08/08/2023 GIP

პროექტი “ახალგაზრდებზე ორიენტირებული საჯარო სერვისების უზრუნველყოფის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში” დაიწყო

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის, “ახალგაზრდებზე ორიენტირებული საჯარო სერვისების უზრუნველყოფის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში”, განხორციელება.

პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობას და მათზე ორიენტირებული სერვისების დანერგვას შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარაში. პროექტის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს მოქალაქეობრივად აქტიური ქართველი ახალგაზრდების ძლიერი ბაზა ადგილობრივ თვითმმართველობაში მათი მეტად ჩართულობისა და ახალგაზრდებზე მორგებული საჯარო სერვისების განვითარების თვალსაზრისით.

GIP აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ისეთი მოწყვლადი ჯგუფების გააქტიურებაზე, როგორებიცა არიან ახალგაზრდა ქალები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, სექსუალური უმცირესობები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდები და სხვა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები.

სამიზნე რეგიონები შეირჩა მათი განსაკუთრებულად სპეციფიური მოწყვლადობიდან გამომდინარე. პროექტი მოიცავს ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებისთვის საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს. საბოლოო ჯამში, შემუშავდება საჯარო სერვისების შესაფასებლად ციფრული უკუკავშირის ინსტრუმენტი, რომელიც ახალგაზრდული საპილოტე პროგრამების ფარგლებში დაიტესტება სამიზნე მუნიციპალიტეტებში.

ამ დროისთვის, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ჩაატარა ანონიმური ფოკუს ჯგუფები ახალგაზრდებთან და ასევე ინტერვიუები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიების წარმომადგენლებთან შიდა ქართლში, აჭარასა და სამცხე ჯავახეთში. პირველადი მოკვლევის მიზანია სამიზნე რეგიონების მუნიციპალიტეტების დონეზე ახალაზრდებისთვის საჯარო სერვისების განვითარებაში ჩართვის შესაძლებლობების გაანალიზება და შექმნა.

გარდა ფოკუს ჯგუფების და ინტერვიუების ჩატარებისა, როგორც პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი, პროექტის გუნდმა კონსულტაციები გამართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საგარეო საქმეთა და ახალგაზრდული დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელსაც აქვს ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში მუშაობის უნიკალური გამოცდილება მოქალაქეთა ადგილობრივ დონეზე ჩართულობისა და საჯარო სერვისების მიწოდების შეფასების მიმართულებებით. ამიტომ, GIP-ის პროექტის გუნდი მჭიდროდ ითანამშრომლებს ქუთაისის მუნიციპალიტეტთან პროექტის განხორციელებისას, რაც გამოიხატება მათი ჩართვით ტრენინგ-სესიებში, სამუშაო ჯგუფების საქმიანობასა და ახალგაზრდულ ფორუმებში.

* ფოტოები დაბლარულია შეხვედრების კონფიდენციალურობიდან გამომდინარე.

, , , , , , , , , , , , , , ,