2022-11-22 10:42:38
მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საქართველო მორიგი გამოწვევების წინაშე დგას. ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება წინააღმდეგობრივი შიდა და საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილებებითა და დასავლელი პარტნიორების მიმართ კრიტიკული გზავნილებით ევროპულ ორიენტირებს ეჭვქვეშ აყენებს. ამ ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს მმართველ ძალასთან აფილირებული „ხალხის ძალად“ წოდებული ახალი მოთამაშე, რომელიც, ძირითადად, დაკომპლექტდა როგორც მმართველი პარტიის ყოფილი წევრებისგან, ასევე, იმ ექსპერტებისგან და ჟურნალისტებისგან, რომლებიც პარტიის მიმართ განსაკუთრებული ლოიალობით გამოირჩევიან. პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლისთანავე მოძრაობა გამოირჩევა გამოკვეთილად პოპულისტური და კონსპირაციული გზავნილებით, რომლებიც ანტიდასავლურ პათოსს ატარებენ და, ფაქტობრივად, ეჭვქვეშ აყენებენ ქვეყნის მიერ არჩეულ პროდასავლურ საგარეოპოლიტიკურ კურსს.
იმის გათვალისწინებით, რომ „ხალხის ძალა“ მმართველი პარტიის გამორჩეულ კეთილგანწყობას იმსახურებს, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთი პოლიტიკური წარმონაქმნის ჩამოყალიბება არის ქართული ოცნების ერთგვარი წინასაარჩევნო სტრატეგიის ნაწილი, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალი ტიპის სატელიტური პარტიის შექმნას შემდგომში მასთან მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით. ქართულ ოცნებაში, სავარაუდოდ, აანალიზებენ, რომ 2024 წლისთვის მეოთხედ ძალაუფლების შენარჩუნება გაძნელდება. ამ რისკების პირისპირ მდგარი პარტიისთვის კი მნიშვნელოვანია ისეთი სატელიტური მოთამაშის არსებობა, რომელიც დაკარგული მხარდაჭერის დასაბალანსებლად მოიზიდავს ამომრჩევლების კონსერვატიულ ნაწილს ანტიდასავლური იდეების გაჟღერების გზით. ამავდროულად, ევროინტეგრაციული მარცხით გამოწვეულ იმედგაცრუებას ამომრჩევლის ნაწილში გადაფარავს ისრების დასავლეთისკენ მიმართვით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, გაანალიზდეს, რა მიზნები აქვს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენილ ახალ მოძრაობას შიდაპოლიტიკურ პროცესებში, რა ხედვა აქვს მას საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ და რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამგვარი პოლიტიკური ძალის არსებობას დემოკრატიულ პროცესზე.