ნინო სამხარაძე[1]
მარტის მიწურულს კორონავირუსი დაუდგინდა მარნეულში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეს, რომელიც, როგორც შემდგომ გაირკვა, რამდენიმე დღის განმავლობაში სახელმწიფოს რეკომენდაციებს არ ითვალისწინებდა, რითაც ვირუსის მასობრივი გავრცელების საფრთხის გაზრდა გამოიწვია და, შედეგად, მარნეულის და ბოლნისის რაიონები საკარანტინო ზონებად გამოცხადდა. ამ მოვლენის შესახებ მთავრობის განცხადების აზერბაიჯანულ ენაზე გავრცელებას განსაკუთრებული ვნებათაღელვა მოყვა ფართო საზოგადოების გარკვეულ ნაწილში: კონკრეტული მოქალაქის მიმართ უარყოფითი რეაქციები პანდემიის კონტექსტს გაცდა და ეთნიკურად აზერბაიჯანელების წინააღმდეგ განზოგადებულ აგრესიულ რიტორიკაში გადაიზარდა. სიძულვილის ენით გაჯერებულ რეაქციებს პასუხად მოყვა როგორც საზოგადოების ლიბერალური ნაწილის კრიტიკული გამოხმაურება, ისე თავად ეთნიკური აზერბაიჯანელების გზავნილები ონლაინ სივრცეში.
მოვლენათა ამგვარი განვითარება კორონავირუსის კრიზისის დროს სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გამკლავების პროცესში სახელმწიფოსთვის შესაძლოა დამატებითი ხელისშემშლელი ფაქტორი გახდეს. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, ვიცოდეთ, რა კონკრეტულ მოტივებს ეფუძნება ქართული საზოგადოების აგრესიულად განწყობილი ნაწილის რიტორიკა და როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ საზოგადოებრივი დაპირისპირების საზიანო შედეგების თავიდან ასაცილებლად?
რას ვედავებით საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს?
სოციალურ მედიაში ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ გამოხატულმა აგრესიულმა რიტორიკამ და არგუმენტებმა გამოკვეთა რამდენიმე პრობლემა, რომელიც სახელმწიფოს მიერ კრიზისთან გამკლავების პროცესებს მნიშვნელოვნად შეაფერხებს. ეს პრობლემები დაკავშირებულია, ერთი მხრივ, აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან, მეორე მხრივ, მოსახლეობის ფართო მასებში გავრცელებულ მცდარ წარმოდგენებთან ეთნიკური უმცირესობების მიმართ, რაც კომბინაციაში იწვევს გაუცხოებას „ჩვენ“ და „ისინი“ დიქოტომიის კონტექსში და სამოქალაქო გათიშულობის საფრთხეს აღრმავებს.
„კეთილი ინებონ, ენა ისწავლონ და ინტეგრირდნენ“
ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის შესამჩნევ ნაწილს ქართველი აზერბაიჯანელების შესახებ ცოდნა ან საერთოდ არ აქვს, ან მცდარ წარმოდგენებს ეყრდნობა. ვნებათაღელვის კონტექსტში გამოიკვეთა აგრესიული დამოკიდებულების ჯაჭვი, როგორიცაა „კეთილი ინებონ და ენა ისწავლონ“, „ინტეგრირდნენ და ჩაერთონ ქვეყნის ცხოვრებაში“ და ა.შ. ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობის ნაწილში ქართულის ცოდნის დაბალი დონე და აქედან წარმოქმნილი პრობლემები თავად ადგილობრივებს ბრალდებათ, თითქოს მათ არ სურთ ენის სწავლა და ინტეგრაცია. აზერბაიჯანელი ახალგაზრდების პასუხმა, ქართულენოვანმა კამპანიებმა თუ „ჩელენჯებმა“ აჩვენა, რომ სინამდვილეში მათ ქართული ენა სხვადასხვა დონეზე იციან, უფრო მეტიც, სტუდენტების უმრავლესობა სრულყოფილად ფლობს მას და აქტიურად ახერხებს ჩართვას ფართო საზოგადოებრივ საქმიანობაში. შესაბამისად, აშკარაა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილს არ აქვს ინფორმაცია უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამებისა და მათი შედეგების შესახებ, რომლებმაც აზერბაიჯანულ ახალგაზრდობაში ქართულის სწავლის მოტივაციაც და ცოდნის დონეც შესამჩნევად გაზარდა.
მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც ის იცის, რომ ქართველი აზერბაიჯანელებით დასახლებული რეგიონები მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს ეკონომიკური ცხოვრებისთვისაც: ქვემო ქართლის რეგიონი, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელები კომპაქტურად სახლობენ, ერთ-ერთი მოწინავეა ისეთ დარგებში, როგორიცაა ხორცის, რძის, კვერცხის და ბოსტნეულის წარმოება. ეკონომიკური აქტივობის ამ ფონზე მაინც არსებობს ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პრობლემა: CRRC-ის მონაცემების მიხედვით 2011-2019 წლებში მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი სტაბილურად ნეგატიურად უყურებს ეთნიკურად აზერბაიჯანელთან საქმიან ურთიერთობას (გრაფიკი 1).
გრაფიკი 1. საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთან საქმიანი ურთიერთობების მოწონება/არმოწონება 2011-2019 წლებში. წყარო: კავკასიის ბარომეტრი. ხელმისაწვდომია: https://caucasusbarometer.org/ge/cb2019ge/BUSINAZG/
ეს მონაცემები ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების შესახებ მოსახლეობის არასრულყოფილ ცოდნაზე მიუთითებს, რაც ხელს უწყობს დისკრიმინაციული განწყობების გაღრმავებას. შედეგად, საზოგადოების ნაწილი არათუ ვერ აანალიზებს უმცირესობების რესურსის მნიშვნელობას, არამედ ინტეგრაციული პროცესების გზაზე ხელისშემშლელ ფაქტორადაც გვევლინება. ამგვარად, დგება იმის საჭიროება, რომ ქართულ მოსახლეობაში გაძლიერდეს საინფორმაციო კამპანია საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების კონსოლიდაციას და გაადვილებს საერთო კრიზისული სიტუაციებისთვის თავის გართმევას.
სტუმრად მოსული „თათრები“ დავითგარეჯთან რატომ არ დგანან?
სოციალურ ქსელში ოფიციალური საინფორმაციო გვერდების მიერ გამოქვეყნებული თემატური მასალების ნეგატიურ გამოხმაურებებში რამდენიმე ასპექტი გამოიკვეთა: თავდაპირველი დამოკიდებულებები გამოირჩევა სტერეოტიპული ელემენტებით, როგორიცაა აზერბაიჯანელების „თათრებად“ მოხსენიება, განსხვავებულ ადათ-წესებზე ხაზგასმა, ან მათი არათანამედროვეობასთან, ჩამორჩენილობასთან ასოცირება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მიდგომები სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილის მხრიდან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა, აგრესიულად განწყობილი მოსახლეობის არგუმენტებში ეტაპობრივად გაჩნდა ტრადიციული მოთხოვნა: „გავიდნენ და დავითგარეჯთან დადგნენ“. ეთნიკურად აზერბაიჯანელებისთვის მაინცდამაინც ამ ვალდებულების დაკისრება ნიშნავს, რომ ისინი უფრო მკვეთრად ასოცირდებიან აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან, ვიდრე საქართველოსთან, რადგან “დავითგარეჯთან დგომა“ აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან სადავო სასაზღვრო ტერიტორიისთვის ბრძოლას მოიაზრებს. ამასვე ადასტურებს მიმართვები, როგორიცაა „წავიდნენ იქ, სადაც თავიანთი ადგილია“. ცხადია, რომ მასების აღქმა იმგვარია, თითქოს აზერბაიჯანელები სტუმრები არიან საქართველოში და მათი ნამდვილი სამშობლო სადღაც სხვაგანაა. ეს მიდგომა კი ქართველი აზერბაიჯანელების სახელმწიფოსგან გარიყვას, მათ მარგინალიზაციას უწყობს ხელს.
აღნიშნული მაგალითები ცხადყოფს, რომ საქართველოში არსებობენ ჯგუფები, რომლებისთვისაც აზერბაიჯანელი მოქალაქეები არ აღიქმებიან სახელმწიფოს ნაწილად, რაც ამძაფრებს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პრობლემას და საზოგადოების სხვადასხვა ნაწილებს შორის პოტენციური დაპირისპირების რისკს. ეს კი კომბინაციაში შეიძლება გახდეს ხელისშემშლელი ფაქტორი როგორც კონკრეტულად კორონავირუსის გამოწვევების წინააღმდეგ სახელმწიფოს ეფექტიან ბრძოლაში, ისე ქვეყნის წინაშე არსებული მასშტაბური მიზნების – ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესებში.
აზერბაიჯანული თემის რეალური პრობლემა და სახელმწიფოს როლი
ეთნიკური უმცირესობების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობისა და ცრურწმენებზე დაფუძნებული მიდგომების პარალელურად კარანტინის პირობებში კიდევ უფრო შესამჩნევად გამოიკვეთა სახელმწიფოს ენობრივი პოლიტიკის ხარვეზი აზერბაიჯანელი თემის უფროსი თაობის მიმართ. ახალგაზრდებისგან განსხვავებით ჩვენი მოქალაქეების ამ ნაწილში, ბუნებრივია, ახალი ენის შესწავლისთვის მრავალი სირთულე არსებობს, რაც ხელს უწყობს მათ ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნას, ან ალტერნატიული თურქულ და რუსულენოვანი მედიასაშუალებებით არასრულფასოვანი ინფორმაციის გავრცელებას. ეთნიკურად აზერბაიჯანელების ქართულენოვან საშუალებებზე შეზღუდული წვდომა ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში სახელმწიფოს რეკომენდაციები არ იყო აღქმული საჭირო სიმძაფრით, რამაც, დიდი შანსია, კიდევ უფრო გაამძაფროს საგანგებო მდგომარეობის სიმძიმე. ამის პრევენციისთვის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებებმა უნდა უზრუნველყონ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ადგილობრივ ენებზე ინფორმირება, რაც ხელს შეუწყობს მათ მიერ საქართველოში არსებული მდგომარეობის გააზრებას, ეს კი მნიშვნელოვნად დაეხმარება ქვეყანას პანდემიის წინააღმდეგ სისტემურ ბრძოლაში.
როგორც კრიზისმა აჩვენა, აქამდე განხორციელებული ენობრივი პოლიტიკა საკმარისი არ არის, განსაკუთრებით კი საგანგებო სიტუაციებთან გასამკლავებლად. ამასთან, წლების მანძილზე დაგროვილმა გათიშულობამ და სტერეოტიპულიმა მიდგომებმა კრიზისის ფონზე უფრო იჩინა თავი და საზოგადოების სხავდასხვა ფენებს შორის აგრესიასა და დაპირისპირებებში გადაიზარდა. ამგვარად, იქმნება სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის დამაზიანებელი შედეგების რეალური საფრთხე სხვადასხვა დონეზე: მოკლევადიან პერსპექტივაში ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ აგრესიული რიტორიკა გაზრდის მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირების რისკს, რაც საერთო კრიზისის პირობებში ეფექტიან კომუნიკაციას და პანდემიის წინააღმდეგ საზოგადოების ერთობლივ და შეთანხმებულ მოქმედებას გაართულებს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ხსენებული გამოწვევები, შესაძლოა, საქართველოს სახელმწიფოსთვის ხელისშემშლელ ფაქტორებად ჩამოყალიბდეს როგორც კრიზისებთან გამკლავების, ისე ქვეყნის ინსტიტუციური და დემოკრატიული განვითარების გზაზე.
ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, რომ ეთნიკურ უმცირესობებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუტები უფრო სისტემურად მიუდგნენ როგორც აზერბაიჯანელი თემის უკლებლივ ყველა ფენის ინტეგრირების, ისე მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის ინფორმირების საკითხს: ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის სახელმწიფო ენის სწავლება უნდა გაძლიერდეს განათლების პირველივე საფეხურებიდან, პარალელურად კი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შედარებით უფროსი თაობის სისტემატიური ინფორმირება სახელმწიფოში მიმდინარე პროცესების შესახებ მათთვის გასაგებ ენაზე, რაშიც სახელმწიფო საინფორმაციო რესურსების აქტიურად მობილიზებაა საჭირო. თუმცა, მხოლოდ საკუთრივ ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ გატარებული ღონისძიებები შედეგისმომცემი ვერ იქნება, თუ არ მოხდება ზოგადად მოსახლეობის მათ შესახებ ინფორმირება და მასებში გაბატონებული სტერეოტიპების გადააზრება. ამისთვის ეთნიკურ საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო ინსტიტუტებმა უნდა გაითვალისწინონ სამოქალაქო საზოგადოების კვლევების შედეგები და რეკომენდაციები, დაგეგმონ და აქტიურად განახორციელონ საინფორმაციო ღონისძიებები და ამით ხელი შეუწყონ ქართველი აზერბაიჯანელების მიმართ მიმღებლური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ღირებულებების გათავისების გზაზე.
_________________________________________________________________________________________________
[1] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უმცროსი ანალიტიკოსი.