Author

30/03/2022 შოთა კაკაბაძე

ბელარუსი: საქართველოს სიტუაციური მოკავშირე თუ მძიმე ტვირთი?

შოთა კაკაბაძე

რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სამხედრო შეჭრის შემდეგ ძალიან ბევრი პოლიტიკის ექსპერტი თუ კომენტატორი ცივი ომის დაბრუნებაზე ალაპარაკდა. თუმცა, დიდი ალბათობით, განსხვავებით მე-20 საუკუნისგან, ამჯერად დაპირისპირების ხაზი არა იმდენად კომუნისტურ და კაპიტალისტურ იდეების ჭიდილზე გავა, არამედ ავტორიტარიზმსა და ლიბერალურ დემოკრატიებს შორის. მსოფლიო თვალს ადევნებს ახალი გლობალური წესრიგის აღმოცენებას და მიუხედავად იმისა თუ როგორ ან როდის დამთავრდება საომარი მოქმედებები უკრაინაში, მის შედეგებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის შემდეგი ათწლეულების განმავლობაში.  სწორედ ამიტომ, საქართველოს წინაშე დგას ახალი გამოწვევები გადახედოს მის პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ჩამოყალიბებულ ტრადიციულ ურთიერთობებს და მის მიზნებსა თუ პრიორიტეტებს.

უფრო კონკრეტულად, ეს ბლოგი მიმოიხილავს საქართველო-ბელარუსის ურთიერთობებს და თუ რა სირთულეების წინაშე აყენებს თბილისს, უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე ქვეყანასთან ახლო თანამშრომლობა. მაშინ როდესაც საზოგადოების ყურადღება, გასაგები მიზეზების გამო, მიპყრობილია რუსეთისკენ და იმისკენ შეუერთდება თუ არა საქართველოს ხელისუფლება სანქციებს, ფოკუსის მიღმა რჩება ბელარუსთან ურთიერთობა. ქვეყანასთან, რომელიც ერთის მხრივ ოფიციალური თბილისის ძალიან მნიშვნელოვანი სიტუაციური მოკავშირეა, თუმცა ამავდროულად  კრემლის უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო კამპანიის თანამონაწილეა. ეს კი, ბუნებრივია, ბადებს კითხვას თუ რა გამოწვევებისა და დილემების წინაშე აყენებს საქართველოს ბელარუსთან ჩამოყალიბებული ახლო ურთიერთობები?

ავტორიტარი როგორც სიტუაციური მოკავშირე

საქართველო-ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წელს დამყარდა და ძირითადად სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას ემყარება. ოფიციალური თბილისისთვის ასევე მნიშვნელოვანია მინსკთან თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატებშიც. როგორც პატარა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყანას, საქართველოს ხელისუფლებას უჭირს ღირებულებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოება. ხოლო რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოსთვის მოკავშირეების მაქსიმალური რაოდენობის შენარჩუნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტებს ყოველთვის ახასიათებდათ ბელარუსის ჯერ-ჯერობით უცვლელ ლიდერთან მეგობრული ურთიერთობები, რაც ძირითადად რეგიონში რუსეთის დაბალანსებისკენ მისწრაფებით აიხსნება. მაგალითისთვის, როდესაც 2010 წელს მინსკს მოსკოვთან ურთიერთობები ისე დაეძაბა, რომ რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ ტელეარხზე მისი მადისკრეტირებელი სიუჟეტი გავიდა. საპასუხოდ, ბელარუსის ტელევიზიამ გააშუქა მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გრძელი ინტერვიუ. ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, ეს შესაძლებლობა გამოიყენა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და 2008 წლის სამხედრო აგრესიის შესახებ სასაუბროდ.

ალექსანდრე ლუკაშენკოს ასევე საკმაოდ ახლო ურთიერთობები ჰქონდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთანაც. გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, ბელარუსის სახელმწიფოს მეთაური საქართველოს ორჯერ ეწვია. მოგვიანებით, უკვე ექს-პრეზიდენტის ფარგლებშიც კი შედგა მარგველაშვილის ვიზიტი მინსკში. ამ დაახლოების მაგალითია ისიც რომ 2016 წელს გაიხსნა ბელარუსის საელჩო საქართველოში. სახელმწიფოს მეთაურების დონეზე ეს ურთიერთობები შედარებით შესუსტდა სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის პირობებში. ამის მიზეზი შეიძლება იყოს  ის რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტისთვის, განსხვავებით მისი წინამორბედებისგან, უცხოა პოსტ-საბჭოთა ლიდერების სპეციფიკა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის ზაფხულის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და თანმდევი პროტესტის ძალადობრივი გზით ჩახშობის შემდეგ, ალექსანდრე ლუკაშენკო ევროპაში კიდევ უფრო მიუღებელ ფიგურად იქცა.

თუმცა, მიუხედავად პრეზიდენტ ლუკაშენკოს, როგორც „ევროპის უკანასკნელი დიქტატორის“ დასავლეთში მიუღებლობისა, ბელარუს რეგიონში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სიტუაციური მოკავშირის როლი უკავია. განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება არაღიარების პოლიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ ლუკაშენკო რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა, უახლოესი პარტნიორია[1], კრემლმა ვერ შეძლო მინსკის დაყოლიება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. თავად ლუკაშენკოს განცხადებით კი ამის საჭიროება არ დგას. 2016 წელს ვიზიტად მყოფი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია საოკუპაციო ხაზსს. რაც თავის მხრივ შეიძლება აღქმული ყოფილიყო როგორც მნიშვნელოვანი გზავნილი რომ ოფიციალური მნისკი არ იზიარებს ამ ტერიტორიების მიმართ კრემლის პოლიტიკას. ლუკაშენკოს რეჟიმს მსგავსი მიდგომა აქვს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მიმართაც. მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსმა საკუთარი ტერიტორია დაუთმო რუსეთს უკრაინაში შესაჭრელად, ის არ აღიარებს ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების დამოუკიდებლობას.

ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ მინსკში, განსხვავებით რუსი კოლეგებისგან, სიფრთხილით ეკიდებიან სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკის წარმატებაში ბელარუსის როლი მნიშვნელოვანია. მინსკის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის შესაძლო აღიარება, მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება თბილისისთვის, ვინაიდან ის იქნება რუსეთის გარდა კიდევ ერთი დსთ-ს ქვეყანა რომელიც ამ ნაბიჯს გადადგას. ამან კი შეიძლება გააჩინოს რეგიონში დომინოს ეფექტის საფრთხე.

გარდა არაღიარების პოლიტიკისა, ორ ქვეყანას შორის ასევე ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობაა. მაგალითისთვის, ბელარუსის სახალხო ბანკის (Белорусский Народный Банк) აქციების 99,98%-ის მფლობელი საქართველოს ბანკია. მინსკი ასევე რეგიონში თბილისის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. 2020 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვამ 97,437 მილიონ ა.შ.შ. დოლარს მიაღწია, რაც დსთ-ს ქვეყნებთან საერთო ბრუნვის 2,5% და მხოლოდ აზერბაიჯანს, რუსეთს, უკრაინასა და სომხეთს ჩამოუვარდება. მართალია, 2021 წლის მონაცემებით ბელარუსის წილი სავაჭრო ბრუნვაში  შემცირებულია, თუმცა ის კვლავ რჩება მნიშვნელოვან  პარტნიორად.

ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობის მძიმე ტვირთი

ბელარუსთან ახლო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები სერიოზუული დილემების წინაშე აყენებს ოფიციალურ თბილისს. ეს ძალიან ნათლად გამოიკვეთა უკანასკნელი მოვლენების ფონზე, როდესაც ლუკაშენკოს რეჟიმი, როგორც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის თანამონაწილე, სანქციებს დაექვემდებარა. ახლანდელ ვითარებაში, განსხვავებით 2021 წლის მოვლენებისგან, როდესაც საქართველო არ შეურთდა დასავლეთის მიერ ათენი-ვილნიუსის რეისიდან ოპოზიციონერი აქტივისტის გატაცების საპასუხოდ საკუთარი აეროპორტების კომპანია ბელავიასთვის დახურვას, ოფიციალურ თბილისს  გაუჭირდება ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება და მხარის არ არჩევა.

გამომდინარე იქიდან, რომ ევროპაში ახალი რკინის ფარდის დაშვების საფრთხე გაჩნდა, საქართველოს მოუწევს არჩევანის გაკეთება თუ მის რომელ მხარეს სურს  ყოფნა. მაშინ როდესაც ქვეყნის პოლიტიკური ელიტა თუ საზოგადოება, საჯაროდ საუბრობს რუსეთის აგრესიაზე, იგი ერიდება კიდევ ერთი მხარის, ბელარუსის ხსენებას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ინტერვენციიდან ძალიან მალევე, დასავლეთის ქვეყნებმა პრეზიდენტ ლუკაშენკოს რეჟიმიც სანქციების ქვეშ მოახვედრეს.

ასეთ რეჟიმთან თანამშრომლობა კი ოფიციალურ თბილისს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს. ერთის მხრივ, საქართველოს აქვს ამბიცია შეუერთდეს ევრო-ატლანტიკურ პოლიტიკურ და ღირებულებით სივრცეს. ეს კი, მეორეს მხრივ, ართულებს პრეზიდენტ ლუკაშენკოს მსგავს რეჟიმებთან ისეთ ახლო თანამშრომლობას, როგორიცაა მაგალითად ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის 2021 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც ევროპარლამენტარმა ფონ კრამონმა საშიში უწოდა.

დასკვნა

ფაქტია რომ ბოლო სამ კვირაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და მსოფლიო ახალი გლობალური წესრიგის ჩამოყალიბებისთვის ემზადება. მიუხედავად იმისა თუ როგორც არ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში, რეგიონი აღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. ბელარუსი მუდმივად პოზიციონირებდა როგორც ნეიტრალური სახელმწიფო პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის მიმდინარე კონფლიქტებში და როგორც დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკების შუამავალი (მინსკის ჯგუფი ყარაბაღის კონფლიქტში ან მინსკის შეთანხმებები უკრაინის კონფლიქტში). თუმცა, მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომში  ბელარუსი იქცა მხარედ, მოვლენების ასეთმა განვითარებამ კი მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოსთვის არსებული გეოპოლიტიკური რეალობა და მინსკის როლი მის საგარეო პოლიტიკაში.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების ფოკუსი უნდა იყოს არამხოლოდ რუსული, არამედ ბელარუსული კაპიტალისთვის სანქციების გვერდის ავლის წყაროდ ქცევისგან დაცვა. ასევე მნიშნველოვანია იმ ქართული კომპანიების დახმარება, რომლებიც ოპერირებენ ბელარუსში და დასავლეთის ქვეყნების მეირ დაწესებულ შეზღუდვებს მათზე პირდაპირი გავლენა ექნებათ.

ოფიციალური თბილისისთვის აუცილებელია უფრო აქტიურად იმუშაოს უშუალოდ ბელარუსს ხალხთან და ემიგრაციაში მყოფ სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან[2]. ბელარუსს ხალხთან და არა რეჟიმთან მეგობრობა აუცილებელია ვინაიდან საქართველო მზად უნდა იყოს ლუკაშენკოს რეჟიმის წასვლის შემდეგ აღმოცენებულ დემოკრატიულ სახელმწიფოსთან პარტნიორობისთვის და სწორედ ამიტომ საჭიროა ქართულმა დიპლომატიამ დღესვე გადადგას გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით.

[1] ამ ორ ქვეყანას შორის გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული მოქმედებს ხელშეკრულება სამოკავშირეო სახელმწიფოს შესახებ

[2] 2020 წლის არჩევნებში ლუკაშენკოს მთავარი კონკურენტი და დასავლეთის ქვეყნების მიერ აღიარებული ბელარუსის ლიდერი

 

Image Credit

, , ,