07/07/2020 keta

აშშ და საქართველო კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ

ვაკო კალანდაძე | ELS რუსთავი

კორონავირუსის ეპიდემია უპრეცედენტო  მასშტაბის გამოწვევაა თანამედროვე მსოფლიოსთვის. ეპიდემიასთან ბრძოლაში განსხვავებული მეთოდები აირჩიეს სხვადასხვა ქვეყნებმა. წინამდებარე ბლოგში აშშ-ისა და საქართველოს მაგალითებია მიმოხილული. მიუხედავად იმ დემოგრაფიული, გეოგრაფიული, ეკონომიკური თუ სხვა მნიშვნელოვანი განსხვავებებისა, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს, მაინც საინტერესოა მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედარება.

ამერიკის შეერთებული შტატები განვითარებული, დემოკრატიული სამყაროს მოწინავე სახელმწიფოა, რომელსაც დიდი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობები აქვს. მიუხედავად ამისა, კორონავირუსის ეპიდემიამ აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე განვითარება ჰპოვა. პოლიტიკოსები თუ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა ინტერპრეტაციას გვთავაზობენ არსებული ვითარების გამომწვევი მიზეზების დასაბუთებისთვის. ერთნი, არგუმენტად აშშ-ში არსებულ მჭიდრო დასახლებებს ასახელებენ, მეორენი აღნიშნავენ, რომ ყველა დაინფიცირებული პირის მკურნალობა ვერ ხერხდებოდა, ვინაიდან სამედიცინო დაწესებულებების უმეტესობა კომერციული ტიპის იყო. სხვანი, არსებული ვირუსის ხელისუფლების მხრიდან არასათანადოდ შეფასებით ხსნიან ქვეყანაში არსებული ვითარებას. რთულია იმის ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა, თუ რამ მიიყვანა აშშ ამ მდგომარეობამდე. მიუხედავად იმისა, რომ აშშ სკრინინგს მხოლოდ ვუჰანიდან შემოსულ ვიზიტორთა შესამოწმებლად ატარებდა, მკაცრი ფართომასშტაბიანი რეაგირება მხოლოდ დაინიფიცირების შემდეგ მოახდინეს. პირველი დაინფიცირებული 2020 წლის 21 იანვარს, ქალაქ ვაშინგტონში დაფიქსირდა, ამერიკის მთავრობამ დაავადების ეპიცენტრთან, ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლა არ შეწყვიტა. აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება ამერიკის ხელისუფლებამ მხოლოდ 10 დღის შემდეგ. როგორც ცნობილია, აშშ-ს მოსახლეობა 300 მილიონს აღემატება, რამაც სავარაუდოდ კიდევ უფრო გაართულა ვირუსის გავრცელების წყაროს დადგენა, დაინფიცირებულთა სათანადოდ მიკვლევა და მათი მკურნალობა. მხოლოდ ვირუსის ფართოდ გავრცელების შემდეგ შეუდგა აშშ ეპიდემიასთან აქტიურად ბრძოლას. კერძოდ, პანდემიის დასამარცხებლად 8.2 მილიარდი ა.შ.შ დოლარი გამოყო. შესაბამისი თანხები აშშ-ს ყველა მოქალაქისა და ე.წ. “მწვანე ბარათის” მფლობელთათვის, სამედიცინო დაწესებულების დანადგარების, სამედიცინო პერსონალისთვის სპეციალური აღჭურვილობისა და სანიტარული ნივთებისათვის, მოეწყო დამატებითი სივრცეები კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ. დღესდღეობით, ამერიკის კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობა 7 ციფრიან ნიშნულს მიაღწია ხოლო, გარდაცვლილთა მაჩვენებელმა 100,000 გადააჭარბა. ეს რიცხვები კი დღითიდღე იცვლება.  

ამის ფონზე, საინტერესოა განვიხილოთ საქართველოში არსებული ვითარება და ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მთავრობის მიერ შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ აიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა არ ფიქსირდებოდა, საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით, პრევენციის მიზნით, 29 იანვარს საჰაერო მიმოსვლა შეჩერდა ჩინეთთან. ამასთანავე, 23 თებერვალს საჰაერო მიმოსვლა შეიზღუდა ირანთან რადგან, იმ პერიოდისთვის ვირუსის ეპიცენტრს წარმოადგენდა. ამჟამად, საქართველოში ერთ მილიონ მოსახლეზე გადათვლით ინფიცირებულთა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი რეგიონში, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით ცალსახად უფრო დაბალია. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტერბერგმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოში განხორციელებული აქტივობები პანდემიის წინააღმდეგ.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ აშშ-სთან შედარებით უკეთ გაართვა თავი პანდემიასთან ბრძოლას, რაც შეიძლება სხვადასხვა მიზეზებით აიხსნას. უპერველეს ყოვლისა, საქართველოში არ არის იმდენი მჭიდროდ დასახლებული დასახლება, როგორც ეს აშშ-შია. ამ გარემოებამ, ხელი შეუწყო ე.წ. კარანტინში მყოფ ინფიცირებულთა და შესაძლო დაინფიცირებულთა წყაროების დადგენას და ხელი შეუშალა ვირუსის უფრო სწრაფ გავრცელებას. ასევე, საჭირო გახდა ნაკლები ადამიანური და ფინანსური რესურსის გამოყენება. ისტორიულად საქართველო მუდმივად გამოწვევების წინაშეა, იმისთვის რომ საქართველოში ძალიან არ გამწვავებულიყო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ხელისუფლებამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა: აიკრძალა ხალხმრავალი ღონისძიებები, საზღვარზე შემომსვლელთათვის სავალდებულო გახდა კარანტინი, რომელიც სახელმწიფოს სახსრებით იყო უზრუნველყოფილი. დაიხურა უმეტესი სავაჭრო ობიექტები, საგანმანათლებლო დაწესებულებები ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ, ჩაიკეტა ქვეყნის საზღვრები, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და დაწესდა სხვა მრავალი შეზღუდვა. შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, აღნიშნულმა შეზღუდვებმა არათუ დადებითად იმოქმედა, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქვეყნისათვის.

საქართველოსა და აშშ-ს შემთხვევების ანალიზში გამოიკვეთა, რომ ეპიდემიასთან ბრძოლასთან მიმართებაში რესურსების ქონა და განვითარების დონე კრიტიკული სიტუაციიდან გამოსვლის გზაზე არ არის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი. საქართველოს მცირე მასშტაბებთან და ნაკლებად მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიასთან ერთად, ეპიდემიასთან საბრძოლველად დიდი როლი ითამაშა პრევენციული ნაბიჯების წინსწრებით გადადგმამ და მყისიერმა რეაგირებამ. მნიშვნელოვანია, სახელმწიფო და მისი მოსახლეობა სრული პასუხისმგებლობით მოეკიდოს თითოეულ პრობლემას და გაიაზროს რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეულის ჩართულობა უკეთესი მომავლისათვის და ზოგადი კეთილდღეობისათვის.  

 


გამოყენებული წყაროები

, , ,