Photo Credit: Lynsey Addario for The New York Times
ნინო სამხარაძე
ომმა, რომელსაც რუსეთი უკრაინაში თითქმის ორი კვირაა, აწარმოებს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიგრაციული კრიზისი გამოიწვია. უკრაინიდან დასავლეთისკენ უკვე ორ მილიონზე მეტი უკრაინელი დაიძრა უსაფრთხო თავშესაფრის საძებნელად. თავის მხრივ, უკრაინელი მიგრანტების საკითხი ევროპული სახელმწიფოების მობილიზების კიდევ ერთი მამოძრავებელი ძალა გახდა. გარდა საომარ მოქმედებებში კოორდინირებული დახმარებისა, ერთიანი დასავლური სოლიდარობა იკვეთება, ასევე, უკრაინელი მიგრანტების მიღების მიზნით ერთობლივ შეთანხმებულ მუშაობაში.
საქართველოს ამ მიმართულებით პროაქტიული ქმედითი ნაბიჯები, ჯერ-ჯერობით არ გადაუდგამს. იმ ფონზე, როდესაც საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს საუკეთესო დროება არ უდგას, მიგრანტების პოლიტიკის შემუშავება ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს. შესაბამისად, აუცილებელია განვიხილოთ, თუ როგორი მიდგომები არსებობს ევროპაში უკრაინული მიგრაციის მიმართ, რა პოზიციაშია თბილისი უკრაინის მოქალაქეების მიღების თვალსაზრისით და რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას საქართველო ამ ეტაპზე.
ევროპის ყველაზე დიდი მიგრაციული პროცესი 21-ე საუკუნეში: ევროკავშირი და მის მიღმა
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ უკრაინელ მიგრანტებს, ძირითადად, უკრაინის ხუთი ევროპული ქვეყანა იღებს, მათგან ოთხი – პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთი – ევროკავშირის წევრია. მიგრანტების კიდევ ერთმა აქტიურმა მიმღებმა მოლდოვამ, უკრაინის და საქართველოს მსგავსად, ევროკავშირში წევრობის განაცხადი 3 მარტს გააკეთა.
ყველა ეს ევროპული სახელმწიფო კოორდინირებულადაა ჩართული უკრაინიდან დასავლეთისკენ დაძრული მშვიდობიანი მოსახლეობის მიღებასა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
უკრაინული მიგრაცია ევროპისკენ 2022 წლის 9 მარტისთვის. წყარო: The UN Refugee Agency, UNCHR
პოლონეთი უკრაინელი მიგრანტების ყველაზე დიდი მიმღები სახელმწიფოა, რაც არ არის გასაკვირი, რადგან, ტრადიციულად, უკრაინისთვის პოლონეთი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შრომით ბაზარს წარმოადგენდა. შედეგად, უკრაინელებს პოლონეთში ფართო კავშირები აქვთ. ამ დროისთვის, პოლონეთს მილიონზე მეტი უკრაინელი მიგრანტი ჰყავს მიღებული. აქ უკრაინელი მიგრანტების მიღება ხდება პოლიტიკური ელიტის და სამოქალაქო საზოგადოების შეთანხმებული მოქმედებით: იქ, სადაც სამოქალაქო კავშირები უკრაინელებს არ აქვთ, მათ სახელმწიფოს მიერ შექმნილი მიღების ცენტრები მასპინძლობენ, მათ სახელმწიფო სთავაზობს უფასო ტრანსპორტირებას და ჯანდაცვას.
უნგრეთი უკრაინიდან მიგრანტების რიგით მეორე აქტიური მიმღებია. მიუხედავად იმისა, რომ ორბანის ხელისუფლება ნაკლები მხარდაჭერით გამოირჩევა უკრაინის მიმართ სამხედრო ხელშეწყობის თვალსაზრისით, ის აქტიურადაა ჩართული უკრაინელი მოქალაქეების მიღების პროცესში: აქტიურად მუშაობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, მათ შორის, სამართლებრივი – დოკუმენტაციის მოწესრიგების თვალსაზრისითაც. ამავდროულად, რუმინეთმა და სლოვაკეთმა ჯამში 100 000-ზე მეტი უკრაინელი მიგრანტი მიიღეს. რუმინეთი მიგრანტების ტრანსპორტირებაში, ფინანსურ და ფსიქოლოგიურ დახმარებაშიც კი ჩართულია. სლოვაკეთმა კანონმდებლობაც კი შეცვალა, რათა გაემარტივებინა თავშესაფრის ძიების იურიდიული პროცედურები უკრაინელი მიგრანტებისთვის.
მოლდოვა უკრაინის ევროკავშირის არაწევრი ერთადერთი მეზობელი ქვეყანაა, რომელიც უკრაინელ მიგრანტებს ინტენსიურად იღებს. მან უკვე თითქმის 1 მილიონ უკრაინელს მისცა ან აპირებს მისცეს თავშესაფარი. მოლდოვა, თავისი ნეიტრალური სტატუსიდან და სხვადასხვა პრობლემური ფაქტორებიდან გამომდინარე, ნაკლებად ახერხებს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ბრძოლის რადიკალურ მექანიზმებს – დააწესოს სანქციები ან დახუროს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის. მიუხედავად ამისა, უკრაინელი მიგრანტების მიღება აღმოჩნდა საკვანძო საკითხი, რის მიმართაც მოლდოვა განსაკუთრებულ ლოიალობას იჩენს. ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუ ორი ქვეყნის საზღვარსაც კი ეწვია ამ პროცესზე დასაკვირვებლად. მიგრანტების საკითხისადმი ამგვარი ლოიალური მიდგომით და საკმაოდ დიდი ფინანსური თუ ლოგისტიკური რესურსის მობილიზებით ევროკავშირისგან,
მოლდოვა ახერხებს, რომ ოფიციალურად გაცხადებული ნეიტრალური სტატუსის მიუხედავად აქტიურად ითანამშრომლოს არამხოლოდ კიევთან, არამედ ევროკავშირის ქვეყნებთან და აშშ-სთან, მათ შორის, ფინანსური დახმარების მიღების სახითაც.
მიგრანტები უკრაინიდან და საქართველო
მაშინ, როცა ოფიციალური რიტორიკით, რუსეთის აგრესიის კონტექსტში, ხელისუფლება ცდილობს საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები რისკის ქვეშ არ დააყენოს, საზოგადოებაში ხშირად ჩნდება ლოგიკური შიში, რომ, შესაძლოა, ამით მმართველი პარტია რისკავდეს საქართველოს ევროინტეგრაციულ პროცესს.
როდესაც საუბარია იმაზე, თუ როგორ შეიძლება საქართველო არ გამოეთიშოს აქტიურ რეგიონულ მოვლენებს და უკრაინის მიმართ დასავლური სოლიდარობის ქმედითი აქტორი იყოს, მიგრანტების ერთ-ერთი მიმღები ქვეყნის როლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს თბილისისთვის.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური პოზიციის მიხედვით, საქართველო მზად არის უკრაინელი მიგრანტების მისაღებად. თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ან რომელიმე სხვა შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტს ამ დრომდე პოზიცია არ გამოუთქვამთ, თუ რა ინტენსივობით არიან ამ საკითხთან დაკავშირებით კავშირზე უკრაინულ ინსტიტუტებთან, ან აქვთ თუ არა რაიმე პროაქტიული სამოქმედო გეგმა ამასთან დაკავშირებით.
შესაძლებელია, რომ საქართველომ პროაქტიულად შეიმუშაოს საგანგებო სტრატეგია უკრაინის მოქალაქეების მიღების კვოტასთან, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან, და ლოჯისტიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. საჭიროა, რომ ამ მიმართულებით სწრაფი მუშაობა განხორციელდეს შესაბამისი ბიუჯეტის შესამუშავებლად და დასამტკიცებლად. ლოგიკურია, რომ გეოგრაფიული მდებარეობის, ევროკავშირთან უშუალო სახმელეთო სამეზობლო ხაზის არარსებობის და სხვა ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების გამო, საქართველოს, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, გაუჭირდება ამ პროცესში ინტენსიურად ჩართვა. თუმცა, ამ მიმართულებით პროაქტიული მუშაობა თბილისისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი იქნებოდა. საქართველოს სწრაფად სჭირდება, რომ საკუთარი დაზიანებული რეპუტაცია საქართველო-უკრაინის ურთიერთობების კონტექსტში, გარკვეულწილად, აღიდგინოს. გარდა ამისა, ქვეყანას შეეძლება, მეტად ქმედითუნარიანად გახდეს საერთოევროპული მობილიზების ნაწილი უკრაინის მხარდასაჭერად. და ბოლოს, საქართველო, მოლდოვის მსგავსად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუ მიგრაციული პოლიტიკის ამ მიმართულებით გააქტიურების შემთხვევაში, აქტიურ ფინანსურ და პოლიტიკურ თანამშრომლობაში შევა როგორც ევროკავშირთან, ისე ცალკეულ ევროპულ სახელმწიფოებთან.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ, მდგომარეობასთან ერთად, როგორც ჩანს, საქართველო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა: ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყანა აქტიურად იღებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნიდან გაურბიან ავტორიტარულ რეჟიმს. ამ პროცესს საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ ლოიალურად უყურებს და ამ მიმართულებით წამოჭრილ შესაძლო საფრთხეებს ვერ ხედავს. ამან, შესაძლოა, უფრო პრობლემატურად აქციოს, ერთი მხრივ, უკრაინელი ლტოლვილების მიღებაზე პროაქტიული მუშაობა, რადგან, დიდი ალბათობით, კიევთან ისედაც გაციებული ურთიერთობები კიდევ უფრო შეიძლება დაიძაბოს. მეორე მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია საქართველოს სახელმწიფოს უმთავრეს ეროვნულ საფრთხედაა მიჩნეული, რუსეთის მოქალაქეების დიდი დოზით შემოდინებამ, შესაძლოა, ქვეყანა უფრო მოწყვლადი გახადოს ჰიბრიდული საფრთხეების და საკუთარი შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამოწვევების წინაშეც კი.
დასკვნა
უკრაინის მეზობელი ევროკავშირის წევრი და არაწევრი დასავლური სახელმწიფოები კოორდინირებულად მოქმედებენ მიგრანტების მიღების და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. მოსალოდნელია, რომ, უახლოეს პერიოდში, დაახლოებით, 4 მილიონ მიგრანტს მოუწევს ქვეყნის დატოვება. მიუხედავად სხვადასხვა სახელმწიფოების ღიაობისა, ამ რაოდენობის მიგრანტის მიღება, მოკლევადიან პერიოდში, ევროპისთვის საკმაოდ რთული იქნება.
შესაბამისად, საქართველომ, საჭიროა, რომ ამ მიმართულებით იაქტიუროს და შესთავაზოს საერთაშორისო საზოგადოებას მიგრანტების პოლიტიკის პროაქტიული სტრატეგია, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობების შესახებ არაერთი შეკითხვა გაჩნდა როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ.
ერთი მხრივ, ომში მყოფი ტრადიციული სტრატეგიული პარტნიორის, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, რომელშიც კიევი ბოლო დროს მთლად ვერ დარწმუნდა, ბევრად უფრო ქმედითი გახდება, ვიდრე აქამდე იყო. მეორე მხრივ, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება დასავლური სამყაროსთვის, იმ ფონზე როდესაც თბილისი ატარებს არცთუისე დამაჯერებელ დაბალანსების საგარეო პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის დროს, რასაც უკვე მოჰყვა კრიტიკა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. კარგად ჩამოყალიბებული მიგრანტების პოლიტიკით საქართველოს ჯერ კიდევ შუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს უკრაინის დასახმარებლად მიმართულ ერთობლივ საერთაშორისო ძალისხმევაში.