტროლებს სახელმწიფო პრევენციულ ზომებს ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ. ასევე, საინტერესოა როგორი ფინანსური შესაძლებლობა ექნება შიდა ტურიზმს. როგორც ბატონმა მამუკამ განმარტა, ის სოციალური დახმარებები, რომლებსაც სახელმწიფო გასცემს მოქალაქეებზე, არ და ვერ იქნება გამოყენებული შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, როგორ გაჯანსაღდება ადგილობრივი ეკონომიკა. ტურიზმის ინდუსტრიაში დიდი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესებს უკავია და ისინი ძალიან არამდგრად მდგომარეობაში არიან. რაც მეტი დრო გადის, მათ უფრო უჭირთ შეინარჩუნონ თავიანთი პოზიციები ბაზარზე. მთავარი შეკითხვები ამ საკითხების ირგვლივ უნდა დაისვას.

როგორც ბატონმა მამუკამ აღნიშნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრისას, მთავარ მოთხოვნად მან სწორედ ეს თემა დააყენა, – რომ  როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესებს ექსპლუატაციაში შესვლის საშუალება ექნებათ, ტურიზმის თვალსაზრისით მათ უნდა ჰქონდეთ ფეხზე დადგომის საშუალება, რადგანაც საგადასახადო ვალდებულებები პირველ რიგში მათ შეეხებათ. ტურიზმის ინსტიტუტის, რომელსაც მამუკა ბერძენიშვილი წარმოადგენს, მოთხოვნა სახელწიფოს მიერ გადასახადების შემსუბუქების პოლიტიკის გატარებას გულისმობს, იქნება ეს ფინანსურ ინსტიტუტებთან შუამდგომლობა თუ სხვა.

დისკუსიის მონაწილეების შეკითხვები ძირითადად საქართველოს პოპულარიზაციისთვის ახალი ინიციატივების წამოწყებას ეხებოდა. მათი თქმით, რადგანაც ამ მიმართულებით თანხები და პროექტები უკვე არსებობს, ახლა სწორედ რომ  კარგი დროა ამისთვის.

დისკუსიის კიდევ ერთმა სპიკერმა, პაატა აროშიძემ ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად აძლევს საშუალებას ანტიკრიზისული გეგმა ადამიანებს  უკეთესი სოციალური პირობების შესაქმნელად.

პაატა აროშიძემ თქვა, რომ ის გეგმა, რომელიც სახელმწიფომ შემოგვთავაზა, შეგვიძლია პირობითად  რამდენიმე მიმართულებად დავყოთ: სოციალური პაკეტები, ბიზნესის დახმარება, ფინანსური და ჯანდაცვის სექტორი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის გათვალისწინებით, ამ გეგმის ფარგლებში, რაც გაკეთდება არის ის,  რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს მთლიანად აჭარის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწებზე სამუშაოების ჩატარებას. ეს განსაკუთრებით მნიშნელოვანია მაღალმთლიანი აჭარისთვის. მოიხვნება ის მიწებიც, რომლებიც ძნელად მისადგომი და საკმაოდ რთულია დასამუშავებლად. სოფლის მეურნეობის კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა სამომხმარებლო სტატუსიდან გადავიდეს მწარმოებლურ სტატუსზე. ამის ნიშნები უკვე ჩანს.

„მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია, მას უნდა შევხვდეთ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებით, რათა ქვეყანა გახდეს მწარმოებელი ქვეყანა“, – აღნიშნა პაატა აროშიძემ.

რაც შეეხება ქვეყნის ტურიზმს, როგორც ბატონმა პაატამ თქვა, მომდევნო პერიოდში, საქართველო უნდა პოზიციონირდეს, როგორც უსაფრთხო ქვეყანა.

პაატა აროშიძის მისამართით მსმენელების შეკითხვები კი უმეტესად საშემოსავლო გადასახადებს, თვითდასაქმებულების იდენტიფიცირებისა და სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულების პრობლემას შეეხებოდა.

შეხვედრის შემდეგმა სპიკერმა დავით მურვანიძემ მოკლედ შეაჯამა სამედიცინო კუთხით არსებული ვითარება, თუ რამდენად შეძლო აჭარის რეგიონმა პრევენციისთვის საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილება და კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის მართვა.

დავით მურვანიძე თვლის, რომ ქართულმა მედიცინამ და არა მარტო მედიცინამ ამ რთულ გამოწვევას თავი შესანიშნავად გაართვა, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ქვეყანაში ეს ინფექცია დიდი მასშტაბით აქამდე არ გავრცელებულა. თუმცა, როგორც ბატონმა დავითმა თქვა, სანამ ვაქცინა არ შეიქმნება, მანამდე ვერ ვიტყვით, რომ პანდემია სრულიად დასრულებულია.

დისკუსიის ბოლო მონაწილე ვახტანგ გველებიანი იყო, რომელმაც მსმენელებს უთხრა, რომ რაც უფრო დიდხანს შეინარჩუნებს გურია მწვანე რეგიონის სტატუსს, მით მალე შეძლებს რეგიონი იმ რელსებს დაუბრუნდეს, რაზეც აქამდე იდგა და კიდევ უფრო განვითარდეს ტურიზმის თვალსაზრისით. რაც შეეხება პროექტებსა და პროგრამებს ადგილობრივ დონეზე, მიმდინარეობს მათი მოდიფიკაცია არსებული სიტუაციის შესაბამისად. მაგალითად, გურიაში დაწყებულია ერთი პროექტი UNDP-ის დაფინასებით – „აღმოაჩინე გურია“, რომლის მიზანია შიდა ტურიზმის სტიმულიებისთვის, გურიის ისეთი უნიკალური ადგილების აღმოჩენა, რომლებიც ფართოდ ცნობილი არ არის. როგორც ბატონმა ვახტანგმა თქვა, გარდა მიმდინარე პროექტებისა, სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან ერთად აქტიურად მუშაობენ გურიის რეგიონში, ახალი პროექტების ინიცირებაზეც, სხვადასხვა ქვეყნის მუნიციპალიტეტების მაგალითების გათვალისწინებით.

დისკუსიას, რომელიც შეხვედრების ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით გაიმართა, მოდერაციას უწევდა პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი ლია ფუტკარაძე.

პროექტი ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ხორციელდება USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერითა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC Georgia) თანამშრომლობით. სივრცე დისკუსიისთვის ასევე მოეწყობა დანარჩენ ორ ქალაქშისადაც მომავალ ლიდერთა სკოლა ფუნქციონირებს  – თბილისსა და რუსთავში (მონაწილეები ქვემო ქართლის რეგიონიდან).

 

, , , ,