04/10/2021 keta

აფხაზი ახალგაზრდების პოლიტიკური ელიტის ფორმირება აფხაზეთში

გიორგი ლაზარიაშვილი
[ბლოგი მომზადდა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის – “ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობა” წევრის, გიორგი ლაზარიაშვილის მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით]. 

ახალგაზრდების პოლიტიკაში პირდაპირი ჩართულობა თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. 2020 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, ევროპის ქვეყნებში  ახალგაზრდობა პოლიტიკაში ჩართულია არა  პარტიული გზით, არამედ არასამთავრობო სექტორის საშუალებით, რაც პოლიტიკაში ჩართულობის არაინსტიტუციონალიზებულ ფორმას წარმოადგენს. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც პარტიული და ინსტიტუციური თვალსაზრისით, ისე სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებითაც. ეს გულისხმობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებასა და „გაყინული კონფლიქტის“ ტრანსფორმაციას. კვლევების ანალიზმა აჩვენა, რომ საქართველოში ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობის პროცესი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, მხოლოდ ქართველი ახალგაზრდების პოლიტიკური გააქტიურება შედეგს ვერ მოიტანს, თუ აფხაზეთშიც არ გაჩნდა ახალი პოლიტიკური ელიტა, რომლის მეხსიერება თავისუფალი იქნება ომის მოგონებებისაგან. მნიშვნელოვანია იმ ღონისძიებებისა და მიდგომების შეფასება, რომელიც ბოლო პერიოდში გაჩნდა აფხაზეთში, რაც ახალგაზრდების პოლიტიკურ გააქტიურებას უწყობს ხელს. აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები ბოლო წლებში აღნიშნავენ, რომ მათი კეთილდღეობა პირდაპირ გადის ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობაზე.  აქედან გამომდინარე, შესაფასებელია აფხაზური მიდგომების გავლენა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების სამომავლო პერსპექტივებზე. 

ახალგაზრდული პოლიტიკა აფხაზეთში

2011 წელს  აფხაზეთში მიიღეს კანონი “ახალგაზრდული პოლიტიკა აფხაზეთის რესპუბლიკაში”, რომელმაც დეკლარირებულად აღიარა ახალგაზრდების სამოქალაქო უფლებები. თუმცა, აღიარებული უფლებების რეალიზების, პოლიტიკაში გააქტიურებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისათვის მექანიზმები არ გაწერილა. მიუხედავად ამისა, დოკუმენტი მაინც შეიცავს კონკრეტულ შეღავათებსა და წახალისების მექანიზმებს ახალგაზრდებისათვის. ისეთებს, როგორიცაა საგადასახადო შეღავათები ახალგაზრდული საწარმოს/ორგანიზაციის დაფუძნებისას. გარდა ამისა, ზემოაღნიშნულმა კანონმა დაადგინა ცენტრალური და რეგიონული დონის ფონდები და ორგანოები, რომლებიც ახალგაზრდულ საკითხებზე უნდა მუშაობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კანონი აღიარებს ახალგაზრდების სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და შრომით უფლებებს, იგი არ განსაზღვრავს კონკრეტულ მექანიზმებს ახალგაზრდების პოლიტიკურად გასააქტიურებლად. აღსანიშნავია, რომ 2020 წლამდე ეს იყო ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ახალგაზრდულ პოლიტიკას ეხებოდა. 2011 წლის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი კრიტიკის საგანი აფხაზურ საზოგადოებაში არაერთხელ გამხდარა.

ახალი პოლიტიკური თაობა და რუსული გავლენები

ჯერ კიდევ 2020 წლის ე.წ „საპრეზიდენტო არჩევნებამდე“ აფხაზურ პოლიტიკურ ელიტაში გამოჩნდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან არსებულ ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე ინალ არძინბა. 29 წლის ახალგაზრდა პოლიტიკოსზე აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი თავიდანვე დიდ იმედებს ამყარებდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჯერ კიდევ საპრეზიდენტო ასაკის არმქონე ახალგაზრდა აფხაზურ პოლიტიკაში დიდი ნდობით სარგებლობდა.  თუმცა, ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა ის ფაქტი, რომ იგი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აფილირებული პირი იყო და არა აფხაზურ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ლიდერი. ინალ არძინბა სათავეში ჩაუდგა სოციალურ პლატფორმას – “აფხაზეთის მომავალი”. რომლის საფუძველზე დაანონსდა სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობის „აფხაზეთის მომავლის“ დაფუძნება. ასევე, აფხაზეთში ახალგაზრდა ლიდერების გამოსავლენად, მოეწყო კონკურსის – „აფხაზეთის სიამაყის“  ორგანიზება. ინალ არძინბამ აფხაზურ პოლიტიკაში გამოჩენისთანავე ღიად განაცხადა ახალი პარტიის შექმნის სურვილი, რომელიც პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდის ჩართვას დაისახავდა მიზნად. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკურ ამბიციებს აცხადებდა პირი, რომელსაც პირდაპირი კავშირი არ ჰქონია აფხაზეთის ომთან. თუმცა, საინტერესოა, საქართველოს შემთხვევაში თუ ომის დროინდელი ემოციებისაგან დაცლილი თაობა მეტად გამოირჩევა სამშვიდობო ინიციატივებითა და მოლაპარაკებების სურვილით, იგივე შედეგს უნდა ველოდოთ თუ არა აფხაზეთში ახალი პოლიტიკური ელიტისაგან? შემთხვევევითი არ არის, რომ ინალ არძინბა რუსეთში „გამოზრდილი“ პოლიტიკოსია, რომელიც ეცდება ახალგაზრდების რუსული დღის წესრიგისაკენ მიმართვას. თუკი ძველი თაობის პოლიტიკოსები და მოქმედი პრეზიდენტი არ ერიდება ქართველებთან დიალოგისათვის მზაობის გამოხატვას, ასეთ განწყობას არ უნდა ველოდოთ რუსული გავლენებით ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკური ელიტისაგან, რომელთა მეხსიერებაში ქართული მხარე დემონიზებული და სრულად დისტანცირებულია.

„აფხაზეთის მომავალი“ – ახალი ლიდერების ძიება

2020 წლის 10 მარტს აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მასშტაბურ კონკურსს – „აფხაზეთის სიამაყე“. კონკურსის ჩატარებაზე პასუხისმგებელები იყვნენ სოციალური პლატფორმა “აფხაზეთის მომავალი”, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აფხაზეთის ე.წ პარლამენტის ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტი. იგი განკუთვნილი იყო 35 წლამდე ახალგაზრდებისათვის და აფხაზეთის მომავალი ლიდერებისათვის, მათი უნარ-ჩვევების გამოვლენის, პოლიტიკური გააქტიურებისა და გაძლიერების მიზნით. კონკურსის მთავარი საკითხი იყო თუ „როგორ ვხედავ აფხაზეთს 2030 წელს“. ასევე, დადგენილების თანახმად, კონკურსის ფინალისტები ადგენდნენ  „აფხაზეთის განვითარების ეროვნულ გეგმას“. გამარჯვებულები კი სტაჟირებას გაივლიდნენ რუსეთის სახელმწიფო ორგანოებში, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციებში. მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურში კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გაიარა კონკურსის ერთ-ერთმა წარმატებულმა მონაწილემ. ცხადია, ეს კონკურსი აღმოჩნდა ძალიან რეზონანსული, ვინაიდან, იგი პირველი მასშტაბური პროექტი იყო, სადაც  ახალგაზრდებს პერსპექტივა გაუჩნდათ ჩართულიყვნენ პოლიტიკის პროცესში.  კონკურსის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ კონკურსი გახდება შესაძლებლობების პლატფორმა კეთილსინდისიერი და კომპეტენტური ახალგაზრდების აფხაზურ პოლიტიკაში ჩასართავად. პლატფორმა „აფხაზეთის მომავლის“ ახალმა ხელმძღვანელმა საიდ ბეიამ განაცხადა, რომ 2011 წლის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში  შევა ცვლილება, რომლის თანახმად, კონკურსი „აფხაზეთის სიამაყე“ ჩატარდება ყოველწლიურად, რაც ხელს შეუწყობს აფხაზურ საზოგადოებაში ახალი ლიდერების გამოვლენასა და მათ გაძლიერებას.

2020 წლის 12 ნოემბერს კონკურსი – „აფხაზეთის სიამაყის“ გამარჯვებულმა წარადგინა რეფორმების პროგრამა, რომელზეც იმუშავეს კონკურსის ფინალისტებმა. რეფორმების პროგრამა ხელს  უწყობს ახალგაზრდების პოლიტიკურ გაძლიერებას. მათი ერთ-ერთი მთავარი ინიციატივაა 2022 წლის ე.წ საპარლამენტო არჩევნებისათვის პროფესიონალი ახალგაზრდა იურისტებისა და ექსპერტების გადამზადება, რათა დაკომპლექტდეს ე.წ პარლამენტი ახალგაზრდა ლიდერებით. რეფორმების პროგრამა გულისხმობს ამბიციურ ინიციატივებს, რაც გულისხმობს პოლიტიკის სკოლების შექმნას, ახალგაზრდა ლიდერების სტაჟირებას რუსეთის სახელმწიფო ორგანოებში და ადგილობრივ დონეზე ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბებას. შესაბამისად, აფხაზ ახალგაზრდებში პოლიტიკური კულტურის განვითარება სრულად მიმაგრებული იქნება რუსულ სამთავრობო პოლიტიკაზე, ვინაიდან, კვალიფიკაციის ამაღლება სწორედ რუსული ინსტიტუტების საშუალებით იქნება შესაძლებელი. ეს კი რუსული დღის წესრიგისაგან დისტანცირების ნაცვლად, აფხაზეთში წარმოქმნილ ახალ პოლიტიკურ ელიტას უფრო მეტად გახდის დამოკიდებულს რუსეთსა და მის მმართველზე.   

ახალი სახეების ძველი პოლიტიკა?

2021 წლის მაისში ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას “რესპუბლიკის პრეზიდენტის საკადრო რეზერვის შექმნის შესახებ“.  ბრძანების თანახმად, საკადრო რეზერვში მოხვედრის შანსი აქვს საჯარო სამსახურში მომუშავე ახალგაზრდებსა და “აფხაზეთის სიამაყის” კონკურსის ფინალისტებს, რაც მათ პოლიტიკაში ჩართვის შესაძლებობას მისცემს.

„ახალგაზრდობის იმედი გვაქვს, სწორედ ის არის აფხაზეთის მომავალი“ – განაცხადა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ „ნაციონალური პლატფორა – აფხაზეთის მომავლის“ პრეზენტაციისას.  თუმცა, იმავე ღონისძიებაზე პროგრამის მოქმედმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა ლიდერების გადაწყვეტილებით, ნაციონალური პლატფორმა – „აფხაზეთის მომავლის“ თავმჯდომარეებად აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქმედი მრჩეველი ინალ არძიბა დასახელდნენ. აღნიშნული ფაქტი შესაძლოა ორ რამეზე მიუთითებდეს. ერთი მხრივ, ასლან ბჟანიას ახალგაზრდა აფხაზი ლიდერების თავმჯდომარედ დანიშვნა ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ლიდერები „ომის თაობის“ გავლენის ქვეშ რჩებიან და შესაბამისად, მათი ინიციატივების ლეგიტიმაციას მოქმედი ჩინოვნიკები ახდენენ. მეორე მხრივ, პლატფორმის თანათავმჯდომარე ინალ არძინბა კი, რუსეთში მოღვაძე პოლიტიკოსია, რომელიც პირდაპირი რუსული ინტერესების გამტარებელი იქნება. აქედან გამომდინარე, მიუხედავად ახალგაზრდა ლიდერების აფხაზურ პოლიტიკაში გამოჩენისა, ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველს არ იძლევა რუსეთის პრეზიდენტისა და რუსული პოლიტიკური ელიტის გარემოცვაში აღზრდილი პოლიტიკოსის ჩართულობა ამ პროცესში. რუსული გავლენის ზრდაზე მიუთითებს ის ფაქტიც რომ ახალი ლიდერების გაძლიერების პროცესში ჩართულობაზე მზაობა გამოთქვა პროექტ „რუსეთის ლიდერები“-ს ორგანიზატორებმა.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ აფხაზური საზოგადოება იმდენად ჩაკეტილი და მონოპოლიზებულია რუსული დღის წესრიგით, რომ იქ პოსტსაბჭოთა სივრცისათვის დამახასიათებელი უძრავი პოლიტიკა კიდევ უფრო მძაფრად ვლინდება.  არსებობს ორი სახის რისკი. ერთის მხრივ, აფხაზურ საზოგადოებაში „ომის თაობის“ გავლენის შენარჩუნება და დღეს არსებული ნარატივებისა და კოლექტიური მეხსიერების ახალ თაობაში უცვლელად გადაცემა შეუძლებელს გახდის გაყინულ კონფლიქტში პოზიტიური ძვრების დაწყებას. მეორე მხრივ, რუსეთში კვალიფიკაცია ამაღლებული და გადამზადებული აფხაზი ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობა გამოიწვევს კონფლიქტების ქართულ-აფხაზური კონტექსტიდან გასვლას რაც კიდევ უფრო გაართულებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს ორ გახლეჩილ საზოგადოებას შორის.

 

, ,