2021-06-24 13:30:48
აშშ-ს და ნატოს გადაწყვეტილება ავღანეთის თითქმის 20-წლიანი მისიის დასრულების შესახებ საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დამატებით გამოწვევებს აჩენს. ავღანეთში აშშ-ის და მოკავშირეების მისიის დასრულება და სამხედრო ძალების გამოყვანა თბილისისთვის ნატოსთან სამხედრო თვალსაზრისით უშუალო ჩართულობას შეამცირებს. ამასთან, 2021 წლის ივნისში გამართული ნატოს სამიტის შედეგები, ინტეგრაციის გაღრმავების თვალსაზრისით, თბილისისთვის საიმედოს ვერაფერს ამბობს (NATO 2021a). შესაბამისად, ჩნდება კითხვა: ნატო-საქართველოს ურთიერთობების ამ ეტაპზე, რა სივრცეები და შესაძლებლობები აქვს თბილისს იმისთვის, რომ დაიბრუნოს აქტუალობა ბრიუსელის დღის წესრიგში?
დამატებითი გამოწვევების ფონზე, დგება ახალი გზების ძიების საჭიროებები როგორც სამხედრო წინსვლის, ისე გაწევრების პოლიტიკური კომპონენტის გაძლიერების თვალსაზრისით. ამ საკითხებზე დისკუსიის მიზნით, წარმოდგენილი მემორანდუმი, პირველ რიგში, განიხილავს იმას, თუ რა იცვლება ავღანეთის მისიის დასრულების შემდეგ ვაშინგტონისა და ბრიუსელის ხედვებში გლობალური უსაფრთხოების სტრატეგიის მიმართ. შემდეგ, გაანალიზებულია ის სივრცეები, სადაც თბილისს შეუძლია ახალი ფუნქციის ძიება ნატოსთან თანამშრომლობის კონტექსტში. და ბოლოს, საუბარი შეეხება იმას, თუ რას გვეუბნება ბრიუსელის სამიტის შედეგები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკური განზომილების შესახებ.