Author

13/06/2022 ნინო სამხარაძე

საზოგადოების მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მიმართ: რა ელის საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიღმა

2022 წლის  ივნისი ისტორიული პერიოდია საქართველოს ევროინტეგრაციული მომავლისთვის. კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხის თბილისის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არაერთი მიზეზის გამო, გარდამტეხი იქნება ქვეყნის სწორი გზით განვითარებისთვის. ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ საქართველოში ტრადიციულად მაღალი მხარდაჭერა არსებობს, რაც გამოხატულია და დაფიქსირებულია ქვეყნის კონსტიტუციაში. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ამ ეტაპზე კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, საზოგადოებრივ მხარდაჭერის შენარჩუნება გაძნელდება.

ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბრიუსელმა განსაკუთრებული სიფრთხილით განიხილოს ის სარისკო შედეგები, რაც სწორედ ახლა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღმა დატოვებას შეიძლება მოჰყვეს. ამ რისკებზე მსჯელობა და მათ თავიდან აცილებაზე მუშაობა მნიშვნელოვანია, რადგან არაპროგნოზირებად და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში, შეიძლება, ქვეყნის ევროპული მომავალი სერიოზულად დაზიანდეს, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროპულ რადარს მიღმა დარჩება და კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

ბრიუსელის დადებითი გადაწყვეტილება, როგორც ევროსკეპტიციზმის პრევენცია

საქართველოში ევროინტეგრაციის მიმართ ტრადიციულად ძლიერი მხარდაჭერა არსებობს, თუმცა, თუ ამ განწყობებს და მათ დინამიკას უფრო მეტად ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ ბრიუსელში საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები საზოგადოებრივ განწყობებზე პოზიტიურ გავლენას ახდენს.

ქართული საზოგადოების ევროკავშირში გაწევრების მომხრეთა მაჩვენებელი 60%-ზე დაბალი არასდროს ყოფილა. 2010 წლიდან დღემდე ყველაზე დაბალი ეს მხარდაჭერა იყო 2015 წელს (61%), ყველაზე დიდი, 10%-იანი ზრდა კი დაფიქსირდა 2015-2017 წლებში (გრაფა 1).

 

გრაფა 1: დროითი მწკრივი – ხვალ რომ რეფერენდუმი ტარდებოდეს, დაუჭერდით თუ არა მხარს გაწევრიანებას ევროკავშირში?

წყარო: https://caucasusbarometer.org/ge/eu_ge/EUMEMVOT/?fbclid=IwAR0dR8RKiVXy-oH0sEIbqc4wdVhzXtm4vjfJxs24Yb2qmg8uqTANC62xe_M

 

შესამჩნევია, რომ მხარდაჭერის ამგვარი ზრდის ეპიზოდი ემთხვევა საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე: ამ პერიოდში დაიწყო 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებების იმპლემენტაცია, ხოლო 2017 წლიდან ამოქმედდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ამ მოვლენებმა, გარდა იმისა, რომ ხელშესახები სარგებელი მოუტანა საქართველოს მოსახლეობას, პოლიტიკურად შექმნა საზოგადოებაში გაძლიერებული კეთილგანწყობა და გამოკვეთა საზოგადოებრივი დაკვეთა ინტეგრაციული პროცესის გაღრმავების მიმართ. ამ პროცესის საბოლოო მიზანი კი, საქართველოს სახელმწიფოსთვის, შესაბამისად, მისი მოსახლეობისთვის, კავშირის წევრობაა.

2022 წლის თებერვლიდან მარტის ჩათვლით მოსახლეობის ევროინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა ასევე აშკარა ზრდას განიცდის (გრაფა 2), რაც, სავარაუდოა, რომ გამოწვეულია რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომით და, შედეგად, პრო-დასავლური განწყობების გაძლიერებით საქართველოში. ეს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სიგნალია ბრიუსელის მიმართ საქართველოს საზოგადოებისგან, თუ რამდენად ძლიერი და ზრდადია მოთხოვნა ევროინტეგრაციის პროცესისადმი.

 

გრაფა 2: მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას? 13 თებერვალი – 22 მარტი, 2022 (მისაწვდომია ინგლისურად)

წყარო: https://www.iri.org/wp-content/uploads/2022/04/IRI-Poll-Presentation-Georgia-March2022_Final.pdf?fbclid=IwAR2UvHfjE7_C_YJOFbRa2uxaG8wcnqnx2hvPvzDQ_of-BozSM1gvNHmiyjU

 

შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომელიც ბრიუსელში 23-24 ივნისს უნდა გამოცხადდეს, გარდამტეხ გავლენას მოახდენს საზოგადოების გაწყობაზე. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება ახალი ფაზა საზოგადოებრივი აზრის მობილიზებისთვის საქართველოში. ლოგიკურია, რომ სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, მხარდაჭერა და მოტივაცია კიდევ უფრო გაძლიერდება და საზოგადოებაში გაჩნდება მთავრობის კონტროლის მეტი რესურსი, რათა ის წარმატებით შეუდგეს კანდიდატი ქვეყნისთვის დაკისრებული ვალდებულებების ძირეულად შესრულებას.

თუმცა, თუკი საქართველო, ამ ეტაპზე, ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ან მის რაიმე ჩამნაცვლებელ ფორმასთან მოუწევს ადაპტირება, დიდი ალბათობით, ეს ხელს შეუწყობს ევროსკეპტიციზმის გავრცელებას და მნიშვნელოვნად შეამცირებს საზოგადოებრივ მხარდაჭერას ევროინტეგრაციული პროცესისადმი. ეს დინამიკა იქნება ერთგვარი გაგრძელება, ერთი მხრივ, იმედგაცრუებისა, რომელიც ქართველმა ხალხმა 2008 წელს აგვისტოს ომის დროს დასავლეთის ინერტულობის გამო განიცადა. მეორე მხრივ, ეს შეიძლება იყოს ანარეკლი სამომავლო პერსპექტივის გარშემო ნიჰილისტური განწყობისა, რომ საქართველომ უკვე გაუშვა ხელიდან მნიშვნელოვანი შანსი, რომელიც მომავალში ძნელად ექნება.

მომძლავრებული რადიკალური მემარჯვენე ნარატივის შეკავება

განსაკუთრებულ საფრთხეს, ამ ეტაპზე, ქვეყნის შიგნით, ევროინტეგრაციული პროცესისთვის, წარმოადგენენ ის რადიკალური მემარჯვენე ჯგუფები, რომლებიც, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, პრო-რუსული და ანტი-დასავლური რიტორიკის გამოყენებით მოქმედებენ. გამოკვეთილად მნიშვნელოვანია სამი ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკური პარტია – კონსერვატიული მოძრაობა, პატრიოტთა ალიანსი და ერი – რომლებსაც, ამავდროულად, გააჩნიათ საზოგადოებრივი მობილიზაციის საკმაოდ ძლიერი ინსტრუმენტები სატელევიზიო მაუწყებლობების სახით: სამივე პარტია სატელევიზიო სივრცეში მაუწყებლობს და აგრესიულ პროპაგანდას ეწევა ევროკავშირის საწინააღმდეგოდ და რუსული ნარატივების სასარგებლოდ.

ამ თვალსაზრისით, სახიფათოა ორი მიმართულება, რომლითაც ეს ძალები მოქმედებენ ევროინტეგრაციული პროცესის საზიანოდ: ეს არის, ერთი მხრივ, საინფორმაციო პროპაგანდა და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა, და, მეორე მხრივ, ძალადობრივი მოქმედება. ორივე მიმართულებით განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა  კონსერვატიული მოძრაობა და მის ხელთ არსებული მედია-ინსტრუმენტები, რომლებიც ალტ-ინფოს სახელით მოქმედებენ, მათ შორის, რეგიონული მაუწყებლობების სახით.

ანტიევროპული პროპაგანდისტული ნარატივები, ძირითადად, მოიცავს ისეთ სპეკულაციებს, რომლის მიხედვითაც, „ევროინტეგრაციის მომხრე მოქალაქე პირდაპირ ლგბტ აქტივისტია“, ან ევროპა მარცხდება რუსეთთან, დასავლეთი ვერ უმკლავდება რუსეთს და, შესაბამისად, ის არ შეიძლება, ქართულ საზოგადოებისთვის პრიორიტეტი იყოს. ამას ემატება ისიც, რომ, ბოლო დროს, განსაკუთრებით ლგბტ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების გარშემო ეს ძალები ან აანონსებენ ძალადობრივ მოქმედებას ლიბერალური ძალების მიმართ, ან უკვე მოქმედებენ კიდეც სხვადასხვა ევროპულ საელჩოებთან, აზიანებენ ევროკავშირის დროშას და მიმართავენ სხვა რადიკალიზებულ ქმედებებს. 2021 წლის ივლისის მოვლენების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამ ძალების აგრესიული მოქმედება სახელმწიფო ინსტიტუტების კონტროლს რთულად ექვემდებარება.

შესაბამისად, ადვილად წარმოსადგენია, რომ ასეთ ძალებს საკმაოდ ფართო არეალი მიეცემათ ანტიევროპული ნარატივების კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ბრიუსელი გეოპოლიტიკური გარემოებებით შექმნილ შესაძლებლობის ფანჯარას საქართველოსთვის, ამ ეტაპზე, უშედეგოდ დახურავს. ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურებული მემარჯვენე ანტი-ლიბერალური ძალები შეეცდებიან სწრაფადვე შეავსონ საზოგადოებრივი ნიჰილიზმის და ევროსკეპტიციზმის შედეგად გაჩენილი ვაკუუმი, რაც კიდევ უფრო გრძელვადიან პერიოდში დასავლურ რბილ ძალის კიდევ უფრო განდევნას შეუწყობს ხელს საქართველოდან. ეს კი, ამ ეტაპზე მხოლოდ კრემლის და საქართველოში მოქმედი პრო-რუსული ძალების ინტერესებში შედის.

მმართველი ძალის კონფრონტაციული რიტორიკა

იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ამ ეტაპზე კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, არსებობს საფრთხე, რომ მმართველი „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო გაამძაფრებს კონფრონტაციულ ტონს და კონტრ-დადანაშაულების სტრატეგიას ევროკავშირის მიმართ. ამის თქმის საფუძველს იძლევა ის მწვავე რიტორიკული დაპირისპირება, რომელშიც „ქართული ოცნების“ წევრები, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ხშირად შედიან, როდესაც საქმე საქართველოს დემოკრატიზაციის ტემპის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ევროპარლამენტარებს ეხება.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ 9 ივნისს მიღებული კრიტიკული რეზოლუციის პასუხად, მმართველი პარტიის ოფიციალურ განცხადებაში გაჩნდა ფრაზები, როგორიცაა ის, რომ „რეზოლუციას არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და მას ჩალის ფასი აქვს“. პარტიის ოფიციალურ განცხადებაში, ასევე, გამოიკვეთა მცდელობა, რომ ევროპარლამენტის შეფასებები დაპირისპირებაში მოვიდეს ქართველი ხალხის ნებასთან: „ის, რაც არ მოსწონთ კრიმინალების მფარველებს [ევროპარლამენტარებს], მოსწონს ქართველ ხალხს“. ამგვარი მცდელობები ხელს უწყობს უფრო ფართო იდეის გავრცელებას, რომ ქართული საზოგადოებისა და ევროკავშირის ღირებულებები ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის, რაც საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

მოსალოდნელია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღმა დატოვების შემთხვევაში, ხელისუფლებას საზოგადოების წინაშე თავის მართლების რეჟიმში კიდევ უფრო აქტიურად მოუწევს გადასვლა. ეს კი პირველ რიგში კონტრ-ბრალდებებში და ევროკავშირის მოქმედი პირების მიმართ რიტორიკის კიდევ უფრო გამძაფრებაში, შეიძლება, გამოიხატოს. ეს კი, საზოგადოების ნაწილის განწყობებზე დამატებით დამაზიანებელ გავლენას იქონიებს.

საქართველოს საზოგადოების დაკვეთა და კანდიდატის სტატუსი თბილისს

გამოკვეთილი და სტაბილური  საზოგადოებრივი მხარდაჭერა ის უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტია, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ევროინტეგრაციულ კურსს, როგორც კონსტიტუციურად დადგენილ საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტს. იმ დროს, როცა ორ კვირაზე ნაკლებ დროში მოსახლეობა ბრიუსელიდან ისტორიულ გადაწყვეტილებას ელის, საზოგადოების სტაბილური მხარდაჭერა ევროინტეგრაციული პროცესის მიმართ არაერთი საფრთხის წინაშე დგება.

ეს საფრთხეები კიდევ უფრო მომძლავრდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შესაძლებლობების ამ კონკრეტული ფანჯრის მიღმა დარჩება. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ, ამ ეტაპზე, ქართული დემოკრატიზაციის მიმართ დასავლეთში არაერთი შენიშვნა არსებობს, ახლა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რათა შენარჩუნდეს და გაძლიერდეს საზოგადოებრივი მობილიზაცია სამომავლო დემოკრატიული რეფორმებისთვის ბრძოლისთვის.

 

Photo Credit: carnegieeurope.eu

, , , ,