ამჟამად საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტი თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის ნდობის ჯგუფის ფორმირების საკითხს წყვეტს. ნდობის ჯგუფი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურაა, რომლის უშუალო ფუნქციაც თავდაცვის და სამართალდამცავი ორგანოების საიდუმლო საქმიანობისა და ხარჯების კონტროლია; მის წინაშე ანგარიშვალდებულია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური; მას აქვს წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს შეეხება.
აქედან გამომდინარე, ნდობის ჯგუფის წარმატებული მუშაობისათვის აუცილებელია მისი დაკომპლექტება მოხდეს შესაბამისი კომპეტენციის, ბიოგრაფიისა და რეპუტაციის დეპუტატებით. სამწუხაროდ წინა, მერვე მოწვევის პარლამენტმა გააუქმა ნდობის ჯგუფის წევრებისათვის კენჭისყრის აუცილებლობა, რამაც ამ ჯგუფის მნიშვნელობა, მისი პოლიტიკურ წონა და ლეგიტიმაციის ხარისხი დააკნინა. აღნიშნული უნდა შეფასდეს, როგორც უსაფრთხოების სტრუქტურებზე დემოკრატიული კონტროლის კუთხით უკანგადადგმული ნაბიჯი.
საქართველოს კანონმდებლობით აუცილებელია, რომ ნდობის ჯგუფის წევრებმა გაიარონ უსაფრთხოების სამსახურების კანონით გათვალისწინებული შემოწმება მათი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე. ასევე, მათთან ერთად კომიტეტების სხვა წევრებსაც მოუწევთ ნატოს ეგიდით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა, რისთვისაც მათ დასჭირდებათ ნატოს უსაფრთხოების შემოწმების გავლაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:
- განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს ამ კომიტეტებისა და ნდობის ჯგუფის დაკომპლექტებას, რათა თავიდან აიცილოს მნიშვნელოვანი ზიანი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის;
- აღადგინოს ნდობის ჯგუფის წევრების კენჭისყრით დანიშვნის წესი და შესაბამისად დააკომპლექტოს ახალი ნდობის ჯგუფი;
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2013 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხელი შეუწყოს სამოქალაქო, დემოკრატიული კონტროლის განხორციელებას უსაფრთხოების სექტორზე და სამოქალაქო საზოგადოებას მიეცეს რეალური საშუალება, რომ ერთის მხრივ მონიტორინგი განახორციელოს მიმდინარე პროცესებზე, მეორეს მხრივ კი თანამონაწილეობით ხელი შეუწყოს უსაფრთხოების სფეროში რეფორმების შემდგომ განხორციელებას.
“კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” განცხადების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ემზარ კვიციანის ნდობის ჯგუფში სავარაუდო დანიშვნასთან დაკავშირებით. თუმცა, მიგვაჩნია, რომ პრობლემის ინსტიტუციურ ჩარჩოებში მოსაგვარებლად და მომავალში ანალოგიური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების განხორციელება. კოალიცია მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს პარლამენტთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე.
- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო – Transparency International Georgia
- სამოქალაქო განვითარების სააგენტო – Civil Development Agency
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – International Society for Fair Elections and Democracy
- ფონდი ღია საზოგადოება საქართველო – Open Society Georgia Foundation
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო – Atlantic Council of Georgia
- საქართველოს ფერმერთა ასოციაცია – Georgian Farmers Association
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – Institute for Development of Freedom of Information
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი – The Economic Policy Research Center
- მწვანე ალტერნატივა – Green Alternative
- საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი – Georgian Center for Security and Development
- მედიის განვითარების ფონდი – Media Development Foundation
- საქართველოს გაეროს ასოციაცია – UN Association of Georgia
- საზოგადოება და ბანკები – Society and Banks
- საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი – Georgian Foundation for Strategic and International Studies
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – Georgian Democracy Initiative
- საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი – Georgian Institute of Politics
- სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი – Regional Centre for Strategic Studies
- კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი – In Depth Reporting and Advocacy Center
- ხმა საქართველოდან – Voice from Georgia
- ლიბერალური აკადემია თბილისი – Liberal Academy Tbilisi
- კავშირი საფარი – Union Sapari
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია – Georgian Reforms Associates
- მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის – World Experience for Georgia