Photo: European Union
ნინო სამხარაძე[1]
[პუბლიკაცია გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი არ არიან პასუხისმგებელნი მასალის შინაარსზე].
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საკუთარ ტვიტერზე მმართველ პარტიას ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის პირობითობის შესახებ შეახსენა.
რამდენიმე დღეში კი, გავრცელდა „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები გადაწყვეტილების შესახებ, რომ საქართველომ, შესაძლოა, უარი უთხრას ბრიუსელს მაკროფინანსური დახმარების მიღებაზე.
ხელისუფლება ცდილობს, მაკროპოლიტიკური კონტექსტით ახსნას ეს გადაწყვეტილება, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ამით, მან დაასწრო ევროკავშირს, სანამ ის საქართველოსთან მიმართებით პირობითობის პრინციპს აამოქმედებდა. როგორც ჩანს, მმართველ პარტიას აქვს მიზანი, შეინარჩუნოს ხელისუფლება და ამ მიზნის მისაღწევად მზად არის იმისთვისაც კი, რომ საფრთხის ქვეშ დააყენოს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები.
აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ევროინტეგრაციის გზაზე და რა შეიძლება იყოს მმართველი პარტიის ამგვარი მიდგომის მოტივაცია.
რა რისკებს წარმოშობს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა?
ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა ისეთი რთული გეოპოლიტიკური მდებარეობის და პოლიტიკურ-ეკონომიკური რეალობის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, არაერთ რისკს შეიცავს როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
- ხელისუფლების გადაწყვეტილება, განსაკუთრებით, საქართველოს უკვე დაზიანებული რეპუტაციის ფონზე, კიდევ უფრო მეტად დააზარალებს პოლიტიკურ ნდობას ბრიუსელში და 2024 წლისთვის საქართველოს გაწევრების ამბიციას პრაქტიკულად წერტილს დაუსვამს. „ქართული ოცნება“ ამ ჟესტით, ფაქტობრივად, ადასტურებს ინტერესის ნაკლებობას ბრიუსელთან ინტენსიური თანამშრომლობის თვალსაზრისით. ამას ისიც ემატება, რომ საქართველო, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფლაგმანი, თანდათან კარგავს ამ სტატუსს და მაკროსაფინანსო დახმარებაზე უარის თქმა კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს ამ ტენდენციას. ამ ყველაფრის ფონზე, პერიოდულად ჟღერდებოდა ევროპარლამენტარების გზავნილები, რომ „სასწორზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებია“. ამჯერად კი, სასწორი გამოკვეთილად ამ ურთიერთობების საპირისპიროდ გადაიხარა.
- ამის გარდა, ქართული ოცნების გადაწყვეტილება არის, ფაქტობრივი დემონსტრირება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა და, როგორც ჩანს, არც სურს, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე მემორანდუმის ფარგლებში აქამდე აღებული ვალდებულებები. ამას ადასტურებს ოცნების გადაწყვეტილების შესახებ ბრიუსელში აქამდე გაცხადებული პოზიციაც, რომლის მიხედვითაც, დახმარების მიღებისთვის საჭირო პირობები დაკმაყოფილებული არ არის. ამ ფონზე, ხელისუფლების მიერ დახმარებაზე უარის თქმა მიუთითებს პოლიტიკური კლასის მოუმწიფებლობაზე, რადგან მმართველ პოლიტიკურ ელიტას, საბოლოო ჯამში, არ ესმის, რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ქვეყანას მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელებული სასამართლო, საარჩევნო თუ სხვა რეფორმების გამო.
- გარდა ამისა, საბოლოოდ გამოიკვეთა, რომ ხელისუფლება ღრმა ღირებულებით კონფლიქტშია შესული ევროპულ ფასეულობებთან: „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, თავად ამბობს უარს ევროკავშირთან პირობითობის პრინციპით მუშაობაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დემოკრატიის ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების კეთილი ნება მას არ აქვს. შედეგად, თუკი აქამდე საქართველოს მისწრაფება, ყოფილიყო იმედისმომცემი დემოკრატია რეგიონში, საინტერესო იყო დასავლეთისთვის, ეს სურათი თანდათან შეიცვლება. საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების ღირებულებებზე დაფუძნებული პრინციპებისთვის ზურგის შექცევა, თავისთავად ნიშნავს წინააღმდეგობას ნატოსა და აშშ-ს ღირებულებით ფასეულობებთან.
ფინანსური და პრაქტიკული თვალსაზრისით, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ მოკლევადიან და გრძელვადიან დანაკარგებზე:
- ხელისუფლების მხრიდან იმის მტკიცება, რომ ბოლოდროინდელი ეკონომიკური ზრდის ფონზე ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს არმიღება საგანგაშო არ არის, არადამაჯერებელია. ფინანსური დახმარების ის ნაწილი, რომელიც საქართველოს სექტემბერში უნდა მიეღო, განკუთვნილი იყო პანდემიასთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. პანდემიური განვითარების მოცემულ ეტაპზე, როდესაც საქართველო განსაკუთრებულად მძიმე მაჩვენებლებს აფიქსირებს, აღნიშნულ დახმარებაზე უარის თქმა კოვიდთან ბრძოლის შემცირებულ რესურსებს ნიშნავს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსური დახმარების პირობები (პროცენტი და დაბრუნების ვადები) იმდენად ხელსაყრელია, რომ მცირედით განსხვავდება დახმარების გრანტის ნაწილის პირობებისგან.
- გრძელვადიან პერსპექტივაში, ნაკლებად სავარაუდო იქნება ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან (MFA Programme) დახმარების სამომავლოდ მიღება. ევროკავშირი მაკროფინანსურ დახმარებას რამდენიმე ეტაპად გასცემს: საქართველოსთვის ეს, 2008 წლიდან, მეოთხე დახმარება უნდა ყოფილიყო. თუკი მის მიღებაზე ხელისუფლება უარს იტყვის, ეს, მეხუთე და შემდგომ ეტაპებზე ფინანსური დახმარების გამოყოფისას, ეს პრეცედენტი ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღებაზე ცალსახად უარყოფითად იმოქმედებს. ამასთან, ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, ერთჯერადად დახმარებაზე უარის თქმა, საინვესტიციო გარემოს სანდოობის შემცირებას გამოიწვევს და, გრძელვადიან პერსპექტივაში, კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ ზარალს მოიტანს. საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ ქვეყანას იმაზე სერიოზული ფინანსური დანაკარგი შეიძლება მოუტანოს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
რა გზავნილს შეიცავს ხელისუფლების გადაწყვეტილება არჩევნების წინ?
ოფიციალურად „ქართული ოცნების“ ლიდერების პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანას საგარეო ვალის შემცირება სურს, რაც, თავისთავად, ცუდი მიზანი არ არის. საქართველოს სახელმწიფო ვალი, ამჟამად 31.57 მილიარდი ლარია, საიდანაც საგარეო დავალიანება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქვეყნებისადმი 25.7 მილიარდს შეადგენს. როგორც ჩანს, მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნოდ გადაწყვიტა, საგარეო ვალის საკითხი გამოიყენოს საბაბად და, მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმის გზით, თავიდან აიცილოს ევროკავშირის პირობითობის პრინციპის ამოქმედება საქართველოსთან მიმართებით. ამას ისიც ემატება, რომ ამ ნაბიჯით ოცნება ცდილობს, უფრო ადვილად მიიქციოს ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ყურადღება, რაც, ივლისის მოვლენების შემდეგ, საქართველოს ევროპეიზაციისთვის, როგორც ქვეყნის სტრატეგიული მიზნისთვის, სახიფათო თამაშია.
დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება არაგონივრიულია, რადგან მეტნაკლებად არადამაჯერებელი ეკონომიკური განმარტებების საპირწონედ, სასწორის მეორე მხარეს დევს საქართველოს დეკლარირებული სტრატეგიული მიზანი – ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ევროპეიზაცია. ოცნების ლიდერების მიდგომა, რომ მათ გადაწყვეტილებას ნაკლები პოლიტიკური დატვირთვა უნდა მიენიჭოს, გვაჩვენებს, რომ პარტია ამ მოვლენის პოლიტიკურ ფასს ვერ ან არ აფასებს ჯეროვნად. ეს კი, მიუთითებს მართველი პარტიის მისწრაფებაზე, მოახლოებული არჩევნების წინ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ხელისუფლება, მათ შორის სტრატეგიულ საერთაშორისო პარტნიორებთან გაუარესებული ურთიერთობების ხარჯზე.
[1] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უმცროსი ანალიტიკოსი