2022-10-13 08:37:22
საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია პოლიტიკური პროცესის ერთ-ერთ გამოკვეთილ ხარვეზად მოიაზრება. როგორც თბილისში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა თქვა, სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ საქართველოზე ვსაუბრობთ, წამოიჭრება ხოლმე ერთი სიტყვა და ეს არის პოლარიზაცია (McAllister 2022). ეს ფენომენი სცდება იდეოლოგიურ დაპირისპირებას და დესტრუქციულ სახეს იძენს, შედეგად დემოკრატიზაციის და ევროპეიზაციის ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად იქცევა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ დეპოლარიზაცია არის ერთ-ერთი პირობა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად გაცემულ 12 რეკომენდაციას შორის (European Commission 2022).
მიუხედავად იმისა, რომ დისკუსია პოლარიზაციის საზიანო ეფექტებსა და დეპოლარიზაციის აუცილებლობაზე, დიდი ხანია, აქტიურად მიმდინარეობს, ჯერ კიდევ ბუნდოვანია საქართველოში არსებული პოლარიზაციის ბუნება, აქტორები და მახასიათებლები. ეს ბუნდოვანება, უახლოეს მომავალში, დეპოლარიზაციის მიღწევას ართულებს და არარეალისტურს ხდის, ამიტომ, მნიშვნელოვანია ფართო მსჯელობის გამართვა ამ ფენომენის შესახებ. ამ მიზნით, წარმოდგენილ პოლიტიკის მემორანდუმში გაანალიზებულია ერთწლიანი პერიოდი საქართველოში ჩატარებული ბოლო არჩევნებიდან დღემდე – 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ოქტომბრამდე. ნაშრომი წარმოადგენს მცდელობას, პასუხი გასცეს კითხვებს, თუ რა სახე აქვს პოლარიზაციას დღეს საქართველოში და რა კრიტერიუმებით შეიძლება შევაფასოთ ის.