22/02/2022 keta

ახალგაზრდული სივრცეების როლი გამჭვირვალე თვითმმართველობის განვითარებაში

თამარ უგულავა

საქართველო დიდი ხანია მოქალაქეთა თანამონაწილეობითი მმართველობის განხორციელებისაკენ ისწრაფვის და ცდილობს უზრუნველყოს მონაწილეობის დემოკრატიული პრინციპები. შესაბამისად, გამჭირვალეობის მაღალი ხარისხს, ჯანსაღ პოლიტიკური გარემოს შექმნისა და თვითმმართველობის ინკლუზიურ განვითარებას დიდი როლი ენიჭება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, ახალგაზრდების   ჩართულობის ხელშეწყობაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს რეგიონებში მონაწილეობითი მმართველობის განვითარების დაბალი ტემპი და არსებული პროცესების გამჭვირვალეობის დაბალი ხარისხი უკავშირდება სწორედ ახალგაზრდების პასიურობას და პესიმიზმს. გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის აუცილებელია დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობა, რომელიც სამი ძირითადი ჩართულობის ფორმით შეიძლება განისაზღვროს: (1) სამოქალაქო ინდიკატორები – აქტიური წევრობა ჯგუფებში, ასოციაციებში და მოხალისეობა; (2) საარჩევნო ინდიკატორები – არჩევნებში ხმის რეგულარული მიცემა (3) პოლიტიკური ჩართულობის ინდიკატორები –  პოლიტიკოსებთან კონტაქტი, პეტიციების წერა და ა.შ. უახლესი გამოკითხვები  აჩვენებს, რომ ქართველი ახალგაზრდები  არ აქტიურობენ ამ სამი სახის ჩართულობის ფორმიდან არცერთში ამაზე საუბარია ფრიდრიხ ებერტის ფონდის 2020 წლის კვლევაში.

ახალგაზრდა თაობისათვის შეხვედრების სივრცეების მოწყობა და არაფორმალური განათლების შესაძლებლობების შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ მიეცეთ მათ თავიანთი პოტენციალის რეალიზაციის, საჭიროებების კვლევის,  პრობლემების იდენტიფიცირებისა და გართობის შესაძლებლობა, რათა განვითარებისთვის ერთადერთ გამოსავლად ქვეყნის შიდა თუ გარე მიგრაცია არ მიიჩნიონ და ამისთვის ადგილობრივ დონეზე იყოს განვითარების შესაძლებლობები ხელმისაწვდომი. იმავე კვლევის  შედეგად, საპროტესტო აქციებში ხშირად მონაწილე ახალგაზრდები საკუთარ აქტიურობას პროტესტის ხმამაღლა გამოხატვის, სოციალური კავშირების დამყარების, თანატოლებთან ურთიერთობისთვის კონკრეტული სივრცის გამოყენებისა და გართობის შესაძლებლობას უკავშირებენ.   რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს აზრს იმის შესახებ, რომ სივრცეებისა და თავშეყრის ადგილების არსებობა იწვევს ახალგაზრდებში შინაგანი რწმენის  განმტკიცებას, თავდაჯერებულობას, პროტესტს, კითხვების გაჩენას  და შესაბამისად საზოგადოება ხდება მეტად ინფორმირებული, ხოლო მმართველობა – გამჭვირვალე.

ახალგაზრდული სივრცეების სიმწირე როგორც გამოწვევა

ახალგაზრდობა არის საზოგადოების ის მნიშვნელოვანი სეგმენტი, რომელსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანის დიდი რესურსი და პოტენციალი გააჩნია. ამ პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის კი საჭიროა სივრცე, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ გაერთიანებას და განვითარებას.

დღესდღეობით, ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც ახალგაზრდებს თავიანთი პოტენციალის რეალიზებაში ხელს უშლის რეგიონებში, არის ახალგაზრდული სივრცეების სიმწირის პრობლემა, რომელთა გამოყენებაც მათ არაფორმალური განათლებისთვის, კომუნიკაციისა და გართობისთვის შეუძლიათ. რეგიონები განიცდის იმ სივრცეების ნაკლებობას, სადაც ისინი შეძლებენ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ, კრიტიკული აზრი დააფიქსირონ და იმსჯელონ. პერიფერიებიდან მასიურად ხდება ახალგაზრდების გადინება, რისი სტატისტიკაც მოყვანილია გაეროს განვითარების ფონდის მიერ ჩატარებულ „ახალგაზრდების ეროვნული კვლევა საქართველოში“ და ადგილობრივადაც ძირითადად ერთი და იგივე სახეები არიან ჩართული მიმდინარე პროცესებში, რის შედეგადაც იქმნება ჩაკეტილი წრე და ასეთი მმართველობა დემოკრატიის ჩარჩოებს სცილდება.

ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევაა ახალგაზრდების ინფორმირებულობის დაბალი დონე ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ მათი  მხარდაჭერილი ინიციატივების შესახებ. ეს პრობლემა უფრო თვალსაჩინოა, როცა საქმე ეხება რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური რესურსების ნაკლებობა ხელს უშლის წვდომა ჰქონდეთ ახალგაზრდებს, როგორც ერთმანეთთან, ასევე მათთვის მნიშვნელოვან მინდინარე პროცესებზე. სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გარდა ფიზიკური  ახალგაზრდული სივრცეების და  ჩართულობის უზრუნველყოფისთვის ონლაინ პლატფორმების არსებობა, რომლის საჭიროება პანდემიის პერიოდში უფრო მძაფრად დადგა.

აღნიშნულ პრობლემაზე საუბარია 2020 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ  დადგენილებაში “2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია“ დამტკიცების შესახებ, სადაც ახალგაზრდებთან კონსულტაციებისა და კვლევის შედეგად  ერთ-ერთ პრობლემად სახელდება  რეგიონის ცენტრებსა და სოფლებში  ახალგაზრდული სივრცეების ნაკლებობა, რის აღმოსაფხვრელად  პრიორიტეტად არის მიჩნეული ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მსგავსი სივრცეების მოწყობა და განახლება უზრუნველყონ, სადაც ისინი გაერთიანდებიან, ისაუბრებენ, ერთად აღმოაჩენენ, შეაჯერებენ საკუთარ ინტერესებს და განივითარებენ სხვადასხვა უნარებს. ამასთანავე, იგრძნობენ მხარდაჭერასა და სტიმულს შემდგომი განვითარებისა და წინსვლისთვის, გამოკვეთენ თავიანთ ღირებულებებს, მოძებნიან მიზნების მიღწევისა და მათ წინაშე არსებული  პრობლემების გადაჭრის გზებს. მოხდება პრობლემებზე მსჯელობა, ადვოკატირების გზების ძიება, იდეების გენერირება, შეთავაზებულ სერვისებზე უკუკავშირი და საბოლოოდ კი საფუძველი ჩაეყრება მათ აქტიურ ჩართვას ადგილობრივი თვითმმართველობების განხორციელებაში. ახალგაზრდული სივრცეების არსებობა უპირველესად მათ გაერთიანებას, გამთლიანებას შეუწყობს ხელს, რაც საერთო ჯამში არის ბევრი კარგი ინიციატივის, იდეის, დისკუსიის აქსელერატორი. ეს ყველაფერი კი ახალგაზრდული საბჭოების ფორმირების გზით მარტივად მიიღწევა. მსგავსი საბჭოების პრაქტიკა უკვე კარგად დანერგილი და აპრობირებულია მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში.

თვითმმართველობების ინკლუზიური განვითარების მნიშვნელობა

ახალგაზრდების დაბალი აქტივიზმი არ არის ექსკლუზიურად საქართველოს პრობლემა. ფაქტია, ქართულ რეალობაში არსებობს ის სფეციფიკური გარემოებები, რომლებიც განაპირობებს საზოგადოების ამ ნაწილის ინერტულობას. ინკლუზიური გარემოს არსებობა ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემად  რჩება. ხოლო, ამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორად ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა და მათი მხარდაჭერა წარმოადგენს. ქვეყნის ხელისუფლებასა და თვითმმართველობებს აქვთ პასუხისმგებლობა ევროპის საბჭოს გაიდლაინებით ახალგაზრდების ინკლუზიურობას შეუწყოს ხელი. არსებობს თვითშეფასების ინსტრუმენტი ახალგაზრდული პოლიტიკისთვის, სადაც დეტალურად არის გაწერილი პრიორიტეტები, ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა.  საუბარია იმაზე, რომ თვითმმართველობა ვალდებულია  მხარი დაუჭიროს ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ხელი შეუწყოს მათ, იყვნენ აქტიური მოქალაქეები. შეუქმნას გარემო პირობები და ამ შემთხვევაში სივრცეები, სადაც ისინი შეძლებენ გაერთიანებას და კოლექტიურად ეცდებიან საერთო მიზნების მიღწევას. აქტიურად ჩაერთვებიან ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაში, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში და მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდულ საჭიროებაზე მორგებული პროგრამების დანერგვაში.

მაგალითისთვის, გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგში, 2019 წელს ჩატარებული კვლევა, მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების მონაწილეობის შესწავლა გვაჩვენებს, რომ ახალგაზრდების უმეტესობას მოსწონს საცხოვრებელი ადგილი, თუმცა კითხვაზე „რისი შეცვლა სურთ თავიანთ მუნიციპალიტეტებში?“ მათი უმრავლესობა პასუხობს, რომ დასასვენებელი ადგილების სიმრავლე და უფრო მეტი ჩართულობის პლატფორმების არსებობის არჩევანი, რათა მიეცეთ შესაძლებლობა დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობისა და საზოგადოებაში კომფორტული თანაცხოვრების.  აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ განვითარებული ქვეყნების მაგალითზე ახალგაზრდული სივრცეების არსებობა და საჭიროება ჩანაცვლებულია მოქნილი ონლაინ პლატფორმებით, რამაც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მეტი აქტუალურობა შეიძინა. განვითარებული ქვეყნების გამოცილების გაზიარება, ჩვენს რეალობაში არსებული პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალებაა, რადგან სწორედ ის გზა გაიარეს და მიაღწიეს დემოკრატიის მაღალ ნიშნულს, რომელი გამოწვევების წინაშეც ამჟამად ქართველი ახალგაზრდები დგანან.

გერმანული გამოცდილებით ვხედავთ, რომ აპრობირებული მეთოდია ახალგაზრდული პარლამენტების შექმნის ხელშეწყობისა და ფორუმების ჩატარების გზით მათი ჩართვა თვითმმართველობების განხორციელებაში.  ამჟამად 500-მდე ახალგაზრდული პარლამენტი არსებობს გერმანიაში, რომლებიც მეტნაკლებად არის გარანტი ინკლუზიური გარემოსა და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების. საქართველოს კი შეუძლია გერმანიის მაგალითზე, უკვე გამოცდილი და აპრობირებული მეთოდის სამოქმედო გეგმაში გაწერა და მოწყვლადი ჯგუფების, ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნით გამჭვირვალე თვითმმართველობების უზრუნველყოფა.

დასკვნა

ზემოთ ჩამოთვლილი  არგუმენტების საფუძველზე შეგვიძლია ვისაუბროთ თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა და ფუნქცია აკისრია ახალგაზრდული სივრცეების არსებობას და  პანდემიის გათვალისწინებით ახალგაზრდული ონლაინ პლატფორმების შექმნას.  მუნიციპალიტეტებში, სადაც  მაღალია მიგრაციის, პასიურობისა და ინკლუზიური გარემოს არარსებობა გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ, მმართველობის გამჭირვალეობის ხარისხი ძალიან დაბალია. ახალგაზრდების ჩართულობა სხვადასხვა პროცესში დაბალია.

სასურველია რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მეტი ენერგია და რესურსი მიმართონ არაფორმალური განათლების კომპონენტის გაძლიერების, კონკრეტული აქტივობების დაგეგმვის, სამოქალაქო ჩართულობის ფორმების, აქტივიზმის შესაძლო შედეგისა და ახალგაზრდების როლის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. ასევე, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებში არსებული აქტიური ახალგაზრდების მცირე ჯგუფების განსაკუთრებული  მხარდაჭერა. მათ შორის, ახალგაზრდული ონლაინ პლატფორმების წახალისება. ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა ახალგაზრდების გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სხვადასხვა აქტორებს შორის მჭიდრო კავშირების არსებობამ შესაძლებელია მთავარი როლიც კი შეასრულოს არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებაში, ახალგაზრდებთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად და მათი გააქტიურებისთვის საუკეთესო გზების განსაზღვრაში.

 

[ბლოგი მომზადდა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის – “ახალგაზრდების მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში ”  წევრის, თამარ უგულავას მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით]. 
, , , , ,