09/03/2022 keta

განათლების გამოწვევები პანდემიაში – საქართველოში არსებული რეალობის ანალიზი

ბექა ძოწენიძე

COVID-19 ვირუსის პანდემიასთან თანაცხოვრების ორი წლის თავზე, კვლავ აქტუალურია დისკურსი ონლაინ განათლების საკითხებზე. პროცესს ჰყავს მხარეები და თითოეული მათგანის პოზიცია არის მნიშვნელოვანი და ყურადსაღები. ონლაინ განათლების შესახებ საუბრისას, განხილვის საგანი, ერთი მხრივ არის განათლება, როგორც სერვისი და მეორე მხრივ, კონკრეტული შესაძლებლობები განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ასევე,  ის სოციალური გამოწვევები, რომელიც ონლაინ განზომილებამ მოიტანა.

ბლოგის მიზანია გამოკვეთოს დისტანციურ რეჟიმში სწავლების სირთულეები და ახალ რეალობაში აღმოჩენილი სიკეთეები. ამავდროულად, მსჯელობა შეეხება იმ საფრთხეებსა და პროგრესულ ცვლილებებსაც, რაც შეუქცევადად სდევს ონლაინ განათლებას.

ონლაინ განათლების გამოწვევები

პანდემიის პირობებში, განათლების სექტორში არსებული  გამოწვევების, ბარიერებისა და სისტემური რეფორმის საჭიროებების ფონზე, ყველაზე აქტუალურ საკითხად მაინც დისტანციური სწავლების პრაქტიკული, თანაბარი და ეფექტიანი რეალიზება რჩება.

მოცემულ რეალობაში, მთავრობები დადგნენ რთულად გადასაჭრელი ამოცანის წინაშე, რაც უკავშირდებოდა საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას ჰიბრიდულ რეჟიმში. ამ გამოწვევის საპასუხოდ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველში უნდა ყოფილიყო განათლების პროცესის მდგრადობა და უწყვეტობა. ასევე,  განათლებაზე, როგორც სერვისზე სხვადასხვა სპეციფიკური ფიზიკური თუ სოციალური საჭიროებების მქონე ჯგუფების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

განათლების სექტორის მიმომხილველი დოკუმენტები ხაზს უსვამენ  ონლაინ განათლების ჯაჭვის გამართულად მუშაობის ხელისშემშლელ ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა:
სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ტექნიკის არქონა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში;   დედაქალაქის გარეთ ინტერნეტთან წვდომის კუთხით არსებული სირთულეები ან სულაც არარსებობა, მაგალითად, სოფლებში; და ბოლოს, საერთო ეკონომიკური ფონით გამოწვეული სირთულეები, რაც ხელს უშლის მოსწავლეებს სრულფასოვნად იყვნენ ჩართული სასწავლო პროცესში.

არანაკლებ პრობლემურია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა და მათი ოჯახების წინაშე არსებული ურთულესი გამოწვევები, რაზეც უკვე 2020 წელს UNICEF-ის მიერ გამოქვეყნებულ საინფორმაციო ბიულეტენშია საუბარი.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მიუხედავად ონლაინ სწავლების ცალკეული წარმატებული პრაქტიკებისა, არის კონტიგენტი ბავშვებისა, რომელთათვისაც არსებითია განათლების მიწოდების ფორმა. მაგალითად, ასეთია დაწყებითი განათლების საფეხურზე მყოფი თაობა, რომელიც ახლა გადის სოციალიზაციის და მთავარი სასწავლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ეტაპს.  მათთვის ონლაინ პროცესი ვერ ჩაანაცვლებს რეალურ სივრცეში მიღებულ გამოცდილებას.

 

ონლაინ სწავლების პოზიტიური განზომილება

შესაძლებლობის გაჩენა

დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეების პარალელურად, პანდემიამ გააჩინა შესაძლებლობები ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო სწრაფად ასათვისებლად. ყოველდღიურად, დაუსრულებლად მიმდინარეობს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება, ძველ სპეციალობებში კომპეტენციების ხარისხობრივი ცვლა.ასეთი რეალობა კი ადამიანს აიძულებს უფრო სწრაფად შეიძინოს აქტუალური ცოდნა და უნარები, რათა ყველაზე ადექვატური გზით მიაღწიოს შრომის ბაზარზე საკუთარი ღირებულების ამაღლებას.

მათ შორის, აღსანიშნავია ისიც რომ, დაჩქარდა საგანმანათლებლო სფეროს დაგვიანებული კომპიუტერიზაციის და ინტერნიტიზაციის პროცესი, რაც არსებითად გაამრავალფეროვნებს სერვისის მიწოდებას, დაახლოვებს ბავშვებს თანამედროვეობის მოთხოვნებთან და გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე.

ეს  თანაბრად ეხება მასწავლებელს და მოსწავლეს, რასაც ადასტურებს სხვადასხვა კვლევა. მაგალითად, UNESCO-ს კანადის მისიის ვებ-გვერდზე, 2020 წლის სექტემბერში განთავსებულ ანალიტიკურ წერილში, პედაგოგთა არასაკმარის კომპიუტერულ წიგნიერებასა და ციფრული ტექნიკების ათვისების კუთხით მოუქნელობაზეა საუბარი.

მაშინ, როდესაც კანადა, ერთი-ერთი ყველაზე მაღალი მშპ-ს მქონე ქვეყანა ასეთი გამოწვევების წინაშეა (ცხრილი 1), რთული წარმოსადგენი არ არის, რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა საქართველო (ცხრილი 2), მისი მოსახლეობის შეზღუდული და არც მთლად ხარისხიანი წვდომით ინტერნეტსა და კომპიუტერზე.

(ცხრილი 1)

(ცხრილი 2)

თუმცა, დღეს, საქართველოს პედაგოგებისა და მოსწავლეების უმრავლესობა, მართალია, ხარვეზებით და ჩავარდნებით, მაგრამ მაინც ახერხებს ჰიბრიდულ რეჟიმში განათლების მიმოქცევის უზრუნველყოფას, რაც COVID-19 პანდემიის გავრცელებამდე, რთულად დასაჯერებელი, შორეული პერსპექტივა იქნებოდა. ამავე დროს, პანდემიის შედეგად დამდგარი რეალობაც რომ არა, დისტანციური სწავლება, როგორც განათლების სისტემის მომავლის გარდაუვალი პერსპექტივა, თვისთავადაც საჭიროებდა ადაპტირებას და ფონის შემზადებას. უამრავი ადამიანი ვერ იყენებდა ონლაინ შესაძლებლობებს, რაც პანდემიამდეც არსებობდა, გამომდინარე იქედან, რომ ამ ტიპის სწავლებას ან არასერიოზულად აღიქვამდნენ ან არ ჰქონდათ მათ გამოსაყენებლად საკმარისი კომპიუტერული წიგნიერება.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის ახალი ეტაპი       

ბოლო წლებია, ინტერნეტიზაციის მიერ აკრეფილი ტემპის პასუხად, სულ უფრო აქტუალური ხდება ციფრულ უსაფრთხოებასა და ეთიკაზე ზრუნვა. მედია წიგნიერების კომპეტენციაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა, ყოველწლიურად, ინტერნეტ-მომხმარებლების ზრდასთან კიდევ უფრო მასშტაბური სამუშაოების ჩატარების საჭიროება დგება.

ონლაინ სწავლების მოცემულობაში, სასწავლო კურიკულუმებში აისახა საკვანძო ცნებები და კომპეტენციები.  რიგ შემთხვევებში, საგნად იქნა შეტანილი მედია წიგნიერება, რამაც ნამდვილად მაშველი რგოლის ფუქნცია შეიძინა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, კომუნიკაციების კომისია და ბევრი სხვა, იმ უწყებათა რიგებში არიან, რომლებმაც ბოლო ორი წლის მანძილზე გააქტიურეს მედია წიგნიერების, როგორც აუცილებელი კომპეტენციის ამაღლებაზე ორიენტირებული საინფორმაციო კამპანიები, საბავშო პორტალები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ნაწილში ბავშვებზე მიმართული ადვოკატირების კამპანიები, შემეცნებითი კონკურსები და ა.შ.

ამასთან, ვირტუალურმა კომუნიკაციამ გაზარდა ციფრული ეტიკეტის დაცვაზე მოთხოვნა, დახვეწა ელექტრონული კომუნიკაცია და ჩამოთვლილი ცვლილებები, ბუნებრივია, მეტად თუ ნაკლებად, შეეხო სასკოლო გარემოსაც.

განათლების  მეთოდური გამრავალფეროვნება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ეპიდემიის გავრცელებისთანავე იქნა ამოქმედებული teams-ის პლატფორმა, რომლის ეფექტური გამოყენება დღემდე გამოწვევად რჩება. თუმცა, გასულ წლებთან შედარებით, მსგავს აკადემიურ პლატფორმებზე ოპერირების საზოგადო სურათი გაუმჯობესებულია. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის გაჩნდა/გაიზარდა ცოდნა ონლაინ ინსტრუმენტების შესახებ, რამაც შეცვალა და გაამდიდრა არა მხოლოდ სასწავლო პროცესი, არამედ, ზოგადად დამატებითი შემეცნების ინსტრუმენტებით ამ ჯაჭვში ჩაბმული თითოეული რგოლი, მიუხედავად ასაკისა და სტატუსისა. Google drive, kahoot, padlet და ბევრი სხვა პლატფორმა უკვე ნაცნობ რესურსებს წარმოადგენს.  ამ და სხვა ინტერნეტ რესურსების აქტიურმა გამოყენებამ, ბევრ სასწავლო დაწესებულებას მისცა ხელსაყრელი პირობები ახალი პროექტების განსახორციელებლად. ამ კუთხით, დაწინაურდნენ კერძო სკოლები. ისინი უფრო ოპერატიულად გადაეწყვნენ ონლაინ სწავლების რეჟიმზე და უფრო მეტად გამოიყენეს ახალი რეალობის შესაძლებლობები, რადგან კონკურენცია მათთვის ქმედითი მოტივატორი აღმოჩნდა.

ამასთან, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს მისცა შესაძლებლობა განეხორციელებინათ პროექტები, რომლებიც სხვა შემთხვევაში, დიდ ფინანსურ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული და გარკვეულ ბიუროკრატიულ სირთულეებთან, ადმინისტრირების თვალსაზრისით. მაგალითად, ასეთია კონკურსები, გაფართოებული შეხვედრები, სემინარები, რომლებშიც ერთვებოდნენ მოსწავლეები სხვადასხვა ქალაქებიდან, სოფლებიდან და ა.შ.

სოციალური გათანაბრება

სასკოლო გარემო ყველა ბავშვს სწავლებისა და განვითარებისათვის ერთნაირ პირობებს არ სთავაზობას, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე პედაგოგთა კვალიფიკაციის დონის მიხედვით. ეკონომიკური ფაქტორების გამო შეზღუდულია მათი წვდომა სკოლის მიღმა არსებულ საგანმანათლებლო აქტივობებზე. აქედან გამომდინარე, ონლაინ ფორმატი ბევრი ბავშვისთვის არის საშვი იმ სივრცეებში, რომლებიც მათ განვითარებას შეუწყობს ხელს და რისი ფუფუნებაც სხვა შემთხვევაში არ ექნებოდათ. დისტანციური სწავლების პირობებში, სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლების მქონე მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა ერთი და იგივე დონის სერვისი მიიღონ.

გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ გატარდა სოციალური ხასიათის პროგრამები, რომელთაც სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისათვის გამათანაბრებელი ეფექტები მოიტანეს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის კუთხით.  მაგალითად, ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით შეიქმნა არის „ტელესკოლა“. ტელესკოლის პროექტს, როგორც განათლების სფეროს ეფექტურ გადაწყვეტას დიდი ყურადღება ეთმობა OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) მიერ COVID-19-ის პანდემიის შედეგად განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად შექნილ ჩარჩო დოკუმენტში.

ასევე, აღსანიშნავია საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული ისეთი გამჭვირვალე, სოციალური პროექტი, როგორიც არის “ჩართე”. პროექტმა ათასზე მეტი მოსწავლე აღჭურვა კომპიუტერით, რომელთა შესაძენი თანხების მობილიზება ქრაუდფანდინგის.

დასკვნა

უკანასკნელ პერიოდში მოვისმინეთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სოციალური ქსელის facebook-ის ანონსი metaverse-ის ანუ მეტა სამყაროს შექმნის შესახებ, რაც ფაქტობრივად წინასწარ გამოცხადებული ვირტუალური რეალობის ქრონიკებს ჰგავდა. ამ რეალობაში ეფექტიანად და უსაფრთხოდ ოპერირებისათვის, საჭიროა ახალი თაობა აღიჭურვოს ყველა იმ კომპეტენციით, რაც მათ უსაფრთხოებას და წარმატებას, მაქსიმალურ რეალიზებას უზრუნველყოფს. ცხადია, რომ ამაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს საგანმანათლებლო სივრცემ.

Yahoo!Finance ჯგუფის მიერ, განათლების ციფრული მომავლის შესახებ მომზადებულ სტატიაში ვკითხულობთ: „განათლების მომავალი არის ონლაინ, თუმცა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, განათლების აწმყოც არის ონლაინ“.  ცხადია, მომავალზე ფიქრი, საუბარი არსებითია, თუმცა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღევანდელ საჭიროებებზე მუშაობა და ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რომელიც „აქ და ახლა“ ხდის გარემოს მოქნილს, ეფექტურს და სამართლიანს.

 

[ბლოგი მომზადდა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის – “ახალგაზრდების დასაქმება ”  წევრის, ბექა ძოწენიძის მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით]. 
Cover photo from: https://crazzylearners.com/category/online-education/
, , ,