16/07/2021 keta

ახალი ეპოქა თუ უფრო მეტად იგივე? გერმანია და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები 2021 წლის გერმანიის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ

15 ივლისს, GIP– მა უმასპინძლა ვირტუალური მრგვალი მაგიდას სადისკუსიო თემით: “ახალი ეპოქა თუ უფრო მეტად იგივე? გერმანია და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები 2021 წლის გერმანიის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ”. ღონისძიება გაიმართა პროექტ ”საქართველოს ევროპეიზაცია: პროგრესის შემდგომი შეფასება 2020” -ის ფარგლებში, რომელიც „ღია საზოგადოების საქართველოს ფონდის“ (OSGF) მხარდაჭერით მიმდინარეობს. მასში გაერთიანდნენ პოლიტიკის პრაქტიკოსები და მეცნიერები გერმანიიდან, ცოდნის გაზიარებისა და კრიტიკული დისკუსიის გამართვის მიზნით. მონაწილეებმა ისაუბრეს გერმანიაში 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შესაძლო სცენარების განვითარების შესახებ. უნდა ელოდონ თუ არა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები და რუსეთი ახალ ეპოქას გერმანიის საგარეო პოლიტიკაში, თუ ძველი პოლიტიკის გაგრძელება მეტად მოსალოდნელია?!

გერმანიის საგარეო პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ – აღნიშნული თემა თავსატეხია როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის, ისე მის ფარგლებს გარეთ არსებული პოლიტიკური ელიტებისთვის. ერთის მხრივ, ბერლინის მხარდაჭერა გადამწყვეტი აღმოჩნდა ევროკავშირის სტრუქტურებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სექტორული ინტეგრაციისთვის, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებებსა და უვიზო რეჟიმებზე. გერმანიამ, ასევე, ევროკავშირის დიდი ნაწილის მხარდაჭერით გარკვეულწილად დაიცვა საქართველო და უკრაინა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიღების პროცესში.
მეორეს მხრივ, ბერლინს კვლავ ვეტო აქვს დადებული აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირისა და ნატოს პერსპექტივებზე. თავს არიდებს მათი უსაფრთხოების გამოწვევებში პირდაპირ მონაწილეობას და რჩება რუსეთის მთავარ ევროპულ პარტნიორად ენერგეტიკაში. გერმანიის მიდგომის ამბივალენტურობა ევროკავშირის აღმოსავლეთის საზღვრების მიმართ კიდევ ერთხელ გახდა განხილვის თემა, როდესაც ბერლინის პოლიტიკურმა ელიტამ ყური არ დაუგდო გერმანიის მწვანეთა პარტიის ხელმძღვანელის, რობერტ ჰაბეკის წინადადებას უკრაინის თავდაცვითი შეიარაღებით მომარაგების შესახებ. გერმანიის მწვანეთა საგარეო პოლიტიკურ აზროვნებაზე ბევრი საუბრობს – რაც, როგორც წესი, ადამიანის უფლებებზეა ორიენტირებული და, შესაბამისად, ავტორიტარული სახელმწიფოების, მაგალითად რუსეთისა და თურქეთის კრიტიკაზე. გამომდინარე იქიდან, რომ მომავალი 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მწვანეებს უფრო დიდი გავლენა ექნებათ ბუნდესტაგში, ჩნდება კითხვა – რა მნიშვნელობა ექნება ამ უკანასკნელს და შეიცვლება თუ არა გერმანიის მიდგომა რუსეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ.

ვირტუალური მრგვალი მაგიდის მოდერატორი იყო რენატა სკარჯუტე-კერესელიძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი და დოქტორი კორნელი კაკაჩია მიესალმა სპიკერებსა და დამსწრეებს, რასაც მოჰყვა ჰ. ჰუბერტ ქნირშის, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის სიტყვით გამოსვლა.

დოქტორმა ბიძინა ლებანიძემ (GIP– ის უფროსი ანალიტიკოსი, „ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის“ სლავური ენებისა და კავკასიის კვლევების ინსტიტუტის პოსტდოქტორანტურის მკვლევარი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული პროფესორი), წარმოადგინა თავისი პოლიტიკური მემო “გერმანიის საკითხი და ევროკავშირის სამეზობლო: შეძლებს ბერლინი გახდეს გრავიტაციის ახალი ცენტრი ასოცირებული ქვეყნებისთვის?!”, ხოლო მოწვეულმა სტუმრებმა გააკეთეს კომენტარები და შეუერთდნენ დისკუსიას. კერძოდ, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა „სტოკჰოლმის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის“ მკვლევარმა დოქტორმა ანდრეას უმლანდმა, ასევე, დოქტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, რომელიც საქართველოს ყოფილი ელჩია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ამჟამად საერთაშორისო წარმომადგენელი „იენის ფრიდრიხ-შილერის უნივერსიტეტში“, გერმანია; დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო დოქტორმა ლაშა ბაქრაძემ, პროფესორმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომელიც ასევე გახლავთ „გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის“ დირექტორი.

ღონისძიება ჩატარდა ინგლისურ ენაზე, ონლაინ რეჟიმში ZOOM- ის საშუალებით.

ავტორი

,