01/08/2022 keta

GIP საზაფხულო საკითხავი სოციალური მეცნიერებების სტუდენტებისთვის

პოლიტიკურად რთული და ცხელი სამუშაო წლის შემდეგ სოციალური მეცნიერებებით დაინტერესებული აუდიტორიისთვის მნიშვნელოვანი იქნება ის კლასიკური საკითხავი – ისტორიული თუ სამეცნიერო-ანალიტიკური მასალა, რომელიც მათ უკეთ დაეხმარება საქართველოს შიდა, საგარეო, რეგიონული პოლიტიკისა თუ გლობალური პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში. ამიტომ, ცხელი აგვისტოს საინტერესოდ და სასარგებლოდ გასატარებლად საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევრები მკითხველს სთავაზობენ მათთვის მნიშვნელოვან ქართულ და ინგლისურენოვან ტექსტებს, რომელთა გარეშეც რთული იქნება იმ მიმდინარე მოვლენების სრულფასოვნად გაანალიზება, რომლებიც ყოველდღიურად მოქმედებენ საქართველოს დემოკრატიულ და ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე.

 

ინგლისურენოვანი საკითხავი:

 

Arend Lijphart (2012). Patterns of Democracy. Yale University Press. New Haven. London.

არენდ ლიპჰარტის კლასიკა დემოკრატიის კვლევებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის. „დემოკრატიის მოდელები“ პირველად 2012 წელს გამოიცა იელის უნივერსიტეტის მიერ და დღემდე შეუცვლელ ნაშრომად ითვლება დემოკრატიებზე შედარებითი მეთოდით დამკვირვებელთათვის. ლიპჰარტი სიღრმისეულ კვლევას აწვდის მკითხველს ინსტიტუტების, ძალაუფლების გადანაწილების მოდელების, ამ მხრივ არსებული სხვადასხვა გამოცდილებების საუკეთესო და უარესი მხარეების შესახებ. ნაშრომში ლიპჰარტი წარმოადგენს 36 სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების შედარებით ანალიზს 1945-2010 წლებში, რის საფუძველზეც წიგნში შემოთავაზებულია ისეთი გენერალიზებული მიგნებები დემოკრატიის კვლევებში, როგორიცაა დემოკრატიის საზომები, მსაზღვრელი კრიტერიუმები, ტენდენციები და მისი ლოგიკა დემოკრატიზაციის პროცესში, დემოკრატიის სხვადასხვა შინაარსების კონცეპტუალიზაცია, და რაც მთავარია, დემოკრატიების კლასიფიკაცია.

ხელმისაწვდომია: იხილეთ ლინკი

 

Tony Judt (2005). Postwar: A hisotry of Europe since 1945. Penguin Books

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპის ისტორიის ეს წიგნი, რომელიც ეკუთვნის ბრიტანელ ისტორიის მკვლევარს, ტონი ჯატს, 2006 წელს გახდა არტურ როსის პრემიის გამარჯვებული, როგორც საერთაშორისო ურთიერთობებზე გამოცემული საუკეთესო ნაშრომი. ეს სქელტანიანი წიგნი იწყება 1945 წლის ევროპის ამბებიდან და მიმოიხილავს კონტინენტზე მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ მოვლენებს ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისამდე.

ტონი ჯატის ევროპის ისტორია აუცილებელი საკითხავია საერთაშორისო ურთიერთობებით, პოლიტიკითა თუ თანამედროვე ისტორიით დაინტერესებული პირებისთვის. მათთვის ვისაც აინტერესებს თუ როგორ გარდაიქმნა ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და თუ რა ისტორიულ საფუძვლებზე დგას თანამედროვე დასავლეთი.

ხელმისაწვდომია: იხილეთ ლინკი

 

Steven Levitsky & Daniel Ziblatt (2018). How Democracies Die. Crown Publishing

როგორ კვდებიან დემოკრატიები ის წიგნია, რომელმაც განსაკუთრებული რელევანტურობა ბოლო წლებში მსოფლიოს გარშემო მზარდი პოპულიზმისა და ილიბერალიზმის ფონზე შეიძინა. ჰარვარდის პროფესორები ლევიტსკი და ზიბლატი ამ წიგნში აანალიზებენ ამერიკის შეერთებული შტატების, ვენესუელასა და რუსეთის თანამედროვე ისტორიას და მკითხველს აფრთხილებენ პოპულიზმის შესაძლო საფრთხეებზე. მიუხედავად იმისა რომ ეს ნაშრომი შედარებითი პოლიტიკის სფეროდანაა, ის არანაკლებ საინტერესო იქნება საერთაშორისო ურთიერთობებისა თუ ზოგადად სოციალური მეცნიერებებით დაინტერესებული პირებისთვის. განსაკუთრებით მათ, ვისაც აინტერესებს თუ როგორ შეიძლება დემოკრატიული არჩევნების გზით მოსულმა ხელისუფლებამ, მმართველობის შტოების კონსტიტუციურად  გამოყენებით, ქვეყანა ავტორიტარიზმის გზაზე დააყენოს.  ლევიტსკი და ზიბლატი ამ ნაშრომში ასევე დეტალურად განიხილავენ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური სისტემის თავისებურებებს და პოსტ-ტრამპის აშშ-ში მოვლენების განვითარების სამ შესაძლო სცენარს.

ხელმისაწვდომია: იხილეთ ლინკი

 

Michael Johnston (2005). Syndromes of corruption: wealth, power, and democracy. Cambridge University Press.

საქართველოში დიდი ხანია მიმდინარეობს დისკუსია ელიტური კორუფციის შესახებ, მაგრამ დაბნეულობას იწვევს ის ფაქტი, რომ საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, ქვეყანა კორუფციის კონტროლის მხრივ რეგიონში მაინც ლიდერად ითვლება. ამ თვალსაზრისით, აღნიშნული წიგნი ერთგვარ გზამკვლევად შეიძლება გამოდგეს, რომლის ავტორიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეცნიერია კორუფციის კვლევის სფეროში. იქიდან გამომდინარე,  რომ კორუფცია ფართო მნიშვნელობის კონცეფციაა, წიგნში გაანალიზებულია კორუფციის სხვადასხვა ძირითადი მიმართულება და აღწერილია, თუ როგორ მუშაობს  თითოეული ტიპის კორუფცია მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში და რა ნეგატიურ გავლენას ახდენენ ისინი რიგითი მოქალაქის ცხოვრებაზე სუსტად ინსტიტუციონალიზებულ ქვეყნებში. მიუხედავად იმის, რომ წიგნში საქართველო შესწავლილი არაა, ოლიგარქიისა და კლანური შემთხვევების აღწერისას, ქართველი მკითხველი აუცილებლად იპოვის საინტერესო პარალელებს.

ხელმისაწვდომია: იხილეთ ლინკი

 

Pippa Norris (2012). Making Democratic Governance Work: How Regimes Shape Prosperity, Welfare, and Peace. Cambridge University Press

წიგნში  ყურადღება გამახვილებულია სამ ძირითად კითხვაზე. კარგია თუ არა დემოკრატიული მმართველობა ეკონომიკური აღმავლობისთვის? დააჩქარა თუ არა ამ ტიპის რეჟიმმა პროგრესი ათასწლეულის განვითარების მიზნების, სოციალური კეთილდღეობისა და ადამიანური განვითარებისკენ? ქმნის თუ არა ეს მშვიდობის დივიდენდს და ამცირებს კონფლიქტს სახლში (შინ)? მიუხედავად ამ კითხვების მნიშვნელობისა და თემის გარშემო დამუშავებული კვლევითი ლიტერატურის ფართო სპექტრისა, მცირეა კონსენსუსი ამ საკითხების გარშემო. ამ წიგნში გამყარებულია არგუმენტი იმის შესახებ, რომ როგორც ლიბერალური დემოკრატია, ასევე სახელმწიფო შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს პარალელურად ეფექტური განვითარების უზრუნველსაყოფად, სტრუქტურული პირობებით გამოწვეული შეზღუდვების ფარგლებში.

ხელმისაწვდომია: იხილეთ ლინკი

 

ქართულენოვანი საკითხავი:

ალექსის დე ტოკვილი (2011). დემოკრატია ამერიკაში. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა

ცნობილი ფრანგი მოაზროვნის, ფილოსოფოსის ალექსის დე ტოკვილის საკულტო ნაშრომი „დემოკრატია ამერიკაში“ 1835 წელს გამოიცა, თუმცა ის საკითხები და  პრობლემები, რომლებიც დასმულია ნაშრომში, დღემდე აქტუალურია პოლიტიკის მეცნიერებით დაინტერესებული აუდიტორიისთვის. ნაშრომი აანალიზებს შეერთებული შტატების სოციალურ-პოლიტიკურ სტრუქტურას, წყობას, სასამართლო სისტემას, ინსტიტუტებისა და ხალხის როლს სახელმწიფოს მართვაში. საბოლოო ჯამში, ტოკვილისთვის დემოკრატია არის ინდუსტრიალიზაციის პროდუქტი, რომელშიც ხალხის ჩართულობის ეფექტი ზრდადია, შესაბამისად, ამერიკელები დემოკრატიისგან რეალურ უპირატესობებს იღებენ და სწორედ ეს მიაჩნია მას ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვან მიღწევად.

ხელმისაწვდომია: იხილეთ ლინკი

 

თომას მორი (1983), უტოპია. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

თომას მორმა „უტოპიაზე“ მუშაობა 1515 წელს ფლანდრიაში დიპლომატიური მისიის დროს დაიწყო. „უტოპიაში“ მორი იყენებს კლასიკურ ხერხს – გონებრივი დიალოგის ლიტერატურულ მეთოდს თავისი კრიტიკის და დასკვნების წარმოსადგენად. ნაშრომი ორი წიგნისგან, ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. ნაწარმოების პირველი ნაწილი ეძღვნება ინგლისში არსებული სახელმწიფო სტრუქტურის მკაცრ კრიტიკას. ამ ნაწილში მორი აყენებს სამართლის მორალურ და გარკვეულწილად ეგზისტენციალურ პრობლემებს, სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპს განიხილავს ჰუმანიზმის ჭრილში და ცდილობს, თანამედროვე ინგლისის მაგალითზე ადამიანის უფლებების შესახებ დასკვნები შესთავაზოს საზოგადოებას. მეორე ნაწილში ავტორი აღწერს არარსებული კუნძულის უტოპიის პოლიტიკურ და სოციალურ წყობას.  აქ გადმოცემულია უტოპიური სახელმწიფოს პოზიტიური შინაარსი რომელიც უპირისპირდება კრიტიკულად შეფასებული ინგლისის სახელმწიფო მოწყობას.

ხელმისაწვდომია: იხილეთ ლინკი

 

ლარი დაიმონდი (2019). ავი ქარები. დემოკრატიის გადარჩენა რუსეთის გახელებისგან, ჩინეთის ამბიციისა და ამერიკის თვითკმაყოფილებისგან. EPRC.

დემოკრატიის ერთ-ერთი გამორჩეული მკვლევრის, ლარი დაიმონდის “ავი ქარების” მთავარი არგუმენტია რომ მსოფლიოს გარშემო დემოკრატიული ღირებულებების დაცვა და განმტკიცება დიდ წილად ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერობაზეა დამოკიდებული. თუ ვაშინგტონი ვერ შეძლებს, ბოლო პერიოდში გლობალურად პოპულიზმის აღზევების ფონზე, ამ როლი დაბრუნებას. მაშინ მსოფლიოს ტოტალიტარული სისტემების გავრცელების ტალღა ემუქრება. „ავი ქარები“ იმითაც არის პოლიტიკის მეცნიერებით დაინტერესებული პირებისთვის აუცილებელი საკითხავი, რომ ლარი დაიმონდი არამხოლოდ აღწერს ვითარებას, არამედ გვთავაზობს გამოსავალს – იმ კონკრეტულ ნაბიჯებს რომელმაც შეიძლება შეამციროს პოლარიზაცია და გაამყაროს ლიბერალური დემოკრატია. მართალია წიგნი ეძღვნება აშშ-ს მაგალითს, მაგრამ ძალიან ბევრი საკითხი და პრობლემა რელევანტურია ქართული კონტექსტისთვისაც.

ხელმისაწვდომია: იხილეთ ლინკი

 

რობერტ დ. პატნემი (2005). როგორ ვამუშაოთ დემოკრატია. სამოქალაქო ტრადიციები თანამედროვე იტალიაში.  ლოგოს პრესი.

რობერტ პატნემის კლასიკად ქცეული ნაშრომი სამაგიდო წიგნად შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის იმ ქვეყნებში, სადაც მოქალაქეთა კეთილდღეობის შეუქცევადობას ინსტიტუციური გარემო ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს.  იმის გასარკვევად,  თუ როგორ მუშაობს დემოკრატია რეალურ ცხოვრებაში, რობერტ პატნემი ოცდაათი წლის განმავლობაში იკვლევდა და შეისწავლიდა იტალიის პოლიტიკურ სისტემას რეგიონების დონეზე. აღნიშნულ წიგნში, სხვადასხვა ფაქტორზეა საუბარი, თუ რა განაპირობებს მოქალაქეებისთვის უფრო მეტ კეთილდღეობას დემოკრატიულ სისტემაში.  თუმცა, რაც ამ წიგნს  ფასდაუდებელ ნაშრომად აქცევს ის მიგნებას, რომელიც მოქალაქეთა პოლიტიკაში მონაწილეობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს. კერძოდ კი, პატნემის 30 წლიანი კვლევა აჩვენებს, რომ ერთნაირ სოციალურ ეკონომიკური განვითარების რეგიონებში, ეფექტიანი მუშაობისა და მოქალაქეთა კოლექტიური საჭიროებების დაკმაყოფილების თვალსაზრისით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უკეთესი შედეგი ჰქონდათ იქ, სადაც პოლიტიკურ პროცესებში სამოქალაქო ჩართულობა და მოქალაქეთა მონაწილეობა უფრო მაღალი იყო.

ხელმისაწვდომია: იხილეთ ლინკი

 

ჯ.ბ. ჯონსონი & ჰ.ტ. რეინოლდსი (2013). პოლიტიკის მეცნიერების კვლევის მეთოდები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

„პოლიტიკის მეცნიერების კვლევის მეთოდები“ სტუდენტებისთვის რელევანტური, ამომწურავი და გასაგები სახელმძღვანელოს ერთგვარ სტანდარტს ქმნის და შესანიშნავად ხსნის არა მარტო „როგორ“, არამედ „რატომ“ უნდა შეისწავლონ სტუდენტებმა ეს საგანი. წიგნში წარმოდგენილია პოლიტიკის კვლევის პროცესის ძირითადი ასპექტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვლევის პროცესში. წიგნი ასევე გვთავაზობს საერთაშორისო ურთიერთობების ახალ კვლევებს და გვიჩვენებს ისეთ მეთოდებს, რომლებიც სტანდარტული კვლევის პროცესს ახასიათებს. ინტერნეტზე დაფუძნებული კვლევების მიმართ გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, განვრცობილია დისკუსია, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ინტერნეტრესურსები და როგორ უნდა მოხდეს სტატისტიკური შედეგების პრაქტიკული და თეორიული იმპლიკაციები. წიგნში მოცემული, გამოყოფილი ტერმინები, თანდართული ლექსიკონი და განმარტებითი სქემები თუ ნახაზები სტუდენტებს (ასევე, ნებისმიერ მკითხველს) ისეთ უნარ-ჩვევებს ჩამოუყალიბებს, რაც საშუალებას მისცემს მათ, თავად აწარმოონ საკუთარი კვლევები და სხვების კვლევებიც შეაფასონ.

ხელმისაწვდომია: იხილეთ ლინკი

 

Photo Credit: chinadialogue.net

, , , , , ,