მომავალ ლიდერთა სკოლა ELS2021 დაიწყო!

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP), მომავალ ლიდერთა სკოლის (#ELS2021) მეორე გამოშვება გახსნა. გახსნის ცერემონია ოთხივე სამიზნე ადგილას –  ქუთაისში, ზუგდიდში (12 დეკემბერს), თბილისსა და გორში (19 დეკემბერს) დისტანციურად, ონლაინ გაიმართა.

ამჯერადაც, მომავალ ლიდერთა სკოლა 120 ახალგაზრდა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ აქტიურ პროფესიონალს აერთიანებს თბილისსა და საქართველოს რეგიონებიდან – სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, შიდა ქართლიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, იმერეთიდან, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთიდან.

მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ისინი მრავალფეროვანი თემატიკით დატვირთულ ტრენინგებს დაესწრებიან ინტერაქტიულ ფორმატში და მონაწილეობას მიიღებენ სოციალურ-პოლიტიკურ თემებზე მომუშავე ჯგუფებში.

გახსნის ცერემონიას დაესწრნენ და მონაწილეებს გაეცვნენ: GIP-ის დირექტორის მოადგილე რენატა სკარჯუტე-კერესელიძე, USAID-ის დემოკრატრიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის წარმომადგენელი ხათუნა კუნჭულია და ჯოზეფ ლარსენი, USAID-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი მრჩეველი (Senior Development Outreach Advisor). ასევე, პროექტის რეგიონული კოორდინატორები – მარიკა ვაჭარაძე (ქუთაისი), ეკა მინჯორაია (ზუგდიდი) და ნინო დალაქიშვილი (გორი).

გახსნის ცერემონიის დასრულებისთანავე, ELS-ში ტრენინგების სერია დაიწყო. პირველი სატრენინგო სესიის თემები იყო: 

  • ახალგაზრდების ჩართულობა დემოკრატიულ პროცესებში – ტრენერი ლევან ცუცქირიძე
  • სამოქალაქო საზოგადოება – არსი და საჭიროება – ტრენერი დავით აფრასიძე.

 

ინიციატივა მომავალ ლიდერთა სკოლა (ELS) GIP-ის მიმდინარე პროექტის ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში ფარგლებში ხორციელდება, USAID/Georgia -ის ფინანსური მხარდაჭერითა და CRRC Georgia-თან თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მონაწილეების ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, მათი პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის წახალისებას და ასევე, მათ პროფესიულ ზრდას. 

ტრენინგები ELS-ში, ჯერჯერობით კვლავ ონლაინ ფორმატში გაგრძელდება.

Related Posts