15/12/2022 GIP

ევროპული პოლიტიკური საზოგადოების აღმავლობა: ფრანგული პერსპექტივა

ავტორი

ფლორენტ პარმენტიე

ფლორენტ პარმენტიე – PhD, გენერალური მდივანი Science Po-ს პოლიტიკური კვლევის ცენტრში (CEVIPOF). ასწავლის გეოპოლიტიკას და სტრატეგიულ გათვლებს, ასევე რეგულარულად ურთიერთობს მედიასთან.

 

2022 წლის 9 მაისს სტრასბურგში, ევროპული პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა წარადგინა პროექტი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების (EPC) შექმნის შესახებ. მიუხედავად თავდაპირველი სკეპტიციზმისა,23-24 ივნისს ეს იდეა მოიწონა ევროპულმა საბჭომ, რომელმაც ამავე დროს უკრაინას, მოლდოვას კანდიდატის სტატუსი და საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. EPC ოფიციალურად შეიქმნა 6 ოქტომბერს პრაღის სასახლეში 44 ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნის მიერ.

EPC მიზნად ისახავს შექმნას რუსეთისა და ბელარუსის გარეშე ახალი პოლიტიკური ევროპა, რომელიც იქნება უფრო ფართო ვიდრე ევროკავშირი. საქართველომ, როგორც პლატფორმის მონაწილე ქვეყანამ, ეს ფორმატი უნდა გამოიყენოს ქვეყნის არსებული პოლიტიკური თანამშრომლობის ფარგლებში ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად.

EPC არ არის ახალი ორგანიზაცია, არც გაფართოების ჩამნაცვლებელი პროექტი და არც პლაცებო: ის არის სამთავრობათაშორისო ფორუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპის კონტინენტის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის თანამშრომლობისა და ერთიანობის განმტკიცებას.

 

სამთავრობათაშორისო საზოგადოება ახალი ორგანიზაციის ნაცვლად

EPC-ის ერთ-ერთი წინაპირობაა ფრანსუა მიტერანის მიერ შექმნილი ევროპული კონფედერაციის ისტორიული პრეცედენტი, რომლის ხორცშესხმა სცადა მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტმა, ვაცლავ ჰაველმა. 1989-1991 წლებში ეს პროექტი სამი მთავარი გამოწვევის: ცივი ომის მშვიდობიანი დასრულება, გერმანიის გაერთიანება ევროპული საზოგადოების ფარგლებში (საზღვრების მოდიფიკაციის გარეშე) და 12 წევრი ქვეყნისგან შემდგარი ევროპული ეკონომიკური საზოგადოების ახლადგათავისუფლებული ქვეყნების ინტეგრირების სისუსტე, საპასუხოდ ჩამოყალიბებულ კონცენტრული წრეწირის მიდგომას დაეფუძნა. სამწუხაროდ, ამ წინადადებამ ვერ იმუშავა სხვადასხვა ნაკლოვანების გამო: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მიმართ ბუნდოვანი მხარდაჭერის პროცესი დაემსგავსა სწრაფი გაფართოების თავიდან აცილების მანევრს, რამაც თავის მხრივ გარიყა აშშ და გააძლიერა საბჭოთა კავშირი.

მაკრონის წინადადება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეული ისტორიული კონფლიქტის ფონზე გამოჩნდა ასპარეზზე. ის ამ დროს ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის მეთაურის სტატუსით სარგებლობდა, რამაც მას მეტი შესაძლებლობა მისცა, კრიზისულ სიტუაციაში ლიდერობა ეკისრა. მისი იდეა დაეფუძნა მთავრობათაშორის მიდგომას, რომლის ფარგლებშიც თავმოყრილი იქნებიან ყველა წევრი ქვეყნის ლიდერები, ასევე, ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები. EPC-ის არსი არის არა ახალი ორგანიზაციის შექმნა, არამედ ორმხრივი კომუნიკაცია, რაც არასავალდებულო ოფიციალური რეზოლუციებზე უფრო მნიშვნელოვნადაა მიჩნეული. ახალი აკრონიმის ან ახალი სამდივნოს შექმნის ნაცვლად, EPC-ის მიდგომა უახლოვდება G20-ს პრინციპს, რომელიც მოქნილი მთავრობათაშორისი ფორუმია და გლობალური ეკონომიკის მართვაზეა ფოკუსირებული. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის სისტემის რეფორმაზე დისკუსიები ჯერ კიდევ ბუნდოვანია, G20-ის ადაპტირებული მოდელი მიმზიდველად გამოიყურება.

როგორც მთავრობათაშორისი ფორუმი, EPC-ისთვის მნიშვნელოვანია, იყოს რელევანტური. ნაცვლად იმისა, რომ არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტს კიდევ ერთი ახალი ორგანიზაცია შემატოს, ის მზად უნდა იყოს, ითანამშრომლოს სხვადასხვა პოლიტიკურ კლუბებთან, როგორიცაა ევროსაბჭო, ეუთო. კიდევ ერთი დილემა შეიძლება იყოს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის შეთავაზება, რომ  ახალ პლატფორმას ეწოდოს ევროპული პოლიტიკური ფორუმი. ტერმინი „საზოგადოება“ „ფორუმისგან“ განსხვავებით, ატარებს გაზიარებული დემოკრატიული არეალის, ღირებულებებისა და ბედისწერის იდეას. სხვა შემთხვევაში, EPC შეიძლება იქცეს ახალი ტიპის ევროკავშირ-აზიურ ან ევროკავშირ-აფრიკულ ყოველწლიურ ფორუმად, რომელიც შედეგების გათვალისწინებით ეფექტიანობით არ გამოირჩევა.

 

თანამშრომლობის დაჩქარება გაფართოების ჩანაცვლების ნაცვლად

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ განიცადა მარცხი თავდაპირველმა „ევროპულმა კონფედერაციამ“, იყო აღქმა, რომ მიტერანის წინადადება გამოიწვევდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართულებით გაფართოების გადავადებას. 1990-იანი და 2000-იანი წლების განმავლობაში, გაფართოება მიჩნეულ იქნა ევროკავშირის ყველაზე ეფექტიან პოლიტიკად, რომელსაც უნდა გაევრცელებინა ევროპული ღირებულებები ბევრ ქვეყანაში. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ გაფართოება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ექვსი ქვეყნის შემთხვევაში (სერბეთი, მონტენეგრო, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და კოსოვო) აღმოჩნდა უფრო რთული. პოლიტიკური ჩიხი როგორც კანდიდატი, ისე ამჟამინდელი წევრი ქვეყნების შემთხვევაში „გაფართოების გადაღლაში“ გადაიზარდა.

უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად „გაფართოების თამაში“ უკრაინასთან და მოლდოვასთან დღის წესრიგში დაბრუნდა მაშინ, როცა საქართველო ამ პროცესს ჩამორჩა. სამწუხაროდ, პროცესი სწრაფად ვერ წარიმართება. ცხადი უნდა იყოს, რომ EPC არ არის გაფართოების ჩანაცვლება. ამ გაერთიანებამ უნდა გააფართოოს თანამშრომლობის არეები საქართველოსთვის და სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც პატივს სცემენ ევროკავშირის ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ღირებულებებს: ადამიანის ღირსება, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. EPC-ში მონაწილეობა შეიძლება გამიჯნული იყოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებისგან. EPC არის მცდელობა, მოაგვაროს ის ჩავარდნები, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოების პროცესში არსებობს. კერძოდ, ახალი ფორმატი უნდა იყოს კანდიდატი ქვეყნებისთვის რეფორმების გრძელვადიანი მხარდაჭერის პლატფორმა. პარალელურად კი, თავად ევროკავშირის ინსტიტუტებშიც უნდა განხორციელდეს რეფორმები, რომ მათი ფუნქციონირება მოერგოს ორგანიზაციაში 35 ან მეტი წევრის არსებობას.

 

პლაცებოს ნაცვლად კონკრეტული გაერთიანება

ევროკავშირი მეტისმეტი ტვირთია დიდი ბრიტანეთისთვის, თუმცა, ის არასაკმარისია მეზობელი ქვეყნებისთვის: ინსტიტუციური დებატები ერთი საკითხია, მაგრამ კოორდინირებული პასუხი კრიტიკული საფრთხეების მიმართ არასდროს ყოფილა ისე მნიშვნელოვანი, როგორც დღეს. ამ უკანასკნელის საჭიროება ხაზს უსვამს კონტინენტის უსაფრთხოების და თავდაცვის არქიტექტურის არაკომპეტენტურობასა და სისუსტეს. ასევე, კრიტიკული სტრატეგიული პრიორიტეტების (ენერგია, კლიმატი და ა.შ.) შესახებ დისკუსიის ნაკლებობას აჩვენებს. შესაბამისად, EPC-ისთვის საჭიროა ევროკავშირის და წევრი ქვეყნების შედარებითი როლების გადააზრება და მეზობელი ქვეყნების გაერთიანებულ პროექტში ჩართულობა. თუმცა, მეორეს მხრივ, არსებობს საფრთხე, რომ მან შეიძლება ყოფილი პრეზიდენტის, სარკოზის ხმელთაშუა ზღვის გაერთიანების შესახებ ინიციატივის ბედი გაიზიაროს, რომელმაც მოლოდინები ვერ გაამართლა.

იმ ეპოქაში, როდესაც რუსეთი თავს ესხმის უკრაინას, პირველ რიგში უსაფრთხოების სფეროში უნდა მოხდეს გაერთიანება. უსაფრთხოება კი  გააზრებული უნდა იყოს უფრო ფართოდ, და უნდა მოიცვას ენერგია, ინფრასტრუქტურა, კიბერუსაფრთხოება და ადამიანური უსაფრთხოება. ომის შემდეგ, ევროპული თავდაცვისა და სტრატეგიულ ანალიზში უკრაინის გამოცდილება უნდა იყოს გაზიარებული. მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება დაეთმოს ზომებს, რომლებიც უნდა გატარდეს საქართველოს მსგავს დემოკრატებში ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ მედეგობის გასაძლიერებლად. რაც შეეხება ენერგიას და კლიმატს, არსებული ენერგო-კრიზისი არის შესაძლებლობა ხორცი შეესხას ინკლუზიურ პროექტს, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ენერგო-დამოუკიდებლობასა (რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის სახით) და კლიმატურ ტრანზიციას (ევროპის მწვანე შეთანხმება). კოორდინირებული ან ერთობლივი კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განსაზღვრავდეს  EPC-ის დღის წესრიგს. მაგალითისთვის, ჩრდილოეთის ზღვისა და ბალკანეთის დაკავშირება, ახალი ურთიერთობები ნორვეგიასა და აზერბაიჯანს შორის, ან პარტნიორობების განვითარება მწვანე წყალბადის მიმართულებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირი დიდი ხანია განიხილავს თავის ბაზარს მიმზიდველობის მთავარ ცენტრად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი შედარებითი წილი მსოფლიო დოვლათში შემცირდება, ის მაინც დარჩება EPC-ს ყველა წევრისთვის მნიშვნელოვან პარტნიორად. ეს კი შეიძლება ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ფაქტორების შეკავშირებით, ევროპული ღირებულებების გავრცელების ბერკეტი იყოს.

ცხადია, ქვეყნების დიდი გაერთიანება, როგორიცაა EPC, არ არსებობს შიდა წინააღმდეგობების გარეშე. მაშინ, როცა EPC-ის წევრები მიმართავენ სანქციებს რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ, დამოკიდებულება თურქეთის მიმართ ასევე გადამწყვეტი იქნება, ვინაიდან საბერძნეთს, კვიპროსს და სომხეთს დაძაბული ურთიერთობები აქვთ ანკარასთან. ამ მხრივ, თურქეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა შეიძლება კარგი ინდიკატორი იყოს იმის განსასაზღვრად, თუ სოციალიზაციის გზით EPC-ს რისი მიღწევა შეუძლია, თუნდაც აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სამოქალაქო მისიის შექმნის პერსპქტივა. ამ შემთხვევაში, EPC-ს ადაპტირებადი პლატფორმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მეტად ინსტიტუციონალიზებულ თანამშრომლობას უფრო მეტად შეავსებს.

შესაძლოა, ჯერ მეტისმეტად ადრეა EPC-ის წარმატების შეფასება, რადგან მაკრონის ინიციატივის ფარგლებში ჯერ მხოლოდ ერთი შეხვედრა შედგა. შესაბამისად, ჯერ კიდევ არაერთი კითხვა რჩება. თუმცა, უკვე გადაწყდა, რომ შემდეგი სამიტები, რომლებიც წელიწადში ორჯერ უნდა გაიმართოს, მოლდოვაში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში ჩატარდება.

რაც შეეხება საქართველოს, EPC წარმოადგენს შესაძლებლობას დამატებითი თანამშრომლობისთვის ევროპელ პარტნიორებთან, რათა, მაშინ, როდესაც დასავლელი გეოპოლიტიკური პარტნიორების ყოფნა რეგიონში სუსტია, ქვეყანამ რუსული საფრთხეების მიმართ მედეგობა განამტკიცოს. საქართველოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ასოცირებით, შეუძლია მაქსიმალურად გამოიყენოს EPC-ს არსებული ფორმატი და მის განვითარებაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.

 

ფლორენტ პარმენტიე – PhD, გენერალური მდივანი Science Po-ს პოლიტიკური კვლევის ცენტრში (CEVIPOF). ასწავლის გეოპოლიტიკას და სტრატეგიულ გათვლებს, ასევე რეგულარულად ურთიერთობს მედიასთან.

, , , , , , , , , , , , , , , ,