„საპრეზიდენტო არჩევნები“ აფხაზეთში: რამდენად მოსალოდნელია ცვლილებები თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობებში?

ნინო სამხარაძე [1]

2020 წლის 22 მარტს აფხაზეთში გაიმართა განმეორებითი „საპრეზიდენტო არჩევნები“, რომელიც იანვრის პოლიტიკური კრიზისის შედეგად  რაულ ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ დაინიშნა. ხმათა 56.5%-ით „პრეზიდენტი“ ოპოზიციური კანდიდატი ასლან ბჟანია გახდა. ის სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებისგან იმით განსხვავდება, რომ თბილისთან დიალოგის შესაძლებლობას განიხილავს და ამ პოზიციის შესახებ ქართულ მედიასთანაც საჯაროდ საუბრობს. ამგვარად, პოლიტიკური პროცესების ასეთი განვითარების ფონზე საინტერესოა, რას შეცვლის ბჟანიას არჩევა აფხაზეთის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დღის წესრიგში და რა გავლენა ექნება ამ არჩევნების შედეგებს თბილისთან ურთიერთობებზე, განსაკუთრებით კი ორმხრივი დიალოგის ფორმატის პერსპექტივაზე?

პოლიტიკური კრიზისი და ძირითადი მოთამაშეები აფხაზურ პოლიტიკაში

ხელახალი „საპრეზიდენტო არჩევნები“ აფხაზეთში რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისის შედეგად ჩაინიშნა. 25 აგვისტოსა და 8 სექტემბერს ორ ტურად ჩატარებულ კენჭისყრაში რაულ ხაჯიმბას 47.38%-ით გამარჯვებას მოსახლეობის დემონსტრაციები და ოპოზიციის ლიდერების სასამართლო დავები მოყვა. ხაჯიმბა თანამდებობის დატოვებაზე უარს აცხადებდა, რამაც 2020 წლის იანვარში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე დემონსტრანტების იერიში გამოიწვია. მოქმედმა „პრეზიდენტმა“ გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქმეში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ჩაერივნენ, რამაც კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაადასტურა, თუ რა გავლენა აქვს კრემლს აფხაზურ რეჟიმზე.

2020 წლის მარტის ხელახალ არჩევნებში ამი კანდიდატ მონაწილეობდა. მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა თავად ხაჯიმბამ. ნიშანდობლივია, რომ ის ხელისუფლებაში 2014 წელს პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის დემონსტრაციების გზით გადაყენების შემდეგ მოვიდა. თუმცა არჩევნებში მონაწილეობას იღებდა მისი გუნდის წევრი, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა. მის ავტორიტეტულ გვარს აფხაზურ პოლიტიკაში და ამავდროულად, ნეიტრალურ პოლიტიკურ წარსულს უნდა დაებალანსებინა ხაჯიმბას არაპოპულარობა, თუმცა მან ხმათა 35.44% მიიღო, რაც მიუთითებს, რომ ხაჯიმბას გუნდი, ვინც არ უნდა წარმოადგენდეს მას, აფხაზური საზოგადოებისთვის მიუღებელ პოლიტიკურ მოთამაშედ იქცა. ხმათა ყველაზე მცირე რაოდენობა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და პარტია „აკზაარას“ („ერთობა“) ლიდერმა ლეონიდ ძიაპშიბამ მიიღო: ის გავლენისმომხდენი ფიგურა არ არის, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ 2019 წლის აგვისტოში ნაჩვენები 7% მან 2.2%-მდე გააუარესა. ამგვარად, ასლან ბჟანია, რომლის გარშემოც სამი ოპოზიციური პარტია, მათ შორის კი ხაჯიმბას წინამორბედ ანქვაბის „აითაირაც“ („აღორძინება“) გაერთიანდა, აფხაზეთის რიგით მეხუთე „პრეზიდენტი“ გახდა. ამგვარი მობილიზების ფონზე ქართულ საზოგადოებაში და ექსპერტულ წრეებში გაჩნდა დისკუსია იმის შესახებ, შეცვლის თუ არა ასლან ბჟანიას არჩევა პოლიტიკურ სურათს აფხაზეთში, განსაკუთრებით კი თბილისთან ურთიერთობების კონტექსტში?

ურთიერთობების ახალი ეტაპი თბილისთან – ხელშემწყობი ფაქტორები და გამოწვევები

როგორც აღინიშნა, ასლან ბჟანია სხვა კანდიდატებს შორის იმით გამოირჩევა, რომ მისთვის დიალოგი თბილისთან პროცესის წარმართვის ერთ-ერთ გამოსავლად მიიჩნევა. ეს მიდგომა აფხაზურ პოლიტიკაში მნიშვნელოვან კორექტივებს დააყენებს დღის წესრიგში, თუმცა ამ პროცესს თავისი გამოწვევებიც ექნება.

ბჟანიას პოზიციამ თბილისთან ურთიერთობის შესახებ, რა თქმა უნდა, უნდა გააჩინოს მოლოდინი იმისა, რომ აფხაზურ მხარესთან საუბრისთვის მზადება თბილისის მხრიდანაც დაიწყოს. აფხაზეთის უკვე არჩეული ლიდერის მზაობას დიალოგისთვის საქართველოს მთავრობა შესაბამისი გეგმითა და სტრატეგიით უნდა დახვდეს ფორმატის, სხვა ტექნიკური მხარეების თუ დიალოგის ფორმატში განსახილველი საკითხების დაგეგმვის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე წარმატებით მოახერხებს კომუნიკაციის დაგეგმვას, ჩნდება არაერთი მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევის პერსპექტივა, როგორიცაა გალის რაიონის ეთნიკურად ქართველი მცხოვრებლები როგორც სოციალური, ისე უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. ამასთან, პოლიტიკურ ელიტებს შორის კომუნიკაციის აღდგენა დამატებით დისკუსიას გააჩენს საკუთრივ აფხაზურ საზოგადოებაში თბილისთან ურთიერთობების შესახებ. პოლიტიკური დიალოგის ფორმატი შეიძლება ინფორმაციული ვაკუუმის შევსების საწყისი ეტაპიც იყოს.

თუმცა, აქვე უნდა შევნიშნოთ რამდენიმე გამოწვევა, რომელიც ბჟანიას გაპრეზიდენტების მიუხედავად თბილისსა და სოხუმს შორის პოლიტიკურ დიალოგს შეიძლება დაუდგეს წინ: პირველ რიგში, ეს არის რუსეთი. იანვრის კრიზისის პროცესებში ნურგალიევისა და სურკოვის ჩარევამ ნათლად აჩვენა რუსეთის გავლენა ნებისმიერ, განსაკუთრებით კი მათ მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ აქტორებზე აფხაზეთში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ყურადღება ახლა პანდემიური კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ დაღმასვლას ეთმობა, გრძელვადიან პერსპექტივაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრემლის ფაქტორმა თავისი როლი არ ითამაშოს, როგროც დიალოგის დაწყებაში, ისე მისი წარმართვის პროცესში სამომავლოდ.

კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც ბჟანიას ახალ იდეას შეიძლება დაუპირისპირდეს, არის აფხაზი მოსახლეობის რადიკალურად განწყობილი ნაწილი, განსაკუთრებით კი ვეტერანთა მოძრაობა „არუაა“ („მეომრები“). წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე დისკუსიებში სოციალურ ქსელში ბჟანია „კოლაბორაციონიზმშიც“ კი დაადანაშულეს. გარდა ამისა, დიალოგის ფორმატს სავარაუდოდ გამოუჩნდებიან მოწინააღმდეგეები ბჟანიას ოპოზიციური ძალებიდან, რომლებისთვისაც თბილისთან ურთიერთობის წინააღმდეგ ბრძოლა ადგილობრივი პოლიტიკური თამაშის ნაწილია.

ამის პარალელურად თბილისთან ურთიერთობების ცვლილებას შესაძლოა ხელი ორმა ძირითადმა ფაქტორმაც შეუწყოს: ერთი მხრივ, ბჟანიას გარშემო გაერთიანებულია სამი ოპოზიციური პარტია – „ამცახარა“, “ერთიანი აფხაზეთი” და “აითაირა”. ბჟანიას პოზიციას პირდაპირი დიალოგის შესახებ მხარს ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბაც უჭერს. აფხაზური პოლიტიკის არასტაბილური ბუნება იმის დაჟინებით მტკიცების საშუალებას არ გვაძლევს, რომ პოლიტიკური დიალოგის საკითხზე ოპოზიცია ერთხმად თანხმდება, თუმცა შესაძლოა, ბჟანიას ფიგურის, როგორც პოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვებულის ავტორიტეტი ბევრად ადვილად შეძლებს ოპოზიციის გაერთიანებას ამ საკითხის გარშემო, ვიდრე აქამდე.

მეორე მხრივ, ასლან ბჟანია საზოგადოების მხარდაჭერით, მასობრივი დემონსტრაციების შედეგად არჩეული მმართველია. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზ საზოგადოებას მსგავსი პრეცედენტი 2014 წელს რაულ ხაჯიმბას გაპრეზიდენტების შემთხვევაშიც ჰქონდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ თუკი ბჟანია აფხაზებისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს პოზიტიურ მიმართულებას მისცემს, ის პოლიტიკური დიალოგისთვისაც საზოგადოების კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს. აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზი საზოგადოება საკუთარი ხელისუფლების მიმართ განწყობების რადიკალური ცვლით გამოირჩევა. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბჟანიამ 2020 წლის მარტის არჩევნებში საზოგადოების აქტიური მობილიზებით და ოპოზიციის შესამჩნევი მხარდაჭერით გაიმარჯვა, ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ მას საკუთარი პოლიტიკური ხედვების დემოკრატიულ გარემოში მშვიდად განხორციელების საშუალება ექნება.

დასკვნა

სწრაფადცვალებად პოლიტიკურ გარემოში აფხაზეთში ხელისუფლების სათავეში მოვიდა კანდიდატი, რომელიც დანარჩენი აფხაზური პოლიტიკური სპექტრისგან განსხვავებით თბილისთან დიალოგის შესაძლებლობას ფორმალურად ემხრობა და აქედან დადებითი შედეგების მოლოდინი აქვს. ამ ფაქტმა სოხუმისა და თბილისის ურთიერთობების სიმძიმიდან გამომდინარე შეიძლება არსებული სიტუაცია მკვეთრად ახალ რელსებზე არ გადაიყვანოს, თუმცა ამის სხვადასხვა შესაძლებლობები გააჩინოს. დიალოგის პერსპექტივას არაერთი წამახალისებელი გარემოება ხდის რეალურს, როგორიცაა ბჟანიასთვის გამოცხადებული მხარდაჭერა როგორც საზოგადოებაში, ისე ხაჯიმბას ხელისუფლების ოპოზიციური აქტორების მხრიდან. თუმცა ამის პარალელურად, არაერთი გამოწვევა დგას რუსეთის, ამჟამინდელი აფხაზური ოპოზიციის და მოსახლეობის რადიკალურად განწყობილი ფენების სახით.

იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზური პოლიტიკა არ გამოირჩევა გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვებითა და სტაბილურობით  და აქ მთავრობის ცვლილების რამდენიმე სხვადასხვა სცენარის გამოცდილება არსებობს, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციიის შედეგად დიდი სიფრთხილით უნდა შეიმუშავოს დიალოგის პერსპექტივის პრაქტიკაში განხორციელების ახალი მიდგომა როგორც ტექნიკურ-ლოგისტიკური, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით.  ასლან ბჟანიას და მისი თანამოაზრეების გაცხადებული პოზიციის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის მხრიდან გააზრებული საპასუხო პოლიტიკის შემთხვევაში არსებობს შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის გარკვეული  პერსპექტივა, რომელიც ბუნებრივია ვერ მოაგვარებს ათწლეულობის განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს, მაგრამ საწყის ეტაპზე საფუძველს ჩაუყრის ნდობის პროცესს, რამაც, თავის მხრივ, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, სოხუმისა და თბილისის პოლიტიკური ხედვების დაახლოებას შეუწყოს ხელი. მიუხედავად იმისა, რომ არსებული გეოპოლიტიკური კონიუნქტურა, ერთი შეხედვით, ასეთი დაახლოების ხელშემწყობი არა არის, თბილისის მხრიდან საჭიროა გარკვეული პოლიტიკური ზონდაჟი, რათა გავარკვიოთ, რამდენად მომწიფებულია აფხაზური საზოგადოება და პოლიტიკური კლასი  მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკის საწარმოებლად.


[1] ნინო სამხარაძე არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უმცროსი ანალიტიკოსი

Related Posts