ბექა ექსეულიძე
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო და სტაბილურ პარტნიორად ჩამოყალიბდა. 1992 წლიდან დღემდე, საქართველო ევროკავშირისგან ეტაპობრივად იღებს არაერთ ხელშესახებ სიკეთეს, როგორიცაა ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მხარდაჭერა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ევროკავშირის დაფინანსებული განათლების პროგრამები ქართველი ახალგაზრდებისთვის Erasmus + პროგრამის სახით და სხვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური განვითარების მხრივ, ვინაიდან იძლევა შესაძლებლობას, ქვეყანა, გარკვეულწილად, დაუახლოვდეს ევროპული ცხოვრების დონეს და გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო, რაც, ასევე, გამოიწვევს ბევრად მეტ წინსვლას ქართველი ახალგაზრდებისთვის, მათ შორის, თავისუფალი დასაქმების შესაძლებლობას, ევროპული სტანდარტების მიხედვით მიღებულ შრომით ანაზღაურებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ევროპული გამოცდილების გაზიარებით. ეს თავის მხრივ, სავარაუდოდ გამოიწვევს ქართველი ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ცხოვრების უკეთეს პირობებს საქართველოში.
არსებული შესაძლებლობების ფონზე, მნიშვნელოვანია, განვიხილოთ ის ბარიერები, რომლებიც არსებობს ქართველი ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის დაფინანსებული განათლების პროგრამების ათვისების გზაზე, ვინაიდან, არსებობს საფრთხე, რომ Erasmus+ის პროგრამების შესახებ ხელმისაწვდომობის პრობლემის გამო ევროსკეპტიციზმი გაიზარდოს ქართველ ახალგაზრდებში, რომლებიც ვერ სარგებლობენ ან მცირე ინფორმაცია აქვს ევროკავშირის დაფინანსებული განათლების პროგრამების შესახებ, ეს კი, მნიშვნელოვნად დააზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის საერთო მხარდაჭერას.
ბარიერები ქართველი ახალგაზრდებისთვის
ევროკავშირი ქართველ ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, სრულიად უფასოდ მონაწილეობა მიიღონ განათლების პროგრამებში ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, მოკლევადიან გაცვლით, სრულ სამაგისტრო, სტაჟირების, პროფესიული განათლების, სპორტულ და კვლევით პროგრამებში. ევროკავშირი ანაზღაურებს მგზავრობის, საცხოვრებლის და დაზღვევის ხარჯებს, აგრეთვე ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს ქართველს ახალგაზრდებს აკადემიურ სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის დროს. ჩვენს ქვეყანაში არსებული რეალობის მიხედვით, ადამიანის განვითარების ინდექსით საქართველო გაეროს წევრი 189 ქვეყნიდან 61-ე ადგილზეა, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის, უმუშევრობის, დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი ძალიან დაბალ დონეზეა. ასევე დაბალ საფეხურზეა საქართველო გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მხრივ (გაეროს 165 ქვეყნიდან – 56 პოზიცია 2021 წლის მონაცემებით) რაც, გარკვეულწილად, მიუთითებს ჩვენს ქვეყანაში განათლების სისტემის პრობლემებზე, ყველაფერი ეს კი უარყოფითად აისახება ახალგაზრდების სოციალურ მდგომარეობაზე. ამ ფონზე, ევროკავშირის დაფინანსებული განათლების პროგრამები შეიძლება განვიხილოთ, როგორც მნიშვნელოვანი ინვესტიცია ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც კვალიფიციური განათლების მიღების ხელშესახები რესურსი გაუჩნდათ ევროკავშირის მხარდაჭერით, რაც სავარაუდოდ უზრუნველყოფს მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას და წარმატების მაღალ ალბათობას. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ ევროკავშირი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ქართველი ახალგაზრდებისთვის, თუმცა სხვადასხვა პრობლემების გამო, დიდი ნაწილი ვერ იყენებს განათლების პროგრამებს.
- უცხოური ენების ცოდნის დაბალი დონე
ბარიერებზე საუბარი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში ბოლო დროს ჩატარებული კვლევებით გამოიკვეთა რამდენიმე ხელისშემშლელი ფაქტორი. მათ შორის, საზღვარგარეთ სწავლისთვის საჭირო უცხოური ენების ფლობის დაბალი დონე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, რაც მათ ხელს უშლის კრიტერიუმებთან თავსებადობაში მოვიდნენ, ასევე, სრულფასოვნად შეავსონ აპლიკაციები და გაიარონ წარმატებული გასაუბრება. ეს ფაქტორი, ასევე, კავშირშია ახალგაზრდების თავდაჯერებულობის ფაქტორთან, სხვა სტუდენტების წარუმატებელი მცდელობის მაგალითებიდან გამომდინარე. სტუდენტები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა Erasmus +ის კონკურსში, შეავსეს აპლიკაცია, გაიარეს გასაუბრება, თუმცა არ მოხდა პროგრამაზე მათი არჩევა, ეს, სავარაუდოდ, უარყოფითად აისახება ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილზე, რომლებიც ვერ რისკავენ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას წინასწარ უარყოფითი შედეგების მოლოდინის გამო.
უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით ინგლისური ენის ბარიერი დასაძლევია როგორც ევროკავშირის დაფინანსებულ განათლების პროგრამებში მონაწილეობის საწყის ეტაპზე, აგრეთვე, ევროპის ქვეყნებში ჩასვლის დროს. აგრეთვე, დასაძლევია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივი ენის ცოდნის ბარიერიც ქართველი ახალგაზრდებისთვის, ვინაიდან გარკვეული ნაწილი ვერ ახერხებს ეფექტიანად კომუნიკაციას და სოციალიზაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან. აღნიშნულ ბარიერებთან პირდაპირ კავშირშია ევროპის უნივერსიტეტებში აკადემიური სასწავლო მასალების ინგლისურ ენაზე დამუშავების და სწავლის სირთულეები, რის გამოც ხშირად არაეფექტიანად მიიჩნევა ევროკავშირის დაფინანსებულ განათლების პროგრამებში მონაწილეობას ქართველ ახალგაზრდებს შორის.
აღნიშნული გამოწვევის ადვოკატირების მიზნით სასურველი იქნებოდა ევროპის უნივერსიტეტების სილაბუსების წინასწარ გაცნობა და მათი დამუშავება გარკვეულ დონეზე ენის ბარიერის სირთულეების დაძლევის მიზნით, მნიშვნელოვანია ქართულმა უნივერსიტეტებმა იზრუნონ და ხელი შეუწყონ ინგლისური ენის ცოდნის დონის გაღრმავებას საკუთარ სტუდენტებში ფორმალური და არაფორმალური გზით, რაც სავარაუდოდ გამოიწვევს დადებით შედეგებს ენის ბარიერის დაძლევის დროს.
- სტერეოტიპული გამოწვევები
ბარიერებზე საუბრის დროს, მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ ოჯახის ფაქტორსა და არასწორ გავლენაზე, რაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ოჯახური სტერეოტიპების თვალსაზრისით არსებობს. განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობების ოჯახის წევრების ახალგაზრდების მიმართ დამოკიდებულება საჭიროებს მეტ ყურადღებას და შესწავლას, სადაც სავარაუდოდ მენტალური არასწორი აღქმების გამო, მშობლების გარკვეულ ნაწილს არ სურს და უფლებას არ აძლევს ახალგაზრდებს, ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში და სწავლის მიზნით წავიდნენ ევროპის ქვეყნებში. ამ ფონზე, ახალგაზრდების გარკვეული ნაწილის ფინანსური ბარიერები დამატებითი ფაქტორია, რაც სავარაუდოდ ძალიან დიდ უარყოფით გავლენას ახდენს განათლების პროგრამებში ჩართულობის საკითხზე, ვინაიდან ახალგაზრდები სავარაუდოდ ფინანსური პრობლემებისგან თავის არიდების მიზნით უარს ამბობენ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობაზე, ეს ქვეყნისთვის დაკარგული შესაძლებლობებია.
აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად, მნიშვნელოვანია, სკოლის ეტაპიდან დაიწყოს არაფორმალური ტრენინგების ჩატარება მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის, რომ გაიზარდოს მათი დამოუკიდებლობის ხარისხი და ევროკავშირის დაფინანსებული განათლების პროგრამების სიკეთეების შესახებ სწორი ინფორმაცია უშუალოდ მშობლებს ჰქონდეთ, რომლებიც შემდგომ მხარს დაუჭერენ ახალგაზრდების ინიციატივებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის დროს.
- ინფორმირებულობის დაბალი დონე
საგულისხმოა, რომ ერთ-ერთ გამოწვევად დღემდე რჩება ინფორმირებულობის ნაკლებობა და სტუდენტებისთვის ზედაპირული ინფორმაციის მიწოდების პრაქტიკა უნივერსიტეტების მიერ. სიც ფაქტია რომ 2020 წლის მონაცემებით, მხოლოდ 1754 ქართველი ახალგაზრდა ჩაერთო Erasmus + ის პროგრამაში, ეს მაჩვენებელი საგრძნობლად მცირეა იმ შესაძლებლობებთან, რომლებიც ხელშესახებია ქართველი ახალგაზრდებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში, ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს რესურსი და შესაძლებლობა თავად მოიძიოს ინტერნეტის დახმარებით ინფორმაცია, თუმცა ანგარიშვალდებულების საკითხში ალბათ დიდი როლი საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ, რომლებიც თანამშრომლობენ ევროპულ უნივერსიტეტებთან ორმხრივი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში და ვალდებული არიან ხელი შეუწყონ საკუთარი სტუდენტების ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდას ევროკავშირის დაფინანსებულ განათლების პროგრამებში. ეფექტიანი იქნებოდა უნივერსიტეტები უფრო მეტად აქტიურობდნენ და იყვნენ ერთგვარი მედიატორი ახალგაზრდებსა და ევროპულ უნივერსიტეტებს შორის, საკუთარი სტუდენტების წარმატება სავარაუდოდ უფრო მეტად შეუწყობს ხელს უნივერსიტეტების პრესტიჟს და ნდობას ქართველ აბიტურიენტებში. უნივერსიტეტების ჩართულობა, შეიძლება, გამოიხატოს უნივერსიტეტში ევროპული კუთხის მოწყობით, სადაც შესაძლებელია განთავსდეს სტენდი საინფორმაციო ბროშურებით გაცვლითი პროგრამების შესახებ. აგრეთვე, შესაძლებელია უნივერსიტეტმა მოაწყოს საინფორმაციო შეხვედრები გამოცდილების მქონე იმ სტუდენტებთან რომლებიც მონაწილეობდნენ გაცვლით პროგრამებში და მოახდინონ საკუთარი გამოცდილების გაზიარება სხვა სტუდენტებთან, შესაძლებელია მცირე ვიდეო რგოლების ჩაწერა და უნივერსიტეტის ვებსაიტსა და სოციალურ გვერდზე განთავსება, ერთი მხრივ, ინსტრუქციის ფორმატის, ხოლო, მეორე მხრივ, სტუდენტების წარმატებული ისტორიების შესახებ. სავარაუდოდ ეს კონკრეტული აქტივობები ხელს შეუწყობს სტუდენტების ინფორმირების და ინტერესის გაზრდას ევროკავშირის დაფინანსებული განათლების პროგრამები შესახებ, რაც ბევრად მეტ ქართველ ახალგაზრდას მისცემს ევროპული განათლების და ევროკავშირის სიკეთეების საკუთარ თავზე გამოცდის შესაძლებლობას.
ევროსკეპტიციზმის საფრთხე და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების დადებითი როლი
იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ბარიერის გამო გაიზრდება სკეპტიკური დამოკიდებულება გაცვლითი პროგრამების მიმართ, არსებობს რისკი, რომ ეს ტენდენცია გამოყენებული იქნება ანტიდასავლური ძალების მიერ, რომლებიც შეეცდებიან დეზინფორმაციის გავრცელებით ქართველ ახალგაზრდებს უარი ათქმევინონ ევროკავშირის დაფინანსებული განათლების პროგრამებში ჩართულობაზე და ალტერნატივად შესთავაზონ რუსული უნივერსიტეტების გაცვლითი პროგრამები, ეს პროცესი სამწუხაროდ დაწყებულია და საჭიროებს მეტ ყურადღებას, სავარაუდოდ ყველაზე მეტად შედეგიანი ქართველ ახალგაზრდებში ევროკავშირის დაფინანსებული განათლების პროგრამებში ჩართვის ბარიერების დაძლევაში მხარდაჭერა იქნება, რაც, გარკვეულწილად, მოახდენს პრევენციას ანტიდასავლური განწყობების გაძლიერების მიმართულებით, საბოლოოდ კი, შესაძლებელი იქნება ბევრად მეტმა ქართველმა ახალგაზრდამ ისარგებლოს ევროპული სიკეთეებით და ევროპული განათლება გამოიყენოს პირადი და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
ბლოგი მომზადდა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის – „ახალგაზრდების როლი ევროინტეგრაციის პროცესში“ წევრის, ბექა ექსეულიძის მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით.