27/01/2021 keta

დისკუსია: ზღვარი მიუკერძოებელ მედია გაშუქებასა და რადიკალი მემარჯვენე ნარატივების წახალისებას შორის

25 იანვარს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ონლიან დისკუსია მემარჯვენე რადიკალური ჯგუფების მედია გაშუქების საკითხზე, 3 დოკუმენტური მასალის:

ღონისძიება გაიმართა საჯარო დისკუსიების სერიის “ანტი-ლიბერალური ტენდენციების ანალიზი საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი ღია საზოაგდოების (OSGF) დაფინანსებული პროექტის ფარგლებში და მისი მიზანია საქართველოში მემარჯვენე რადიკალიზაციის გამომწვევი ფაქტორების გამოვლენა.

დისკუსიის მთავარი შეკითხვა შეეხებოდა იმას, თუ რამდენად შეუძლიათ ჟურნალისტებს შეინარჩუნონ ობიექტურობა მემარჯვენე რადიკალური ჯგუფების ნარატივებზე სიუჟეტების მომზადებისას და ზოგადად მათი გაშუქებისას. ასევე, თუ სად გადის ზღვარი მიუკერძოებელ მედია გაშუქებასა და რადიკალი მემარჯვენე ნარატივების წახალისებას შორის.

ღონისძიების მოდერატორ-დისკუსანტმა მარინა ვაშაყმაძემ („ევრონიუს ჯორჯიას” ევროპული საბჭოს წევრი) მოკლედ შეაჯამა DW-ს დოკუმენტური ფილმი “მემარჯვენე პოპულისტები და ევროკავშირი” და ფასილიტაცია გაუწია ონლაინ დისკუსიას.

მან პარალელები გაავლო ევროკავშირის ქვეყნების ულტრა-მემარჯვენე ნაციონალისტებისა და საქართველოში არსებული არალიბერალური ჯგუფების ნარატივებსა და პათოსს შორის, ისაუბრა ულტრა-მემარჯვენე ნაციონალისტი ჯგუფების მიგრაციის შიშზე, ევროკავშირის მიმართ მათ თავისებურ დამოკიდებულებასა და მათი მხრიდან ფაშიზმთან აფილირების უარყოფაზე, რასაც მათივე სიმბოლიკა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მარინა ვაშაყმაძის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოში არსებულ ანტი-ლიბერალ ჯგუფებს შორის ძალიან ბევრი მსგავსებაა, უბრალოდ საქართველოში სიტუაცია უფრო რთულადაა და ამის უგულებელყოფა არც სახელმწიფოს და არც მედიის მხრიდან არ შეიძლება. მედიაში მათი აქტივობების გაშუქების შესახებ საუბრისას, მან ჟურნალისტების მაღალპროფესიული პასუხისმგებლობისა და ჟურნალისტური ეთიკის დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

დისკუსიის შემდეგი მომხსენებელი გახლდათ რეიჰან დემიტრი – BBC-ის ჟურნალისტი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს.

ჟურნალისტმა ისაუბრა თავისი დოკუმენტური ფილმის “Georgia’s rave revolution” შექმნის შესახებ, – თუ რა გამოწვევებს წააწყდა იგი საქართველოში რადიკალ მემარჯვენე ჯგუფებთან ინტერვიუს ჩაწერისას. რეიჰანმა საქართველოსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში, რადიკალი მემარჯვენე პოლიტიკოსების დისკურსებს შორისაც გაავლო პარალელები. მისი თქმით, ე.წ. “ბასიანის” პროტესტის გაშუქებამ, ამ პოლიტიკოსებს საშუალება მისცა ანტი-ლიბერალური ჯგუფები გამოევლინათ. მიუხედავად საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებული კვლევისა, სადაც ყურადღება გარკვეული ულტრა-მემარჯვენე ნაციონალისტური ჯგუფებისა თუ პარტიების რუსეთის მხრიდან დაფინანსებაზე იყო გამახვილებული, ქართულმა მედიამ ეს საკითხი სათანადოდ არ გააშუქა. საუბრისას, მან გაიხსენა, ქართული მარშის ლიდერთან – სანდრო ბრეგაძესთან თავისი ინტერვიუ, სადაც ქართული მარშის ლიდერი თავის ხედვებს დონალ ტრამპის ხედვებთან აიგივებდა და ამით ძალიან ამაყობდა. რეიჰანმა გაიხსენა კიდევ ერთი ინტერვიუ, როდესაც ერთ-ერთი ულტრა-ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერ გიორგი ჭელიძეს, ინტერვიუს ჩაწერისას, ჯიბეში იარაღი ჰქონდა. ამით რეიჰან დემიტრიმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ჟურნალისტები რეპორტაჟების მომზადებისას, ხშირად თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსგავი ჯგუფების აქტივობების გაშუქება უწევთ.

დისკუსიის კიდევ ერთი მომხსენებელი იყო ეკა ქევანიშვილი – რადიო თავისუფლების ჟურნალისტი საქართველოში. მან თავისი მოხსენება საქართველოში მემარჯვენე რადიკალიზაციის არსებობის თემას მიუძღვნა. უფრო ზუსტად, მან ეთნიკურ ნიადაგზე მოკლული ვიტალი საფაროვის საქმის შესახებ ისაუბრა, რომლის სასამართლო პროცესსაც იგი დეტალურად აშუქებდა. მთელ ამ პროცესში, ჟურნალისტის განსაკუთრებული გაოცება იმან გამოიწვია, რომ მის მიერ გამოკითხული მთავრობის წევრების უმრავლესობამ ვიტალი საფაროვის მკვლელობის მიზეზი არ იცოდა. უფრო მეტიც, ზოგიერთის აზრით, მცირე, არაფრისმაქნისი ჯგუფების შესახებ ყურადღების გამახვილება არც ღირდა. ეკა ქევანიშვილის თქმით, ამან ნათლად აჩვენა მთავრობის უგულებელყოფითი დამოკიდებულება ამ ჯგუფების მიმართ.

BBC-ის ჟურნალისტ რეიჰანის მსგავსად, ეკამაც აღნიშნა ის ფაქტი, რომ კონკრეტული საქმის გაშუქება, გარკვეულწილად, მისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. მან თავისი პირველი გამოცდილება გაიხსენა, როდესაც პირდაპირ ეთერში ულტრა-მემარჯვენე ნაციონალისტური ჯგუფების დემონსტრაციის გაშუქება მოუწია, როდესაც აქციაზე ძალადობრივი მოწოდებები ისმოდა, როდესაც მივხდა, რომ ეთერში ყველაფრის პირდაპირ გაშვება დაუშვებელი იყო და ის მაინც უნდა განემარტა, რომ იგი ემიჯნებოდა იმას, რაც იქ ხდებოდა.

მოხსსენებების შემდეგ, აუდიტორიას შეკითხვების დასმისა და თავიანთი მოსაზრებების გამოთქმის საშუალება მიეცა. საინტერესო იყო იმ ჟურნალისტების კომენტარები, რომლებიც დისკუსიაში საქართველოს სხვადაასხვა რეგიონიდან ჩაერთნენ და ყურადღება რეგიონებში არსებულ ულტრა-მემარჯვენე ნაციონალისტური ჯგუფების ნარატივების სწრაფად გავრცელების ტენდენციაზე გაამახვილეს. დისკუსიის ბოლოს, ყველა სპიკერი შეთანხმდა, იმაზე, რომ მომავალში რეგიონულ საკითხზე მეტ აქცენტს გააკეთებენ.

ღონისძიება გაიმართა ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

 

, , ,