გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ფენომენი და ქართული არჩევნები

თიკო ხურციძე
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ახალგაზრდა ანალიტიკოსთა ქსელის წევრი

ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ  ქართული პოლიტიკური ლანდშაფტი სხვა და სხვა რაკურსით წარმოგვიდგება. ყოველი მორიგი არჩევნები რაღაც ახლისა და პროგრესულის კონსტრუქციებს გვისახავს, თუმცა ყოველი მორიგი არჩევნები ერთი და იმავე იმედგაცრუებით სრულდება. 13957561_10153621544807062_663445928_n (1)ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ქართველი ამომრჩეველი ახლიდან იკრებს ძალებს, რომ ის დაპირებების ტალღა რეალობას მიუსადაგონ და მათთვის იმედისმომცემ გზავნილებს ჩაეჭიდონ, რათა მცირედით მაინც გაამართლონ მათი ოპტიმიზმი. ვიჯერებთ იმას რისიც ძალიან გვინდა გვჯეროდეს და არც  პოლიტიკური სპექტრისადმი უკმაყოფილების დაფიქსირებით ვიღლებით. ესეც რუტინად იქცა, არაფრისმომცემი თავდადება და რწმენა მობეზრდა ქართველ ამომრჩეველს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ალბათ ყველაზე გამორჩეული იქნება. პოპულისტური რიტორიკა, რაც ყოველი საარჩევნო კამპანიის ნაწილია, საერთოა როგორც ძველი  ასევე ამჟამინდელი წინა საარჩევნო პერიოდისთვის. აღნიშნულის ეფექტურობა მეტ-ნაკლებად დამოკიდებულია არსებულ პოლიტიკურ გარემოზე და ამომრჩეველთა ქცევის ნორმებზე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჯერჯერობით ამ არჩევნებზე აშკარად გამორჩეული და დიდი უპირატესობის მქონდე დომინანტური ძალა არ შეინიშება. ღიად არც ამომრჩეველთა უმრავლესობა გამოხატავს სიმპათიას პოლიტიკური სპექტრისადმი, როდესაც ამგვარი დამოკიდებულება ქართველი ამომრჩევლის ერთგვარი ნიშა იყო. თუ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მთელი საზოგადოება მობილიზებული იყო ერთი პოლიტიკური ძალა ჩაენაცვლებინა მეორით დღეს მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია. ამ განსხვავებულობას არა ერთი ფაქტორი განაპიობებს.

პირველ რიგში, აღარ დგას იმის აუცილებლობა რომ “დაისაჯოს “ძალა,რომელსაც ჰქონდა ხელში სახელმწიფო მართვის სადავეები. არსებობს ცდუნება ვიფიქროთ, რომ აბსოლუტური მონოპოლიის მავნე პრაქტიკა წარსულის ნაწილია, ან იქნებ მირაჟი. თანდათანობით იკლო ქარიზმატული ლიდერების განდიდებისკენ ლტოლვამ, შესაბამისად იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოქალაქეები ცდილობენ არა იმპულსურად, არამედ რაციონალურად, მხოლოდ საარჩევნო პროგრამისა თუ დაპირებების მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილებები. თუმცა ჯერ ამ მიმართულებით როგორც ამომრჩევლებს ასევე პოლიტიკურ პარტიებს ბევრი რამ გვაქვს სასწავლი და გასაუმჯობესებელი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში  არსებული შედარებითი პოლიტიკური პლურალიზმი და ის ფაქტი, რომ ახალ პოლიტიკურ სუბიექტებს მეტ-ნაკლებად თანაბარი პირობები ექმნებათ ქართულ პარტიულ პოლიტიკაში  საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად.

ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით შევეცდები შევეხო ამომრჩეველთა დამოკიდებულებას  პოლიტიკური პარტიების მიმართ. პოლიტიკური გარემო იმდენად არის სიცოცხლისუნარიანი რამდენადაც   აქტიურია პოტენციური ამომრჩეველი. მნიშვნელოვანია რომ ამ პროცესს თან ახლდეს საზოგადოებრივი ინიციატივები  და მოქალაქეთა ჩაართულობა ან თუნდაც კრიტიკა, განურჩევლად იმისა, რა პრიზმიდან აღიქვამს ესა თუ ის პოლიტიკური სუბიექტი მოვლენებს.  სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური კულტურის არსებობა არ არსებობაზე საუბრისას მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგომარეობის გაანალიზება. საქართველო ჯერ კიდევ დემოკრატიული ტრანზაციის ეტაპზეა, ხოლო პროგრესისკენ სვლა თითოეული ინდივიდის, იქნება ეს პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ფიგურა, პირდაპირი მოვალეობაა. თუ დამნაშავის ძიებას არასაკმარისად მობილიზებულ სამოქალაქო საზოგადოებაში და სამოქალაქო კულტურის ნაკლებობაში ვეძიებთ ,ალბათ, მარტივი იქნება მოქალაქეთა ნიჰილისტური დამოკიდებულების ახსნა პოლიტიკური პარტიებისადმი. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის არსებობაც უბრალო მოცემულობა იქნება,ფაქტობრივად, აბსოლუტურად მართლზომიერიც.

ასევე მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ ამომრჩეველთა დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიებისადმი და გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა მოტივების განმაპირობებელ ფაქტორებსაც შევეხო. როგორც ცნობილია, 2016 წლის 29 ივლის NDI და CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად საქართველოს ამომრჩეველთა 57% გადაუწყვეტელი ამომრჩეველია. მოქალაქეები, რომლებიც გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვს მიეკუთვნებიან, პესიმისტურად აღიქვამენ მოვლენებს. მათი დამოკიდებულება მკვეთრად განსხავვდება გადაწყვეტილი ამომრჩველებისგან, რადგან ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით არ მოსწონთ არსებული რეალობა, შესაბამისად მომავალიც სკეპტიკურად ესახებათ. გარდა ეკონომიკური და სოციალური მაჩვენებებლებისადმი ნაკლებ პოზიტიური დამოკიდებულებისა, განსხვავება საგარეო პოლიტიკის კუთხითაც შეინიშნება. გადაწყვეტილი ამომრჩეველი ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას მეტი ენთუზიაზმით უყურებს (58 %) გადაუწყვეტელისგან განსხავვებით (49%). მნიშვნელოვანია ის ,რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა პრო დასავლურია,თუმცა ძირითადი განსხვავება მათ დამოკიდებულებაშია. ერთი ნაწილისთვის პროცესები თანმიმდევურლად მიმდინარეობს, ხოლო დარჩენილისთვის მდგომარეობა პროგრესს ვერ განიცდის.

თუ ამომრჩევლისგან ნდობას ან უბრალოდ მოქალაქეობრივი ვალის შესრულებას მოვითხოვთ, რაც ჯანსაღი პოლიტიკური გარემოსათვის აბსოლუტურად ნორმალურია, იგულისხმება არჩევნებში მონაწილეობა, მათ უნდა შევთავაზოთ გარემო, რომელიც პროგრესირებს. ბუნებრივია, წარსული გამოცდილებიდან რთულია პოზიტიური ნარატივის შენარჩუნება, თუმცა ეტაპობრივი წინსვლა ეს ვალდებულებაა ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც ესა თუ ის პოლიტიკური სუბიექტი აირჩია. კვლევების თანახმად, 42% თვლის რომ მათი პირობები გაუარესდა, ხოლო 47% მიიჩნევს, რომ არაფერი შეცვლილა. აღნიშნული მაჩვენებელი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. ქვეყანაში , სადაც პროცესები მდორედ მიედინება და სადაც თითქმის ნახევარი ინარჩუნებს პირვანდელ კონდიციას რთულია ამომრჩეველს ენთუზიაზმით მოქმედება მოთხოვო. თუ 2012 წელი გარდამავალი პერიოდი იყო და თუ ამომრჩეველს მკვეთრად ჰქონდა განსაზღვრული არჩევანი, დღეს მდგომარეობა განსხვავებულია. ორ პოლუსად გაყოფილი პოლიტიკური სპექტრი აღარ არის, არც ის იქნება გონიერი ქართველ ამომრჩეველს ტრადიციული ელექტორალური ქცევა დავწამოთ.  მით უფრო , რომ შედეგები 2008 წლისგან განსხვავებული იყო 2012 წელს, ხოლო 2016 წლის არჩევნების შედეგების პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.  ტრადიციულში იგულისხმება ამომრჩევლის ერთი და იმავე პოლიტიკური ძალისადმი ერთგულება, განმეორებადი არჩევანი.

ამომრჩევლის სკეპტიციზმს საქართველოს პოლიტიკური სპექტრისადმი მისი  იმპულსურობაც განაპირობებს. მუდამ მხსნელის ძებნაში დამშვრალი ქართველი ამომრჩეველი, დღეს “მთავარი გმირის” გარეშეა დარჩენილი, პოლიტიკური „ჰეროიზმის“ ნაკლებობა გარკველწილად განაპირობებს იმ იმედგაცრუებებს, რასაც გვიჩვენებს ზოგიერთი გამოკვლევა. ამასთანავე ამომრჩევლების უმრავლესობას არა აქვს იდეოლოგიური ბმა ან თავსებადობა რომელიმე პარტიასთან რაც ართულებს როგორც მათი მხრიდან გადაწვეტილების მიღების, ისე პოლიტიკური სპექტრის დაწმენდის პროცესსსაც. პრინციპში, ამგვარი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას ტრანზიტული დემოკრატიის ქვეყანაში დრო სჭირდება, პროცესები ორივე მხარის მობილიზაციას მოითხოვს.

გადაუწყვეტელი ამომრჩევლის არსებობას და მათ შეზღუდულ არჩევანს ასევე ამყარებს პოლიტიკური კლასისადმი უნდობლობა. როგორც წესი, არჩევნები ასოცირდება სიახლესთან, ცვლილებასთან და გარკვეულ პროგრესთან. ხშირად მოქალაქეებში პროგრესის რწმენა და იმის მოლოდინი ,რომ რაღაც შეიცვლება დაკარგულია. IRI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად 16% თვლის, რომ იმ პრობლემების მოგვარება, რომელთა წინაშეც საქართველო დგას, არც ერთ პარტიას შეუძლია. 45 %-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

რეალობა შემდეგია, თუ ამომრჩეველი თვლის, რომ პოლიტიკურ სპექტრს არ გააჩნია საკმარისი ბერკეტი პრობლემებთან საბრძოლველად მათი ნიჰილისტური დამოკიდებულებაც მარტივად ახსნადია. თუმცა რა ბადებს მათ ასეთ დამოკიდებულებას, ალბათ, რეალობა ისევ პოლიტიკური პარტიების  დაპირებებისა და რეალობის შეუსაბამობით აიხსნება.

საყურადღებოა რომ, საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილების სიმცირეა. ამას ადასტურებს 2015 წელს ჩატარებული NDI-ის კვლევაც, ასევე 2014-ისა და 2013-ის მონაცემები.  იგივე რეალობაა დღესაც, შესაბამისად ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ  პროცესები მდორედ მიედინება და ამომრჩევლის ამჟამინდელი დამოკიდებულება არსებული რეალობითაა ინსპირირებული. 2015 წლის მონაცემების მიხედვით, კითხვაზე თუ რა მდგომარეობა იქნება ორი წლის შემდეგ, დაახლოებით 27% თვლის, რომ არაფერი შეიცვლება, ხოლო 13% თვლის, რომ მდგომარეობა გაუარესდება. ეს ის პოტენციური ამომრჩეველია, რომელსაც 2016 წელს უნდა მიეღო მონაწილეობა. დაახლოებით ნახევარს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, შესაბამისად დღეს არსებული განწყობების მიზეზი წლების წინ არასწორად წარმართულ პოლიტიკაში უნდა ვეძიოთ. ბუნებრივია, პოლიტიკის მართებულობა არ მართებულობა და დაპირებების ნუსხა ის არის ,რაც ნებისმიერი წინასაარჩევნო კამპანიის თანმდევი ნაწილია. მოლოდინების გამართლება კი ის არის, რაც ნებისმიერი ამომრჩევლის სურვილია, თუმცა რეალობა კვლავ უცვლელია.

ამომრჩევლის გადაუწყვეტელობას და მათ უნდობლობას დაქსასული კოალიციებიც იწვევს. კოალიციის დაშლა ,რომელიც თავისუფალი დემოკრატების პარტიიდან გასვლით დაიწყო, შეუქცევადი პროცესი გახდა. კოალიციაში შემავალი პარტიებისთვის რთულია განცალკავებით ბრძოლა მანდატებისთვის, შესაბამისად მხოლოდ ის პარტიები იჩენენ გამბედაობას, რომელთაც საკმარისი რესურსი და მხარდაჭერა აქვთ. „რესპუბლიკელები“, „მრეწველები“, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები“  და „კონსერვატორები“ ერთად ქმნიდნენ იმ კოალიციას, რომელსაც ნდობა 2012 წელს გამოუცხადეს. შესაბამისად, იდეოლოგიური დაპირისპირება და შედეგი, რომელიც მათ ერთიან კონტექსტში მოაზრებას გამორიცხავს , ამომრჩევლისთვის რთულად აღსაქმელია.

საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ქართველი ამომრჩეველი ბევრად უფრო გამოცდილი და კვალიფიცური გახდა, ვიდრე აქამდე იყო. ამის თქმის  საფუძველს 25 წლიანი პოლიტიკური გამოცდილება იძლევა. იმედი იმისა რომ დღეს განსხვავებული რეალობაა, და ადამიანებმა დაიწყეს ტყუილისა და მართლის გარჩევა, იმის გააზრება, რომ ხელისუფლება მათ წინაშე არის ანგარიშვალდებული უფრო ძლიერია. რადგან მოქალაქეთა სწორ არჩევანს ეფუძნება მათი შემდგომი სოციალ ეკონომიკური მდგომარეობა, შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებისას ბევრი ჩვენი თანამოქალაქე უფრო კრიტიკული გახდა. ბუნებრივია, ეს ის იდეალური კონდიციაა არ არის და ქართველ ამომრჩეველს “სიმწიფეზე” კიდევ ბევრი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, თუმცა გარკვეული პროგრესი უკეთესის მოლოდინს აჩენს.

მთლიანობაში, ზემოთ აღნიშნული ფაქტორების ერთიანობა ქმნის არსებულ რეალობას, რომელშიც პოლიტიკური სუბიექტები ვერ ახერხებენ ამომრჩევლების ხმების გენერირებას წინასაარჩევნო პერიოდში. როგორც პოლიტიკურმა ძალებმა, ასევე მოქალაქეებმა, უნდა ვაღიაროთ რომ, ამ საკითხში არსებობს ეგრეთწოდებული “ხიდჩატეხილობის პრობლემა” ქართველ ამომრჩეველსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა დემოგრაფიული და გეოგრაფიული თავისებურებების სტრატეგიულად გამოყენებით, ინტენსიურად იმუშავონ გადაუწყვეტელ ამომრჩევლებთან რომლებიც მათი დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, მომავალ არჩევნებში გადამწყვეტ როლს ითამაშებენ.

 

Related Posts