ნორდ სტრიმი 2, ნოვიჩოკის გეოპოლიტიკა და რუსეთ-გერმანიის ურთიერთობების მომავალი

ნინო სამხარაძე[1]

გერმანიის სამხედრო ლაბორატორიის დასკვნამ იმის შესახებ, რომ ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკით არის მოწამლული, წყალი შეუყენა გერმანიის თითქმის ოცდაათწლიან პრაგმატულ ურთიერთობას რუსეთთან. ამ ფონზე, საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა ნორდ სტრიმი 2-ის გაზსადენის მშენებლობა, რომლის გადახედვის შესაძლებლობაც გერმანულმა მხარემ სწორედ ნავალნის მოწამვლის დადასტურების შემდეგ გააჟღერა.

გარდა ნავალნის შემთხვევისა, რუსეთისა და გერმანიის ურთიერთობების გაუარესებას, შეიძლება, სხვა ფაქტორებმაც შეუწყოს ხელი: რამდენიმე დანაშაულებრივი ინციდენტი გერმანიაში, რომლებშიც, სავარაუდოდ, კრემლია გარეული; საერთაშორისო წნეხი აშშ-ს  და ევროპელი პარტნიორების მხრიდან; რუსეთის მხარდაჭერა ლუკაშენკოსთვის ბელარუსის მოვლენებში და ა.შ. მეორე მხრივ, ახალი გაზსადენის პროექტი რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებში ყველაზე მგრძნობიარე წერტილია, ამასთან,  ერთ-ერთ წინააღმდეგობრივ საკითხად მიიჩნევა გერმანიის დასავლელი პარტნიორებისთვისაც. ამ კონტექსტში, საინტერესოა, არის თუ არა მერკელის გამკაცრებული ტონი რეალური საფრთხე ნორდ სტრიმ 2-ის პროექტისთვის და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ნავალნის ინციდენტს რუსეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობების ზოგად დინამიკაზე?

ნორდ სტრიმ 2-ის წინააღმდეგობრივი გარემოებები

ნორდ სტრიმ 2-ის პროექტი ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე საკითხად მიიჩნევა რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებში: ერთი მხრივ, ის ენერგეტიკულად აკავშირებს ორ ქვეყანას, მეორე მხრივ, გერმანიის ეს ნაბიჯი დასავლელი პარტნიორების  ნაწილის წინააღმდეგობას აწყდება. გერმანია ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ევროპაში, რუსეთი კი მისთვის ნავთობის და გაზის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია: 2018 წელს გერმანიის ნავთობის იმპორტის 36% და ბუნებრივი აირის იმპორტის დაახლოებით 40% რუსეთზე მოდიოდა. ნორდ სტრიმ 2-ის გაზსადენის იდეის განხორციელება თითქმის ათი წლის წინ დაიწყო და, შედეგად, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ევროპის რუსული გაზით მომარაგება 110 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაორმაგდება. შესაბამისად, ის გაზრდის არა მხოლოდ ევროპისთვის ენერგიის მიწოდებას, არამედ მის ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე.

ამ სურათის ფონზე, გაზსადენის იდეას რადიკალური წინააღმდეგობა შეხვდა აღმოსავლეთევროპული ქვეყნების მხრიდან. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზიმონ ზინკოვსკიმ ნორდ სტრიმი 2 ნაცისტების და საბჭოელების 1939 წლის შეთანხმებასაც კი შეადარა. პროექტი მისაღები არ აღმოჩნდა არც ტრამპისთვის, რომელიც მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი მოწინააღმდეგეა: მას სანქციები აქვს დაწესებული ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ პროექტის განხორციელებაში. მიუხედავად სენსიტიური გეოპოლიტიკური გარემოებებისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მუდმივი წინააღმდეგობისა, ანგელა მერკელი პროექტს წლების განმავლობაში სტაბილურად უჭერს მხარს.

„სტრატეგიული პარტნიორობიდან“ მერკელის გამკაცრებული ტონისკენ

რუსეთისა და გერმანიის თითქმის 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის პოლიტიკა პერიოდული ტურბულენტობით გამოირჩევა. ბოლო ხანებში რამდენიმე ინციდენტმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ტონი შესამჩნევად გაამკაცრა, რაც, შეიძლება, ნიშნავდეს, რომ გერმანიის ეს მიდგომა შეუქცევადია და რუსეთთან ურთიერთობების დინამიკა, საბოლოოდ, კიდევ უფრო გაცივდება.

გერმანიასა და რუსეთს შორის სიტუაციას ამძაფრებს ორი ძირითადი ფაქტორი: ინციდენტების ჯაჭვი უშუალოდ ორ ქვეყანას შორის და საერთაშორისო კონიუნქტურა. 2019 წლის აგვისტოში ბერლინში საქართველოს ჩეჩენი მოქალაქის და ყოფილი მებრძოლის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შედეგად გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან, რასაც მოსკოვში „რუსოფობიური ისტერიკა“ უწოდეს. 2020 წლის მაისში კი გაირკვა, რომ 2015 წელს მერკელის ანგარიშებზე რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მხრიდან ჰაკერული შეტევა განხორციელდა, რაც კანცლერმა „მტკივნეულ“ ფაქტად მოიხსენია. მართალია, ამ შემთხვევების მიმართ გერმანია რეაქციულობას იჩენდა, თუმცა არც იმდენად, რომ ორ ქვეყანას შორის უფრო ღრმა ეკონომიკური ურთიერთობები დაზიანებულიყო.

რუსეთ-გერმანიის ურთიერთობების ბოლოდროინდელ დაძაბულობაზე გავლენას ახდენს საერთაშორისო გეოპოლიტიკური კონტექსტიც. ვაშინგტონისთვის რუსეთის, როგორც საერთაშორისო შეთანხმებების ტრადიციული დამრღვევი მოთამაშის, ფაქტორი გახდა გერმანიაში სამხედრო წარმომადგენლობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი. ამასთან, ბერლინისთვის მოსკოვის მხრიდან განგაშის მიზეზია მისი აგრესიული პოლიტიკა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში: ყირიმის ანექსია იყო მომენტი, როცა გერმანიას ასევე მკვეთრი რეაქცია ჰქონდა რუსეთის მიმართ და სანქციების ინიციატორ ქვეყნებს შორისაც იყო. ისიც ცხადია, რომ პუტინი ბელარუსშიც ლუკაშენკოს მხარდაჭერით უპირისპირდება დასავლურ ნარატივს, რომლის მიხედვითაც ევროპა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობს.

ამ გარემოებებს აქამდე მნიშვნელოვანი ზიანისმომტანი შედეგები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე არ ჰქონია. თუმცა, ამჯერად, ბერლინის რიტორიკა შესამჩნევად გამკაცრებულია. მერკელი თავისი კანცლერობის ბოლო ვადას ასრულებს, 2021 წლის არჩევნებში ის მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამიტომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მაინცდამაინც ახლა მას მეტი გამბედაობა ექნება, შეუქცევადი გახადოს თავისი მკაცრი ტონი რუსეთისადმი, შედეგად კი გერმანია-რუსეთის ურთიერთობები ვეღარ იქნება ისეთი, როგორც აქამდე.

ნავალნის საქმის გავლენის მასშტაბი რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებზე

გადამწყვეტი წერტილი მოვლენათა ამგვარ განვითარებაში ნავალნის შემთხვევა აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც გერმანულმა მხარემ დაადასტურა, რომ პუტინის მთავარი ოპონენტი ნოვიჩოკითაა მოწამლული, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა ნორდ სტრიმ 2-ის შესაძლო შეჩერება დააანონსა, თუ რუსეთი ბერლინს საქმის გამოძიებაში სათანადო დახმარებას არ გაუწევდა. ამის შემდეგ, შესამჩნევად გააქტიურდნენ ნორდ სტრიმ 2-ის მოწინააღმდეგეები როგორც გერმანულ შიდაპოლიტიკურ წრეებში, ისე ევროპაშიც. გერმანული მხრიდან პროექტის შეჩერების გეგმის შესახებ დეტალები არ გავრცელებულა, თუმცა, მაასის ზოგად პათოსს მერკელიც დაეთანხმა. საგულისხმოა, რომ საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბერლინი დაადანაშაულა გაუფრთხილებლობაში და კრემლისთვის ბრალის უსაფუძვლოდ დადებაში. ამგვარად, მერკელისთვის რუსეთთან ურთიერთობების გარკვეული ასპექტები კიდევ უფრო კრიტიკული განსჯის საგანი გახდა. მისთვის დადგა საკითხი, უღირს თუ არა მოსკოვთან ჩვეული სტრატეგიულად დიპლომატიური ტონით ურთიერთობის გაგრძელება.

თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ნორდ სტრიმ 2-ის შეწყვეტა გერმანიას ძალიან გაუჭირდება: ამ პროექტის გამო მერკელს აქამდეც არაერთი საერთაშორისო წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია. მან მშენებლობის გაგრძელებით უპასუხა როგორც ევროპელი პარტნიორების პროტესტს, ისე აშშ-ს სანქციებს, რომლის შედეგად, პროექტმა მსხვილი შვეიცარელი პარტნიორი დაკარგა. გარდა ამისა, პროექტის 90%-ზე მეტი შესრულებულია და ამ დრომდე 11-მილიარდიანი ბიუჯეტიდან უკვე დაახლოებით 8 მილიარდია დახარჯული, ევროპული ინვესტიციის ნახევარი კი ევროპულ კომპანიებს ეკუთვნის. პროექტის შეწყვეტის შემთხვევაში, გარდა ამ მასშტაბის ფინანსური ზარალისა, გერმანიას საქმის მოგვარება მოუწევს მშენებლობის პარტნიორ დიდ ფრანგულ, ავსტრიულ და ჰოლანდიურ  კორპორაციებთან (Engie, OMV, Royal Dutch Shell) ისე, რომ არასტაბილური ეკონომიკური პარტნიორის სტატუსის თავიდან აცილებაც უზრუნველყოს.

ამ ფონზე, ნორდ სტრიმ 2-ს თავისი მომხრეები ჰყავს როგორც გერმანულ პოლიტიკურ წრეებში, ისე მოსახლეობაშიც: პროექტის შეჩერების საშიშ ეკონომიკურ შედეგებზე აკეთებენ აქცენტს როგორც ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირში (CDU), ისე სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში (SPD). პარალელურად, გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ZDF) 17 სექტემბრის მონაცემებით, გერმანიის მოსახლეობის 67% არ ემხრობა მშენებლობის შეწყვეტას. ამ ფაქტორთა ჯაჭვი გვაფიქრებინებს, რომ ნორდ სტრიმ 2-ის პროექტის შეწყვეტა, ამ ეტაპზე, არარეალურია.

ამ სიძნელეების ფონზე გერმანული მხარის მიერ, განცხადებების დონეზე, პროექტის შეჩერების შესაძლებლობაზე საუბარი მინიმუმ ორი ძირითადი მიზეზით შეიძლება აიხსნას: შესაძლოა, მაასი პროექტის შეწყვეტაზე ალაპარაკდა მშენებლობის ერთ-ერთი მსხვილი გერმანული კონტრიბუტორის – უნიპერის (Uniper) 11 აგვისტოს გავრცელებული განცხადების შემდეგ, სადაც გამოთქმულია გაფრთხილება იმის შესახებ, რომ მიუხედავად გერმანიის პოლიტიკური მხარდაჭერისა, ამერიკული სანქციების გამო პროექტის დასრულების რისკები იზრდება. გერმანია ამ ფონზე ცდილობს, რომ ამ რისკს, თუკი ის მართლაც არსებობს, პოლიტიკური კონტექსტი მიანიჭოს და რუსეთის პასუხისმგებლობად აქციოს.

ასევე, რეალურია ვარაუდი, რომ მერკელმა იგრძნო ამ მოცემულობაში რუსეთის პირისპირ გერმანიის უპირატესი მდგომარეობა: კონტექსტი, რომელიც დღეს რუსეთის გარშემო არსებობს, ბერლინს აძლევს სივრცეს და რესურსს მის წინააღმდეგ უფრო თამამი ტონისთვის. შესაძლოა, რაღაც ეტაპზე, მერკელმა ჩათვალა, რომ ნორდ სტრიმი 2-ით მანიპულირება რუსეთთან ურთიერთობაში უფრო სარისკო, მაგრამ შედეგისმომტანი იყოს.

გერმანია-რუსეთის ურთიერთობების დინამიკა და ნორდ სტრიმ 2-ის ბედი

რამდენადაც ბერლინი რეგულარულად ცდილობს, რომ რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობა შეინარჩუნოს, იმდენად მოსკოვი კონფონტაციულია გერმანიასთან და ევროკავშირთან ურთიერთობაში. ამიტომ, ზოგიერთი კომენტატორის აზრით, დროა, ბერლინმა გადააფასოს თავისი პრაგმატული თანამშორმლობითი მიდგომა რუსეთისადმი, განსაკუთრებით კი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოკიდებულების საკითხებში.

შესაძლოა, სხვადასხვა გარემოებების კომბინაციამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა და ტონი მართლაც შეცვალოს: მერკელი თანდათან რწმუნდება, რომ გერმანული სტრატეგიული თანამშრომლობის პრაგმატული პოლიტიკა არ არის გზა, რომლითაც რუსეთზე გავლენის მოხდენა ადვილია. საერთაშორისო კონიუნქტურაც – დაპირისპირება დასავლურ სახელმწიფოებთან და რუსეთის აგრესიული საერთაშორისო პოლიტიკა – იმის მტკიცების საშუალებას იძლევა, რომ გერმანული პრაგმატიზმის რესურსები რუსეთთან ურთიერთობაში მილევადია და, შესაძლოა, ის რუსეთ-გერმანიის პირდაპირ გაზსადენსაც შეეხოს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ რისკებს, რაც პროექტს აშშ-ს სანქციების შედეგად შეექმნა. მართალია, ნორდ სტრიმ 2-ის შეჩერება მშენებლობის ამ ეტაპზე უამრავ სირთულესთან იქნება დაკავშირებული, თუმცა, გერმანიას ამ თემაზე პრინციპული პოზიციის დაფიქსირებით აქვს შანსი, რომ გაზსადენის საკითხი კიდევ უფრო თამამად გამოიყენოს რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაზე, როცა საქმე შეეხება ისეთ საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებს, როგორიცაა ევროკავშირისთვის სახიფათოდ აგრესიული პოლიტიკა აღმოსავლეთ სამეზობლოში.

 


[1] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უმცროსი ანალიტიკოსი.

Related Posts