Author
მეგი ბენია
გამოწვევები რეგიონისა და საქართველოსთვის
მეგი ბენია
პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი
2016 წლის 14 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიიღო მთავრობის შეთავაზება და ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ძალების ერთობლივი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის შესახებ. არსებული ინფორმაციით, დაჯგუფების ძირითადი მიზანი იქნება რუსეთისა და სომხეთის სახმელეთო საზღვრის დაცვა და მუშაობა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ფარგლებში (რეგიონალური ორგანიზაცია პოსტ-საბჭოთა სივრცეში).
ამასთანავე, ამ დაჯგუფების ლიდერი დაინიშნება სომხეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მიერ მის რუს კოლეგასთან შეთანხმებით. მშვიდობიან პერიოდში, გაერთინებული დაჯგუფების მეთაური დაექვემდებარება სომხეთის გენერალური შტაბის უფროსს, ხოლო ომის დროს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქს (სსო) ან ისევ სომხეთის გენერალურ შტაბს, ეს დამოკიდებული იქნება იმ კონკრეტულ მომენტში არსებულ სიტუაციასა და მეთაურების გადაწყვეტილებაზე.
მანამ, სანამ ახალ გარემოებას გავაანალიზებთ, უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთ-რუსეთის სამხედრო ურთიერთობა არ წარმოადგენს ახალ ფენომენს. ასე მაგალითად, 1995 წლის 16 მარტს მხარეებმა გააფორმეს ხელშეკრულება სომხეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის განლაგების შესახებ, რომელიც პასუხისმგებელია დსთ-ს ფარგლებს გარედან ანუ თურქეთიდან (ნატო) და ირანიდან წამოსულ შესაძლო საფრთხეებზე. გარდა ამისა, 1998 წელს გაფორმდა ხელშეკრულება შესაძლო სამხედრო ინტერვენციის დროს ერთობლივი მოქმედების შესახებ. წლების განმავლობაში, ამ სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში, რუსეთი და სომხეთი ხშირად მართავდნენ ერთობლივ წვრთნებს და ერთ-ერთი ბოლო იყო 2015 წელს არაგაწის პოლიგონზე შესაბამისი სახელწოდებით „არაგაწი 2015“ ჩატარებული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებდა თითქმის ყველა სახის მძიმე ტექნიკა და რაც მთავარია, ძალებს ევალებოდათ (იმიტირებულად) სომხეთსა და თურქეთის საზღვარზე განლაგებული სადაზვერვო ჯგუფების მოგერიება.
2010 წელს, სამხედრო ბაზის შესახებ ხელშეკრულება გაგრძელდა 2044 წლამდე, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დააკონკრეტა ამ ბაზის პასუხისმგებლობის ზონები – ამიერიდან ნებისმიერი საგარეო საფრთხე სომხეთის წინააღმდეგ აღიქმება ასეთივე საფრთხედ რუსეთისთვის.
რაც შეეხება უშუალოდ სამხედრო დაჯგუფების შექმნას, შეიძლება ითქვას, რომ მას გადაჰყავს ეს „ურთიერთობები“ სხვა დონეზე. ჩნდება საშიშროება, რომ რუსეთი ცდილობს გამოიყენოს სომხეთი, როგორც საკუთარი პოლიგონი რეგიონში, რათა გაცილებით მარტივად მოახდინოს აქ საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური ინტერესების გატარება.
იმისათვის, რომ გავიაზროთ რასთან გვაქვს საქმე უმჯობესი იქნება განვიხილოთ თვითონ ამ დაჯგუფების ფორმა და მიზანი. პირველ რიგში, ის ფაქტორი, რომ საომარი მოქმედებების დროს, ამ სამხედრო სუბიექტის მმართველობა ექვემდებარება სსო-ს უკვე საგანგაშოა, წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით. სსო – წარმოადგნეს უზარმაზარ სამხედრო ძალას, რადგან მის უშუალო დაქვემდებარებაში და მის შემადგენლობაში შემავალი 58-ე (1-ლი ოპერატიული სარდლობა) და 49-ე (მე-2 ოპერატიული სარდლობა) საერთო-საჯარისო არმიების გარდა, ოლქში შედის შავი ზღვის ფლოტი და კასპიის ფლოტილია, საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მე-4 სარდლობა. ის რუსეთის ფედერაციის სამი ადმინისტრაციული ერთეულის – სამხრეთის, ჩრდილოეთ კავკასიისა და 2014 წლიდან ანექსირებული უკრაინული ყირიმის ტერიტორიებზეა განთავსებული. აღნიშნულის გარდა სსო-ს 3 სამხედრო ბაზა განლაგებულია სამხრეთ კავკასიაში – 102-ე ს.ბაზა სომხეთში ქ. გიუმრიში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – მე-7 ს.ბაზა აფხაზეთში ქ. გუდაუთა, მე-4 ს.ბაზა ცხინვალის რეგიონი ქ. ცხინვალში და ჯავაში. მისი ტერიტორიული მდებარეობა კი ნათლად მიგვანიშნებს ამ სამხედრო ოლქის პოლიტიკურ და სტრატეგიულ ღირებულებაზეც.
მეორეც, ის გარემოება, რომ ამ დაჯგუფების ერთ-ერთი მოვალეობა იქნება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ფარგლებში მუშაობა, მეტად საყურადღებოა. გამომიდინარე იქიდან, რომ ორგანიზაციის მთავარი პრინციპი NATO-ს ტიპის თავდაცვაა ანუ ერთ-ერთი წევრის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმა მოგერიებული იქნება ერთიანი ძალებით.
ყველა ზემოთჩამოთვლილი გარემოება და ლეგიტიმური ჩარჩო ახალ, ერთობლივ დაჯგუფებასთან ერთად, ქმნის რეალობას, სადაც სომხეთის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება, გარეშე ძალ(ებ)ის მხრიდან, უპასუხოდ არ დარჩება და ამჯერად სამხედრო მოქმედებებში მთელი სამხრეთის სამხედრო ოლქი ჩაერთვება.
ცხადია, ეს ახალი მოცემულობა რეგიონში არსებულ მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე იქონიებს გავლენას. ვიწრო სპექტრიდან თუ ვიმსჯელებთ, ეს თემებია ერთი მხრივ, სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტური ზონები – აფხაზეთი, სამაჩაბლო, განსაკუთრებით კი მთიანი ყარაბაღი, რომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სომხეთის კონსტიტუციაშია გაწერილი, ხოლო მეორე მხრივ, უფრო ფართო, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთი, კერძოდ კი სირიის საკითხი, სადაც რუსეთი აქტიურად ცდილობს არ დარჩეს თამაშ გარეთ, რათა საბოლოოდ არ დაკარგოს საკუთარი პოზიციები ამ გეოპოლიტიკურად რთულ და დაძაბულ რეგიონში. თუ ამას გაცილებით ფართოდ მივუდგებით, მაშინ უნდა ითქვას, რომ არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ რუსეთს ნებისმიერი სახის სამხედრო მობილიზება და გაძლიერება ამ რეგიონში სჭირდება დასავლეთის, NATO-ს წინააღმდეგ, რათა არ დაუშვას მათი შემოსვლა და გამაგრება მის მიერ დეკლარირებულ გავლენის სფეროებში.
მნიშვნელოვანია ისიც რომ, წლების განმავლობაში, თურქეთი, როგორც NATO-ს წევრი ქვეყანა, ითვლებოდა იმ სამხედრო და პოლიტიკურ ძალად, რომელიც შესაძლო გამწვავების შემთხვევაში შეძლებდა ალიანსისა და დასავლეთის ინტერესების დაცვას რეგიონში. ხშირ შემთხვევაში თურქეთის პოლიტიკა იგივდებოდა NATO-ს პოლიტიკასთან და სწორედ ამიტომ, სომხეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ნებისმიერი ტიპის სამხედრო წვრთნა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მიზნად ისახავდა თურქეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო მოქმედებების მოგერიებას, რაც კარგად იფუთებოდა სომხეთ-თურქეთის დაძაბული ურთიერთობებით, რომელსაც გასაგები ისტორიული მიზეზები განაპირობებს.
თუმცა, სიტუაცია განსხვავებულია დღეს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის მესამე საპრემიერო ვადიდან მოყოლებული და განსაკუთრებით მისი პრეზიდენტობის დროს, ოფიციალური ანკარა აქტიურად ცდილობს დასავლეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატაროს. განსაკუთრებულად კი ეს გამოიხატება ახლო აღმოსავლეთის საკითხებთან, კერძოდ კი სირიასთან მიმართებით. ამ კონტექსტში განვიხილავთ მხოლოდ რუსეთთან დამოკიდებულაბას.
უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთსა და რუსეთს, დამოუკიდებელ კონტექსტში, დაძაბული ურთიერთოებები ერთი საუკუნეა არ ჰქონიათ (1921 წელს გაფორმებული „მოსკოვის შეთანხმების“ შემდეგ). მიუხედავად იმისა, რომ „ცივი ომის“ დროს ისინი სხვადასხვა ბანაკში იყვნენ და მისი დასრულების შემდგომაც არ აღმოჩენილან თამაშის ერთ მხარეს, მათ შორის კონსტრუქციული ურთიერთობები ნარჩუნდებოდა. ამდენი ხნის შემდეგ მათი ურთიერთობები ჩიხში შევიდა, როდესაც 2015 წლის 24 ნოემბერს თურქეთ-სირიის საზღვარზე საჰაერო სივრცის დარღვევის მიზეზით თურქეთმა ჩამოაგდო რუსული სუ-24. მიუხედავად სიტუაციის კრიტიკულობისა, თურქულმა მხარემ არ დააყოვნა და რამდენიმე თვეში, ყველასთვის მოულოდნელად, პრეზიდენტმა ერდოღანმა ბოდიში მოიხადა და მეტიც, 2016 წლის აგვისტოში შეხვდა მის კოლეგას სანქტ-პეტერბურგში. სწორედ ეს შეხვედრა წარმოადგენს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების შემობრუნების წერტილს დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე.
აღნიშნულ შეხვედრაზე, როგორც თურქეთის ოფიციალური პირები და მკვლევარები აღნიშნავენ, გარდა სავაჭრო-ეკონომიკური და ენერგეტიკული (თურქული ნაკადი) საკითხებისა, აქტიურად განიხილებოდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა. უნდა ითქვას, რომ მსგავსი ტიპის კავშირებზე გაცილებით საგანგაშო, ამ ორი სახელმწიფოს შესაძლო თანამშრომლობაა სირიის საკითხის გადასაჭრელად და მით უმეტეს მესამე მხარის, ამ შემთხვევაში დასავლეთის ჩარევის გარეშე. სწორედ ამ კონტექსტში, მეტად საეჭვოა ის, რომ ერთი მხრივ ერთობლივი შეიარაღებული დაჯგუფების შესახებ მთავრობის წინადადებას პრეზიდენტმა პუტინმა მის თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ მოაწერა ხელი, ხოლო მეორე მხრივ, ოფიციალური ანკარა დუმილს ამჯობინებს მისთვის მეტად მნიშვნელოვან საკითხზე. ეს გარემოება, გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ამ დუმილის სანაცვლოდ მხარეები შეთანხმდნენ თურქული სამხედრო თვითმფრინავების დაშვებაზე სირიის საჰაერო სივრცეში, განსაკუთრებით კი მის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელსაც ქურთული ნაციონალისტური დემოკრატიული ერთობის პარტია PYD აკონტროლებს (ითვლება PKK-ს სამხედრო ფრთად სირიაში, ვრცლად იხ. ამ კომენტარში) – ამ იდეის რეალობაში მოყვანა კი ოფიციალურ ანკარას დიდი ხანია სურს.
იმ შემთხვევაში თუ მხარეებმა მსგავს შეთანხმებას ნამდვილად მიაღწიეს, შესაძლოა ურთიერთდათმობები რეგიონში სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც შეეხოს. საყურადღებო აქ კი ის არის, რომ რუსეთ-თურქეთის მსგავს დაახლოებას ვერ განვიხილავთ, როგორც მჭიდრო კავშირს, რადგან მათი ამჟამინდელი ლიდერების ხედვა არ არის დაფუძნებული მყარი კავშირების პოლიტიკაზე, ეს ამ კონკრეტული სიტუაციისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებაა. აბსოლუტურად ცხადია, რომ როგორც კი მათი გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს დაეჯახება, ეს კავშირი აუცილებლად ჩამოიშლება.
ასეთი მოცემულობა, სადაც მოვლენების შემდგომი განვითარება კონკრეტული ლიდერების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, არის დამღუპველი რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, რადგან ქმნის არაპროგნოზირებადობისა და გაურკვევლობის შეგრძნებას.
ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია თუ რა პოზიცია ექნება აზერბაიჯანს, რადგან შეიძლება ითქვას, ეს დაჯგუფება მას ხელ-ფეხს უკრავს მთიანი ყარაბაღის საკითხში სომხეთთან მიმართებით. სიტუაციის კრიტიკულობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ოფიციალური ბაქო განცხადებას არ აკეთებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთმა აზერბაიჯანელმა მკვლევარმა ამ გარემოებას პირდაპირ საფრთხის შემცველი უწოდა ბაქოსთვის.
კიდევ ერთი აქტორი, რომელიც აუცილებელია ვახსენოთ, არის ირანი. მის რეგიონალურ როლზე აქტიურად ალაპარაკდნენ ირანის მიმართ სანქციების მოხსნის შემდგომ. თუმცა რაც ყურადღების მიღმა რჩება არის სანქციათა პაკეტი, რომელიც უცვლელი დარჩა ირანის შეთანხმების შემდეგაც. სანქციების პაკეტი ირანს საშუალებას არ აძლევს მონაწილეობა მიიღოს რეგიონში მიმდინარე ისეთ პოლიტიკურ აქტივობებში, რომლებიც შესაძლოა აღქმული იყოს ირანის მხრიდან როგორც სიტუაციის დესტაბილიზაციად.
რაც შეეხება საქართველოს, აქ საჭიროა საკითხების ორ ნაწილად გაყოფა: 1. გაერთიანებული შეიარაღებული დაჯგუფების მნიშვნელობა და 2. ქვეყნის ოფიციალური პოზიცია ამ საკითხზე.
პირველ შემთვევაში საქმე ძალიან მარტივადაა. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ეს დაჯგუფება ომის დროს გადავა რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში, რომელშიც თავის მხრივ საქართველოს ოკუპირებულ ტერიორიებზე განალგებული რუსეთის სამხედრო ბაზებიც შედის, ეს ავტომატურად ნიშნავს ოფიციალური თბილისის მოვლენათა ეპიცენტრში ჩართვას. ამასთანავე, თუ ეს საკითხი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ გამომდინარეობს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების კონექსტიდან, ის მეტად საყურადღებოა. თუ აქამდე, საკუთრივ ოფიციალური ანკარის პოზიციიდან გამომდინარე, საქართველოსთვის თურქეთი იყო ბუნებრივი მოკავშირე ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, ამჯერად ეს გარემობა გარკვეულწილად შესაძლოა შეიცვალოს. გასაგებია, რომ საქართველოსთვის მისი დასავლური კურსი უცვლელია, მაგრამ მისი შენარჩუნება გაცილებით რთული ხდება ახალ გარემოებებში და ჩნდება საშიშროება იმისა, რომ შესაძლოა ქვეყანა რეგიონალური იზოლაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. გამომდინარე საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობიდან, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ კრიტიკულ ვითარებაში საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურები იყოს მაქსიმალურად მობილიზირებული, რათა ადგილი არ ჰქონდეს ისეთ მოვლენებს, რომელიც შეარყევს ოფიციალური თბილისის პოზიციებს რეგიონალურ და საერთაშორისო არენაზე.