16/10/2023 GIP

საქართველოს საგარეო პოლიტიკის დილემა: როგორ ვიპოვოთ ბალანსი ტრანზაქციულ და ღირებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს შორის?

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
16-10-2023

2022 წლის თებერვალი გადამწყვეტი თვე იყო გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ცივი ომის შემდგომი წესრიგის საფუძვლები შეარყია და უსაფრთხოების არსებული პარადიგმები შეცვალა. ომის დაწყებისთანავე დასავლეთის დემოკრატიულმა სამყარომ უკრაინას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ნატო-მ უკრაინას გვერდში დგომა აღუთქვა „მანამ, სანამ დასჭირდება“ (Sabbagh 2022), ევროკავშირმა კი უპრეცედენტო გეოპოლიტიკური ნაბიჯი გადადგა და მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა.

ბოლოდროინდელი მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ ომი ხანგრძლივი იქნება რადგან, არც რუსეთი და არც უკრაინა უკან დახევას არ აპირებენ. ასე თუ მოხდა, ეს დაპირისპირებას რუსეთსა და დასავლეთს შორის კიდევ უფრო გააღრმავებს და ამ ორ მხარეს შორის გამყოფ ხაზებს გაავლებს. ეს მოვლენები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე. რამდენიმე რეგიონულ ზესახელმწიფოს შორის მოქცეული ეს პატარა სახელმწიფო, რომლის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ფედერაციას  აქვს ოკუპირებული, ბოლო წლებში ტრანზაქციულ და პრაგმატულ“ საგარეო პოლიტიკას ატარებდა მის მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან მიმართებით.

საქართველოს ტრანზაქციური საგარეო პოლიტიკა ამართლებდა მშვიდობიანობის დროს, მაგრამ, დასავლეთი მხრიდან რუსეთის მზარდი იზოლირების კვალდაკვალ, საქართველოს სულ უფრო მეტად უჭირს ბალანსის შენარჩუნება დიპლომატიურ ფრონტზე. საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში ომის მიმართ მისი ნეიტრალური პოზიციის, ანტიდასავლური რიტორიკისა და რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების ფონზე კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა. ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე როდესაც დასავლეთი და, კონკრეტულად, ევროკავშირი ცდილობს აგრესიული რუსეთის საერთაშორისო იზოლირებას და სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში უფრო მეტ ყურადღებას აქცევს პოტენციური კანდიდატი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და მის თავსებადობას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.

საქართველო კანდიდატის სტატუსს 2023 წლის ბოლოს ელოდება, მაგრამ თავად ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების პროცესი აუცილებლად მოითხოვს, რომ მან უარი თქვას მის ამჟამინდელ კონცეპტუალურ ბუნდოვანებაზე საგარეო პოლიტიკაში და უფრო მკაფიო პოზიცია დაიკავოს რუსეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტიკურ მეტოქეობაში. საქართველოს მიერ რუსეთთან დაახლოების და დაბალანსების მცდელობა კიდევ უფრო დამაბნეველი და გაუმართლებელი გახდა უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ.

საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელსაც რუსეთთან დათმობებზე წასვლასა და უკრაინისთვის არასაკმარისად დახმარებაში ადანაშაულებენ, არ შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს იმის შიშით, რომ ეს საქართველოს ეკონომიკას უარყოფით შედეგებს მოუტანდა. ამასთანავე საქართველოს მთავრობამ რუსეთთან უვიზო მიმოსვლა შეინარჩუნა და ამ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას დასთანხმდა (Reuters 2023), რის შედეგადაც ქვეყანაში ათასობით რუსეთის მოქალაქე და რუსული ბიზნესი შემოვიდა. შესაბამისად, ეკონომიკური კავშირები ამ ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავდა. მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების სურვილისა, საკუთარი საგარეო პოლიტიკა პრაგმატულ ქმედებად წარმოაჩინოს, და იმ მოკლევადიანი სარგებლისა, რასაც საქართველო შესაძლოა რუსეთთან მზარდი ეკონომიკური ურთიერთობებიდან იღებს, საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა პროევროპულ საგარეო პოლიტიკას ემხრობა და რუსეთის სახელმწიფოს  და მასზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას საფრთხედ აღიქვამს (IRI 2022, Edison Research 2023).

ერთი მხრივ, ოფიციალური თბილისი თითქოს ცდილობს ერთგულება და სტრატეგიული პარტნიორობა  შეინარჩუნოს დასავლეთთან, რადგან თავს ევროპული ოჯახის წევრად მიიჩნევს. თუმცა, ერთ დროს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერმა ქვეყანამ  განსხვავებული მიდგომა აირჩია ევროკავშირის მიმართ. ბოლო წლებში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან მისი თავსებადობის  მაჩვენებელი კლებულობს (Akobia 2023), რაც საფრთხეს უქმნის ევროკავშირთან საქართველოს შემდგომ დაახლოებას. დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაზარდოს თავსებადობა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან და გაატაროს ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა (Stano 2023). თუმცა ქვეყანას, რომელიც მის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად რუსეთის ზეწოლის მიმართ მოწყვლადი და მის ბაზარზე დამოკიდებული რჩება, ეს შესაძლოა ძვირი დაუჯდეს ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამ სირთულეების მიუხედავად, საქართველოს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ მხოლოდ ეკონომიკურ მხარეზე კონცენტრირდეს და უგულებელყოს ის პოლიტიკური რისკები, რომლებიც რუსეთთან ეკონომიკურ დაახლოებას ახლავს. შესაბამისად, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარეობს დისკუსია იმის თაობაზე, უარყო  თუ არა „ქართული ოცნების“ მთავრობამ თავის საგარეო პოლიტიკაში ტრადიციული, ღირებულებებზე დაფუძნებული პროდასავლური კურსი, რუსეთთან ურთიერთობაში უფრო ეგრეთ წოდებული პრაგმატული პრინციპების გამოყენების სანაცვლოდ, რაც, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, აგრესორის დაშოშმინების ერთგვარი პოლიტიკაა, რომლისთვისაც „ფეხაკრეფით მიტმასნა“ არის დამახასიათებელი (Lebanidze & Kakachia 2023).

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა სთხოვა საქართველოს საკითხზე მომუშავე ორ ცნობილ მეცნიერს, მოსაზრებები გამოეთქვა საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით მიმდინარე ამ დებატში შემდეგ საკითხებზე:

  • შეუძლია თუ არა მცირე ზომის სახელმწიფოს, აწარმოოს ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა, როდესაც მას არ იცავს ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა და ის არ არის ევროკავშირის წევრი?
  • გამართლებულია თუ არა ტრანზაქციური საგარეო პოლიტიკა საქართველოსთვის და რა რისკები ახლავს ან რა სარგებელი მოაქვს ასეთ მიდგომას?

 

პოლიტიკის დოკუმენტი #35 | ოქტომბერი 2023

 

წინამდებარე პუბლიკაცია მომზადებულია კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისთან თანამშრომლობით. მოცემული პუბლიკაციის შინაარსი წარმოადგენს მხოლოდ ავტორის პასუხისმგებლობას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას იმგვარად გაგებული, რომ ასახავს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის და ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის შეხედულებებს.

ს. ნილ მაკფარლეინი

უფროსი მკვლევარი, ოქსფორდის უნივერსიტეტი

სტივენ ჯონსი

დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის დირექტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტი

, , , , , , , , , , , , ,