2022-04-21 11:31:41
ნინო სამხარაძე
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად განვითარებული პროცესები – გეოპოლიტიკური ცვლილებები შავი ზღვის რეგიონსა და უფრო ფართო დასავლეთში (The Economist 2022; ლებანიძე 2022) – პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოების გარემოსთან და ევროინტეგრაციასთან. რუსეთ-უკრაინის ომის თითქმის ყველა სცენარში თბილისის წინაშე სხვადასხვა რისკები არსებობს (GIP 2022). ამიტომ საქართველოსთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინასთან კარგი ურთიერთობების არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ გააქტიურება, რათა ეს რისკები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. ამის საპირისპიროდ, ბოლო დროს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა. თავდაპირველად, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა ნაკლებად იძლეოდა იმედს, რომ სიტუაცია განმუხტვას დაექვემდებარებოდა. თუმცა, ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, რომელიც უკრაინაში 15 აპრილს შედგა, მნიშვნელოვანი წინსვლაა ამ გზაზე.
ამ ეტაპზე, შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ რამდენიმე მნიშვნელოვან შეცდომაზე, რომელიც აქამდე საქართველოს მმართველმა პოლიტიკურმა ელიტამ დაუშვა. ეს შეცდომები, თავის მხრივ, ქვეყნისთვის შეიძლება, პრობლემატური იყოს არაერთი მიმართულებით. წარმოდგენილ პოლიტიკის მემორანდუმში გაანალიზებულია მთავრობის რიტორიკა და ქცევა რუსეთის შეჭრის დღიდან უკრაინაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტამდე (2022 წლის 24 თებერვლიდან 15 აპრილამდე). დოკუმენტი მკითხველს სთავაზობს დისკუსიას, თუ რატომ დაიძაბა ორ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობა რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, რა ვერ გათვალა თბილისმა უკრაინასთან ურთიერთობებში რუსეთის შეჭრიდან თითქმის ორი თვის განმავლობაში და რა საზიანო შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ შეცდომებს საქართველოსთვის.
ასევე, აღნიშნულ დოკუმენტში:
- კონტექსტის ანალიზი: საქართველო ახალი უკრაინული დიპლომატიის პირისპირ ომის დროს
- ურთიერთობები ომში მყოფ სტრატეგიულ პარტნიორთან: შეცდომები და შედეგები