ექვს თვიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ მომავალ ლიდერთა სკოლა 2022 დასრულდა. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა დახურვის ღონისძიებაზე ELS 2022-ის მონაწილეები არაფორმალურ გარემოში შეკრიბა და მათთან ერთად განვლილი პერიოდი შეაჯამა.
ღონისძიების ფარგლებში გამართული სადისკუსიო აქტივობების შემდეგ, მომავალ ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებულებს სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ, ასევე, დაჯილდოვდნენ ბლოგების კონკურსის მონაწილეები და გამარჯვებული.
ELS2022-მა ოცდაერთი აქტიური, ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდა გააერთიანა, რომლებიც მოწვეული ექსპერტებისგან იღებდნენ ცოდნას მათთვის საინტერესო პოლიტიკური თუ სოციალური საკითხების შესახებ. ექვსთვიანი ინტენსიური ტრენინგების პარალელურად, ახალგაზრდებს ჰქონდათ საშუალება წარმოეჩინათ თავიანთი ხედვები, ჩართულიყვნენ არაფორმალურ დისკუსიებში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, და მონაწილეობა მიეღოთ “დემოკრატიის ახალგაზრდულ ფორუმში.”
მომავალ ლიდერთა სკოლა ELS2022 განხორციელდა პროექტ „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. იგი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მათი ჩართულობის წახალისებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების გზით.