17/12/2021 keta

ახალგაზრდების დასაქმება საქართველოში – გენდერული და კულტურული ასპექტების ანალიზი

თამარ ოგანოვა
[ბლოგი მომზადდა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის – “ახალგაზრდების დასაქმება” წევრის, თამარ ოგანოვას მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით].

ახალგაზრდების დასაქმება, მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობაში ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე სწორედ ახალგაზრდებში ფიქსირდება, რის გამოც იზრდება სოციალური რისკები, უფასურდება ადამიანური კაპიტალი, რომლის განვითარებაც ინვესტირებულია სახელმწიფოს ან ოჯახის მიერ. საზოგადოება კარგავს ეკონომიკურ დოვლათს, რომლის მიღებაც შესაძლებელი იქნებოდა ახალგაზრდების ინტელექტუალური პოტენციალის ეფექტიანი გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ დასაქმებული ახალგაზრდების სრული უმრავლესობა ან მომსახურების სექტორშია წარმოდგენილი ან თვითდასაქმებულია. ორივე სექტორი, როგორც წესი, განსაკუთრებით დაბალი ანაზღაურებით და ხშირ შემთხვევაში, შრომის მძიმე პირობებით გამოირჩევა. ახალგაზრდებს არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ხარისხიანი, დასაქმების მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლება.

განხილვის საგანი ხშირად ხდება ახალგაზრდების დასაქმების საკითხი და ის დაბრკოლებები, რომლებსაც ისინი აწყდებიან სამუშაოს მაძიებლის სტატუსით, თუმცა გარდა ახალგაზრდების დასაქმების ზოგადი ბარიერებისა, მნიშნელოვანია განვიხილოთ ახალგაზრდა ქალების წინაშე არსებული გამოწვევები, რომლებზე მსჯელობაც ძალიან აკლია საჯარო სივრცეს.

 

სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდა ქალების წინაშე არსებული დაბრკოლებები

ეროვნულ დონეზე შემუშავებულ ოფიციალურ დოკუმენტებში, ბოლო პერიოდში აისახა ქალების წინაშე არსებული წინააღმდეგობები – კულტურული ბარიერები, შრომის კოდექსის დახვეწის აუცილებლობა, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა, ზრუნვის შრომის არათანაბარი გადანაწილება, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, სოციალური ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა და ზოგადად სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა. აღნიშნული ბარიერების აღიარება და მათზე მსჯელობის დაწყება ცალსახად დადებით მოვლენად უნდა ჩაითვალოს, თუმცა გარდა გენდერული როლების გააზრების მცდელობისა ეს განპირობებულია საქართველოს მიერ აღებული არაერთი საერთაშორისო ვალდებულებით როგორც ახალგაზრდების, ასევე ქალების გაძლიერების მიმართულებით, რომლებიც ქვეყნისგან მოითხოვს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.

კულტურული ფაქტორები

ახალგაზრდა ქალების დასაქმებაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა, ჯერ კიდევ ძალიან მკაფიოდ არის გამოკვეთილი გენდერული როლები. სტერეოტიპული დამოკიდებულებები შეეხება ასევე ქალების საკუთრების უფლებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს.  ქალი აღიქმება როგორც მზრუნველი, მომვლელი და ნაკლებად არის გაკეთებული აქცენტი მისი სოციალიზაციის თუ თვითრეალიზაციის საჭიროებაზე.  უპირველეს მოვალეობად განიხილება შვილების გაზრდა, ოჯახზე ზრუნვა. საზოგადოების ეს დამოკიდებულებები ვრცელდება პროფესიების გენდერულ დაყოფაზე. არსებობს „ქალური“ და „კაცური“ პროფესიები. ხაზგასასმელია, რომ ფემინურ პროფესიებად ძირითადად დაბალანაზღაურებადი პროფესიები გვევლინება და სფეროები, სადაც ჭარბად არიან წარმოდგენილი ქალები, არ გამოირჩევიან მაღალი ანაზღაურებით.

ცალკე უნდა გამოვყოთ ადრეულ ასაკში ქორწინება, რომელიც ძალადობის ფორმას წარმოადგენს და გოგოებზე ახდენს არაპროპორციულად მავნე ზეგავლენას. ბავშვთა ქორწინების სტატისტიკის თანახმად, არასრულწლოვნები უმეტესწილად გოგოები არიან, რომლებიც ქორწინების შემდეგ ძირითადად, ვეღარ იღებენ განათლებას, რაც ზღუდავს მათ ხელმისაწვდომობას დასაქმებაზე.

შვილის გაჩენის შემდეგ დასაქმებაზე უარის თქმა, ხშირად არ არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, რომელსაც ქალი საკუთარი ნებით იღებს, ეს საზოგადოებაში  არსებული კულტურული ბარიერებით და სახელმწიფოს არასათანადო სოციალური პოლიტიკით არის განპირობებული.

შრომის კანონმდებლობის გენდერული ასპექტები

ახალგაზრდა ქალების დასაქმების წახალისებისთვის მნიშვნელოვანია დეკრეტული შვებულების საკითხი, რომელიც დღეს, მართალია, ასახულია შრომის კოდექსში, თუმცა ექვემდებარება მხოლოდ ერთჯერად ანაზღაურებას და კერძო სექტორში ჯერ კიდევ დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ეს გარემოება ქალებში შესაძლოა იწვევდეს  არასტაბილურობის განცდას და მნიშვნელოვანია განვიხილოთ როგორც დასაქმების ბარიერი. გარდა დეკრეტული შვებულებისა, აუცილებელია ქალების შრომითი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან, მათი დაცვა გენდერული დისკრიმინაციისგან, უსაფრთხო შრომის პირობების შექმნა და ა. შ.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში დისკრიმინაცია მართალია აკრძალულია შრომის კოდექსით, თუმცა მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ეფექტური აღსრულება. ქალთა მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება თვალსაჩინოა როგორც ვაკანსიების განთავსებისას, ასევე გასაუბრებების დროს, როდესაც ქალებს შესაძლოა დისკრიმინაციული მოტივით უთხრან უარი დასაქმებაზე.

ზრუნვის შრომა, სოციალური ინფრასტრუქტურა და სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა

ახალგაზრდა ქალების დასაქმებისთვის აუცილებელია სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმისაწვდომობა და მათი მორგება დასაქმებულების გრაფიკზე. დღეის მდგომაროებით გამოწვევას წარმოადგენს, როგორც ბაღების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ასევე მათი ფუნქციონირების განრიგი, რომელიც დასაქმებულებზე არ არის მორგებული. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გარდა ბავშვებისა ქალებს შესაძლოა უწევდეთ სხვა ოჯახის წევრებზე ზრუნვა, მაგალითად ხანდაზმულებზე, რაც დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან.

მნიშვნელოვანია ცალკე გამოვყოთ ზრუნვის შრომა, რომელიც სამწუხაროდ არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ არის ნახსენები და სათანადოდ გაანალიზებული, შესაბამისად სახელმწიფოს არ აქვს ხედვა ამ მიმართულებით. არ არის წახალისებული დისკუსიები და მსჯელობა ოჯახში ზრუნვის ტვირთის გადანაწილების აუცილებლობაზე, რაც ხელს შეუწყობდა, ქალებს დასაქმებაში. არავინ საუბრობს ამ ზრუნვის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე. ზრუნვის ტვირთს არასათანადო გადანაწილების გამო გამოწვეულ დროით სიღარიბეზე და ამ ყველაფრის გავლენაზე ქალების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე.

აღსანიშნავია სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებები და გამოწვევები, მაგალითად წყალზე ხელმისაწვდომობა, რაც საქართველოს თითქმის ყველა სოფელში მწვავე პრობლემაა. ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, ზრდის საშინაო შრომის ტვირთს ქალებისთვის. შესაბამისად, ისინი ბევრად ნაკლებ დროს დაუთმობენ ანაზღაურებად საქმიანობას და  ეკონომიკურად უფრო მოწყვლად მდგომარეობაში იქნებიან.

ცალკე განხილვის საგანია მარტოხელა დედების წინაშე არსებული გამოწვევები. ისინი ოჯახში ერთდროულად ბევრ ფუნქციას ითავსებენ, საპასუხოდ კი სახელმწიფო მათ არანაირ მხარდამჭერ სერვისს არ სთავაზობს.

შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიაში საუბარია ხანგრძლივად უმუშევარ ადამიანებზე და სამწუხაროდ არ არის გამოყოფილი გენდერული ასპექტი. ეკონომიკურად არააქტიური ადამიანების დიდი ნაწილი, სწორედ ქალები არიან (სქესის მიხედვით  სამუშაო ძალის მაჩვენებლის თანახმად, სამუშაო ძალის გარეთ მყოფი ქალების რაოდენობა – 960.3 ათ., არსებითად აღემატება ამავე სტატუსის მატარებელი კაცების მაჩვენებელს – 512.6 ათ.), რომლებმაც „უარი თქვეს“ დასაქმებაზე და წლების შემდეგ, სურვილის შემთხვევაშიც დასაქმება ძალიან გაუჭირდებათ, რადგან კონკურენტუნარიანები აღარ არიან, ვერ პასუხობენ შრომის ბაზრის მოთხოვნებს. შესაბამისად, ამ ნაწილშიც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სათანადო ჩართულობა და მხარდაჭერა.

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba

 

ამ მიმართულებით საინტერესოა პოლონეთის გამოცდილება, სადაც NEET (პირები, რომლებიც არც მუშაობენ და არც სწვალობენ) ახალ­გაზ­რ­და ქა­ლე­ბი­სა და მა­მა­კა­ცე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლებს შო­რის გან­ს­ხ­ვავე­ბა (5.9%) მა­ღა­ლია ევ­რო­კავ­ში­რის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე. ქა­ლებს შე­უძ­ლი­ათ და­საქ­მ­დნენ ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე, ან იმუ­შა­ონ ნაკ­ლე­ბად მოთხოვ­ნად, და­ბალანაზღა­უ­რე­ბად თა­ნამ­დებო­ბებ­ზე, მა­თი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის გა­მო, რა­თა და­ბა­ლან­ს­დეს სამ­სა­ხუ­რის და ოჯა­ხის ვალ­დე­ბულე­ბე­ბი.

პროფესიული განათლება

საკმაოდ ხშირად გვესმის მსჯელობა და მოწოდება პროფესიული სწავლების პოპულარიზაციის აუცილებლობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პროფესიული განათლების სიკეთეებზე  აქტიური საინფორმაციო კამპანიის პარალელურად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პროფესიული სასწავლებლების ტერიტორიული ხელმისაწვდომობა, რაც დამატებით ბარიერს წარმოადგენს ქალებისთვის, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რეგიონებში არ არსებობს გამართული მუნიციპალური სატრანსპორტო ქსელი. ტერიტორიული ხელმისაწვდომობის პრობლემა არაპროპორციულად უარყოფით ზეგავლენას ახდენს სოფლად მცხოვრებ ქალებზე. აქვე საინტერესოა ქალთა მობილობის გენდერული ასპექტები, რაც ძალიან კარგად არის გაანალიზებული სახალხო დამცველის აპარატის კვლევაში. კვლევის მიხედვით, ქალებს აქვთ არათანაბარი  მისაწვდომობა ტრანსპორტზე, რაც ართულებს სოფლიდან ქალაქში [და პირიქით] გადაადგილებას. ეს შესაძლებელია, ნიშნავდეს საციცოცხლო სერვისებსა და პროდუქტებზე წვდომის შეზღუდვას, განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფებისთვის, დასაქმებისა და განათლების უფლების განხორციელების ბარიერია.

საერთაშორისო ვალდებულებები

საქართველოს აქვს აღებული არაერთი ვალდებულება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ, რომლის წინაპირობას სწორედ ზემოაღნიშნული ბარიერების ანალიზი და ანალიზის საფუძველზე გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის გატარება წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების რატიფიცირების დაბალი მაჩვენებელი, რაც ხელს უშლის ქვეყანას ჰქონდეს შრომითი უფლებების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანი კონვენციაა ოჯახური მოვალეობების მქონე მუშაკთა შესახებ, 1981 წლის (№156) დასაქმებული მამაკაცებისა და ქალებისათვის თანაბარი შესაძლებლობის მიცემისა და მათ მიმართ თანასწორი მოპყრობის ქმედითი მექანიზმების შექმნის მიზნით. ეს კონვენცია მოითხოვს ქვეყნებისგან, რომლებმაც მოახდინეს მისი რატიფიკაცია, მისცეს საშუალება ოჯახური მოვალეობების მქონე პირებს, რომლებიც არიან დასაქმებულები ან რომელთაც სურთ დასაქმება, გამოიყენონ მათი ეს უფლება ყოველგვარი დისკრიმინაციისა და, რამდენადაც ეს შესაძლებელია, პროფესიულ და ოჯახურ მოვალეობებს შორის კონფლიქტის გარეშე. კონვენცია ასევე მოითხოვს სახელმწიფოებისაგან, საზოგადოებრივი გეგმარების პროცესში ანგარიში გაუწიონ ოჯახური მოვალეობების მქონე მუშაკთა საჭიროებებს და ხელი შეუწყონ სახელმწიფო ან კერძო ისეთი საყოფაცხოვრებო მომსახურებების განვითარებას, როგორიცაა ბავშვზე ზრუნვისა და ოჯახის დამხმარე სამსახურები და დაწესებულებები. ასევე ძალიან მნიშნელოვანი კონვენციაა შსო-ს კონვენცია დედობის დაცვის შესახებ. საქართველოს ჯერ კიდევ არ აქვს ის რატიფიცირებული, რაც დამატებითი ბერკეტი იქნებოდა ქალთა უფლებების დასაცავად.

დასკვნა

შეუძლებელია ახალგაზრდა ქალების დასაქმების წახალისება, როდესაც სახელმწიფო მათ არანაირ მხარდამჭერ სერვისს არ სთავაზობს. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ქალი ორმაგი ექსპლუატაციის მსხვერპლი გახდეს, რომელსაც ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი შრომის გაწევა მოუწევს, რაც უარყოფითად აისახება მის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე. თუ სახლი სახლს გარეთ დასაქმებული კაცისთვის დასვენების ადგილი შეიძლება იყოს, სახლს გარეთ დასაქმებული ქალისთვის სამუშაო დღე სამსახურის შემდეგაც გრძელდება. სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ქალთა საჭიროებებს, დასახლების ტიპის თუ ასაკის მიხედვით, აანალიზებდეს კულტურულ ბარიერებს, უზრუნველყოფდეს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების, პროფესიული სასწავლებლების, სოციალური ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას, მუშაობდეს შრომის კანონმდებლობის დახვეწასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე, აღიარებდეს ზრუნვის შრომას და ხელს უწყობდეს მის თანაბარ გადანაწილებას.  სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი აქვს აღნიშნული მიზეზების სისტემურ გააზრებაში და გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის დაგეგმვაში.

, ,