Authors

12/06/2024 ნინო სამხარაძე

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიდან „უცხოური აგენტების კანონამდე“: რას ამბობენ პარტიები სოციალურ ქსელში

გაეცანით ნაშრომს

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
12-06-2024

წინამდებარე პოლიტიკის ნარკვევი აანალიზებს პოლიტიკური პარტიების როლს საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიაში და ამომრჩევლის ჩართულობის უზრუნველსაყოფად პარტიების მიერ სოციალური მედიის გამოყენებაზე ამახვილებს ყურადღებას. ნაშრომი ხაზს უსვამს მესიჯების სტრატეგიულ მნიშვნელობას ელექტორალური ნდობის მოპოვებასა და შენარჩუნებაში. ქართული პოლიტიკური პარტიების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის საგრძნობი დეფიციტი არსებობს: მოსახლეობის 50%-ზე მეტი არ გამოხატავს რომელიმე პარტიის მიმართ კუთვნილებას ან არ პასუხობს კითხვას პარტიული პრეფერენციების შესახებ. ამ ფონზე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიული პროგრესისკენ შემობრუნების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობის მოვლენად განიხილება. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულმა ქუჩის მასობრივმა აქციებმა მკაფიოდ აჩვენა ქართული საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრების მიმართ.

წარმოდგენილ კვლევაში გაანალიზებულია ათი საპარლამენტო პოლიტიკური პარტიის კომუნიკაცია სოციალურ მედიაში. კვლევის ფარგლებში განხორციელდა პარტიების ოფიციალური Facebook გვერდების მონიტორინგი დროის ორ მონაკვეთში: 2023 წლის დეკემბერსა და 2024 წლის აპრილში. კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რამდენად არის პარტიების მიერ გამოყენებული მასალები კონკრეტულ საკითხებზე ფოკუსირებული, პერსონალიზებული და მიზნობრივი. ნაშრომში, ასევე, იდენტიფიცირებულია კრეატიული მეთოდები საზოგადოების ონლაინ ჩართულობის უზრუნველსაყოფად. დოკუმენტის ბოლოს, წარმოდგენილია რეკომენდაციები კომუნიკაციაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პარტიების ციფრული ჩართულობის სტრატეგიების გასაუმჯობესებლად.

საკვანძო სიტყვები: პოლიტიკური პარტიები; ქართული პოლიტიკა; სტრატეგიული კომუნიკაცია; კომუნიკაცია სოციალურ მედიაში

პოლიტიკის ნარკვევი #60 | ივნისი 2024

პუბლიკაცია მომზადდა „საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს“ მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ და „საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს“ შეხედულებებს.

, , ,