21/09/2020 magda

ახალგაზრდული მანიფესტი

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2020-09-21 11:47:44

მანიფესტი პროექტ #GEOYOUTH2020 –„ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ფარგლებში მომზადდა, რომელიც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, გერმანულ პარტნიორ ორგანიზაცია Polis180-თან თანამშრომლობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტმა „ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“ (მაისი-სექტემბერი, 2020) საქართველოს 150-ზე მეტი ახალგაზრდა შეკრიბა 10 რეგიონულ სამიტზე, სადაც მონაწილეებმა სპეციალურად მომზადებული ჯგუფური სამუშაოების დროს იმსჯელეს ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობის ხელისშემშლელი ფაქტორების შესახებ და წარმოადგინეს თითოეული პრობლემის გადაჭრის გზა. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს თბილისში, აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში (სომხურენოვანი ჯგუფი), კახეთსა და ქვემო ქართლში (ქართული და აზერბაიჯანულენოვანი ჯგუფები) მცხოვრებმა ახალგაზრდებმა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობა, რაც პროექტს მეტად ინკლუზიურს, ხოლო სამიტებიდან მიღებულ მასალას მეტად ვალიდურს ხდის.

ეს ყოველივე კი გაერთიანებულია ახალგაზრდულ მანიფესტში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საქართველოში გადაწყვეტილების მიმღები პირების ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდების პოლიტიკაში მონაწილეობის საჭიროებების შესახებ და ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემების ადვოკატირება. მანიფესტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და კარგი საშუალებაა პოლიტიკური პარტიებისთვის ახალგაზრდების პრობლემებისა და საჭიროებების გასაცნობად და შემდეგ წინასაარჩევნო პროგრამებში გასათვალისწინებლად.

რეგიონული სამიტების ფარგლებში, გამოიკვეთა 9 ძირითადი მიმართულება, რომლებიც ახალგაზრდებისთვის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისთვის ძირითად დაბრკოლებებს წარმოადგენს. იგულისხმება ისეთი საკითხები, როგორიცაა რესურსების ნაკლებობა, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული წარმოდგენები, განათლების დაბალი დონე და ახალგაზრდული პლატფორმების ნაკლებობა, ეთნიკური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულებები, პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობის დაბალი დონე, მათი ჩაკეტილი სტრუქტურა და ნეპოტიზმი. აღნიშნულ მანიფესტში თითოეული მიმართულება მოცემულია გამოწვევის სახით და თან ახლავს ახალგაზრდების მიერ შემოთავაზებული პრობლემების გადაჭრის გზები. მანიფესტი უცვლელად ასახავს ახალგაზრდების მსჯელობის შედეგებს და  პრობლემათა მოგვარების მათეულ ხედვას.

, , ,