06/08/2021 keta

შშმ ბავშვზე ზრუნვა პანდემიის პირობებში: გამოწვევები და სახელმწიფო პოლიტიკა

Cute little girl with painted hand
ანი ნიქაბაძე
[ბლოგი მომზადდა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის  “მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება საქართველოში – ქალთა ეკონომიკური გაძლიერება” წევრის, ანი ნიქაბაძის მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით]. 

COVID-19-ის პანდემიის შედეგად მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგნენ შშმ პირები და შშმ ბავშვთა მშობლები. მათ არაერთხელ მიმართეს სახელმწიფოს თხოვნით, შეემუშავებინათ ბენეფიციართა საჭიროებებზე მორგებული სოციალური პაკეტები, რომლებიც პანდემიის შედეგების შემსუბუქებას უზრუნველყოფდა.

შშმ ბავშვების ძირითადი მომვლელები პანდემიამდეც მნიშვნელვანი გამოწვევების წინაშე იდგნენ, აუცილებელ სოციალურ სერვისებზე არასაკმარისი ხელმისაწვდომობის, ინფორმაციის სიმწირის, სტერეოტიპული დამოკიდებულებების და სხვა ფაქტორების გამო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შშმ ბავშვის ძირითად მზრუნველებად ყველაზე ხშირად ქალები, დედები მოიაზრებიან, მათთვის სტერეოტიპულად მიწერილი ზრუნვის ვალდებულებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ შშმ ბავშვების დედები ხშირად მარტოხელა მშობლები არიან, რომელთაც დამოუკიდებლად უწევთ არსებული სოციალურ-ეკონომიკური ბარიერების გადალახვა. პრობლემურია ის ფაქტიც, რომ ეს ადამიანები სტატისტიკის დონეზეც არ ჩანან ქვეყნის სოციალური პოლიტიკის წარმოებისას, შესაბამისად, მწირია მათი გაძლიერებისკენ მიმართული სახელმწიფო ძალისხმევაც.

სწავლის დისტანციური რეჟიმი, ასევე სოციალური სერვისების მიწოდების პროცესის გარკვეული ხნის განმავლობაში შეჩერება დამატებითი სირთულე აღმოჩნდა შშმ ბავშვთა მშობლებისთვის. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ განვითარებაზე ორიენტირებული სოციალური სერვისების უწყვეტი მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბენეფიციარებისთვის. შესაბამისად, სერვისების მიწოდების ნახსენებმა წყვეტამ შშმ ბავშვზე ზრუნვის ეს განზომილებაც საოჯახო სივრცეში გადაიტანა.

განათლება და შშმ ბავშვზე ზრუნვის გამოცდილება პანდემიის პირობებში

მზარდი ინფლაციის, პანდემიის გავლენებით დაკარგული თუ სახლის სივრცეში გადანაცვლებული სამუშაო, განსაკუთრებით მწვავედ აისახება ქალებზე. გაეროს ქალთა ორგანიზაციის  კვლევის მიხედვით, ქალების მიერ შესრულებული საოჯახო ზრუნვა პადემიის პირობებში კიდევ უფრო გაიზარდა. ამას დაემატა სასკოლო და წინა სასკოლო სწავლებების ონლაინ რეჟიმში გადატანა, რის შედეგადაც მშობელს ახალი როლების შეთავსება დასჭირდა, ბავშვის ჰარმონიული განვითარების უზრუნველსაყოფად.

„პანდემიური მშობლობა“ კიდევ უფრო სპეციფიურ სახეს იღებს შშმ ბავშვების დედებთან მიმართებაში, ვინაიდან, შშმ ბავშვების პირველად მზრუნველებად საქართველოში ისევ დედები მოიაზრებიან. ქალების როლის ასეთმა აღქმამ, შშმ ბავშვის დედობის ისედაც რთულ გამოცდილებას პანდემიის განზომილება შესძინა. შედეგად, არაპრეცენდენტულ პირობებში ქალებს დამოუკიდებლად მოუწიათ ლავირება, ვინაიდან, ხარვეზიანი აღმოჩნდა, როგორც სოციალური მხარდაჭერის, ასევე განათლების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული სერვისები.

ამ კონტექსტშივე უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის დაწყებიდან საგანმანათლებლო პროცესი რამდენჯერმე შეჩერდა. ქართულ საგანმანათლებლო, განსაკუთრებით კი სასკოლო სივრცეებს დრო დასჭირდათ, რათა შეცვლილ რეალობას მორგებოდნენ. თუმცა პანდემიური რეალობისადმი ადაპტაციის მიზნით შემუშავებული მექანიზმის ეფექტიანობა მრავალჯერ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. კერძოდ, მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდა მასწავლებლების ტექნიკური უნარების სიმწირე, შესაბამის ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა, ინტერნეტიზაციის დონე და ა.შ.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ პანდემიის წინააღმდეგ შემუშავებული ნაბიჯები შშმ ბავშვების საჭიროებებზე არ კონცენტრირდებადა არც ინკლუზიური განათლების ონლაინ რეჟიმში ხელშეწყობის კონკრეტულ გეგმას გვთავაზობს. შესაბამისად, შშმ ბავშვთა განათლების საკითხი პრობლემატურია და ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავებამდე არაფორმალურ, საოჯახო სივრცეში (რომლის ძირითად აქტორებად ქალები მოიაზრებიან) ეძებს გადაწყვეტის შუალედურ გზებს.

სოციალური სერვისების მიწოდების კუთხით შემოღებული შეზღუდვები

საქართველოს მთავრობის დადგენილების #434, რომელიც 2020 წლის 2 მარტს გამოიცა შეჩერდა „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის“ სხვადასხვა ქვეპროგრამით შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი სერვისების მიწოდება. კერძოდ, მომსახურების მიწოდებამ ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, ხოლო ბენეფიციარისა და თერაპევტის პირისპირ მუშაობის შესაძლებლობები შეიზღუდა. სოციალური სერვისის მიმწოდებლების მუშაობა შესაბამისი რეგულაციების დაცვით, 2020 წლის 20 ივნისის ბრძანების საფუძველზე აღდგა, თუმცა 2020 წლის ოქტომბერი 2021 წლის თებერვლის შუალედში შშმ პირთათვის განკუთვნილი სერვისების მიწოდება კიდევ ერთხელ დაექვემდებარა პანდემიურ შეზღუდვებს.

მოდიფიცირებული ქვეპროგრამის ფარგლებში, პროგრამით მოსარგებლეთა მშობლების/კანონიერი მეურვეების/პირველადი მზრუნველების ჩართულობის ხარისხი და ინტენსივობა გაიზარდა. შესაბამისად, მომსახურების მიწოდების სახლის სივრცეში გადანაცვლებამ, კიდევ უფრო გაზარდა შშმ ბავშვებზე მზრუნველების როლი ბავშვის განვითარებაში. მნიშვნელოვანია, რომ მოდიფიცირებულ ქვეპროგრამაში სერვისის არაპირდაპირ მიმწოდებლად მშობელი/მეურვეა მოხსენიებული „ინდივიდუალური მუშაობა ბენეფიციართან ხორციელდება ორი გზით: უშუალოდ, მომსახურების მიმწოდებელი სპეციალისტის მიერ და არაპირდაპირ, მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით.“ შესაბამისად, სახელმწიფო არა მხოლოდ აღიარებს მშობლის როლს, არამედ სერვისის მიწოდების პროცესში მის აქტიურ ჩართულობას ერთ–ერთ გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ სერვისით სარგებლობის შეცვილი პროტოკოლი არაფერს ამბობს შშმ ბავშვების მომვლელების მზაობის შესახებ. მაშინ, როდესაც ამ მზაობას მრავალი ფაქტორი, მათ შორის ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა, განსაზღვრავს. 

ეკონომიკური გამოწვევები და ანტიკრიზისული სამთავრობო პაკეტი

COVID-19-ის პანდემიისა და მზარდი ინფლაციის ფონზე, მკაფიოდ გამოიკვეთა სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის შემცირების ტენდენციები. შშმ ბავშვებისთვის გამოყოფილი დახმარების გაზრდის მიუხედავად (რაც 2020 წლის ივლისში განხორციელდა), სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 250 ლარიანი დახმარების რელევანტურობა სურსათის ფასების ზრდის ფონზე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2020 წლის ნოემბრის განსაზღვრებით საარსებო მინიმუმი ორსულიან ოჯახზე 268.6 ლარია. შესაბამისად, შშმ ბავშვსა და მასზე მზრუნველს დახმარების სახით ყოველთვიურად გამოყოფილ თანხაზე მეტი სჭირდებათ. აქვე გასათვალისწინებელია შშმ ბავშვზე ზრუნვის სპეციფიკაც, რომელიც ბავშვზე მუდმივ მეთვალყურეობას გულისხმობს და ხშირად სამუშაო ძალაში ჩასაბმელად მშობლებს დროს არ უტოვებს.

აქვე, ეკონომიკური გაძლიერების კონტექსტში უნდა აღინიშნოს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შშმ ბავშვებისთვის ჯამურად 600 ლარის ოდენობის დახმარების გამოყოფის ინიციატივა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სოციალური ჯგუფის ანტიკრიზისულ გეგმაში გამოჩენა თავის მხრივ პოზიტიური ფაქტია, არ ჩანს საჭიროებებისა და დახმარების ადეკვატურობის შეფასების მცდელობები. სახელმწიფო არ გვთავაზობს მექანიზმს, რომელსაც დახმარების ოდენობის განსაზღვრისას დაეყრდნო და არც პანდემიის გავრცელების ერთი წლის თავზე აფასებს განხორციელებული ინტერვენციების ეფექტიანობას.

დასკვნა

პანდემიით გამოწვეული ახალი ტიპის დღის წესრიგთან თანაცხოვრება შშმ ბავშვების ძირითადი მზრუნველებისთვის, მრავალი ახალი როლის მორგებას მოიცავს. სასწავლო და სამუშაო გარემოს საოჯახო სივრცეში გადანაცვლების ბოლოდროინდელმა გამოცდილებამ კი ქალს, მისთვის ქართულ კულტურაში მიწერილი სტერეოტიპული მიმართებების გავლენით, კიდევ უფრო გაუფართოვა პასუხისმგებლობების სფერო.

პანდემიის პირობებში შშმ ბავშვის მშობლობის გამოცდილებაზე მრავალმა ფაქტორმა იქონია გავლენა მათ შორის საგანმანათლებლო პროცესებისა და სოციალური სერვისების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ, მზარდმა ინფლაციამ, ასევე პროდუქტის ფასების ზრდამ. საგულისხმოა, რომ ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან ერთი წლის თავზეც კი სახელმწიფომ ამ ფაქტორების მასშტაბების შესწავლა და შშმ ბავშვებისა და მათი მშობლების საჭიროებების დაკმაყოფილების ადეკვატური გეგმის შემუშავება ვერ შეძლო. კრიზისის გავლენების შესამსუბუქებლად გადადგმული ნაბიჯები მოკლევადიანი გადაწყვეტის გზების პოვნაზე უფრო იყო ორიენტირებული. გრძელვადიან გამოსავალზე ფიქრი კი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, ყველა დაინტერესებული მხარის მაღალი დონის ჩართულობით. წინააღმდეგ შემთხვევაში ეპიდსიტუაციის გაუარესების საპასუხოდ დამატებითი შეზღუდვების შემოღების შესაძლო სცენარი შშმ ბავშვებისა და მათზე მზრუნველების მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

 

, ,