20/04/2022 keta

საქართველოს მედეგობის გაძლიერება ბუნდოვანი გარემოს პირობებში

Project Duration: 2022-04-01 || 2022-12-30

Status: 1

Donor: ნატო-ს სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტი

Partner:

Budget: 18,558 EUR

მედეგობა, როგორც მნიშვნელოვანი სამოქალაქო-სამხედრო ცნება, ბოლო პერიოდში საერთაშორისო აქტორების, მათ შორის ევროკავშირისა და ნატოს, დღის წესრიგის საკვანძო კომპონენტად ჩამოყალიბდა, რომელიც პარტნიორ სახელმწიფოებში მდგრადი განვითარებისა და ეფექტური კრიზის მენეჯმენტისკენ არის მიმართული. აღნიშნული პერსპექტივიდან გამომდინარე, პოლიტიკური თვალსაზრისით აქტუალური და საინტერესოა იმის შესწავლა, თუ რა როლი შეიძლება ითამაშოს ნატოს მიერ მხარდაჭერილმა მედეგობის მშენებლობის პროგრამებმა საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ რისკებსა და საფრთხეებთან გასამკლავებლად და ასევე, ქვეყანაში არსებული კრიზისებიდან თავის დასაღწევად. უფრო კონკრეტულად, შემდეგი სამი საკითხი ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტუალურია და ამავდროულად, ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი: (1) რომლებია მედეგობის შიდასახელმწიფოებრივი/ადგილობრივი წყაროები და უფრო ზოგადად, რა მდგომარეობაა საქართველოში მედეგობის მშენებლობის მიმართულებით; (2) რომლებია ნატო-ს მიერ მხარდაჭერილი მედეგობის მშენებლობის საკვანძო კომპონენტები და მათი რა ნაწილის იმპლემენტაციაა შესაძლებელი ორგანიზაციის არაწევრ პარტნიორ სახელმწიფოებში; (3) რამდენად შეუძლია ნატო-ს მედეგობის დღის წესრიგს საქართველოს მედეგობის წყაროების გაძლიერება და რომელი ინსტრუმენტები და პოლიტიკის კომპონენტები უნდა გამოიყენოს ალიანსმა იმისთვის, რომ მედეგობის მშენებლობის დღის წესრიგის პოზიტიური გავლენის მაქსიმიზაცია მოახდინოს. 

პროექტის “საქართველოს მედეგობის გაძლიერება ბუნდოვანი გარემოს პირობებში” მიზანია საქართველოში ნატო-ს როლისა და ალიანსში ფორმალური გაწევრების მიღმა არსებული გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლება, განსაკუთრებით ქვეყანაში ნატო-ს მიერ მხარდაჭერილი მედეგობის მშენებლობის მიმართულებით. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობის გარშემო ფართო დისკუსიის წახალისებას როგორც საჯარო, ასევე პოლიტიკურ სივრცეში, რომლის საბოლოო მიზანსაც საქართველოზე მორგებული მედეგობის დღის წესრიგის ჩამოყალიბება და ხელშეწყობა წარმოადგენს. 

პროექტის მიზნები:

  • სახელმწიფოს მთავარი რისკების, საფრთხეების, სისუსტეებისა და სამოქალაქო მზაობის დონის შეფასების საშუალებით საქართველოს მედეგობის მიზნებისა და ეროვნული მედეგობის სისტემის ჩამოყალიბების მხარდასაჭერად შემდგომი საჭიროებების განსაზღვრა; 
  • შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებთან ადვოკატირების, ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიდან საერთაშორისო ექსპერტებთან სტრატეგიული კომუნიკაციისა და უკრაინასთან გამოცდილების გაზიარების გზით საქართველოს მედეგობის მიზნების შესახებ უფრო ვრცელი დიალოგის ხელშეწყობა; 
  • ნატო-ს მიერ მხარდაჭერილი მედეგობის გაძლიერების ძალისხმევის ხილვადობისა და მის შესახებ საქართველოს მოსახლეობისა და პოლიტიკური საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდა. განსაკუთრებით ეს ეხება რისკების შეფასებას, სამოქალაქო მზაობას, სამხედრო შესაძლებლობას და კოლექტიური ძალისხმევის საშუალებით მედეგობის გაძლიერებისკენ მიმართულ სხვა აქტივობებს. 

პროექტის აქტივობები:

  • პოლიტიკის ნარკვევის მომზადება საქართველოს მედეგობის ეროვნული მიზნების შესახებ; 
  • დახურული შეხვედრის ორგანიზება კვლევის პირველადი შედეგებისა და რეკომენდაციების პრეზენტაციისთვის, რომელსაც დაესწრებიან შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები, ასევე საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების წარმომადგენლები; 
  • სამუშაო შეხვედრის ორგანიზება ქართველი ექსპერტებისთვის ნატოს მედეგობის პრინციპებისა და მიზნების შესახებ; 
  • საერთაშორისო საჯარო დისკუსია მედეგობის შესახებ, რომელიც გაანალიზებს ნატო-ს გამოცდილებას წევრი სახელმწიფოების კოლექტიური ძალისხმევის გზით უსაფრთხოების გამოწვევების გადაჭრის მიმართულებით; ასევე, დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნება ნატო-ს არაწევრი სახელმწიფოების – უკრაინისა და საქართველოს – წინაშე მდგარი საფრთხეები, მათი სისუსტეები და გამოცდილებები, რამდენადაც ისინი რუსული აგრესიის სამიზნეს წარმოადგენენ.