პროექტის „წაახალისე და იმოქმედე ევროპისთვის“ ფარგლებში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) მეორე ფოკუს ჯგუფი ჩაატარა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ამჯერად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. ფოკუს ჯგუფში მონაწილეობა ნინოწმინდასა და მის შემოგარენში მცხოვრებმა მამაკაცებმა მიიღეს, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ. ფოკუს ჯგუფის დისკუსიას, ჯამში ათი მამაკაცი დაესწრო, რომელთაგანაც 4 იყო 30 წელს ქვემოთ ასაკის, ხოლო დანარჩენი – 30 წელს გადაცილებული. მათგან ნაწილს აქვს უმაღლესი განათლება, ნაწილს კი – არა.
კვლევით აქტივობას ფასილიტაცია გაუწია ნორიკ გასპარიანმა, რომელიც ადგილობრივი თემის მობილიზაციასა და მკვლევართა გუნდის დახმარებას უზრუნველჰყოფს პროექტის ფარგლებში. დისკუსია სომხურ ენაზე მიმდინარეობდა და აუდიო-ვიდეო კამერით ჩაიწერა.
ფოკუს ჯგუფის მიზანი იყო გამოგვევლინა, თუ რამდენად განსხვავებულად აფასებენ მამაკაცები ადგილობრივ გამოწვევებსა და იმ ბარიერებს, რომლებსაც ისინი ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული სიკეთეებით (თანაბრად) სარგებლობისას აწყდებიან. ყველაზე მწვავე საკითხი, რომელიც დისკუსიისას გამოიკვეთა და რომლის განხილვაც მონაწილეებს უფრო სიღრმისეულად სურთ სხვა აქტორებთან ერთადაც, მიწის რეგისტრაციას შეეხებოდა. ეს თემა კი, თავის მხრივ, სერვისის მიწოდების პრობლემას უკავშირდება.
მთლიანობაში, ფოკუს ჯგუფი იყო საკმაოდ ინტერაქციული და ის საინტერესო მასალას იძლევა შემდგომი ანალიზისა და კვლევითი დოკუმენტის მოსამზადებლად.