საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. კორნელი კაკაჩიამ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის შეხვედრაში – ნავიგაცია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ახალ რეალობაში, რომელიც 29 მარტს ქალაქ ბრიუსელში გაიმართა.
ღონისძიებამ შეკრიბა პოლიტიკის შემქმნელები და ანალიტიკოსები ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან, იმისთვის რომ განეხილათ ევროკავშირის გაფართოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალი, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე. ღონისძიება გახსნეს ევროკომისიის, ევროპული საგარეო სამოქმედო სამსახურისა (EEAS) და შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის მაღალი დონის წარმომადგენლებმა, რასაც ორი პანელი დისკუსია მოჰყვა. პირველი პანელი ფოკუსირებული იყო ევროკავშირის გაფართოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალზე, მეორე კი ეხებოდა უსაფრთხოების საკითხებსა და ევროკავშირის, როგორც მშვიდობის აქტორის როლს.
ღონისძიება ჩატარდა DGAP-ის Think Tank Network-ის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობაზე, SCEEUS-თან პარტნიორობითა და ევროკომისიის მხარდაჭერით.