2017-10-06 13:03:09
25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანში შედგა არაერთგზის გადადებული რეფერენდუმი. ბიულეტენებში ერთადერთი კითხვა იყო შეტანილი: „გსურთ თუ არა, რომ ქურთისტანის რეგიონი და ქურთისტანის ის ადგილები, რომლებიც რეგიონის საზღვრებს გარეთაა, გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო?“ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ქურთისტანის რეგიონისა და მისი მთავრობის მიერ კონტროლირებადი მიმდებარე ტერიტორიების მოსახლეობის დაახლ. 72%-მა. რეფერენდუმში მონაწილეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ (86%) მხარი დაუჭირა ქურთისტანის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. აქვე ხაზგასასმელია, რომ რეფერენდუმზე დამოუკიდებლობის მხარდაჭერა სულაც არ ნიშნავს ავტომატურად დამოუკიდებლობის გამოცხადებას – რეფერენდუმის განაწესის მიხედვით, ერაყის ქურთისტანის ხელმძღვანელობას ეს უფლებას აძლევს მის შედეგებზე დაყრდნობით მომავალში გამოაცხადოს დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს შექმნა. ერაყის ქურთისტანის ლიდერებიც ხაზს უსვამენ, რომ არ აპირებენ დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ გამოცხადებას. ისინი რეფერენდუმის შედეგებს განიხილავენ, როგორც მანდატს მოლაპარაკებების დაწყებისათვის ქურთული სახელმწიფოს შექმნის შესახებ ერაყის მთავრობასა და მეზობელ სახელმწიფოებთან.