Author

23/06/2021 სალომე კანდელაკი

სახელმწიფო სოციალური პროტესტების პირისპირ: რატომ არის ნამახვან ჰესის საწინააღმდეგო პროტესტი უნიკალური?

სალომე კანდელაკი [1]

ნამახვან ჰესის მშენებლობას “რიონის ხეობის მცველები” უკვე ექვს თვეზე მეტია, აპროტესტებენ. სახელმწიფოს მხრიდან ადგილობრივებთან კომუნიკაცია მანამდე არ მომხდარა, სანამ ქუთაისში პირველი ფართომასშტაბიანი აქცია არ გაიმართა, თუმცა ისიც უშედეგოდ დასრულდა. ხელისუფლების მხრიდან კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა. შეუმდგარი მოლაპარაკებების პასუხად, ხელისუფლებამ ძალადობრივ გზას მიმართა და საპროტესტო კარვები დაშალა.

ჩიხში შესული მოლაპარაკების გამო, მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართვაც გახდა საჭირო. როგორია სახელმწიფოს დამოკიდებულება ნამახვანის საწინააღმდეგო პროტესტისადმი და რა პარალელები შეიძლება გაივლოს სხვა სოციალურ პროტესტებთან? აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხის გაცემით, ბლოგში ახსნილია, თუ რა შემთხვევაში იპყრობს ხელისუფლების ყურადღებას ესა თუ ის სოციალური პროტესტი.

რამ გამოიწვია ნამახვან ჰესის პროექტის მიმართ საზოგადოების უკმაყოფილება?

ჰესების მშენებლობას საქართველოში არაერთხელ მოჰყოლია პროტესტი და უკმაყოფილება სოციალური, კულტურული, ეკოლოგიური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო, რაც, შესაძლოა, დიდი კასკადების აშენებას ახლდეს თან. ნამახვან ჰესის შემთხვევაში აღნიშნულ შესაძლო საფრთხეებთან ერთად, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ხელშეკრულების გაუმართაობა სახელდება, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის პერსპექტივა. კომპანია ‘ენკასთან’ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო არათუ ენერგოდამოუკიდებლობას ვერ იძენს, არამედ ეკონომიკურ ზარალზე მიდის. საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ 15 წლის შემდეგ ელექტროენერგიის საქართველოზე გაყიდვა კომპანიისთვის სავალდებულო ხასიათის არ არის. შესაბამისად, ადგილობრივებში, სპეციალისტებში და ფართო საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, თუ რის გამო შეიძლება სახელმწიფოს უღირდეს მსგავსი პროექტის წამოწყება, თუ სახელმწიფოებრივი ინტერესები არ იქნება გათვალისწინებული. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ან არ აქვს პასუხები შეკითხვებზე, ან არ აწყობს საზოგადოებისთვის ხელშეკრულებაში არსებული პირობების განმარტება, რადგან ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ისინი, როგორც ელექტორალურად, ისე სამართლებრივად არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.  თუმცა, სხვა სოციალური პროტესტების მსგავსად, აღნიშნულ პროტესტს იგნორირებასაც ვერ უკეთებენ, რადგან მისი მასშტაბები სხვებთან შედარებით გაცილებით დიდია.

რამ განაპირობა პროტესტის მაღალი მუხტი პერიფერიებში?

ნამახვანის შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის გარშემო მობილიზება მოხერხდა რეგიონში, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან პროტესტის ტალღა საქართველოში, ძირითადად, ცენტრიდან იწყება ხოლმე. თუმცა, აქვე სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ დედაქალაქში ჩატარებულ ფართომასშტაბიან პოლიტიკურ აქციებზე პარტიები ხალხის მობილიზებას ძირითადად რეგიონიდან ჩამოყვანილი მხარდამჭერების წყალობით ახერხებენ ხოლმე. რეგიონში ნამახვან ჰესის საწინააღმდეგო პროტესტის ფართო სამოქალაქო საზოგადოებრივი მხარდაჭერა შესაძლოა იმითაც იყოს განპირობებული, რომ რიონის ხეობის მცველებმა საკმაოდ ეფექტურად გამოიყენეს ვირტუალური საინფორმაციო ველი. გარდა ამისა, მათ მოსახლეობასთან ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, რამაც შესაძლოა ასევე შეუწყო ხელი ხალხის რეგიონებში მობილიზებას. 

თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციისთვის ერთ თვიანი მზადების პარალელურად, ნამახვან ჰესზე მომუშავე კომპანია “ენკამ” სოციალურ მედიაში დაიწყო საპირისპირო საინფორმაციო კამპანია “მითები vs ფაქტები.” მეტიც, დედაქალაქში აქციისთვის მოსამზადებელ პერიოდში, პროტესტის ლიდერების წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა საინფორმაციო ბერკეტები, ნაცადი ხერხები პროტესტის ვიწრო-პოლიტიკურ ინტერესებად გასასაღებლად და “რიონის მცველების” ულტრანაციონალისტურ ძალებთან ასოცირების მიზნით, რამაც შესაძლოა დედაქალაქში მცხოვრებ მოსახლეობაზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა და პროტესტის მუხტი თბილისში ისეთი არ იყო, როგორსაც აქციის ორგანიზატორები მოელოდნენ. თუმცა საგულისხმოა, რომ ნამახვანის პროტესტმა სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობისა და ინტერესების მქონე ჯგუფები შეყარა ერთად.

რამ გამოიწვია პროტესტის გარშემო სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების კონსოლიდაცია?

აღსანიშნავია, რომ მასობრივი მობილიზება საქართველოში ხდება არა უბრალო სოლიდარობის გამოხატვის მოტივით, არამედ უმეტესწილად ღირსების შელახვის, ეროვნული თვითმყოფადობის შებღალვის, ტერიტორიული მთლიანობის შერყევისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ნიადაგზე. ნამახვანის პროტესტი ამ ყველაფრის ნარევია, რის გამოც საკითხი საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანი გახდა.

აქციის მონაწილე უბრალო მოქალაქეების გარდა, თემის გარშემო სხვადასხვა სოციალურმა ჯგუფმა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე დაინახა გარკვეული პრობლემები. კერძოდ მწვანე აქტივისტებმა ეკოლოგიური პრობლემები, მემარცხენეებმა სოციალური და სამართლებრივი გამოწვევები, ლიბერალებმა სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი გამოწვევები, ულტრანაციონალისტებმა ფსევდოპატრიოტული, შოვინისტური წუხილები და თურქოფობია, რამაც მათი ერთად თავშეყრა განაპირობა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო. თუმცა, საბოლოო ჯამში ამ სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფების ერთ სივრცეში მოხვედრამ აქციის ადგილობრივ ორგანიზატორებს სოლიდარობის ნაცვლად, გარკვეული უხერხულობაც კი შეუქმნა. შედეგად, მათ თავის მართლების რეჟიმში ყოფნა მოუწიათ იმის შესახებ, თუ ვის დაიყენებდნენ გვერდში და ვის გვერდით იდგნენ თავად ისინი.

არის, თუ არა სახელმწიფო ერთგვაროვანი თავის ნაბიჯებში ყველა სოციალური პროტესტის დროს?  

პარალელები შუქრუთელი მუშების პროტესტთან:

ნამახვან ჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის განსაკუთრებულობის ხაზგასასმელად მნიშვნელოვანია ხელისუფლების ქმედების გაანალიზება სხვა პროტესტებთან შედარებით ჭრილში. ნამახვან ჰესის საწინააღმდეგო პროტესტის პარალელურად, თვეზე მეტია რაც ჭიათურის სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები პირამოკერილები აპროტესტებენ მათი სახლების დაზიანების და მათ საკუთრებაში მყოფი სამეურნეო მიწის განადგურებას კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ მადნის მოპოვების სამუშაოების გამო. პროტესტმა თბილისში ამერიკის საელჩოსთან გადაინაცვლა, სადაც ისინი ღამეს მანქანებში ათენებენ. მათი პროტესტის შესახებ არც საზოგადოების დიდი ნაწილი არის ინფორმირებული, არც იმხელა მხარდაჭერა აქვთ, როგორიც “რიონის მცველებს” და არც სახელმწიფოს მხრიდან ხდება რაიმე სახის რეაგირება. სწორედ მსგავსი იგნორირების გამო, შუქრუთელები სხვა, დიდი  სახელმწიფოს საელჩოსთან მუდმივი პროტესტით ცდილობენ ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას, რათა მოხდეს მათი ქონების დროულად შეფასება, “ჯორჯიან მანგანეზისთვის” ზიანის ანაზღაურების დავალდებულება, მანამ სანამ მათი კარმიდამო მთლიანად განადგურდება და საბოლოოდ ქუჩაში არ აღმოჩნდებიან.

ამგვარი პარალელის გავლებისას, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, პირველი ის რომ სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები არ იყენებენ საინფორმაციო ველს ისე ეფექტურად, როგორც ეს “რიონის მცველების” შემთხვევაში ხდება; ამ საკითხზე საზოგადოების ნაკლებად ინფორმირებულობის გარდა, ის ფაქტორიც იკვეთება, რომ ამ შემთხვევაში საკითხი აღქმულია, როგორც კერძო და არა საზოგადო პრობლემა, შესაბამისად სოლიდარობის დონეც დაბალია; გარდა ამისა, გამოიკვეთა საინტერესო ტენდენცია, რომ ადგილობრივი პროტესტების დროს, ადამიანები ცდილობენ, მხარდაჭერის მოპოვებისთვის ხმა არა მხოლოდ თანამოქალაქეებს, არამედ საერთაშორისო მოკავშირეებსაც მიაწვდინონ, და ამ გზით მიიქციონ სახელმწიფოს ყურადღება. ამის ნათელი მაგალითია, რამდენიმე ევროპარლამენტარის მხარდამჭერი განცხადება ნამახვანჰესის პროტესტისადმი, რაზეც მათ ინფორმაცია საქართველოში არსებული მწვანე აქტივისტების მხრიდან მიეწოდათ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო ამ საკითხზე საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების გამოხმაურებაც, სადაც მათ მთავრობას მოწინააღმდეგე მხარესთან დიალოგისკენ მოუწოდეს და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის პროცესში ჩართვას მიესალმნენ. ესეც კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ  გარე აქტორების ჩართულობის გარეშე ქვეყნის შიგნით მოლაპარაკებების წარმოება თითქმის შეუძლებელი ხდება. ამის მთავარი პრეცედენტი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციაში ჩართვა იყო, რამაც საზოგადოებას თითქოს შეუქმნა განცდა, რომ საერთაშორისო აქტორების გარეშე ადგილზე პრობლემების მოგვარება ქვეყანაში ვეღარ ხერხდება. ხელისუფლებასა და ხალხს შორის კომუნიკაციის გაუმართაობა და ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადასაჭრელად საერთაშორისო მედიაციის მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობის გაჩენა, აზიანებს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და მის საერთაშორისო იმიჯს.

პარალელები ჭიათურელი მაღაროელების პროტესტთან:

ყოფილა სხვა შემთხვევებიც, როდესაც სოციალური პროტესტის დროს სახელმწიფოს უმაღლესი პირები ჩასულან ადგილზე და საკითხი კონსენსუსით დასრულებულა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო 2019 წელს, ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი შრომითი უფლებების დაცვის და ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით.  სადაც სამთავრობო გუნდის წარმომადგენლების ჩართულობით, მაღაროელებსა და ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის ორსაათიანი შეხვედრა კომპანიის ადმინისტრაციის მხრიდან მაღაროელებისთვის ხელფასების 35%-ით გაზრდით დასრულდა. აღნიშნული სოციალური პროტესტის შემთხვევაში გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ნამახვანის შემთხვევისგან განსხვავდება. პირველი და საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვების დროს მათ მხარდაჭერა, ძირითადად, ადგილობრივებმა, ასევე ტყიბულელმა მეშახტეებმა და მემარცხენე აქტივისტებმა გამოუცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ მათი პროტესტის შესახებ მედია საკმაოდ აქტიურად აშუქებდა, მაინც ვერ მოხერხდა ადგილზე ეროვნული დონის ფართომასშტაბიანი პროტესტის მობილიზება და პროტესტი, მეტწილად, ლოკალურ ხასიათს ატარებდა. ხოლო თუ პარალელებს გავავლებთ ნამახვანის პროტესტთან, ამ შემთხვევაში აშკარად შესამჩნევია როგორც ეროვნული მასშტაბის ვნებათაღელვა, ისე პროტესტანტთა სიჭრელე მათი ინტერესების, სოციალური მიკუთვნებულობისა, თუ სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით.

როგორია ხელისუფლების კომუნიკაციის სტრატეგია სხვადასხვა სოციალური პროტესტების დროს?

სახელმწიფოს მხრიდან მოლაპარაკებაში ჩართვის სურვილს, ან თავის შეკავებას რაც შეეხება, ჭიათურის მაგალითი მოწმობს, რომ მაშინ, როდესაც სახელმწიფო მხარედ არ არის ჩართული პროცესებში, მთავრობა მედიატორის როლის ფუნქციის შესრულებას ამჯობინებს. კერძოდ მაშინ, როდესაც მთავრობა ჭიათურაში მუშებსა და კომპანიას შორის ეცადა სიტუაციის დარეგულირებას და ამით პარალელურად ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოპოვებას; რაც შეეხება, მეორე მაგალითს, შუქრუთელი მოსახლეობის პროტესტი სახელმწიფოს ყურადღების ღირსი, შესაძლოა, იმიტომ არ გახდა, რომ მათი პროტესტი საზოგადოების ვერც ერთი ჯგუფისთვის ვერ გახდა განსაკუთრებულად საინტერესო; ხოლო რაც შეეხება ნამახვან ჰესის გარშემო არსებული პრობლემის მოგვარებას, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო მხარედ წარმოჩინდა და, შესაძლოა, ამიტომაც შეწყვიტეს მათ პროტესტანტებთან პირდაპირი კომუნიკაცია, რამაც საბოლოო ჯამში ისევ საერთაშორისო მედიაციის მექანიზმის ამოქმედებამდე მიიყვანა სახელმწიფო. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობის მედიაციაში ჩართვამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ქვეყნის შიგნით მოლაპარაკება, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სამართლებრივი საკითხი, ვერ ხერხდება პროცესში გარე მედიატორის ჩარევის გარეშე, რაც ერთგვარ ტენდენციად იქცა.

ზოგადად საქართველოში სოციალური პროტესტების მიმართ დამოკიდებულებები სელექციურია, როგორც საზოგადოების, ისე სახელმწიფოს მხრიდან. საზოგადოების გარკვეული ჯგუფები მანამ არ ხდებიან გარკვეული სოციალური პროტესტების მიმართ სოლიდარულნი, სანამ საკითხი მათ ინტერესებს არ ემთხვევა. ამავდროულად, ნამახვან ჰესის საწინააღმდეგო პროტესტი არის სხვადასხვა ინტერეს ჯგუფების ერთ სივრცეში თავშეყრის და პერიფერიებიში მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე ადამიანების პროტესტის გარშემო გაერთიანების უნიკალური მაგალითი.  ხოლო მთავრობას რაც შეეხება, მისი წარმომადგენლები მხოლოდ იმ შემთხვევაში ეკიდებიან საკითხს ყურადღებით, თუ ის ეროვნული ვნებათაღელვის და საერთაშორისო აქტორების ინტერესის საგანი ხდება და, ასეთ შემთხვევაშიც მისი გადაჭრა საერთაშორისო პარტნიორების მედიაციის გარეშე ხშირად ვეღარ ხერხდება. 

 


[1] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უმცროსი ანალიტიკოსი

, , , , , , ,