27/11/2017 magda

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შეჯამება – ძლიერი და სუსტი გზავნილები

Author

მარიამ გრიგალაშვილი

მარიამ გრიგალაშვილი*

24 ნოემბერს ბრიუსელში გამართული სამიტი და სამიტის დასასრულს მიღებული მთავარი დოკუმენტი, სამიტის დეკლარაცია, განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა ქართველი საზოგადოებისთვის. ზოგადად, სამიტის წარმატებულობა, მხოლოდ ცალკე აღებული დეკლარაციით არ შემოიფარგლება და იგი სამიტის წინა პერიოდსაც ითვალისწინებს. ამ მხრივ ბრიუსელის სამიტი განსაკუთრებულად აქტიური მოსამზადებელი პერიოდით ხასიათდებოდა, რაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დაინტერესების განცდას აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ ერთიორად ზრდიდა.

გაამართლა თუ არა სამიტის დეკლარაციამ რეალური მოლოდინები?

სანამ დეკლარაციის პრინციპულ ელემენტებს შევეხებით, მთლიანობაში შეფასებისთვის საჭიროა ვთქვათ, რომ  დეკლარაციის სტილი და შინაარსი მოულოდნელობას არ წარმოადგენს. სამიტის დეკლარაცია იმ რიტორიკის დოკუმენტური დადასტურებაა, რასაც წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბოლო რამდენიმე თვეა ღიად აფიქსირებენ: სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება; აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დიფერენცირებული პოლიტიკა; ინტეგრაციის იმ დონის მიღწევა, რა დონის ამბიციებიც აქვს პარტნიორ სახელმწიფოს და ა.შ. დეკლარაციით დადასტურდა ევროკავშირის აბსოლუტური მზაობა, როგორც ფინანსურად, ასევე ინსტიტუციონალურად დაეხმაროს 6 ქვეყანას განვითარებისა და დემოკრატიის მშენებლობის გზაზე.

დეკლარაციის მნიშვნელოვანი გზავნილები საქართველოსთვის:

  • ევროკავშირი ერთგულია პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მათი ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ;
  • იზრდება ფინანსური დახმარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის (20 შედეგი 2020 წლისთვის ფარგლებში);
  • ვაჭრობის გაღრმავება განსაკუთრებით ასოცირებული ქვეყნებისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მეშვეობით;
  • ენერგო სექტორში თანამშრომლობა და მხარდაჭერა (20 შედეგი 2020 წლისთვის ფარგლებში).

დეკლარაციის სუსტი მხარეები:

  • რიგის დეკლარაციისგან განსხვავებით, ბრიუსელის დეკლარაცია ერიდება კონკრეტული ფაქტების აღნიშვნას. იგი არაფერს ამბობს არც მინსკის ხელშეკრულებაზე და არც კონკრეტულად საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე, თუმცა დეკლარაცია ძალიან მოკლედ ზოგადი ფრაზით აღნიშნავს კონფლიქტების თემას და ხაზს უსვამს სამიტის დამსწრე წევრების მზაობას გაძლიერდეს ევროკავშირის როლი კონფლიქტების მოგვარებასა და ნდობის მშენებლობის მიმართულებით (უკვე არსებული მოლაპარაკებების ფორმატებისა და პროცესების მეშვეობით).
  • დეკლარაციაში არაა ნახსენები EaP + ფორმატი. მიუხედავად ამისა EaP+ ფორმატის მთავარი სავარაუდო ელემენტი ენერგო სექტორში თანამშრომლობა დეკლარაციაში აღნიშნულია, თუმცა არა აღმოსავლეთ პარტნიორობის პლიუს ფორმატის ქოლგის ქვეშ.
  • დეკლარაციამ ფაქტობრივად უგულვებელყო ევროპარლამენტის რეკომენდაციები.  სამიტიდან რამდენიმე დღით ადრე, ევროპარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების ტექსტი საკმაოდ ძლიერი შეტყობინებების მატარებელი იყო ასოცირებული ქვეყნებისთვის. სამწუხაროდ, რეკომენდაციები დეკლარაციაში არ აისახა, თუმცა მისი არსებობა ევროკავშირის ერთ-ერთი უმაღლესი ინსტიტუტის (ევროპარლამენტის) ფარგლებში თავის მხრივ პოზიტიური ელფერის მატარებელია.

სამიტის დღეს გაკეთებული განცხადებები – რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის

სამიტის დღეს გაკეთებული განცხადებები საკმაოდ მკაცრი იყო რუსეთის ქმედებების შეფასებისას. თითქმის ყველა წამყვანი ქვეყნის ლიდერი ხაზს უსვამდა რუსეთის როგორც აგრესორის როლს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ, რუსეთის ინიცირებით დაწყებულ კონფლიქტებს უკავშირებდა უშუალოდ ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხს.

განცხადებებში გამოიყო, საქართველო, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წამყვანი ძალა. აგრეთვე პოზიტიურად შეფასდა რიგის სამიტის შემდგომი ორწლიანი პერიოდიც.

რასაკვირველია, ასევე მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა წევრი სახელმწიფოების პოზიციები და მათი ხედვა ასოცირებული ქვეყნების წარმატების შესახებ, თუმცა ის ფაქტი, რომ მიუხედავდ მთელი რიგი  სექტორული დაახლოების დაანონსებისა, სამიტის დეკლარაციის წინადადებები შედარებით რბილი ტონით შემოიფარგლებოდა მაინც ტოვებს უკმაყოფილების განცდას.

მთლიანობაში, სამიტის დეკლარაციასა და მის მოსამზადებელ პერიოდს საქართველოსთვის ევროკავშირთან სექტორული დაახლოების მიმართულებით პოზიტიური მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით (უახლოეს მომავალში) არც სამიტი და არც მისი დეკლარაცია არაფერს ამბობს.  


*მარიამ გრიგალაშვილი – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი 

**პუბლიკაცია მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” და ფონდი “ღია საზოგადოება–საქართველოსა” შეხედულებებს.

, , , , ,